კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ

  • Word
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 11/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.000.000.05.001.000.660
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2329
23/07/1999
სსმ, 40(47), 11/08/1999
320.000.000.05.001.000.660
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/08/1999 - 11/05/2000)

საქართველოს კანონი

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ

ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მომსახურებისა და სარგებლობის სფეროში განსაზღვრავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეტყობინება – ინფორმაციის ერთობლიობა, რომელსაც შეიცავს პროტოკოლი – ინფორმაციის გაცვლის (შენახვის) ფორმა და წესი და რომელიც კავშირგაბმულობის პროცესში გადაიცემა როგორც ერთი მთლიანობა;

ბ) საფოსტო გზავნილება – წერილობითი კორესპონდენცია, ფულადი გზავნილება, ამანათი, ბანდეროლი, ხელმოწერით პერიოდული გამოცემები;

გ) მაგისტრალური კავშირგაბმულობის ქსელი – ტექნოლოგიურად ურთიერთშეთანხმებული კავშირგაბმულობის საქალაქთაშორისო ქსელი, რომელიც შესაბამისი მოწყობილობებით, მართვის საშუალებებითა და კავშირგაბმულობის ხაზებით (სადენიანი, რადიო და რადიოსარელეო) იქმნება ადმინისტრაციულ ცენტრებს შორის;

დ) ადგილობრივი კავშირგაბმულობის ქსელი – კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული კავშირგაბმულობის ქსელი;

ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებები – კავშირგაბმულობის შეტყობინების ან საფოსტო გზავნილების ფორმირების, დამუშავების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ბუნებრივი და ტექნიკური საშუალებები;

ვ) საფოსტო ანაზღაურების ნიშანი – საფოსტო მარკა, როგორც გადახდის საშუალება;

ზ) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში განახორციელოს საქმიანობა;

თ) ლიცენზიის მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;

კ) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება;

ლ) საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელი – კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების ერთიანი ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელშიც კანონით დადგენილი წესით ერთვებიან კავშირგაბმულობის ოპერატორები;

მ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ოპერატორი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელზედაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულია ლიცენზია კავშირგაბმულობის ან ფოსტის სფეროში საქმიანობასა და ფუნქციონირებაზე;

ნ) ელექტროკავშირი (ტელეკომუნიკაცია) – კავშირგაბმულობის სფეროს ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მოიცავს სადენიან, რადიო, რადიოსარელეო (სატელეფონო, მონაცემთა გადაცემის, სპეციალური დანიშნულების) და ტელერადიომაუწყებლობის ქსელებსა და საშუალებებს;

ო) ელექტროკავშირგაბმულობის ქსელი – ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სატელეფონო, სატელეგრაფო და მონაცემთა გადაცემას, დოკუმენტურ შეტყობინებას, ინფორმაციის ერთი ან რამდენიმე სახეობის გადაცემებს, აგრეთვე ტელე-და რადიომაუწყებლობას;

პ) ელექტროკავშირგაბმულობის უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც იქმნება და ფუნქციონირებს სპეციალური და საწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელში;

ჟ) ელექტროკავშირგაბმულობის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური ქსელი – ქსელი, რომელიც იქმნება და ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საქმიანობისა და ტექნოლოგიური პროცესების მართვის მიზნით და რომელიც არ არის ჩართული საერთო სარგებლობის ქსელში;

რ) ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო ქსელი – სხვა ქვეყნების ქსელებთან ტექნოლოგიურად ურთიერთშეთანხმებული კავშირგაბმულობის ქსელი;

ს) ფოსტის ქსელი – ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილებების მიღებას, დამუშავებას, გადაზიდვასა და დატარებას, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს პერიოდული გამოცემების ექსპედირებასა და გავრცელებას;

ტ) ინფორმატიზაცია – მაქსიმალურად ხელსაყრელი ორგანიზაციული, სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პირობების შექმნის პროცესი, მოქალაქეების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ინფორმაციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათი უფლებების რეალიზაციისათვის საინფორმაციო რესურსების ფორმირებისა და გამოყენების საფუძველზე.

