კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ

  • Word
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 11/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.000.000.05.001.000.660
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2329
23/07/1999
სსმ, 40(47), 11/08/1999
320.000.000.05.001.000.660
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/08/2003 - 23/12/2004)

საქართველოს კანონი

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ

ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მომსახურებისა და სარგებლობის სფეროში განსაზღვრავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეტყობინება – ინფორმაციის ერთობლიობა, რომელსაც შეიცავს პროტოკოლი – ინფორმაციის გაცვლის (შენახვის) ფორმა და წესი და რომელიც კავშირგაბმულობის პროცესში გადაიცემა როგორც ერთი მთლიანობა;

ბ) საფოსტო გზავნილება – წერილობითი კორესპონდენცია, ფულადი გზავნილება, ამანათი, ბანდეროლი, ხელმოწერით პერიოდული გამოცემები;

გ) მაგისტრალური კავშირგაბმულობის ქსელი – ტექნოლოგიურად ურთიერთშეთანხმებული კავშირგაბმულობის საქალაქთაშორისო ქსელი, რომელიც შესაბამისი მოწყობილობებით, მართვის საშუალებებითა და კავშირგაბმულობის ხაზებით (სადენიანი, რადიო და რადიოსარელეო) იქმნება ადმინისტრაციულ ცენტრებს შორის;

დ) ადგილობრივი კავშირგაბმულობის ქსელი – კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული კავშირგაბმულობის ქსელი;

ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებები – კავშირგაბმულობის შეტყობინების ან საფოსტო გზავნილების ფორმირების, დამუშავების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ბუნებრივი და ტექნიკური საშუალებები;

ვ) საფოსტო ანაზღაურების ნიშანი – საფოსტო მარკა, როგორც გადახდის საშუალება;

ზ) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში განახორციელოს საქმიანობა;

თ) ლიცენზიის მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;

კ) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება;

ლ) საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელი – კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების ერთიანი ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელშიც კანონით დადგენილი წესით ერთვებიან კავშირგაბმულობის ოპერატორები;

მ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ოპერატორი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელზედაც  საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის მიერ გაცემულია ლიცენზია კავშირგაბმულობის ან ფოსტის სფეროში საქმიანობასა და ფუნქციონირებაზე;

ნ) ელექტროკავშირი (ტელეკომუნიკაცია) – კავშირგაბმულობის სფეროს ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მოიცავს სადენიან, რადიო, რადიოსარელეო (სატელეფონო, მონაცემთა გადაცემის, სპეციალური დანიშნულების) და ტელერადიომაუწყებლობის ქსელებსა და საშუალებებს;

ო) ელექტროკავშირგაბმულობის ქსელი – ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სატელეფონო, სატელეგრაფო და მონაცემთა გადაცემას, დოკუმენტურ შეტყობინებას, ინფორმაციის ერთი ან რამდენიმე სახეობის გადაცემებს, აგრეთვე ტელე-და რადიომაუწყებლობას;

პ) ელექტროკავშირგაბმულობის უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც იქმნება და ფუნქციონირებს სპეციალური და საწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელში;

ჟ) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური კავშირი – საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის კავშირგაბმულობის ქსელი, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, შიდასაწარმოო საქმიანობისა და ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისათვის;

რ) ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო ქსელი – სხვა ქვეყნების ქსელებთან ტექნოლოგიურად ურთიერთშეთანხმებული კავშირგაბმულობის ქსელი;

ს) ფოსტის ქსელი – ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილებების მიღებას, დამუშავებას, გადაზიდვასა და დატარებას, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს პერიოდული გამოცემების ექსპედირებასა და გავრცელებას;

ტ) ინფორმატიზაცია – მაქსიმალურად ხელსაყრელი ორგანიზაციული, სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პირობების შექმნის პროცესი, მოქალაქეების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ინფორმაციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათი უფლებების რეალიზაციისათვის საინფორმაციო რესურსების ფორმირებისა და გამოყენების საფუძველზე;

უ) ნუმერაცია – ციფრების განსაზღვრული კომბინაციების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება კავშირგაბმულობის პროცესში ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკაციისათვის. ნუმერაცია, როგორც სახელმწიფო სტრატეგიული რესურსი, უზრუნველყოფს სხვადასხვა დანიშნულების კავშირგაბმულობის ქსელსა და მომსახურების მიმწოდებელს იმ საშუალებებით, რაც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისათვის;

ფ) ნუმერაციის სისტემა – დადგენილი ნუმერაციის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა, რომელსაც გამომძახებელი აბონენტი იყენებს კავშირგაბმულობის პროცესში ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიკაციისათვის. ნუმერაციის სისტემა და მისი გამოყენება სახელმწიფო მართვისა და რეგულირების უმნიშვნელოვანესი სფეროა. ნუმერაციის სისტემით შესაძლებელია კავშირგაბმულობის დარგის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და მისი შედარებით უცვლელი ფუნქციონირება ხანგრძლივი დროით (20-30 წელი);

ქ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას;

ღ) მომსახურების მიმწოდებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს  კომუნიკაციების     ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე უზრუნველყოფს მომხმარებელთა მომსახურებას ზემოაღნიშნულ სფეროში;

ყ) რეგულირების ყოველწლიური საფასური – ამ კანონის საფუძველზე საქართველოს  კომუნიკაციების     ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური, რომელიც კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;

შ) სპეციალური ქსელები – ელექტროკავშირისა და საფოსტო კავშირის ქსელების ორგანიზება ლიცენზიის გარეშე, არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად;

ჩ) სალიცენზიო მოსაკრებელი – კომისიის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობაზე ლიცენზიის მინიჭებისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც ჩაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ც) სალიცენზიო გადასახდელი – სიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად კოდის დროებითი გამოყენებისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება კონკურსის საფუძველზე;

ძ) ურთიერთჩართვა–ქსელის ნებისმიერ ტექნიკურად დასაშვებ წერტილში ელექტროკავშირგაბმულობის ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელიც გამოიყენება ერთი ან სხვადასხვა ოპერატორის მიერ, რათა ერთი ოპერატორის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ დაუკავშირდნენ იმავე ან სხვა ოპერატორის მომხმარებლებს ანდა ისარგებლონ სხვა ოპერატორის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებით;

წ) კომერციული კონკურსი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე, გარდა ტელერადიომაუწყებლობისა, ლიცენზიის გაცემის ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება ლიცენზიის იმ მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კონკურსის პირობებს და გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას;

ჭ) ტელერადიომაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების, საკაბელო ქსელის ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელე- ან რადიოპროგრამების გავრცელება;

ხ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიით ნებადართული მომსახურების ან საქმიანობის დაწყება;

