დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016117 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №369
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 8. სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო სამსახურის გასავლელად, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, უფორმდებათ კონტრაქტი. სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამსახურის გასავლელად, შესაძლებელია გაუფორმდეთ კონტრაქტი, რომლის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.”
2. მე-10 მუხლს დაემატოს მე-3 - მე-7 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,3. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
გ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
დ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წახალისების ღონისძიებები.
4. დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) ხელფასის არა უმეტეს 30%-ის დაქვითვა 6 თვემდე ვადით;
ზ) თანამდებობიდან გათავისულფება.
5. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება შემდეგი წესით:
ა) წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ცხადდება ბრძანებით, მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოსამსახურეს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან ან დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენიდან არა უგვიანეს ორი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაში შედის დაუყოვნებლივ;
გ) დისციპლინური გადაცდომის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ითვლება მოხსნილად, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოსამსახურეს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ვადაზე ადრე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა ხდება წახალისების სახით, უფლებამოსილი პირის მიერ;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ე.ა)მოსამსახურის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში (გარდა შვებულებაში/მივლინებაში ყოფნისას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებისა) ყოფნის დროს. ამ პერიოდში ჩერდება ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2 -თვიანი ვადის დენა;
ე.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო/სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.
7. სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდებით” და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით.” .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები