დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3066 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 05/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.000.000.05.001.001.395 |
საქართველოს კანონი
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (დაწესებულებას) ან საჯარო სამართლის კორპორაციას. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.“.
2. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, კომისიის თავმჯდომარის ბრძანება, სხდომის საოქმო ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი საჯარო ინფორმაციაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:
„3. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე მიაწოდოს მომხმარებელს ანგარიში გასულ საანგარიშო თვეს მის ან/და სხვა ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების სახის, საფასურის, მისი გადახდის ვადისა და საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) მითითებით, მომხმარებლის ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართზე. ანგარიშის ტიპურ ფორმას ადგენს კომისია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.
4. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – შესაბამისი ანგარიშით.
5. კავშირგაბმულობის ოპერატორთან მომხმარებლის ანგარიშსწორება ხორციელდება მიღებული ანგარიშის საფუძველზე, საბანკო ქსელის მეშვეობით, არა უგვიანეს შესაბამისი თვის ბოლო რიცხვისა.
6. მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა ხდება კავშირგაბმულობის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილებიდან (სატელეფონო შეტყობინებიდან) არა უადრეს 3 სამუშაო დღისა. მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა ხდება მხოლოდ ამ მომსახურების განმახორციელებელი კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ.“.
4. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები:
„18. კავშირგაბმულობის ოპერატორებთან მომხმარებელთა ანგარიშსწორება 2004 წლის 1 მარტამდე ხორციელდება როგორც საბანკო ქსელის, ისე კავშირგაბმულობის ოპერატორთა საანგარიშსწორებო ცენტრების მეშვეობით, ხოლო 2004 წლის 1 მარტიდან – მხოლოდ საბანკო ქსელის მეშვეობით.
19. კომისიამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, 2003 წლის 1 ოქტომბრამდე დაადგინოს ანგარიშის ტიპური ფორმა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№ 3066–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები