დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3143 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 09/06/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.080.050.05.001.002.259 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
2. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;
ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;
გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;
ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
მუხლი 31. ქალთა მიმართ ძალადობა
1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე;
ვ) მსხვერპლი – ქალი ან ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მეორე წინადადების, 142 მუხლისა და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, სექსუალური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;
ვ1) (ამოღებულია - 22.12.2022, №2477);
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
ზ1) სხვა პასუხისმგებელი პირი – პირი (გარდა ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე;
ზ2) სოციალური მუშაკი – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი;
თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;
ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი (სადღეღამისო) განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო დახმარებასა და დაცვას;
კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;
ლ) კრიზისული ცენტრი − ამ კანონის მიზნებისთვის, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით);
ლ1) მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა − ამ კანონის მიზნებისთვის, მომსახურება/პროგრამა, რომელიც მსხვერპლს ძალების აღდგენასა და ძალადობის შედეგების დაძლევაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით ეს მომსახურება/პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მსხვერპლთა მხარდაჭერას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიმართულებით: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა ან/და სხვა დახმარება, რომელიც მსხვერპლის საჭიროებებზეა მორგებული;
მ) (ამოღებულია - 04.05.2017, №761).
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია
მუხლი 6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.
2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.
3. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:
ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებია;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას;
გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
დ) იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს;
ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს;
ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებების და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;
ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლისათვის დახმარებისა და დაცვის ღონისძიებების, ხოლო მოძალადისათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;
თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.
2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელ მწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ.
31. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული (ურთიერთშეთანხმებული) საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებას.
6. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 8. სოციალური მომსახურება
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის.
2. სოციალური მომსახურება მოიცავს:
ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;
ბ) მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მოძალადეთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობას;
დ) საჭიროების შემთხვევაში დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას;
ვ) მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი III. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
მუხლი 9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.
2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
3. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.
4. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 91. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანის შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.
მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.
11. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი და, შესაბამისად, არ გამოიყენება ამ მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აფასებს ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკს და ამ რისკის სიმძიმის მიხედვით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ;
ბ) შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.
31. შემაკავებელ ორდერში მიეთითება:
ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;
გ1) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;
დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.
32. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე. შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
ბ) მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
დ) მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;
ე) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს;
ვ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს;
ზ) მოძალადისთვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
თ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
33. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.
34. შემაკავებელ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად. შემაკავებელ ორდერში სავალდებულოა ამ მუხლის 32 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.
35. შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
36. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.
37. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
ა.ბ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით;
ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება;
ა.დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომ − სსიპ − „112“), თუ შემაკავებელი ორდერი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას ითვალისწინებს;
ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება.
38. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
39. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად;
310. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში იმ გეოგრაფიული ზონების პარამეტრები, სადაც აკრძალულია ამ მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიახლოება, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
6. თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.
7. დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
მუხლი 101. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა.
2. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. აღნიშნული საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.
3. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს.
4. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ მითითება შემაკავებელ ორდერში კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას წესდება. ამასთანავე, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი და იგი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად მისი სასამართლოსთვის 24 საათის ვადაში წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ ამ ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
5. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პირებს.
6. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი მსხვერპლი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
7. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით.
8. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება:
ა) ამ ოქმის გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ოქმის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი;
დ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ;
ე) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;
ვ) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე;
ზ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება;
თ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ;
ი) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევის ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობის ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გადაცემული ელექტრონული საშუალების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოძალადის გაფრთხილების თაობაზე;
კ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად.
9. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა.
10. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოიცა ეს ოქმი.
11. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ ამ ოქმის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.
12. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ეს ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის 1 ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო 1 ეგზემპლარი ამ ოქმის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
13. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირების მიზნით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით;
გ) სსიპ − „112“-ს, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.
14. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის გადაცემული ელექტრონული საშუალება შედგება ელექტრონული სამაჯურისა და მიმღები აპარატისგან. ამ ელექტრონული საშუალების დაზიანება ან განადგურება იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
15. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესებს, მათ შორის, იმ გეოგრაფიული ზონების (ბუფერული ზონისა და საგანგაშო ზონის) პარამეტრებს, სადაც აკრძალულია მსხვერპლთან მიახლოება, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესს და სხვა საკითხებს.
16. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრება ადგილზე შეუძლებელია, პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადე გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში. პოლიციაში იძულებით მიყვანისას მოძალადეს განემარტება:
ა) პოლიციაში მიყვანის საფუძველი;
ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე;
გ) რომ აქვს უფლება, მოძალადის სურვილის შემთხვევაში, მისი პოლიციაში მიყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
17. მოძალადის პოლიციაში მიყვანისას დგება პირის მიყვანის შესახებ ოქმი. ამ ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ცნობები მოძალადის შესახებ; მოძალადის პოლიციაში მიყვანის დრო და საფუძველი. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი თანამდებობის პირი და მოძალადე. თუ მოძალადე ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.
18. მოძალადე პოლიციაში უნდა დაყოვნდეს ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრებისთვის საჭირო, გონივრული ვადით. მისი პოლიციაში მიყვანის საერთო ვადა 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მოძალადის მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოძალადის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოცემისას პოლიცია უფლებამოსილია ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში დაიბაროს. მოძალადის ამ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მისი ძებნა ქვეყნის მასშტაბით.
20. პოლიცია უფლებამოსილია მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიებები.
21. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მოძალადეს/მსხვერპლს ეკრძალება ელექტრონული საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით განსაზღვრულ პერიოდში დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება ჩერდება მოძალადის/მსხვერპლის საქართველოში დაბრუნებამდე.
