„კავშირგაბულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კავშირგაბულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 23/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.000.000.05.001.001.057
  • Word
1388
07/05/2002
სსმ, 12, 23/05/2002
320.000.000.05.001.001.057
„კავშირგაბულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40(47), 1999 წელი, მუხ.199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ტელერადიომაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების, საკაბელო ქსელის ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელე- ან რადიოპროგრამების გავრცელება.“;

ბ) ჰ1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“–„ჰ8“ქვეპუნქტები:

„ჰ2) სპეციალიზებული ტელერადიომაუწყებლობა – ერთი თემატიკის (საინფორმაციო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, გასართობი) ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა;

3) სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობა – ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის მიერ სხვა მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე ტელერადიოპროგრამების მიღება და უცვლელი სახით გადაცემა, მიუხედავად გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა;

4) საერთო ტელერადიომაუწყებლობა – არანაკლებ ორი თემატიკის ტელერადიოპროგრამებით მაუწყებლობა;

5) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტელერადიოპროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;

6) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს ტელერადიოპროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;

7) ადგილობრივი წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ლიცენზიის მფლობელის მიერ ან ლიცენზიის მფლობელის მონაწილეობით, ან რომლის საავტორო უფლებათა მფლობელია საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

8) ამოწურვადი რესურსი – სიხშირული სპექტრი და ნუმერაციის რესურსი.“.

2. 36-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდის ვადას განსაზღვრავს კომისია.“;

ბ) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო ორი წინადადება.

3. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 30%-ის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვადა და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.“.

4. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლიცენზიის მფლობელი თავისი საქმიანობით არღვევს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ წესებს, ანდა სხვაგვარად ხელყოფს პირთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ან საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია უფლებამოსილია დასკვნისათვის მიმართოს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კონტროლს შესაბამისი კანონის შესრულებაზე. კომისიას დასკვნა უნდა წარედგინოს მიმართვიდან 15 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში დასკვნის წარუდგენლობა არ აფერხებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომლის უფლებაც შეილახა ლიცენზიის მფლობელის საქმიანობით, უფლება აქვს დასაბუთებული განცხადებით მიმართოს კომისიას და მოსთხოვოს მას ლიცენზიის მოქმედების შეჩერება.“.

5. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მაუწყებლობის განსახორციელებლად შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ტელერადიომაუწყებლობა. აღნიშნულ ორგანოებს და პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ტელერადიომაუწყებლისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, კომისია მისთვის განცხადების წარდგენის საფუძველზე ანიჭებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მათ მიერ გამოყენებულ სიხშირეებს შესაბამისი სამოქმედო ზონის ფარგლებში.“.

6. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები სერტიფიცირებული უნდა იყოს კომისიის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. ტექნიკური საშუალებები და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს. საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალს ამტკიცებს კომისია ნორმატიული აქტით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს სათანადო ორგანოების მიერ ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება არ არის სავალდებულო, თუ საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობა დადასტურებულია უცხო ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატით.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი (451–4510 მუხლები):

„თავი VI1. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზირება

    მუხლი 451. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კომისია კანონით დადგენილი წესით, საჯაროობის პრინციპის დაცვით.

    მუხლი 452. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლების შეზღუდვა

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღება ეკრძალება:

ა) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მის წარმომადგენლებს;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და მათ წარმომადგენლებს;

გ) უცხოეთის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს, მის წარმომადგენლობებსა და ფილიალებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი ეკუთვნის ამ მუხლის „ბ“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტს.

    მუხლი 453. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახეები

1. კომისია გასცემს ლიცენზიებს საერთო, სპეციალიზებულ და სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობაზე.

2. საერთო, სპეციალიზებული და სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობა ხორციელდება ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების, საკაბელო ქსელის ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

    მუხლი 454. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. კომისიის გადაწყვეტილება ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული მიწისზედა სადგურებისა და საკაბელო ქსელის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ მიიღება კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.

2. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები დამფუძნებლების შესახებ;

გ) ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ე) ტელერადიომაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ვ) ტელერადიომაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ზ) ტელერადიოპროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებები;

თ) ლიცენზიის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კანონის 361 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტაციამ უნდა გაიაროს ექსპერტიზა ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 455. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის საფუძველზე გაცემის წესი

1. კომისია რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის შესაბამისად ადგენს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმას, რომლის საფუძველზედაც ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის განსაზღვრა.