    მუხლი 2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის დანიშნულება

1. კავშირგაბმულობა და ფოსტა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ერთიან კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

2. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ქსელებისა და საშუალებების ერთიანობა ქმნის საზოგადოების ინფორმატიზაციის ტექნიკურ ბაზას.

    მუხლი 3. კანონმდებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები.

2. სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს სამეურნეო სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ინტეგრაცია სხვა ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებთან ხდება ელექტროკავშირის საერთაშორისო და მსოფლიო საფოსტო კავშირების რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

    მუხლი 4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის პრინციპები

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებაში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებზე მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;

გ) საკონკურენციო გარემოს შექმნა;

დ) ექსკლუზიური ხასიათის ხელშეკრულებების დადებისა და ლიცენზიების გაცემის დაუშვებლობა;

ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვა და მათი ეფექტური გამოყენება;

ვ) ტექნიკური ნორმების შესაბამისი მომსახურების სახეობათა გაფართოება და ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა;

თ) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოების უზრუნველყოფა;

კ) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა და გამჭვირვალეობა.

თავი II

კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები

    მუხლი 5. ელექტროკავშირგაბმულობის ქსელი

1. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროკავშირგაბმულობის საფუძველია ტექნოლოგიურად ურთიერთდაკავშირებული მაგისტრალური და ადგილობრივი ელექტროკავშირგაბმულობის ქსელები, რომლებიც ქმნიან საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთიან ქსელს.

2. სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოების კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტროკავშირგაბმულობის სპეციალური ქსელების არსებობასაც.

    მუხლი 6. ფოსტის ქსელი

1. ფოსტის საწარმოები შეადგენს ერთიან საფოსტო სისტემას საფოსტო გზავნილების ურთიერთგაცვლისათვის.

2. სახელმწიფო მართვის, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოების საფოსტო კავშირით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ფოსტის სპეციალური ქსელების არსებობასაც.

თავი III

სახელმწიფო მართვა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის რეგულირება

    მუხლი 7. სახელმწიფო მართვის და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს სახელმწიფო მართვის ორგანოები წარმოადგენენ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს.

    მუხლი 8. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო

1. სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.

2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეროვნული პოლიტიკის განხორციელება;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;

გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების ტექნიკური და ეკოლოგიური ნორმების შესაბამისი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მომსახურების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების (წესები, ინსტრუქციები, დებულებები და სხვა) შემუშავება და გამოცემა კანონით დადგენილი წესით;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა;

ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელის შეწყობა;

ვ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ორგანიზება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო ქსელების ან მათი ნაწილის კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით;

თ) საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის ქსელებში სახელმწიფო შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფა;

ი) საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილებისა და გეოსტაციონარურ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მათი საერთაშორისო–სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია;

კ) კავშირგაბმულობის ქსელების ერთიანი სიგნალიზაციისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პრინციპების შემუშავება და დადგენა;

ლ) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავება და დადგენა;

მ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებისათვის და კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების წარმოებისათვის ხელის შეწყობა;

ნ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დადგენილი წესით, ეროვნული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის ჩამოყალიბება და კოორდინირება;

ო) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;

პ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა, საინფორმაციო მართვის პრინციპების დამკვიდრება;

ჟ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამამულო საქმიანობის ინტეგრირება მსოფლიო ტელესაკომუნიკაციო სივრცეში;

რ) სხვა ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებსა და საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისათვის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის პროდუქციის ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტისათვის ხელის შეწყობა;

ს) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული ბაზის შექმნა, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ტ) საგანგებო სიტუაციებისათვის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის შემუშავება;

უ) საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი სისტემატური განხორციელება;

ფ) საერთაშორისო ორგანიზაციებში, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების მწარმოებელ კომპანიებთან და ფირმებთან, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

ქ) საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებისა და ქსელების მშენებლობის, რეკონსტრუქციის პროექტების და მათი საინვესტიციო გეგმების ექსპერტიზა.

