სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

  • Word
სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 582
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
582
21/07/2011
ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011
120010000.22.026.016060
სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/07/2011 - 29/08/2011)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება5 82

2011 წლის 21 ივ ისი

ქ. თბილისი

სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

„სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი”.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 20 იანვრის №43 ბრძანება.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი

    მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1. ეს წესი ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამსახურე/მოსამსახურეები – სამხედრო მოსამსახურე(ებ)ი, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირ(ებ)ი;

ბ) მინისტრი/სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის მინისტრი/სამინისტრო;

გ) გაერთიანებული შტაბის უფროსი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;

დ) გაერთიანებული შტაბი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი;

ე) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

    მუხლი 2. სამსახურში მიღების წესი

1. სამსახურში მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შესაძლებელია დადგინდეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, დროებით შტატებზე დანიშვნამდე, პირები გადიან შერჩევას, ხოლო დროებით შტატებზე დანიშვნის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის კრიტერიუმები და სპეციალური კურსის/კურსების გავლის პროგრამა განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3. მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, პირები:

ა) არ ექვემდებარებიან სპეციალური კურსის/კურსების გავლას;

ბ) ინიშნებიან მუდმივ შტატზე.

4. სპეციალური კურსის/კურსების გავლის პერიოდში პირს ენიჭება კანდიდატის სტატუსი და იგი უზრუნველყოფილია მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდება ყაზარმაში.

5. ამ ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული პირი სპეციალური კურსის/კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ინიშნება შესაბამის მუდმივ შტატზე.

6. მოსამსახურეები მუდმივ შტატზე ინიშნებიან არა უმეტეს 3 -თვიანი საგამოცდო ვადით. ამ ვადის განმავლობაში მოსამსახურეს მიეცემა მისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელოს ნახევარი. საგამოცდო ვადის ამოწურვისას სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოუცემლობის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება/თავისუფლდება სამსახურიდან სამსახურის ვადის გასვლის გამო.

7. სამსახურში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმები ან/და რეკვიზიტები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები

1. ყოველი თანამდებობისათვის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამსახურში მიღებამდე, ისე სამსახურის გავლისას.

3. მოსამსახურეთა ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და მითითებები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 4. სამუშაო დრო

1. მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პერიოდი, აგრეთვე მის დადგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში:

ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

ბ) წვრთნების პერიოდში;

გ) საყარაულო განწესის დროს;

დ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს ჩატარებული სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 5. სასურსათო და ფულადი კმაყოფა

1. სამოქალაქო პირები სასურსათო კმაყოფაზე აიყვანებიან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მოსამსახურის სასურსათო და ფულად კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 6. თანამდებობები

1. თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით.

2. მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საშტატო ნუსხით შესაძლებელია განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობები, რომლებზეც შესაძლებელია დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი.

3. შესაძლებელია შემოღებულ იქნეს სპეციალური თანამდებობები (კაპელანი), რომლებზეც დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

    მუხლი 7. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება

1. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ამ წესით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ქცევის სპეციალური წესით, ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითებების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.

    მუხლი 8. შინაგანაწესის შინაარსი

 1. შინაგანაწესით განისაზღვრება:

 ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;

 ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

 ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

2. შინაგანაწესი დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 9. შინაგანაწესის გაცნობა

1. შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ საკუთრივ შინაგანაწესით არ არის დადგენილი ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი.

2. მოსამსახურეს შინაგანაწესი გაეცნობა სამსახურში მიღებისას, ხოლო ცვლილების შეტანისას ან ახალი რედაქციის დამტკიცებისას, როგორც წესი , ცვლილების შეტანის ან ახალი რედაქციის დამტკიცების დღეს.

    მუხლი 10. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით.

2. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობები (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის მითითებული ზომების შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობებისა) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 11. ატესტაცია

1. მოსამსახურის ატესტაცია არის მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი თანამდებობისთვის/წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. ატესტაციას მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა, რა პერიოდია გასული მოსამსახურის სამსახურში ბოლო დანიშვნიდან/გაწვევიდან, ასევე მნიშვნელობა არ ენიჭება 3 კალენდარული წლის განმავლობაში რა პერიოდი აქვს მოსამსახურეს ნამსახურები;

ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას.

3. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე მოსამსახურე;

გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე.

4. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. მოსამსახურე, რომელიც ატესტაციის ჩატარების დროს იმყოფება შვებულებაში (მათ შორის სამკურნალო შვებულებაში), დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ან მივლინებაში, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურში გამოსვლის დღიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.

5. მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია (კომისიები). შესაძლებელია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განისაზღვროს საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.

6. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები ანაზღაურებისა და ხმის უფლების გარეშე, მათი თანხმობით.

7. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

8. ატესტაციის ჩატარების ფორმატს, ტესტირების მეთოდს და თემატიკას, მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს.

9. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას სამსახურებრივ მოვალეობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მიმართებით.

10. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით , მოსამსახურე ექვემდებარება ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

11. საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

12. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

13. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

14. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

15. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:

ა) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას;

გ) მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას.

16. კომისია ვალდებულია თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მათ ხელს აწერენ დამსწრე კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

17. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. საატესტაციო ფურცლის ნიმუშს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

18. მოსამსახურე ეცნობა საატესტაციო ფურცელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, საატესტაციო ფურცელს სამსახურის მიერ უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა საატესტაციო ფურცლის ასლი.

19. ამ მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტებში მოცემული სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან ერთად.

20. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში , მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) ამ თავის მე-15 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაწინაურების შესახებ;

ბ) ამ თავის მე-15 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) სამსახურიდან დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ; ან

ბ.ბ) წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ.

    მუხლი 12. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება (თანამდებობიდან გადაყენება)

1. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის განთავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.

2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები (მათ შორის , კომპენსაცია), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, თუ რომელი საფუძვლით სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების შემთხვევებშია სავალდებულო აღნიშნული გასაცემლების შენარჩუნება.

3. კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია:

ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში, განაცდური შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა.

    მუხლი 13. კადრების განკარგულება

1. მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

ბ) მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

4. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა აღნიშნული თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება.

6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში:

 ა) მოსამსახურეებს (გარდა სამოქალაქო პირებისა, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე) უნარჩუნდებათ არა უმეტეს ორი თვის:

ა.ა) ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა);

ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა);

ბ) სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობებზე უნარჩუნდებათ არა უმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

    მუხლი 14. სამსახურიდან დათხოვნა

ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში:

ა) სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ სამხედრო სამსახურიდან ჩადენილი სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

ბ) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაანთავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სასჯელის/სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული სასჯელი/სახდელი დაკისრებულია მოსამსახურის მიერ ჩადენილი უღირსი საქციელისათვის.

    მუხლი 15. წესის გაცნობა

ეს წესი, მათ შორის, მასში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, მოსამსახურეს გაეცნობა კანონმდებლობით ან/და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის დაცვით.

 

27. 24/01/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1 - ვებგვერდი, 24/01/2025 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 16/12/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 96 - ვებგვერდი, 17/12/2024 25. 15/11/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 90 - ვებგვერდი, 18/11/2024 24. 18/09/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 19/09/2024 23. 29/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 115 - ვებგვერდი, 30/11/2023 22. 26/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 51 - ვებგვერდი, 28/07/2022 21. 08/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 68 - ვებგვერდი, 09/11/2021 20. 12/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 94 - ვებგვერდი, 13/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 31/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 68 - ვებგვერდი, 03/09/2018 18. 16/03/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 26 - ვებგვერდი, 16/03/2018 17. 23/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 12 - ვებგვერდი, 26/02/2018 16. 21/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64 - ვებგვერდი, 23/08/2017 15. 11/11/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 79 - ვებგვერდი, 14/11/2016 14. 30/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/4/614,616 - ვებგვერდი, 11/10/2016 13. 29/07/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 50 - ვებგვერდი, 01/08/2016 12. 25/07/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 45 - ვებგვერდი, 27/07/2016 11. 10/07/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 11/07/2014 10. 23/05/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 34 - ვებგვერდი, 23/05/2014 9. 12/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 9 - ვებგვერდი, 12/02/2014 8. 26/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 639 - ვებგვერდი, 26/07/2012 7. 14/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 395 - ვებგვერდი, 16/05/2012 6. 10/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 377 - ვებგვერდი, 11/05/2012 5. 08/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 369 - ვებგვერდი, 10/05/2012 4. 23/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 221 - ვებგვერდი, 23/03/2012 3. 11/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 798 - ვებგვერდი, 111011003, 13/10/2011 2. 04/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 776 - ვებგვერდი, 111005005, 10/10/2011 1. 29/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 664 - ვებგვერდი, 110829010, 29/08/2011