ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
126
24/04/2010
სსმ, 49, 28/04/2010
00000000.00(0).000.000000
ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2010 - 05/07/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

    მუხლი 1.

 სოციალური დახმარების მიზანმიმართულებისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდილების დანერგვის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შეიქმნას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა და დამტკიცდეს მისი ფორმირების თანდართული წესი.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და განმეორებით გადამოწმებასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცება 2010 წლის 1 ივნისამდე;

ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცება 2010 წლის 1 ივნისამდე;

ბ.გ) მონაცემთა ბაზის ფორმირების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა;

გ) ყველა დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებისა და საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დადგენილებით დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ თანდართული წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება და განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა.

4. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგანიზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილება.

    მუხლი 3.

დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

    მუხლი 4.

 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

ეს წესი, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

    მუხლი 1. მიზნები და ამოცანები

1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.

2. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის.

3. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მაძიებელი – მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები;

ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

ბ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ.ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

ბ.გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

ბ.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

ბ.ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;

ბ.ვ) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;

გ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას;

დ) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მიმართულია მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

ე) სააგენტოს უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;

ვ) განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებს მაძიებელი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად;

ზ) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი – სპეციალური უნიკალური ნომერი, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას და ქმნის მის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას;

თ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის;

ი) მეთოდოლოგია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად;

კ) სარეიტინგო ქულა – პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია;

ლ) ამონაწერი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამონაწერის ფორმასა და მისი გაცემის საკითხებს არეგულირებს სააგენტო.

    მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება

მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს:

ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას;

ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;

გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას.

თავი II. მაძიებლის განაცხადის მიღება

    მუხლი 4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

    მუხლი 5. განაცხადის მიღება აღრიცხვაზე ასაყვანად

1. მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.

2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის მაძიებლისათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას.

4. განაცხადის შევსება და წარდგენა შეუძლია მაძიებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

    მუხლი 6. ოჯახის უფლება-მოვალეობანი

1. განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა:

ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;

ბ) ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;

გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას;

დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

ე) მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.

2. ოჯახს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;

ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა;

გ) მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან;

დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

    მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი

1. მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი მონაწილეობით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) ეხმარებიან სააგენტოს უფლებამოსილ პირ(ებ)ს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში;

ბ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების მოძიებას და ხელს უწყობენ მათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის პროცედურის გავლაში;

გ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ რეგისტრირებული ოჯახების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსათვის მიწოდებას მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით;

დ) უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) ახორციელებენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პირობების, დემოგრაფიული მდგომარეობის, ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალურ საკითხთა გადაწყვეტისა და სოციალური დახმარების უკეთ დაგეგმვისათვის იყენებენ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს.

თავი III. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა

    მუხლი 8. მონაცემთა ბაზა

1. მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“.

2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის საცხოვრებელი ადგილის, მასში შემავალი პირების, აგრეთვე ოჯახის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

3. მონაცემთა ბაზა გამოიყენება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სოციალური დახმარების უზრუნველმყოფი სხვა ორგანიზაციების მიერ სოციალური დახმარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის სწრაფი მოძიებისა და სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეთა შერჩევისათვის.

4. მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

5. ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, თუ მას მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.

6. სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.

7. ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს:

ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

ბ) ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. მონაცემთა ბაზის ფორმირებასთან და/ან ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტები ინახება არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტების შენახვის (ან დაარქივების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

9. სააგენტოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, გაცემულ ამონაწერს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დოკუმენტ(ებ)ს, რომლის საფუძველზეც გაკეთდა ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში.

    მუხლი 9. მონაცემთა ბაზის კორექტირება

1. სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც იწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას, შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას) ან წევრის გამოკლებას (გარდაცვალება, ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასებისა და სარეიტინგო ქულის გადათვლის გარეშე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის ავტომატურად დამატება დასაშვებია, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

5. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან ოჯახის წევრის (უფლებამოსილი პირის) მიერ არასწორი მონაცემების მიწოდებას, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქულის შეცვლა დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც.

6. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მიმართვა, ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების საფუძველს.

თავი IV. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა

    მუხლი 10. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება

1. განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ოჯახს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ასეთ შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახი კარგავს უფლებას, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

3. სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან არ არის გასული ერთი წელი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ოჯახის თითოეულ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე, მიუხედავად იმისა, შეიცვლის თუ არა იგი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.

5. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.

6. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 11. სააგენტოს უფლებამოსილი პირი

უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას;

ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს;

გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად;

დ) ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12. სარეიტინგო ქულა

1. ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

2. მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა სააგენტოს მიერ მონაცემების კორექტირების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დღის მეთხუთმეტე კალენდარული დღე.

5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების მიმღებნი არიან.

თავი V. კონტროლი, ზედამხედველობა და დაფინანსება

    მუხლი 13. კონტროლი და ზედამხედველობა

მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და ამ წესით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 14. დაფინანსების წყარო

მონაცემთა ბაზის ფორმირება უწყვეტი პროცესია. მისი დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

 

24. 20/12/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 431 - ვებგვერდი, 20/12/2024 23. 12/08/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 260 - ვებგვერდი, 12/08/2024 22. 06/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 474 - ვებგვერდი, 07/12/2023 21. 23/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 419 - ვებგვერდი, 24/10/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 05/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 208 - ვებგვერდი, 07/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 29/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 153 - ვებგვერდი, 29/03/2022 18. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 442 - ვებგვერდი, 01/09/2021 17. 28/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 332 - ვებგვერდი, 29/05/2020 16. 29/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 672 - ვებგვერდი, 31/12/2018 15. 11/05/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/663 - ვებგვერდი, 16/05/2018 14. 01/06/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 270 - ვებგვერდი, 02/06/2017 13. 09/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 389 - ვებგვერდი, 09/08/2016 12. 30/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 674 - ვებგვერდი, 31/12/2015 11. 09/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 338 - ვებგვერდი, 13/07/2015 10. 18/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 217 - ვებგვერდი, 19/05/2015 9. 04/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 465 - ვებგვერდი, 05/08/2014 8. 18/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 230 - ვებგვერდი, 19/03/2014 7. 16/09/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 238 - ვებგვერდი, 16/09/2013 6. 21/06/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 154 - ვებგვერდი, 21/06/2013 5. 31/05/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 133 - ვებგვერდი, 31/05/2013 4. 17/05/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 115 - ვებგვერდი, 20/05/2013 3. 26/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - ვებგვერდი, 27/07/2012 2. 24/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 147 - ვებგვერდი, 27/04/2012 1. 05/07/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 267 - ვებგვერდი, 110707015, 07/07/2011