    მუხლი 9. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების მართვა და ფლობა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების მართვისა და ფლობის უფლება აქვთ იმ ორგანოებს, რომლებსაც ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. მათი სტრუქტურა და ორგანიზაციული საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მფლობელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებებით, პირველ რიგში, უზრუნველყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელები.

    მუხლი 10. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების მართვა

1. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ყველა საშუალებების მართვა რეგულირდება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ყველა საშუალებას ცენტრალიზებულად მართავს სამინისტრო, ხოლო სპეციალური ქსელების მქონე სამინისტროებსა და უწყებებში – კავშირგაბმულობის შესაბამის სამსახურებთან ერთად.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები სარგებლობენ ყველა სახის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელის პრიორიტეტული გამოყენების ან მათი საქმიანობის შეჩერების უფლებით.

4. სახელმწიფო მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შედეგად დაზიანებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში ლიკვიდაციის მიზნით კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი), შესაბამისი ანაზღაურებით.

5. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ავარიული მდგომარეობის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსების და ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოები ვალდებულნი არიან ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების, ავარიების, თავდაცვითი და სამართალდამცავი ღონისძიებების გატარებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებს შესახებ დაუყოვნებლივ გადასცენ შეტყობინება.

თავი IV

 კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეკონომიკური საქმიანობის საფუძვლები

    მუხლი 11. საკუთრება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებსა და საშუალებებზე

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ეკონომიკური საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებსა და საშუალებებზე საჯაროობა, თანასწორუფლებიანობა და თავისუფალი კონკურენცია.

2. საქართველოს კანონები და სხვა ნორმატიული აქტები განსაზღვრავს კავშირგაბმულობისა და ფოსტის იმ ქსელებსა და საშუალებებს, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში.

3. სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ კანონის თანახმად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ უფლება შექმნან, განავითარონ და ფლობდნენ საერთო და ინდივიდუალური სარგებლობის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებსა და საშუალებებს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებებისათვის საკუთრების ფორმის შეცვლა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. უწყებრივი, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები და საშუალებები ამ კანონით დადგენილი წესისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების მიზნით.

    მუხლი 12. საფოსტო გადასახადის ნიშნების გამოცემა

1. საფოსტო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ სამინისტროს.

2. სამინისტრო ადგენს საფოსტო ნიმუშებს, მათ ნომინალებს და ორგანიზებას უწევს მათ გამოცემასა და გავრცელებას.

    მუხლი 13. კავშირგაბმულობისა და ფოსტის განვითარება და მშენებლობა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებს მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე უფლება აქვთ კავშირგაბმულობის კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და აკრძალულ ზონებში.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებმა მიწისა და ობიექტების მფლობელებს (მესაკუთრეებს) კანონით დადგენილი წესით უნდა აუნაზღაურონ კომუნიკაციების გაყვანით მიყენებული ზიანი და მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოაწესრიგონ ტერიტორია.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებულნი არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით.

4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გადატანის აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე და სამინისტროს მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური პირობების დაცვით.

5. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტებისა და ქსელების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება მათი პროექტებისა და საინვესტიციო გეგმების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ.

    მუხლი 14. მიწათსარგებლობა. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების დაცვა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების განთავსების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები გამოეყოფათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი ფართობი განისაზღვრება სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივებითა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, თუ ამ დოკუმენტაციაზე არსებობს სახელმწიფო ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების დაცვის უზრუნველსაყოფად დგინდება დაცვის ზონა, რომლის ფართობი და მასზე მუშაობის წარმოების რეჟიმი განისაზღვრება სამინისტროს მიერ დადგენილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების დაცვის წესებით.

3. დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კავშირგაბმულობის ქსელის მფლობელის თანხმობით.

4. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საერთო სარგებლობის ქსელებს, რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარურ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილ კავშირგაბმულობის თანამგზავრის პოზიციებს იცავს სახელმწიფო. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ბუნებრივი და ტექნიკური საშუალებების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დააზიანებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებს, დაარღვევს სიხშირეთა გამოყენების წესს, შექმნის ტელე- და რადიოგადაცემებისა და მიღებისათვის არანორმირებულ ხელშეშლებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 15. საიდუმლოების დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. საფოსტო მიმოწერა და კავშირგაბმულობის ქსელებით გადაცემული შეტყობინება არის მომხმარებლის საიდუმლო და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობისას.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დასაქმებული ყველა სამეურნეო სუბიექტი ვალდებულია დაიცვას გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოება. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საფოსტო გზავნილებისა და კავშირგაბმულობის ქსელებით გადაცემული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ეცნობოს მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს ან მათ კანონიერ წარმომადგენელს.

4. საფოსტო გზავნილებებისა და მათი გადასაზიდი საშუალებების, დოკუმენტური კორესპონდენციების დროებითი შეჩერება, დათვალიერება, ამოღება და მათ შესახებ ცნობების მიღება დასაშვებია კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საიდუმლოებათა სხვა შეზღუდვები დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის პრინციპები

1. საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებისა და სატრანზიტო ფოსტის მოძრაობის თავისუფლება და დაცვა გარანტირებულია.

2. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სათანადო დაწესებულებებთან შეთანხმებით ადგენს იმ გზავნილებათა ნუსხას, რომელთა საფოსტო კავშირის ქსელებით სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა აკრძალული ან შეზღუდულია (რაოდენობით, ვადებით ან სხვა პირობებით).

    მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება

1. ფოსტის საწარმოებს საფოსტო გზავნილებები გადააქვთ როგორც თავიანთი კუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, ისე ხელშეკრულებების საფუძველზე, სარკინიგზო, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის ყველა სახეობით ფოსტის მუშაკთა თანხლებით ან სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი იურიდიული პირების პასუხისმგებლობით.

2. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია ფოსტის სახელმწიფო საწარმოებთან დადოს ხელშეკრულება საფოსტო გზავნილებების გადაზიდვის შესახებ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც თანხვდება რეგულარული მიმოსვლის როგორც საქალაქთაშორისო და სასოფლო, ისე საერთაშორისო ხაზებს, შესაბამისი ანაზღაურებით, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

    მუხლი 18. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა შრომა და სოციალური დაცვა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. ცალკეული კატეგორიის მუშაკთა შრომის განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე მათთვის შესაძლებელია დადგინდეს შეღავათები და მატერიალური კომპენსაციის ფორმები.

    მუხლი 19. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოადგენს სამინისტრო.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სამინისტრო იცავს საქართველოს ინტერესებს.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში განხორციელებულ საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კოორდინაციას უწევს სამინისტრო.

თავი V

 საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

    მუხლი 20. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და მათ საფუძველზე მიღებული კომისიის დებულება.

3. კომისიის დებულება და სტრუქტურა გამომდინარეობს ამ კანონიდან და მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

4. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობაზე გასცეს ლიცენზია და მოახდინოს ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის რეგულირება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზირების პირობების დადგენა, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, შეჩერება და გაუქმება;

ბ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება;

გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;

დ) კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვების ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების რეგულირება;

ე) რადიოსიხშირეების განაწილება;

ვ) საკონკურენციო გარემოს შექმნისათვის ხელის შეწყობა;

ზ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ი) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა;

კ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

    მუხლი 21. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კანონით დადგენილი წესით კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონის საფუძველზე გამოსცემს ნორმატიულ აქტს – დადგენილებას.

2. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

3. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

    მუხლი 22. კომისიის წევრები და წევრობის ვადა

1. კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებსაც ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრები (მათ შორის, თავმჯდომარე) თანამდებობაზე ზედიზედ შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს.

3. კომისიის მიერ დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

    მუხლი 23. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ვ) დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ზ) გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

    მუხლი 24. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვაზე და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

    მუხლი 25. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. მხოლოდ კომისია არის უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის თანამშრომლები.

    მუხლი 26. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.

    მუხლი 27. კომისიის ძირითადი უფლება-მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

2. კომისია ვალდებულია სხდომებზე მხარეებს მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიას უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ლიცენზიის მფლობელისაგან მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

4. კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

    მუხლი 28. კომისიის სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა საჯაროა. მისი დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო განხილვისათვის.

2. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კომისია ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს აცნობოს კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მისცეს მას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

    მუხლი 29. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 30. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს, აგრეთვე მათ ახლო ნათესავებს უფლება არა აქვთ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჰქონდეთ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი, ან ლიცენზიის მფლობელისაგან და ლიცენზიის მაძიებლისაგან მიიღონ რაიმე შემოსავალი ან სხვა სიკეთე, ან ლიცენზიის მფლობელის საწარმოში ეკავოთ რაიმე თანამდებობა.

2. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ იყვნენ ლიცენზიის მფლობელის მომხმარებლები, მაგრამ ლიცენზიის მფლობელს უფლება არა აქვს შესთავაზოს, ხოლო კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს – მისგან მიიღონ უფასო ან ფასდაკლებითი მომსახურება.

    მუხლი 31. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. სალიცენზიო გადასახდელი ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს კომისია. თუ სალიცენზიო გადასახდელებით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, კომისია უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხდება მომავალი წლის შემოსავლებიდან.

3. ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობა დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

    მუხლი 32. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

თავისი საქმიანობის შესახებ კომისია ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

თავი VI

ლიცენზირება, სერტიფიცირება და მეტროლოგიური ნორმების დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

    მუხლი 33. სალიცენზიო საქმიანობის ორგანიზება

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების გასაწევად ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების – ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა.

2. სალიცენზიო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ეს კანონი.

    მუხლი 34. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიების გამცემი ორგანო

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიების გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც:

ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვას;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით შეაჩერებს, განაახლებს ან გააუქმებს ლიცენზიას;

დ) აქვეყნებს ლიცენზიის გაცემასთან, შეჩერებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

    მუხლი 35. სალიცენზიო რეესტრი

1. კომისია აწარმოებს სალიცენზიო რეესტრს. სალიცენზიო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:

ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ;

ბ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;

გ) ლიცენზიაში მითითებული საქმიანობა.

2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს სალიცენზიო რეესტრში არსებულ მონაცემებს.

3. კომისიის წარდგინებით სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში 10-დღიან ვადაში შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

    მუხლი 36. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზირებას ექვემდებარება:

ა) თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;

ბ) სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

გ) ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება;

დ) საცნობარო და სპეციალური სერვისით მომსახურება;

ე) ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება;

ვ) საფოსტო კავშირით მომსახურება.

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების გასაწევად ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა ლიცენზიის საფუძველზე ხორციელდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. სიხშირული სპექტრის და ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.

    მუხლი 37. გადასახადი სალიცენზიო საქმიანობაზე და სალიცენზიო მოსაკრებელი

1. ლიცენზიის მიღებისათვის ლიცენზიის მაძიებელი იხდის სალიცენზიო გადასახადსა და სალიცენზიო მოსაკრებელს.

2. სალიცენზიო გადასახადისა და მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით.

    მუხლი 38. ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები

ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 39. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის მოქმედების განახლება

1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ:

ა) ლიცენზიის მფლობელი არ ასრულებს ლიცენზიის პირობებს;

ბ) ლიცენზიის მფლობელს გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებში კომისიასთან შეუთანხმებლად შეაქვს ტექნოლოგიური და კონსტრუქციული ცვლილებები;

გ) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას;

დ) ლიცენზიის მფლობელი არღვევს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს;

ე) ლიცენზიის მფლობელი თავისი საქმიანობით არღვევს პირთა უფლებებს, თავისუფლებებს, კანონიერ ინტერესებს და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ვ) მომსახურების ხარისხი არ შეესაბამება ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს.

5. იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

6. ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ აღინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

    მუხლი 40. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის ვადის გასვლა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

გ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა;

ე) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას.

2. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს ეცნობება წერილობით 10 დღის ვადაში.

    მუხლი 41. ლიცენზიის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ბ) ლიცენზიაში მითითებულ გეოგრაფიულ ზონაში არსებულ თავის ფილიალზე გაავრცელოს ლიცენზიით განსაზღვრული უფლებამოსილება;

გ) კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები;

ბ) წარუდგინოს კომისიას მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. ლიცენზიის მფლობელი ან მომხმარებელი უფლებამოსილია სადავო საკითხის განხილვაზე კომისიაში შეიტანოს განაცხადი.

    მუხლი 42. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

საქმიანობაზე არ არის საჭირო ლიცენზია მაშინ, როდესაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელები და საშუალებები გამოიყენება:

ა) სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით;

ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის;

გ) შიდაუწყებრივი (შიდასაწარმოო) დანიშნულებით არაკომერციული მიზნით;

დ) ტექნოლოგიური დანიშნულებით;

ე) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

    მუხლი 43. ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლი

1. კომისია აკონტროლებს ლიცენზიის პირობების შესრულებას.

2. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის ან ლიცენზიის გამოყენების პირობების დარღვევისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 44. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების აგებისათვის ან მასში ჩართვისათვის საჭირო საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა სერტიფიცირებას ახორციელებენ სპეციალური საწარმოები (საგამოცდო ცენტრები, ლაბორატორიები), რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებულნი არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში.

3. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებათა სერტიფიცირება ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური ნორმების დაცვით.

    მუხლი 45. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვა

1. კომისია დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში, ზედამხედველობის წესით არეგულირებს და კონტროლს უწევს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მეტროლოგიური ნორმების დაცვას.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების მეტროლოგიურ ნორმებს იცავენ სპეციალური საწარმოები (საგამოცდო ცენტრები, ლაბორატორიები), რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებულნი არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში.

თავი VII

 ტარიფები

    მუხლი 46. კომისიის უფლებამოსილება ტარიფების დადგენაში

კომისია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებისათვის ადგენს ზღვრულ ტარიფებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 47. ტარიფების დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე დადგენილი ზღვრული ტარიფები:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) ითვალისწინებს კაპიტალდაბანდების ამონაგების კეთილგონიერ და სამართლებრივ დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს ლიცენზიის ობიექტის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის;

გ) ხელს უწყობს ლიცენზიის მფლობელის ფინანსური ამონაგების ზრდას, ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით და იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიის მფლობელი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტებით დადგენილ მომსახურების ხარისხის პირობებს;

დ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიის მფლობელს, დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები, მათ შორის, შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები და დადგენილი გადასახდელები;

ე) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას მომხმარებელთა კატეგორიების მიმართ იმგვარად, რომ იგი არ უნდა ზღუდავდეს ლიცენზიის მფლობელის უფლებას – მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – შეწყვიტოს მომსახურება;

ვ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიის მფლობელთა ან მომხმარებლთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.

2. მომსახურების სახეების მიხედვით სხვადასხვა ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდის, საშუალო სიდიდის, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების მიხედვით. კომისიას შეუძლია გამოიყენოს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციასა და სხვა ფაქტორებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიის მფლობელისა და მომხმარებლების ინტერესებს.

თავი VIII

 რადიოსიხშირული სპექტრის განაწილებისა და გამოყენების რეგულირება

    მუხლი 48. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილება

1. გეოსტაციონარურ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრი და პოზიცია სახელმწიფოს საკუთრებაა და მათი განაწილებისა და გამოყენების რეგულირება მისი განსაკუთრებული უფლებაა. ისინი არ ექვემდებარება საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას.

