დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10/01 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 01/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 03/02/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.014162 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/02/2010 - 17/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.162
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №10/01–№51
2010 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 17 ივლისის ერთობლივი ბრძანება №163/01-№451 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
კ. ბაინდურაშვილი
დებულება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური და საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების (შემდგომში – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები) გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესებს.
2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით.
3. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.
4. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით.
5. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.
მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახაზინო ვალდებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში „ფინანსთა სამინისტრო“) მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (შემდგომში „სახაზინო ვალდებულება“);
ბ) სახაზინო ობლიგაცია – ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (შემდგომში „სახაზინო ობლიგაცია“);
გ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზარი – ბაზარი, რომელზეც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მათი გამოშვებისას;
დ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის მონაწილეები –კომერციული ბანკები და მათი კლიენტები;
ე) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი – ბაზარი, რომელზეც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა პირველად ბაზარზე განთავსების შემდეგ;
ვ) კომერციული ბანკი (შემდგომში „ბანკი“) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
ზ) ბანკის კლიენტები (შემდგომში „კლიენტები“) – რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იური-დიული პირები;
თ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელსაც ემიტენტი (ფინანსთა სამინისტრო) უხდის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელს დაფარვის ვადის დადგომისას;
ი) შესყიდვის ფასი (ძირითადი თანხა) – თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენისას;
კ) დისკონტის თანხა – სხვაობა სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასა და შესყიდვის ფასს შორის;
ლ) კუპონი – სახაზინო ობლიგაციების ფიქსირებული სარგებელი, რომელსაც ღებულობს სახაზინო ობლიგაციის მფლობელი წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;
მ) შეძენის დღე – აუქციონის ჩატარების დღე;
ნ) ანგარიშსწორების დღე – დღე, როდესაც ხდება აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ფასის ეკვივალენტი თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის გადახდა;
ო) დაფარვამდე დღეების რაოდენობა – ანგარიშსწორების დღიდან დაფარვის დღემდე კალენდარული დღეების რაოდენობა;
პ) დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაღდება;
ჟ) აუქციონის განკვეთის დონე – ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც აუქციონში მონაწილე განაცხადები არ დაკმაყოფილდება;
რ) მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველის თითოეული განაცხადი კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;
ს) კონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;
ტ) არაკონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით;
უ) საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი – აუქციონზე გამარჯვებული კონკურენტული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი პროცენტი;
ფ) გამოცხადებული ემისია – აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა;
ქ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) – აუქციონზე გაყიდული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა;
ღ) ემიტენტი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამომშვები, რომელიც ვალდებულია მოახდინოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაღდება მათი დაფარვის დღეს, ნომინალური ღირებულებით;
ყ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საკუთრების უფლება სახაზინო ვალდებულებაზე და სახაზინო ობლიგაციებზე;
შ) ნომინალური მფლობელი – ბაზრის შუამავალი, რომელსაც მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის უფლებას;
ჩ) გამოშვების (ემისიის) რეგისტრაციის ნომერი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყოველი გამოშვე-ბისათვის (ემისიისათვის) მინიჭებული ნომერი;
ც) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრი – ელექტრონული ჩანაწერები, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათი მფლობელის და ნომინალური მფლობელის შესახებ;
ძ) სუბრეესტრი – რეესტრი, რომელსაც კომერციული ბანკი აწარმოებს საკუთარი კლიენტების ჭრილში;
წ) ელექტრონული სავაჭრო სისტემა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუქციონზე და შესაძლებელია ვაჭრობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე.
მუხლი 3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის ორგანიზება
1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით.
2. აუქციონები ტარდება ელექტრონული სავაჭრო სისტემის გამოყენებით.
3. აუქციონები ტარდება მრავალი ფასის მეთოდით.
4. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი).
5. აუქციონზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს.
6. ფინანსთა სამინისტრო აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას იღებს ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით.
მუხლი 4. აუქციონის გამოცხადება
1. არა უგვიანეს ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ემისიის კალენდარს სულ მცირე მომდევნო სამი თვისათვის.