ჯ) საინვესტიციო ვალდებულება – ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სახსრების ინვესტირების ვალდებულება;

ჰ) ზღვრული ტარიფი – კომისიის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი;

1) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირი – კოდის (ორი ან სამი ციფრის კომბინაცია, რომელიც ლიცენზიის მფლობელს მინიჭებული აქვს ლიცენზიის შესაბამისად) გამოყენებით სატელეფონო კავშირის განხორციელება სახელმწიფოს შიგნით მდებარე სისტემებიდან სახელმწიფოს გარეთ მდებარე სისტემებთან, რაც უზრუნველყოფს ამ სისტემების მეშვეობით სახელმწიფოს გარეთ არსებული კავშირგაბმულობის მომსახურების მიწოდებას სახელმწიფოს შიგნით მდებარე ობიექტებისათვის და პირიქით;

2) სპეციალიზებული ტელერადიომაუწყებლობა – ერთი თემატიკის (საინფორმაციო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, გასართობი) ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა;

3) სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობა – ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის მიერ სხვა მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე ტელერადიოპროგრამების მიღება და უცვლელი სახით გადაცემა, მიუხედავად გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა;

4) საერთო ტელერადიომაუწყებლობა – არანაკლებ ორი თემატიკის ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა;

5) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტელერადიოპროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;

6) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს ტელერადიოპროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;

7) ადგილობრივი წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ლიცენზიის მფლობელის მიერ ან ლიცენზიის მფლობელის მონაწილეობით, ან რომლის საავტორო უფლებათა მფლობელია საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

8) ამოწურვადი რესურსი – სიხშირული სპექტრი და ნუმერაციის რესურსი.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის დანიშნულება

1. კავშირგაბმულობა და ფოსტა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ერთიან კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

2. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ქსელებისა და საშუალებების ერთიანობა ქმნის საზოგადოების ინფორმატიზაციის ტექნიკურ ბაზას.

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის დანიშნულებაა კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის წინაპირობების შექმნა.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 3. კანონმდებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს სამეურნეო სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ინტეგრაცია სხვა ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებთან ხდება ელექტროკავშირის საერთაშორისო და მსოფლიო საფოსტო კავშირების რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

    მუხლი 4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის პრინციპები

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებაში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებზე მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;

გ) საკონკურენციო გარემოს შექმნა;

დ) ექსკლუზიური ხასიათის ხელშეკრულებების დადებისა და ლიცენზიების გაცემის დაუშვებლობა;

ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვა და მათი ეფექტური გამოყენება;

ვ) ტექნიკური ნორმების შესაბამისი მომსახურების სახეობათა გაფართოება და ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა;

თ) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოების უზრუნველყოფა;

კ) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა და გამჭვირვალეობა.

თავი II

კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები

    მუხლი 5. ელექტროკავშირგაბმულობის ქსელი

1. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროკავშირგაბმულობის საფუძველია ტექნოლოგიურად ურთიერთდაკავშირებული მაგისტრალური და ადგილობრივი ელექტროკავშირგაბმულობის ქსელები, რომლებიც ქმნიან საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთიან ქსელს.

2. სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოების კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტროკავშირგაბმულობის სპეციალური ქსელების არსებობასაც.

    მუხლი 6. ფოსტის ქსელი

1. ფოსტის საწარმოები შეადგენს ერთიან საფოსტო სისტემას საფოსტო გზავნილების ურთიერთგაცვლისათვის.

2. სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოების საფოსტო კავშირით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ფოსტის სპეციალური ქსელების არსებობასაც.

თავი III

სახელმწიფო მართვა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის რეგულირება

    მუხლი 7. სახელმწიფო მართვის და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო(შემდგომში – სამინისტრო).

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს  კომუნიკაციების     ეროვნული კომისი (შემდგომში – კომისია).

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სახელმწიფო მართვის ორგანოები წარმოადგენენ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს.

    მუხლი 8.ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო

1. სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.

2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეროვნული პოლიტიკის განხორციელება;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების ტექნიკური და ეკოლოგიური ნორმების შესაბამისი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მომსახურების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების (წესები, ინსტრუქციები, დებულებები და სხვა) შემუშავება და გამოცემა კანონით დადგენილი წესით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა;

ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელის შეწყობა;

ვ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მოთხოვნების პროგნოზირება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო ქსელების ან მათი ნაწილის კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით;

ი) საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად  გეოსტაციონარურ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მათი საერთაშორისო–სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია;

კ) კავშირგაბმულობის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპების შემუშავება და დადგენა;

ლ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავება და დადგენა კომისიისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით;

მ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებისათვის და კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების წარმოებისათვის ხელის შეწყობა;

ნ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დადგენილი წესით, ეროვნული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის ჩამოყალიბება და კოორდინირება;

ო) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;

პ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა, საინფორმაციო მართვის პრინციპების დამკვიდრება;

ჟ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამამულო საქმიანობის ინტეგრირება მსოფლიო ტელესაკომუნიკაციო სივრცეში;

რ) სხვა ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებსა და საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისათვის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის პროდუქციის ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტისათვის ხელის შეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ს) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული ბაზის შექმნა,თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ტ) საგანგებო სიტუაციებისათვის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის შემუშავება;

უ) საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი სისტემატური განხორციელება;

ფ) საერთაშორისო ორგანიზაციებში, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების მწარმოებელ კომპანიებთან და ფირმებთან, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

ქ) საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებისა და ქსელების მშენებლობის, რეკონსტრუქციის პროექტების და მათი საინვესტიციო გეგმების ექსპერტიზა.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2036-სსმI,№8,14.04.2003წ.,მუხ.45

    მუხლი 9. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების მართვა და ფლობა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების მართვისა და ფლობის უფლება აქვთ იმ ორგანოებს, რომლებსაც ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. მათი სტრუქტურა და ორგანიზაციული საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მფლობელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებებით, პირველ რიგში, უზრუნველყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელები.

    მუხლი 10. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა

1. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ყველა საშუალებების მართვა რეგულირდება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ყველა საშუალებას ცენტრალიზებულად მართავს სამინისტრო, ხოლო სპეციალური ქსელების მქონე სამინისტროებსა და უწყებებში – კავშირგაბმულობის შესაბამის სამსახურებთან ერთად.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სარგებლობენ ყველა სახის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელის პრიორიტეტული გამოყენების ან მათი საქმიანობის შეჩერების უფლებით.

4. სახელმწიფო მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შედეგად დაზიანებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში ლიკვიდაციის მიზნით კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი), შესაბამისი ანაზღაურებით.

5. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ავარიული მდგომარეობის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსების და ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოები ვალდებულნი არიან ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების, ავარიების, თავდაცვითი და სამართალდამცავი ღონისძიებების გატარებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებს შესახებ დაუყოვნებლივ გადასცენ შეტყობინება.

თავი IV

 კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეკონომიკური საქმიანობის საფუძვლები

    მუხლი 11. საკუთრება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებსა და საშუალებებზე

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეკონომიკური საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებსა და საშუალებებზე საჯაროობა, თანასწორუფლებიანობა და თავისუფალი კონკურენცია.

2. საქართველოს კანონები და სხვა ნორმატიული აქტები განსაზღვრავს კავშირგაბმულობისა და ფოსტის იმ ქსელებსა და საშუალებებს, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში.

3. სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ კანონის თანახმად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ უფლება შექმნან, განავითარონ და ფლობდნენ საერთო და ინდივიდუალური სარგებლობის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებსა და საშუალებებს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებებისათვის საკუთრების ფორმის შეცვლა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

    მუხლი 12. საფოსტო გადასახადის ნიშნების გამოცემა

1. საფოსტო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ სამინისტროს.

2. სამინისტრო ადგენს საფოსტო ნიმუშებს, მათ ნომინალებს და ორგანიზებას უწევს მათ გამოცემასა და გავრცელებას.

    მუხლი 13. კავშირგაბმულობისა და ფოსტის განვითარება და მშენებლობა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებს მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე უფლება აქვთ კავშირგაბმულობის კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და აკრძალულ ზონებში.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებმა მიწისა და ობიექტების მფლობელებს (მესაკუთრეებს) კანონით დადგენილი წესით უნდა აუნაზღაურონ კომუნიკაციების გაყვანით მიყენებული ზიანი და მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოაწესრიგონ ტერიტორია.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებულნი არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით.

4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გადატანის აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე და სამინისტროს მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური პირობების დაცვით.

5. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებისა და ქსელების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება მათი პროექტებისა და საინვესტიციო გეგმების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ.

    მუხლი 14. მიწათსარგებლობა. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების დაცვა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების განთავსების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები გამოეყოფათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი ფართობი განისაზღვრება სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივებითა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, თუ ამ დოკუმენტაციაზე არსებობს სახელმწიფო ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების დაცვის უზრუნველსაყოფად დგინდება დაცვის ზონა, რომლის ფართობი და მასზე მუშაობის წარმოების რეჟიმი განისაზღვრება სამინისტროს მიერ დადგენილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების დაცვის წესებით.

3. დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კავშირგაბმულობის ქსელის მფლობელის თანხმობით.

4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საერთო სარგებლობის ქსელებს, რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარურ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილ კავშირგაბმულობის თანამგზავრის პოზიციებს იცავს სახელმწიფო. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ბუნებრივი და ტექნიკური საშუალებების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დააზიანებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებს, დაარღვევს სიხშირეთა გამოყენების წესს, შექმნის ტელე- და რადიოგადაცემებისა და მიღებისათვის არანორმირებულ ხელშეშლებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. საიდუმლოების დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. საფოსტო მიმოწერა და კავშირგაბმულობის ქსელებით გადაცემული შეტყობინება არის მომხმარებლის საიდუმლო და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობისას.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დასაქმებული ყველა სამეურნეო სუბიექტი ვალდებულია დაიცვას გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოება. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საფოსტო გზავნილებისა და კავშირგაბმულობის ქსელებით გადაცემული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ეცნობოს მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს.

4. საფოსტო გზავნილებებისა და მათი გადასაზიდი საშუალებების, დოკუმენტური კორესპონდენციების დროებითი შეჩერება, დათვალიერება, ამოღება და მათ შესახებ ცნობების მიღება დასაშვებია კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საიდუმლოებათა სხვა შეზღუდვები დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის პრინციპები

1. საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებისა და სატრანზიტო ფოსტის მოძრაობის თავისუფლება და დაცვა გარანტირებულია.

2. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სათანადო დაწესებულებებთან შეთანხმებით ადგენს იმ გზავნილებათა ნუსხას, რომელთა საფოსტო კავშირის ქსელებით სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა აკრძალული ან შეზღუდულია (რაოდენობით, ვადებით ან სხვა პირობებით).

    მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება

1. ფოსტის საწარმოებს საფოსტო გზავნილებები გადააქვთ როგორც თავიანთი კუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, ისე ხელშეკრულებების საფუძველზე, სარკინიგზო, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის ყველა სახეობით ფოსტის მუშაკთა თანხლებით ან სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი იურიდიული პირების პასუხისმგებლობით.

2. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია ფოსტის სახელმწიფო საწარმოებთან დადოს ხელშეკრულება საფოსტო გზავნილებების გადაზიდვის შესახებ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც თანხვდება რეგულარული მიმოსვლის როგორც საქალაქთაშორისო და სასოფლო, ისე საერთაშორისო ხაზებს, შესაბამისი ანაზღაურებით, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

    მუხლი 18. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა შრომა და სოციალური დაცვა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. ცალკეული კატეგორიის მუშაკთა შრომის განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე მათთვის შესაძლებელია დადგინდეს შეღავათები და მატერიალური კომპენსაციის ფორმები.

    მუხლი 19. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოადგენს სამინისტრო და კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სამინისტრო და კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იცავენ  საქართველოს ინტერესებს.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში განხორციელებულ საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კოორდინაციას უწევენ სამინისტრო და კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

თავი V

 საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ეროვნული კომისია

    მუხლი 20. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის  ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. კომისია არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (დაწესებულებას) ან საჯარო სამართლის კორპორაციას. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და მათ საფუძველზე მიღებული კომისიის დებულება.

3. კომისიის დებულება და სტრუქტურა გამომდინარეობს ამ კანონიდან და მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

4. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობაზე გასცეს ლიცენზია და მოახდინოს ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის რეგულირება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზირების პირობების დადგენა, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება,შეჩერება და

გაუქმება;

ბ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება;

გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;

დ) კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვების ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების რეგულირება;

ე) რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით;

) რადიოსიხშირეების მინიჭება;

) საკონკურენციო გარემოს შექმნისათვის ხელის შეწყობა;

) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა;

ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით მონოპოლიურ მდგომარეობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმების დადგენა, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

მ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრა და ნუმერაციის რესურსის განაწილება.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2001 წლის 23 მაისის კანონი №884-სსმI,№14,05..06.2001წ.,მუხ.47

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3066-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.189

    მუხლი 21. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კანონით დადგენილი წესით კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონის საფუძველზე გამოსცემს ნორმატიულ აქტს – დადგენილებას.

2. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

3. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 22. კომისიის წევრები და წევრობის ვადა

1. კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებსაც ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრები (მათ შორის, თავმჯდომარე) თანამდებობაზე ზედიზედ შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს.

3. კომისიის მიერ დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

    მუხლი 23. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ვ) დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ზ) გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

    მუხლი 24. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვაზე და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

    მუხლი 25. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. მხოლოდ კომისია არის უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის თანამშრომლები.

    მუხლი 26. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.

    მუხლი 27. კომისიის ძირითადი უფლება-მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

2. კომისია ვალდებულია სხდომებზე მხარეებს მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიას უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ლიცენზიის მფლობელისაგან მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

4. კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

    მუხლი 28. კომისიის სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, კომისიის თავმჯდომარის ბრძანება, სხდომის საოქმო ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი საჯარო ინფორმაციაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მისცეს მას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3066-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.189

    მუხლი 29. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 30. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს, აგრეთვე მათ ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჰქონდეთ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი, ან ლიცენზიის მფლობელისაგან და ლიცენზიის მაძიებლისაგან მიიღონ რაიმე შემოსავალი ან სხვა სიკეთე, ან ლიცენზიის მფლობელის საწარმოში ეკავოთ რაიმე თანამდებობა.

2. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ იყვნენ ლიცენზიის მფლობელის მომხმარებლები, მაგრამ ლიცენზიის მფლობელს უფლება არა აქვს შესთავაზოს, ხოლო კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს – მისგან მიიღონ უფასო ან ფასდაკლებითი მომსახურება.

    მუხლი 31. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. სალიცენზიო გადასახდელის 20% ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით კომისია ფარავს მიმდინარე ხარჯებს. სალიცენზიო გადასახდელის 80% გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. იგი ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. სალიცენზიო გადასახდელის 80%-ის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, კომისიისა და შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს თითო წარმომადგენელი.

3. ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით.

4. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

5. თუ კომისიის მიერ მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

    მუხლი 32. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

თავისი საქმიანობის შესახებ კომისია ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

თავი VI

ლიცენზირება, სერტიფიცირება და მეტროლოგიური ნორმების დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

    მუხლი 33. სალიცენზიო საქმიანობის ორგანიზება

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების გასაწევად ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების – ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა.

2. სალიცენზიო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ეს კანონი.

    მუხლი 34. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიების გამცემი ორგანო

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიების გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც:

ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვას;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით შეაჩერებს, განაახლებს ან გააუქმებს ლიცენზიას;

დ) აქვეყნებს ლიცენზიის გაცემასთან, შეჩერებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

    მუხლი 35. სალიცენზიო რეესტრი

1. კომისია აწარმოებს სალიცენზიო რეესტრს. სალიცენზიო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ;

ბ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;

გ) ლიცენზიაში მითითებული საქმიანობა.

2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს სალიცენზიო რეესტრში არსებულ მონაცემებს.

3. კომისიის წარდგინებით სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში 10-დღიან ვადაში შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

     მუხლი 36. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, მას კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდის ვადას განსაზღვრავს კომისია.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზირებას ექვემდებარება:

ა) საფოსტო კავშირით მომსახურება:

ა.ა. ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;

ბ) ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება:

ბ.ა. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;

ბ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

ბ.გ. საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ბ.დ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება;

ბ.ე. ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;

გ) თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება:

გ.ა. ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;

გ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

გ.გ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით;

დ) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა:

დ.ა. მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა;

დ.ბ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით;

დ.გ. პერსონალური რადიოგამოძახებითი კავშირით მომსახურება;

დ.დ. ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება;

დ.ე. საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;

დ.ვ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით;

დ.ზ. პეიჯინგური სისტემით მომსახურება;

დ.თ. თრანქული სისტემით მომსახურება;

დ.ი. საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურება.

3. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე, გარდა ტელერადიომაუწყებლობისა, ლიცენზია გაიცემა კომერციული კონკურსის საფუძველზე.

4. კომერციული კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, საინვესტიციო ვალდებულება და სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალური ოდენობის გადახდა.

5. კომისია განსაზღვრავს ტექნიკურ სტანდარტებს, საინვესტიციო ვალდებულების ოდენობას და განხორციელების ვადას, სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანისა და სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის გათვალისწინებით, კავშირის სახეობის სპეციფიკურობის, ქსელში გადამცემი სადგურების რაოდენობის, გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრის, ქვეყნის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

     მუხლი 361. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს კომისიას.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის _ სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისათვის _ საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

4. თუ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელის ან სხვა ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე, ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 362. ლიცენზიის კონკურსის საფუძველზე გაცემის წესი

1. სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

2. კონკურსის გამოცხადების საფუძველი შეიძლება იყოს თავისუფალი რესურსის არსებობა ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენა.

3. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტი დასახელება;

ბ) კონკურსის პირობები;

გ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი;

დ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, კონკურსის ჩატარების ვადები.

4. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 2 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ინტერნეტის ქსელით.

5. გასავრცელებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.

6. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება.

7. ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა უბრუნდება ლიცენზიის მაძიებელს კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად. კომისია არ მიიღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, რაც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება კომისიისათვის.

8. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებათა მიღება მთავრდება კონკურსის პირობებით განსაზღვრულ დღეს და საათზე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადება არ მიიღება. განცხადების რეგისტრაციის თარიღი ითვლება მისი მიღების თარიღად.

9. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განცხადებათა მიღების პერიოდში თქვას უარი კონკურსში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში კომისია ახდენს განცხადების გამოთხოვის რეგისტრაციას.

10. კონკურსში მონაწილის განცხადება არ მიიღება, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

11. კონკურსის წესით ლიცენზიის გასაცემად კომისიის მიერ დადგენილ დღეს და საათზე იკრიბება ლიცენზიის ყველა მაძიებელი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

12. კონკურსის მონაწილეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას.

13. კომისიის სხდომაზე დგინდება საჭირო დოკუმენტაციის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა.

14. კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:

ა) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;

ბ) წარდგენილი განცხადებებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.

15. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

16. კომისიის სხდომა საჯაროა. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტის ქსელით.

17. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

     მუხლი 37. სალიცენზიო მოსაკრებელი

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 38. ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები

1. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, გარდა კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებისა, ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის ამ კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სათანადო განცხადების წარდგენიდან 45 სამუშაო დღის ვადაში.

2. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 30%-ის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვადა და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.

3. ამ კანონის 361 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის სამშენებლო ექსპერტიზისა და სათანადო ნებართვების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეკოლოგიური ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით კომისიასთან იქმნება მუდმივმოქმედი ქვეკომისია (შემდგომში – ქვეკომისია), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დანიშნული პირი. ქვეკომისიის შემადგენლობაში კომისიისა და მისი აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შედიან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების და შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ უწყებებში უზრუნველყოფენ სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას ქვეკომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში ქვეკომისიის წევრები ქვეკომისიას არ წარუდგენენ ექსპერტიზის შედეგებს, ჩაითვლება, რომ შესაბამისი უწყებიდან მიღებულია დადებითი დასკვნა.

4. ქვეკომისია ექსპერტიზის შედეგების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგენს დასკვნას ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

5. ლიცენზიით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში მითითებული სამშენებლო-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავს მიმღებ კომისიას, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიისათვის წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. მიმღები კომისიის შემადგენლობაში შედის კომისიის წარმომადგენელი.

6. ლიცენზიის მფლობელი მიმღებ კომისიას წარუდგენს თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების შესაბამისობის სერტიფიკატს.

7. მიმღები კომისია იხილავს ლიცენზიის მფლობელის განცხადებას და ამოწმებს მის მიერ კომისიისათვის წარდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობას განხორციელებულ საქმიანობასთან, რის შემდეგაც, განცხადების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში აფორმებს სამშენებლო-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლის აქტს. თუ აღნიშნულ ვადაში მიმღები კომისია არ გააფორმებს აქტს და ლიცენზიის მფლობელს არ წარუდგენს დასაბუთებულ უარს აქტის გაფორმებაზე, ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

8. ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არ ესაჭიროება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისაგან რაიმე სხვა ლიცენზია ან ნებართვა, გარდა ამ კანონით დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვებისა.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

 

    მუხლი 39. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის მოქმედების განახლება

1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ:

ა) ლიცენზიის მფლობელი არ ასრულებს ლიცენზიის პირობებს;

ბ) ლიცენზიის მფლობელს გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებში კომისიასთან შეუთანხმებლად შეაქვს ტექნოლოგიური და კონსტრუქციული ცვლილებები;

გ) ლიცენზიის მფლობელი არღვევს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს;

დ) ლიცენზიის მფლობელი თავისი საქმიანობით არღვევს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ წესებს, ანდა სხვაგვარად ხელყოფს პირთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ან საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ე) მომსახურების ხარისხი არ შეესაბამება ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.

31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია უფლებამოსილია დასკვნისათვის მიმართოს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კონტროლს შესაბამისი კანონის შესრულებაზე. კომისიას დასკვნა უნდა წარედგინოს მიმართვიდან 15 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში დასკვნის წარუდგენლობა არ აფერხებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს.

5. იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

6. ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

საქართველოს 2003 წლის 12აგვისტოს კანონი №2941-სსმI,№30,19.08.2003წ.,მუხ.231

     მუხლი 391. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, აგრეთვე გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური ცვლილებები.

2. ლიცენზიის მოდიფიცირება შეიძლება მოითხოვოს როგორც კომისიამ, ისე ლიცენზიის მფლობელმა. ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიისათვის ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 40. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის ვადის გასვლა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

გ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა;

ე) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას;

ვ) ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.

2. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს ეცნობება წერილობით 10 დღის ვადაში.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 41. ლიცენზიის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ბ) ლიცენზიაში მითითებულ გეოგრაფიულ ზონაში არსებულ თავის ფილიალზე გაავრცელოს ლიცენზიით განსაზღვრული უფლებამოსილება;

გ) კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები;

ბ) წარუდგინოს კომისიას მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. ლიცენზიის მფლობელი ან მომხმარებელი უფლებამოსილია სადავო საკითხის განხილვაზე კომისიაში შეიტანოს განაცხადი.

4. ლიცენზიის გასხვისება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა, დაგირავება და ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა აკრძალულია.

5. ლიცენზიის მფლობელი ამ კანონის 361 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

     მუხლი 411. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება

1. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ფორმდება ლიცენზიის მფლობელებს შორის სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური ურთიერთობების განხორციელებისა და რეგულირების მიზნით.

2. ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ტექნიკურად საზიანო არ უნდა იყოს ქსელში მოქმედი სხვა ლიცენზიის მფლობელებისათვის. დაცული უნდა იყოს ხელშეკრულების გამჭვირვალობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები.

3. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში უნდა აისახოს:

ა) ურთიერთჩართვის პირობები და ვადები;

ბ) მხარეთა უფლება-მოვალეობები;

გ) ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტი;

დ) ურთიერთჩართვის ტარიფები, რომლებიც უნდა იყოს გონივრული, გამჭვირვალე, განვითარებაზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული;

ე) ოპერატორებს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული პირობები.

4. ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს და მიაწოდოს კომისიას მასთან ურთიერთჩართვის პირობები და ტარიფები, რომლებიც დაცული უნდა იყოს სხვა ოპერატორებთან ურთიერთობისას.

5. ოპერატორი ვალდებულია ჩაერთოს სხვა ოპერატორს პირდაპირ ან არაპირდაპირ, ქსელის ნებისმიერ ტექნიკურად დასაშვებ წერტილში. ოპერატორს ეკრძალება სხვა ოპერატორისათვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა. არაპირდაპირი ჩართვის შემთხვევაში ურთიერთჩართვის მსურველ ოპერატორს არ დაეკისრება პირდაპირი ჩართვისაგან განსხვავებული ურთიერთჩართვის ტარიფის გადახდა. ხელშეკრულება ფორმდება ოპერატორის მიერ სხვა ოპერატორისათვის წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ურთიერთჩართვა ხორციელდება წერილობითი მიმართვიდან 3 თვის ვადაში.

6. ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორისათვის შეთავაზებული ურთიერთჩართვის ტექნიკური და ფინანსური პირობები, მომსახურების ხარისხი, ქსელში ჩართვის პირობები და ვადა არ უნდა განსხვავდებოდეს იმ მოთხოვნებისაგან, რომლებიც ოპერატორებს დადგენილი აქვთ საკუთარი ფილიალებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.

7. ოპერატორები ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებამდე 10 დღით ადრე აქვეყნებენ და აწვდიან კომისიას მის პროექტს. თუ აღნიშნულ ვადაში კომისიას არ მიმართავს სხვა ოპერატორი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, მხარეები აფორმებენ ხელშეკრულებას. თუ მესამე პირი მიმართავს კომისიას ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, კომისია იხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ. თუ თავად ოპერატორები ვერ თანხმდებიან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, კომისია იხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ოპერატორები ვალდებულნი არიან შეასრულონ კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებები.

8. ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯებს ფარავს ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორი.

9. კომისია ადგენს და არეგულირებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ძირითად პირობებს, მათ შორის, ურთიერთჩართვის ტარიფებს და კოორდინაციას უწევს ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობას. კომისია უფლებამოსილია ჩაერიოს მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, საკუთარი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მათ ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობისა და კომისიის მიერ დადგენილი პირობების დაცვით, აგრეთვე ამ პირობების დარღვევით გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

     მუხლი 42. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

1. საქმიანობაზე ლიცენზია არ არის საჭირო, თუ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები და საშუალებები გამოიყენება:

ა) სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის;

ბ) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით.

11. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მაუწყებლობის განსახორციელებლად შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ტელერადიომაუწყებლობა. აღნიშნულ ორგანოებს და პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ტელერადიომაუწყებლისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, კომისია მისთვის განცხადების წარდგენის საფუძველზე ანიჭებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მათ მიერ გამოყენებულ სიხშირეებს შესაბამისი სამოქმედო ზონის

2. რადიოსარელეო ხაზების გამოყენება შიდატექნოლოგიური მიზნებისათვის დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე.

3. პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ საქმიანობის დაწყებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში გადიან სავალდებულო რეგისტრაციას. კომისიას წარედგინება რეგისტრაციის გავლის შესახებ განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების სახელწოდება, ადგილსამყოფელი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით განსახორციელებელი საქმიანობა, ტექნიკური პარამეტრების ჩათვლით;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის ვადა და სამოქმედო ზონა.

4. კომისია იხილავს განცხადებაში მითითებულ მონაცემებს, რის შემდეგაც, განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 43. ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლი

1. კომისია აკონტროლებს ლიცენზიის პირობების შესრულებას.

2. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის ან ლიცენზიის გამოყენების პირობების დარღვევისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 44. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები სერტიფიცირებული უნდა იყოს კომისიის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. ტექნიკური საშუალებები და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს. საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალს ამტკიცებს კომისია ნორმატიული აქტით.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა სერტიფიცირებას ახორციელებენ სპეციალური საწარმოები (საგამოცდო ცენტრები, ლაბორატორიები), რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებულნი არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში.სპეციალური საწარმოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების დარღვევისას კომისიის წარდგინების საფუძველზე აკრედიტაცია უქმდება.

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა სერტიფიცირება ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური ნორმების დაცვით.

4. საქართველოს სათანადო ორგანოების მიერ ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება არ არის სავალდებულო, თუ საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობა დადასტურებულია უცხო ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 45. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვა

1. კომისია დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ზედამხედველობის წესით არეგულირებს და კონტროლს უწევს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მეტროლოგიური ნორმების დაცვას.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების მეტროლოგიურ ნორმებს იცავენ სპეციალური საწარმოები (საგამოცდო ცენტრები, ლაბორატორიები), რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებულნი არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში.სპეციალური საწარმოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების დარღვევისას კომისიის წარდგინების საფუძველზე აკრედიტაცია უქმდება.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

თავი VI1. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირება

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 451. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კომისია კანონით დადგენილი წესით, საჯაროობის პრინციპის დაცვით.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 452. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლების შეზღუდვა

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღება ეკრძალება:

ა) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მის წარმომადგენლებს;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და მათ წარმომადგენლებს;

გ) უცხოეთის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს, მის წარმომადგენლობებსა და ფილიალებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ეკუთვნის ამ მუხლის „ბ“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტს.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 453. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახეები

1. კომისია გასცემს ლიცენზიებს საერთო, სპეციალიზებულ და სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობაზე.

2. საერთო, სპეციალიზებული და სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობა ხორციელდება ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების, საკაბელო ქსელის ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 454. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. კომისიის გადაწყვეტილება ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული მიწისზედა სადგურებისა და საკაბელო ქსელის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ მიიღება კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.

2. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;

გ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ე) ტელერადიომაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ვ) ტელერადიომაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ზ) ტელერადიოპროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებები;

თ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კანონის 361 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ უნდა გაიაროს ექსპერტიზა ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 455. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის საფუძველზე გაცემის წესი

1. კომისია რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის შესაბამისად ადგენს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმას, რომლის საფუძველზედაც ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის განსაზღვრა.

2. კომისია შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს და მისი გათვალისწინებით განსაზღვრავს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

3. კომისია მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმას და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს აქვეყნებს ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე.

4. მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების გამოქვეყნების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შესახებ.

5. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტი დასახელება;

ბ) ტელერადიომაუწყებლობის სახე, თემატიკა, მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

გ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;

დ) გამარჯვებულისათვის თითოეული ასპექტის მიხედვით მისანიჭებელი ქულების რაოდენობა;

ე) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი;

ვ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, კონკურსის ჩატარების თარიღები.

6. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 2 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ინტერნეტის ქსელით.

7. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.

8. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს ამ კანონის 452 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.

9. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

10. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი ასპექტების მიხედვით:

ა) ტექნიკური;

ბ) ფინანსური;

გ) პროგრამირების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობა.

11. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება ლიცენზიით განსაზღვრულ სამოქმედო ზონაში.

12. ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას ამ კანონის 454 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად. კომისია არ მიიღებს წარმოებაში ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ კანონის 454 მუხლის მე-2 პუნქტში და 455 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისათვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება.

13. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების მიღება მთავრდება კონკურსის პირობებით დადგენილ დღეს და საათზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. განცხადების მიღების თარიღად ითვლება მისი რეგისტრაციის თარიღი.

14. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განცხადებების მიღების პერიოდში თქვას უარი კონკურსში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში კომისია ახდენს განცხადების გამოთხოვის რეგისტრაციას.

15. კომისია წარმოდგენილ განცხადებებს აფასებს ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული თითოეული ასპექტის მიხედვით. ტექნიკური ასპექტის შეფასებისას კომისია პრიორიტეტს ანიჭებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირობას; ფინანსური ასპექტის შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმით; პროგრამირების ასპექტის შეფასებისას კომისია ითვალისწინებს სამაუწყებლო კონცეფციის მის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობას და მასში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობას.

16. კომისია გამარჯვებულს თითოეული ასპექტის მიხედვით ანიჭებს შესაბამის ქულას. გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ქულების მაქსიმალურ რაოდენობას, ხოლო თუ რამდენიმე მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, – ის პირი, რომელიც გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 456. ლიცენზიის მაძიებლის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია წარმოებაში არ მიიღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) განცხადება წარმოადგინა ამ კანონის 452 მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 457. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ბ) ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა.

2. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 458. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 459. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის  მოდიფიცირება და ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის გაუქმება ხდება ამ კანონის 39-ე, 391 და მე-40 მუხლებით დადგენილი წესებით.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

    მუხლი 4510. ტელერადიომაუწყებლის ვალდებულებები

1. ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

2. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები.

3. ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

თავი VII

 ტარიფები

    მუხლი 46. კომისიის უფლებამოსილება ტარიფების დადგენასა და რეგულირებაში

1. კომისია უფლებამოსილია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეებზე, მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით, დააწესოს ზღვრული ტარიფები, თუ მიიჩნევს, რომ შექმნილია არაკონკურენტუნარიანი გარემო მომსახურების კონკრეტულ სახეზე. კომისიამ ზღვრული ტარიფებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების დადგენისას უნდა გაითვალისწინოს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება.

2. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია ზღვრული ტარიფის ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით.

3. კომისია უფლებამოსილია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების კონკრეტულ სახეზე გააუქმოს მის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფი, თუ მიიჩნევს, რომ შექმნილია კონკურენტუნარიანი გარემო მომსახურების ამ სახეზე სამართლიანი და გონივრული ტარიფის არსებობისათვის.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 47. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები და პრინციპები

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სატარიფო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სტაბილურობას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. იგი ხელს უნდა უწყობდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობას. სატარიფო პოლიტიკის საფუძველია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს გამართული ფუნქციონირებისა და ქსელების გაფართოების აუცილებლობა.

2. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით საზოგადოების ყველა ფენის ეფექტიან მომსახურებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სახეების განვითარებას;

ბ) უზრუნველყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების პროცესში ქვეყნის ცალკეული რეგიონების განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინება;

გ) შექმნას სათანადო პირობები სამეწარმეო გარემოს განვითარების, ჯანსაღი კონკურენციის, ხარისხიანი მომსახურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის;

დ) უზრუნველყოს მომხმარებლისათვის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობა.

3. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული;

ბ) ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს ადეკვატური შემოსავლის მიღებას ინვესტიციების მოსაზიდად და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად;

გ) ტარიფმა უნდა წაახალისოს ლიცენზიის მფლობელის შესაძლებლობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად;

დ) სატარიფო სისტემა უნდა იყოს მარტივი და გასაგები;

ე) დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიის მფლობელთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.

4. ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

5. კომისია ადგენს ლიცენზიის მფლობელთა მიერ გაწეული მომსახურების დანახარჯების აღრიცხვის პრინციპებსა და მეთოდებს. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან დაიცვან ეს პრინციპები და მოთხოვნები.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

თავი VIII

 რადიოსიხშირული სპექტრის ანაწილებისა და მინიჭების რეგულირება

საქართველოს 2001 წლის 23 მაისის კანონი №884-სსმI,№14,05..06.2001წ.,მუხ.47

    მუხლი 48. რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილება და მინიჭება

1. გეოსტაციონარურ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრი და პოზიცია სახელმწიფოს საკუთრებაა და მათი განაწილებისა და გამოყენების რეგულირება მისი განსაკუთრებული უფლებაა. ისინი არ ექვემდებარება საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას.

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რადიოსიხშირეების მინიჭებას თავის მიერ შემუშავებული რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილების წესის შესაბამისად ახდენს კომისია. რადიოსიხშირული სპექტრის მინიჭებისათვის კომისია გასცემს ლიცენზიას. დანაწილება და მინიჭება უნდა განხორციელდეს რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის შესაბამისად.

3. ლიცენზიით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ვადაში შეიძლება მოხდეს ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. რადიოსიხშირის შეცვლით მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობას, გადახდის პირობებსა და ფორმას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს კომისია.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2001 წლის 23 მაისის კანონი №884-სსმI,№14,05..06.2001წ.,მუხ.47

    მუხლი 49. რადიოელექტრონული და მაღალსიხშირული მოწყობილობები

1. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით კომისია ადგენს სიხშირეთა დიაპაზონის დანაწილების წესს, რომლის საფუძველზე მათი საექსპლუატაციოდ გადაცემის უფლებაზე გასცემს ლიცენზიას და აკონტროლებს მათ მუშაობას.

2. იკრძალება რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება, მშენებლობა, გამოყენება, ექსპლუატაცია და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანა და რეალიზაცია კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის გარეშე.

3. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებია, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს კომისიაში.

4. იკრძალება საცხოვრებელ ადგილებში რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟება და ექსპლუატაცია, თუ ისინი არ შეესაბამება ამ აპარატურისა და მოწყობილობებისათვის დადგენილ ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს და საზიანოა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

თავი VIII1. ნუმერაციის სფეროში საქმიანობის რეგულირება

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

     მუხლი 491. ნუმერაციის რესურსის რეგულირების ორგანო

1. ნუმერაციის რესურსის რეგულირების ორგანოა კომისია.

2. კომისია:

ა) განსაზღვრავს ნუმერაციის რესურსის გამოყოფის წესებსა და პირობებს;

ბ) არეგულირებს კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორისა და მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას ნუმერაციის სფეროში;

გ) უზრუნველყოფს დროებითი გამოყენების უფლებით ნუმერაციის ერთიანი სისტემით გათვალისწინებული რესურსის გადაცემას კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორსა და მომსახურების მიმწოდებლისათვის.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

    მუხლი 492. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორისა და მომსახურების მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი

1. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორსა და მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ მიიღონ ნუმერაციის რესურსი,კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე.

2. კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორი და მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფენ:

ა) მომხმარებლის მიერ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ოპერატორის თავისუფლად არჩევას;

ბ) ქსელების ნუმერაციის ერთიან სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანას ამ კანონით დადგენილ ვადებში და საკუთარი ხარჯებით ნუმერაციის სისტემაში შეტანილი ცვლილების განხორციელებას კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.

3. კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორსა და მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ სადავო საკითხების განსახილველად სარჩელით მიმართონ სასამართლოს.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 493. საზღაური ნუმერაციის რესურსის გამოყენებისათვის

ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ტარიფებს ადგენს კომისია თავისი ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

თავი IX

კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება

    მუხლი 50. მომსახურების საფუძვლები

1. მომხმარებელს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით და საშუალებებით მომსახურების სახეობაზე. ოპერატორსა და მომხმარებელს შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს უფლება აქვს გარკვეული სახის შეტყობინებისა და საფოსტო გზავნილების მიღებასა და გადაცემაზე დაადგინოს აკრძალვები ან დროებითი შეზღუდვები.