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რადიოსიხშირეების განაწილებას სამინისტროს მიერ შემუშავებული რადიოსიხშირული სპექტრის დანაწილების წესის შესაბამისად ახდენს კომისია. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებისთვის კომისია გასცემს ლიცენზიას. განაწილება უნდა განხორციელდეს რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის შესაბამისად.

3. ლიცენზიით გამოყოფილი რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ვადაში შეიძლება მოხდეს ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. რადიოსიხშირის შეცვლით მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობას, გადახდის პირობებსა და ფორმას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს კომისია.

    მუხლი 49. რადიოელექტრონული და მაღალსიხშირული მოწყობილობები

1. რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს სიხშირეთა დიაპაზონის დანაწილების წესს, რომლის საფუძველზე კომისია მათი საექსპლუატაციოდ გადაცემის უფლებაზე გასცემს ლიცენზიას და აკონტროლებს მათ მუშაობას.

2. იკრძალება რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება, მშენებლობა, გამოყენება, ექსპლუატაცია და უცხო ქვეყნიდან მათი შემოტანა და რეალიზაცია კომისიის მიერ გაცემული სათანადო ნებართვის გარეშე.

3. რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებია, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს კომისიაში.

4. იკრძალება საცხოვრებელ ადგილებში რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამონტაჟება და ექსპლუატაცია, თუ ისინი არ შეესაბამება ამ აპარატურისა და მოწყობილობებისათვის დადგენილ ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებს და საზიანოა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

თავი IX

კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება

    მუხლი 50. მომსახურების საფუძვლები

1. მომხმარებელს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით და საშუალებებით მომსახურების სახეობაზე. ოპერატორსა და მომხმარებელს შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს უფლება აქვს გარკვეული სახის შეტყობინებისა და საფოსტო გზავნილების მიღებასა და გადაცემაზე დაადგინოს აკრძალვები ან დროებითი შეზღუდვები.

    მუხლი 51. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა

1. მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. აკრძალულია მომსახურების გაწევა კავშირგაბმულობისა და ფოსტის იმ ქსელებითა და საშუალებებით, რომელთა შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან არ არის დადასტურებული სერტიფიკატით.

    მუხლი 52. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ურთიერთობის ენა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სამსახურებრივ საქმეთა წარმოების, ოპერატიული მართვისა და მომსახურების პროცესში ურთიერთობის ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა – ქართული, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური.

    მუხლი 53. პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დარღვევისათვის

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დებულებათა დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებათ ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

თავი X

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 54. გაცემული ლიცენზიების რეგისტრაცია

კომისიის საქმიანობის დაწყების დღიდან ყველა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სალიცენზიო რეესტრში შეტანის მიზნით 6 თვის ვადაში ამ კანონის საფუძველზე გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია. ხელახალ რეგისტრაციამდე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გააგრძელოს ადრე გაცემული ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა.

    მუხლი 55. გარდამავალი დებულებანი

1. კომისიამ თავისი უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს 1999 წლის 1 ოქტომბრიდან. კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება 1999 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი წესით:

ა) პირველი წევრი 6 წლის ვადით;

ბ) მეორე წევრი 4 წლის ვადით;

გ) მესამე წევრი 2 წლის ვადით.

2. 1999 წლის 1 ოქტომბრამდე კომისიის მოვალეობას ასრულებს სამინისტრო.

3. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე ლიცენზიას გასცემს კომისია ფართო საზოგადოებრიობის მონაწილეობით მიღებული დებულებით, ხოლო დებულების მიღებამდე – ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

4. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნეს 2000 წლის 1 თებერვლამდე.

    მუხლი 56. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №21-22, 1994, მუხ.448).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

3. ამ კანონის შესაბამისად კომისიის მიერ ნორმატიული აქტების გამოცემისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს სხვა ყველა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებს კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 57. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2329–რს