2. ემისიის კალენდარი მოიცავს ინფორმაციას აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გასაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის და მოცულობის შესახებ.
3. ფინანსთა სამინისტროს მიერ ემისიის კალენდრის შედგენა და მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ხდება ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, რისთვისაც იგი კალენდრის პროექტს გამოქვეყნებამდე არა უგვიანეს ერთი კვირით ადრე უგზავნის ეროვნულ ბანკს.
4. აუქციონამდე არანაკლებ ხუთი კალენდარული დღით ადრე ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს უგზავნის აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას და იმავე დღეს აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამინისტროს ვებგვერდზე.
5. აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს ემისიის აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობას და დაფარვის თარიღს, ასევე სახაზინო ობლიგაციებისათვის კუპონის გადახდის თარიღებს.
6. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს აუქციონის გამოცხადებას ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღეს.
7. აუქციონის გამოცხადებისას ეროვნული ბანკი მიუთითებს აუქციონის დაწყების დროს.
8. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს გააუქმოს დანიშნული აუქციონი, რის შესახებაც ის აუქციონის ჩატარების თარიღამდე ერთი სამუშაო დღით ადრე ინფორმაციას უგზავნის ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს სამინისტროს ვებგვერდზე.
მუხლი 5. განაცხადების წარდგენის წესი
1. განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.
2. ბანკებს უფლება აქვთ აუქციონზე განაცხადი წარადგინონ საკუთარი სახელით (ბანკის პორტფელისთვის) ან კლიენტის დავალებით (კლიენტის პორტფელისთვის).
3. ბანკის კლიენტები აუქციონზე განაცხადებს წარადგენენ კომერციული ბანკების მეშვეობით.
4. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს გაუგზავნოს განაცხადების წარმომდგენი კლიენტების სია, შესაბამისი თანხების მითითებით.
5. განაცხადი შეიძლება იყოს კონკურენტული და არაკონკურენტული.
6. არაკონკურენტულ განაცხადებს (როგორც საკუთარს, ისე კლიენტისას) ბანკი წარმოადგენს ჯამურად, მთლიანი თანხის და განაცხადების რაოდენობის მითითებით.
7. ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
8. ერთი კლიენტის დავალებით ბანკს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი.
9. საკუთარი სახელით ბანკს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი.
10. ბანკის მიერ კლიენტების დავალებით აუქციონზე წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების რაოდენობა არ იზღუდება.
11. ბანკის მიერ აუქციონზე წარსადგენი კონკურენტული განაცხადების რაოდენობა არ იზღუდება.
12. თითოეული ბანკის მიერ წარმოდგენილი ყველა განაცხადის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობას.
13. ერთი კონკურენტული განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს.
14. კომერციული ბანკები განაცხადებს წარადგენენ ელექტრონული ფორმით აუქციონის მომსახურე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
15. ელექტრონული განაცხადის წარმოდგენით ბანკი აღიარებს წინამდებარე წესების მოთხოვნათა სავალდებულო შესრულებას.
16. აუქციონზე დაიშვება მხოლოდ სწორად შევსებული ელექტრონული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:
ა) კონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობას და საპროცენტო განაკვეთს (მეათასედის/მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით). კლიენტის სახელით გაკეთებულ განაცხადში ბანკი გააკეთებს შესაბამის მითითებას.
ბ) არაკონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ჯამურ ოდენობას და საკუთარი და კლიენტებისაგან მიღებული განაცხადების რაოდენობას.
17. აუქციონის დაწყებამდე კომერციულ ბანკს უფლება აქვს ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა.
18. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება განაცხადების მიღება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს აუქციონის დაწყების დრო, რის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ფინანსთა სამინისტროს და მონაწილე ბანკებს. ამ შემთხვევაში აუქციონის დაწყების ახალი დროის გამოცხადება უნდა მოხდეს აუქციონის დაწყებამდე სულ მცირე სამი საათით ადრე.
მუხლი 6. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონი იწყება წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების მოცულობის დაჯამებით.
2. აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში უგზავნის ეროვნულ ბანკს შეტყობინებას აუქციონის განკვეთის დონის შესახებ.