    მუხლი 51. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების გაწევის წესებს ადგენს კომისია.

2. აკრძალულია მომსახურების გაწევა კავშირგაბმულობისა და ფოსტის იმ ქსელებითა და საშუალებებით, რომელთა შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან არ არის დადასტურებული სერტიფიკატით.

3. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე მიაწოდოს მომხმარებელს ანგარიში გასულ საანგარიშო თვეს მის ან/და სხვა ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების სახის, საფასურის, მისი გადახდის ვადისა და საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) მითითებით, მომხმარებლის ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართზე. ანგარიშის ტიპურ ფორმას ადგენს კომისია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.

4. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – შესაბამისი ანგარიშით.

5. კავშირგაბმულობის ოპერატორთან მომხმარებლის ანგარიშსწორება ხორციელდება მიღებული ანგარიშის საფუძველზე, საბანკო ქსელის მეშვეობით, არა უგვიანეს შესაბამისი თვის ბოლო რიცხვისა.

6. მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა ხდება კავშირგაბმულობის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილებიდან (სატელეფონო შეტყობინებიდან) არა უადრეს 3 სამუშაო დღისა. მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა ხდება მხოლოდ ამ მომსახურების განმახორციელებელი კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ.

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3066-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.189

    მუხლი 52. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ურთიერთობის ენა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სამსახურებრივ საქმეთა წარმოების, ოპერატიული მართვისა და მომსახურების პროცესში ურთიერთობის ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა – ქართული, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური.

    მუხლი 53. პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დარღვევისათვის

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დებულებათა დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებათ ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

თავი X

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

     მუხლი 54. გაცემული ლიცენზიების რეგისტრაცია

კომისიის საქმიანობის დაწყების დღიდან ყველა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სალიცენზიო რეესტრში შეტანისა და თავისი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით 2001 წლის 1 აპრილამდე ამ კანონისა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე კომისიაში გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზია უქმდება.

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

    მუხლი 541. ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის ვადები

1. ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 3 წლის ვადაში.

2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, მიიღონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

    მუხლი 55. გარდამავალი დებულებანი

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება:

ა) პირველი წევრი 6 წლის ვადით;

ბ) მეორე წევრი 4 წლის ვადით;

გ) მესამე წევრი 2 წლის ვადით.

2. ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც გაუვიდა ან გაუვა ლიცენზიის მოქმედების ვადა 1999 წლის 1 ოქტომბრიდან 2001 წლის 1 აპრილამდე, უფლება აქვს ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა გააგრძელოს 2001 წლის 1 აპრილამდე.

3. ლიცენზიის მფლობელებმა თავიანთი საქმიანობა შეუსაბამონ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების ძირითად პრინციპებთან და ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა 2001 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის ამოქმედებამდეც კომისიამ არ გასცეს ლიცენზიები ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებასა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე. ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურებისა და საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელს, რომელმაც გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და რომლის ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა ან გაუვა 2001 წლის 31 დეკემბრამდე, გაუგრძელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა 2001 წლის 31 დეკემბრამდე.

5. ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც ახორციელებენ მომხმარებელთა სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებას, ვალდებულნი არიან ნებისმიერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადონ საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები.

6. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფები 2003 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად იქნეს მოყვანილი შესაბამისობაში ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ სატარიფო პოლიტიკის ამოცანებთან და პრინციპებთან.

7. კომისიამ 2001 წლის 1 ივლისამდე მიიღოს ნორმატიული აქტი „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ.

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

10. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ ოპერატორს, რომელიც ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას, მიეცეს უფლება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე კომისიაში გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია 2001 წლის 1 ივლისამდე. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზია უქმდება.

11. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში გამოაქვეყნოს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.

12. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიიღოს საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.

13. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს 2002 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ტელერადიომაუწყებლობის სფეროში ადგილობრივი წარმოების დაბეგვრის შეღავათიანი პირობების დაწესების თაობაზე.

14. ტელერადიომაუწყებლებმა 2002 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის 4510 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

15. თუ პირი ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის წინაშე დაადასტურებს, რომ შესაბამისი თანხმობის საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კონკრეტულ სამოქმედო ზონაში ტელერადიომაუწყებლობისათვის აშენებული აქვს სარელეო ქსელი, აღნიშნული გარემოება ჩაითვლება ამ ზონაში ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ერთ-ერთ ასპექტად.

16. ამ კანონის 42-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტელერადიომაუწყებლობის სამოქმედო ზონის გაფართოების მიზნით, აღნიშნულ ორგანოს ან პირს კომისია განცხადების საფუძველზე ანიჭებს შესაბამის სიხშირეებს კომისიის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით. ეს განცხადება სათანადო ორგანომ ან პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

17. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიიღოს ნორმატიული აქტები „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების შესახებ“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის წინაპირობების შესახებ.

18. კავშირგაბმულობის ოპერატორებთან მომხმარებელთა ანგარიშსწორება 2004 წლის 1 მარტამდე ხორციელდება როგორც საბანკო ქსელის, ისე კავშირგაბმულობის ოპერატორთა საანგარიშსწორებო ცენტრების მეშვეობით, ხოლო 2004 წლის 1 მარტიდან – მხოლოდ საბანკო ქსელის მეშვეობით.

19. კომისიამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, 2003 წლის 1 ოქტომბრამდე დაადგინოს ანგარიშის ტიპური ფორმა.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27.06.2000წ.,მუხ.80

საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

საქართველოს 2001 წლის 23 მაისის კანონი №884-სსმI,№14,05..06.2001წ.,მუხ.47

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3066-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.189

    მუხლი 56. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №21-22, 1994, მუხ.448).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

3. ამ კანონის შესაბამისად კომისიის მიერ ნორმატიული აქტების გამოცემისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს სხვა ყველა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებს კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 57. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2329–რს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,№17,12.05.2000წ.,მუხ.41

2.საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №430-სსმI,№27,06.2000წ.,მუხ.80

3.საქართველოს 2000 წლის 13დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149

4.საქართველოს 2001 წლის 23 მაისის კანონი №884-სსმI,№14,05.06.2001წ.,მუხ.47

5.საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1388-სსმI,№12,23.05.2002წ.,მუხ.47

6.საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2036-სსმI,№8,14.04.2003წ.,მუხ.45

7.საქართველოს 2003 წლის 12აგვისტოს კანონი №2941-სსმI,№30,19.09.2003წ.,მუხ.231

8.საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3066-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.189