2. კომისია შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს და მისი გათვალისწინებით განსაზღვრავს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

3. კომისია მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმას და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს აქვეყნებს ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე.

4. მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმისა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების გამოქვეყნების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შესახებ.

5. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტი დასახელება;

ბ) ტელერადიომაუწყებლობის სახე, თემატიკა, მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

გ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;

დ) გამარჯვებულისათვის თითოეული ასპექტის მიხედვით მისანიჭებელი ქულების რაოდენობა;

ე) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი;

ვ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, კონკურსის ჩატარების თარიღები.

6. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 2 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ინტერნეტის ქსელით.

7. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.

8. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს ამ კანონის 452 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.

9. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

10. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი ასპექტების მიხედვით:

ა) ტექნიკური;

ბ) ფინანსური;

გ) პროგრამირების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობა.

11. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება ლიცენზიით განსაზღვრულ სამოქმედო ზონაში.

12. ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას ამ კანონის 454 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს კონკურსის პირობების შესაბამისად. კომისია არ მიიღებს წარმოებაში ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ, თუ მის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ კანონის 454 მუხლის მე-2 პუნქტში და 455 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ლიცენზიის მაძიებელს განემარტება განცხადების წარდგენისთანავე. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის კომისიისათვის საფოსტო გზავნილების სახით მიწოდება.

13. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების მიღება მთავრდება კონკურსის პირობებით დადგენილ დღეს და საათზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. განცხადების მიღების თარიღად ითვლება მისი რეგისტრაციის თარიღი.

14. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განცხადებების მიღების პერიოდში თქვას უარი კონკურსში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში კომისია ახდენს განცხადების გამოთხოვის რეგისტრაციას.

15. კომისია წარმოდგენილ განცხადებებს აფასებს ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული თითოეული ასპექტის მიხედვით. ტექნიკური ასპექტის შეფასებისას კომისია პრიორიტეტს ანიჭებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირობას; ფინანსური ასპექტის შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს სამაუწყებლო საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმით; პროგრამირების ასპექტის შეფასებისას კომისია ითვალისწინებს სამაუწყებლო კონცეფციის მის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებთან შესაბამისობას და მასში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ოდენობას.

16. კომისია გამარჯვებულს თითოეული ასპექტის მიხედვით ანიჭებს შესაბამის ქულას. გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ქულების მაქსიმალურ რაოდენობას, ხოლო თუ რამდენიმე მონაწილის ქულების ოდენობა თანაბარია, – ის პირი, რომელიც გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას.

    მუხლი 456. ლიცენზიის მაძიებლის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია წარმოებაში არ მიიღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) განცხადება წარმოადგინა ამ კანონის 452 მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა.

    მუხლი 457. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ბ) ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა.

2. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 458. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

    მუხლი 459. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის  მოდიფიცირება და ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის გაუქმება ხდება ამ კანონის 39-ე, 391 და მე-40 მუხლებით დადგენილი წესებით.

    მუხლი 4510. ტელერადიომაუწყებლის ვალდებულებები

1. ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

2. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც ტელერადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები.

3. ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.“.

8. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების გაწევის წესებს ადგენს კომისია.“.

9. 55-ე მუხლის:

ა) მე-8–9 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11–17 პუნქტები:

„11. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში გამოაქვეყნოს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმა და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.

12. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიიღოს საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.

13. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს 2002 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ტელერადიომაუწყებლობის სფეროში ადგილობრივი წარმოების დაბეგვრის შეღავათიანი პირობების დაწესების თაობაზე.

14. ტელერადიომაუწყებლებმა 2002 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის 4510 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

15. თუ პირი ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის წინაშე დაადასტურებს, რომ შესაბამისი თანხმობის საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კონკრეტულ სამოქმედო ზონაში ტელერადიომაუწყებლობისათვის აშენებული აქვს სარელეო ქსელი, აღნიშნული გარემოება ჩაითვლება ამ ზონაში ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ერთ-ერთ ასპექტად.

16. ამ კანონის 42-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტელერადიომაუწყებლობის სამოქმედო ზონის გაფართოების მიზნით, აღნიშნულ ორგანოს ან პირს კომისია განცხადების საფუძველზე ანიჭებს შესაბამის სიხშირეებს კომისიის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით. ეს განცხადება სათანადო ორგანომ ან პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

17. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიიღოს ნორმატიული აქტები „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს უნივერსალური მომსახურების შესახებ“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის წინაპირობების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 7 მაისი.

№1388–IIს