3. არაკონკურენტული განაცხადების ჯამური თანხა, მაგრამ არა უმეტეს მთლიანი გამოცხადებული ემისიის 25%-ისა, აკლდება ემისიის მოცულობას და დარჩენილი ნაწილით განისაზღვრება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გამოცხადებული ემისიის 25%-ზე მეტია, არაკონკურენტული განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.
5. აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით.
6. პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო მაღალი განაკვეთის მქონე კონკურენტული განაცხადი და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობას ან საპროცენტო განაკვეთი მიაღწევს აუქციონის განკვეთის დონეს.
7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე კონკურენტული განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდებიან პროპორციული განაწილების პრინციპით.
8. საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გაიზრდება ან შემცირდება აუქციონის პროგრამული უზ-რუნველყოფის მეშვეობით.
9. სახაზინო ობლიგაციის კუპონის განაკვეთი დგინდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის პროცენტის მეათედამდე დამრგვალებით შემცირების მიმართულებით.
10. ეროვნული ბანკი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში სავაჭრო პროგ-რამის მეშვეობით აუქციონში მონაწილე ბანკებს მიაწოდოს აუქციონში მათი მონაწილეობის შედეგების ამსახველი ინფორმაცია.
11. ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის შედეგების გამოქვეყნება.
12. აუქციონის შედეგები ქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.
მუხლი 7. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე შესყიდვის ფასის და კუპონის გაანგარიშება
1. ერთი სახაზინო ვალდებულების შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
ნომინალური ღირებულება
შესყიდვის ფასი = --------------------------------------------------------------------
საპროცენტო განაკვეთი დაფარვამდე დღეების რაოდენობა
1+ (----------------------------- * --------------------------------------------)
100 365
2. ერთი სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
სადაც:
P _ შესყიდვის ფასი; F _ სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება; i _ აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული წლიური საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; n _ კუპონის გადახდების რაოდენობა წლის განმავლობაში; W _ სახაზინო ობლიგაციის შესყიდვის თარიღსა და კუპონის გადახდის მომდევნო თარიღს შორის დღეების რაოდენობა შეფარდებული კუპონების გადახდებს შორის დღეების რაოდენობასთან; R _ წლიური კუპონური შემოსავლის საპროცენტო განაკვეთი გაყოფილი 100-ზე; N _ დარჩენილი, ჯერ კიდევ გადაუხდელი კუპონების რაოდენობა სახაზინო ობლიგაციის დაფარვამდე. |
3. არაკონკურენტული განაცხადები დაკმაყოფილდება საშუალო შეწონილი პროცენტით, რომელიც გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
E (N * P)
C = ————————
E (N )
სადაც:
C – საშუალო შეწონილი პროცენტი;
E – ჯამი;
N – აუქციონზე დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების ნომინალური ღირებულება;
P – დაკმაყოფილებული განაცხადების საპროცენტო განაკვეთები.
4. გადასახდელი კუპონი გაიანგარიშება შემდეგნაირად:
Q = N *(P/2)
სადაც:
Q – კუპონის ფასი;
P– კუპონური განაკვეთი;
N – სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულება.
მუხლი 8. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგისტრაცია
1. ეროვნული ბანკი აწარმოებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში ანგარიშზე ჩანაწერის სახით.
2. ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებს ბანკების ჭრილში.
3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში თითოეულ ემისიას ენიჭება 12 ციფრისაგან შემდგარი ნომერი (გამოშვების (ემისიის) რეგისტრაციის ნომერი), რომლის პირველი ოთხი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ნომერს, შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს ემისიის დაფარვის რიცხვს, თვეს და წელს.
4. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში თითოეული ემისიის მიხედვით აისახება ბანკის კოდი, ბანკის ანგარიში ეროვნულ ბანკში, რაოდენობა, მათ შორის, ბანკის საკუთარი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლიენტის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და დაგირავებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.
5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან ნომინალურ მფლობელობაში გადასცეს ისინი სხვა პირებს.
6. ბანკის საკუთარი პორტფელის მთლიანი მოცულობის ცვლილების ან საკუთარი და კლიენტის პორტფელებს შორის ნებისმიერი ცვლილების, აგრეთვე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაგირავების შემთხვევაში გარიგების დადების დღეს ბანკი ეროვნულ ბანკს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას სისტემა „SWIFT“-ის მეშვეობით.
7. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გარიგების და ანგარიშსწორების თარიღებს, ოპერაციის შინაარსს (გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა), სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის რეგისტრაციის ნომერს, რაოდენობას, კონტრაგენტის ტიპს (ბანკი ან კლიენტი) და კლიენტის მომსახურე ბანკის დასახელებას. ბანკთაშორისი გარიგების შემთხვევაში მიეთითება კონტრაგენტი ბანკის დასახელება.
8. თუკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გასხვისების ან დაგირავების ოპერაციაში (მათ შორის კლიენტების დავალებით) მონაწილეობას იღებს ორი ბანკი, ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში შესაბამის ჩანაწერებს გააკეთებს მხოლოდ ორივე მხარისგან მიღებული შეტყობინების თანხვედრის შემთხვევაში.
9. მიღებული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ეროვნული ბანკი უგზავნის დასტურს კომერციულ ბანკს სისტემა „SWIFT“-ის მეშვეობით. მფლობელის ცვლილება ან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დაგირავება დასრულებულად ითვლება მხოლოდ ეროვნული ბანკიდან შესაბამისი დასტურის მიღების შემდეგ.
10. აუქციონში მონაწილე ბანკები ვალდებული არიან აწარმოონ სუბრეესტრები კლიენტების ჭრილში.
11. სუბრეესტრში უნდა აისახებოდეს ცალკეული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიხედვით – ემისიის რეგისტრაციის ნომერი, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, მფლობელის ან ნომინალური მფლობელის ვინაობა და მისი ანგარიშის ნომერი. კლიენტის სახელზე შენახული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გასხვისებისას, დაგირავებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას ან კლიენტის მიერ მომსახურე ბანკის შეცვლისას, ბანკი ვალდებულია სუბრეესტრში მოახდინოს სათანადო ჩანაწერები.
12. დაუშვებელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელის ცვლილება ან დაგირავება აუქციონზე მათი შეძენის და მათი დაფარვის დღეს.
მუხლი 9. ანგარიშსწორების წესები
1. აუქციონის შედეგების შესაბამისად ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო სამუშაო-საბანკო დღეს.
2. ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებამდე, ეროვნული ბანკი ახდენს აუქციონში გამარჯვებული ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვას სახაზინო სამსახურის ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, საოპერაციო დღის დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის საკორესპონდენტო ანგარიშზე, მისი ყველა განაცხადი უქმდება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით.
4. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსება ითვლება დასრულებულად, როდესაც აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხები ჩაირიცხება სახაზინო სამსახურის ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვის, აგრეთვე სახაზინო ობლიგაციების კუპონის გადახდის დღეს, სახაზინო სამსახური უზრუნველყოფს ნომინალისა და კუპონის შესაბამისი თანხის ჩარიცხვას შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, საიდანაც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეესტრის მიხედვით ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე თანხების გადატანა.
6. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში. ხოლო დისკონტის თანხის გადახდას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.
7. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში. ხოლო ნომინალურ ღირებულებასა და ძირითად თანხას შორის სხვაობის დაფარვას და კუპონის გადახდას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.
8. ბანკი ვალდებულია თანხის მიღებისთანავე, დაფარვის დღეს ჩაურიცხოს თანხები საკუთარ კლიენტებს.
9. დაფარვის დღის არასამუშაო დღეზე დამთხვევისას, თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო-საბანკო დღეს.
მუხლი 10. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. აუქციონის მონაწილეები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების მოთხოვნები.
2. ბანკი პასუხისმგებელია, როგორც თავის საკუთარ, ასევე მისი კლიენტების განაცხადებზე.
3. ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს თავისი კლიენტებისათვის სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით ოპერაციების (ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) განხორციელების პროცედურები, მათ შორის, მომსახურების ტარიფები, განაცხადების ფორმები და სტანდარტული ხელშეკრულებები.
4. ბანკის მხრიდან ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკს შეიძლება გარკვეული ვადით აეკრძალოს აუქციონებში მონაწილეობის მიღება.
დოკუმენტის კომენტარები