22. მოძალადის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას. აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდება, დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შეჩერების საფუძველია.
23. მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევით მიახლოებისას სსიპ − „112“-ის მოსამსახურე ვალდებულია მოძალადეს დაუკავშირდეს და მსხვერპლთან შემთხვევით შეხვედრის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს. მოძალადე ვალდებულია შეასრულოს სსიპ − „112“-ის მოსამსახურის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
24. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება იწვევს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
25. გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება სასამართლოსთვის მიმართვის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს:
ა) ვითარების შეცვლის გამო, მათ შორის, მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო, თუ შეცვლილი ვითარება გამორიცხავს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს;
ბ) თუ მსხვერპლი პოლიციას მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით.
26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია სასამართლოს მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით. სასამართლო ამ მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს აღნიშნულ საკითხს.
27. უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის გაუქმება, მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალება იწვევს გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების ავტომატურ გაუქმებას.
28. პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების მოხსნის მიზნით იგი დაიბაროს ან ამ მუხლის მე-16−მე-18 პუნქტების შესაბამისად გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.
29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის შედეგად მოპოვებული მონაცემი, მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაციის ამსახველი მონაცემი.
30. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა.
მუხლი 11. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება
1. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისი რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებისგან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნის არსებობა.
3. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2394 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი IV. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები
1. არასრულწლოვანზე ძალადობის დროს არასრულწლოვანი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში – სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განცალკევდება მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისაგან.
2. არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პირების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს.
3. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვანზე ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან სხვა მოძალადისაგან განცალკევების საკითხი.
4. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის (მშობლებისათვის) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების დატოვება შეიძლება საზიანო იყოს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ჩართოს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
მუხლი 141. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა
1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
2. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის და არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 142. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.
2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი V. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე სამართალწარმოების თავისებურებანი
მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი
1. პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ბ) განცალკევებულად გამოჰკითხოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მონაწილე პირები, მოწმეები (მათ შორის, არასრულწლოვანი), რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;
გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;
ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;
თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი;
ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი.
31. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
4. პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლის რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე მოძალადის თაობაზე სხვა მონაცემების შესახებ.
6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.
7. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 17. მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა
1. მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში − სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
ბ) მოითხოვოს ამ კანონით დადგენილი წესით მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება;
გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;
დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისთვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით;
ე) უფასოდ ისარგებლოს მხარდაჭერის მომსახურებებით/პროგრამებით, აგრეთვე თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მისი მომსახურებებით, მიუხედავად იმისა, თანამშრომლობს თუ არა სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან;
ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს;
ზ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი;
თ) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;
ი) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით.
2. ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
3. ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ან/და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.
4. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
5. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო ქვეყანაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.
მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ.
2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში.
3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს. ამ ოქმში მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.
მუხლი 172. მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც შეესაბამება ასეთი ადგილისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავს თავშესაფრის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, მათ შორის, თავშესაფრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
4. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 18. მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსებას/გადაყვანას.
2. მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
3. მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი თავის მიერ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე/შემუშავებული სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მსხვერპლის რეალურ საჭიროებებს, სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გაუთვალისწინებლად. თავშესაფრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსხვერპლს აღარ სურს თავშესაფარში აღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით დარჩენა. მსხვერპლის თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიმართ საფრთხის არსებობისას თავშესაფრის ადმინისტრაცია მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში ამის თაობაზე აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
5. თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
1. კრიზისული ცენტრი არის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით).
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ასეთი დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. მსხვერპლისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
4. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
6. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც აწესრიგებს კრიზისული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
მუხლი 182. მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
მუხლი 183. თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
მუხლი 19. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია
მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 191. უფასო სატელეფონო დახმარება
1. მსხვერპლთათვის დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების შესახებ.
3. სატელეფონო დახმარების ქსელი ფუნქციონირებს კონფიდენციალურობის დაცვით. დაუშვებელია ამ ქსელის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა.
მუხლი 192. მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა
1. მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ისეთ მომსახურებას/პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას და რომლის მიზანია მსხვერპლთა (განსაკუთრებით − მსხვერპლ ქალთა) შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
2. მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე, ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მსხვერპლის, როგორც ადამიანის, უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების (მათ შორის, მსხვერპლ ბავშვთა) კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
3. მსხვერპლისთვის მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.
4. მხარდაჭერის მომსახურების/პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც იგი მსხვერპლის მიერ აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის ან/და პროგრამაში ჩართვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღნიშნული მომსახურების მიწოდების/მისი აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის ან მისთვის ამ მომსახურების მიწოდებაზე/პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. ეს კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული უარის თქმის საფუძვლებს და მისი დასაბუთების ვალდებულებას.
მუხლი 20. მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები
მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისკენ და მისი ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოძალადის მიერ ძალადობრივ ქცევასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღიარება, აგრეთვე მის დამოკიდებულებებსა და ქცევაში მიღწეული დადებითი ცვლილებების შენარჩუნება. მათ მისაღწევად მნიშვნელოვანია მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.
4. (ამოღებულია - 04.05.2017, №761).
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.
8. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონის 161 მუხლის 11 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება.
9. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულება და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება.
10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა.
11. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის შემუშავება და დამტკიცება.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2016 წლის 1 ივლისამდე.
4. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 191 მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მაისამდე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3143-Iს
დოკუმენტის კომენტარები