დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 153 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023364 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება.“; ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა 1. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ნებისმიერ ოჯახს, მათ შორის, იმ ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. 2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება აქვს ოჯახს, რომლის წევრ(ებ)ი: ა) საქართველოს მოქალაქეა; ბ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ პირადობის ნეიტრალურ მოქმედ მოწმობას; გ) უცხოელი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მუდმივი ბინადრობის მოწმობას; დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას; ე) არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას.“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება (ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), დამატება (გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა, ოჯახის წევრის სპეციალიზებულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;“; დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახების მოძიებას და ხელს უწყობენ მათ რეგისტრაციის პროცედურის გავლაში;“; დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-8 მუხლის: ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახისა და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლებისა და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, განახლებისა და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.“; ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: ა) ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში; ბ) ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში; გ) თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge; დ) თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღარ მიეკუთვნება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს; ე) ოჯახის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში; ვ) ოჯახს, რომელიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე არ იღებს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს, შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ბოლო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; ე.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებასთან მიმართებით არ ვრცელდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“; ვ) მე-9 მუხლის: ვ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის იმ მონაცემების კორექტირება, რომელთა შეცვლაც გამოიწვევს სარეიტინგო ქულის ცვლილებას (გარდა დემოგრაფიული ცვლილებისა), შესაძლებელია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან მომდევნო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოში განცხადებითა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ით (საჭიროების შემთხვევაში) მიმართვის შემთხვევაში. ამ კორექტირებასთან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული შეცდომის (ხარვეზის) გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ან დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში, თუ ეს მიმართვა გაკეთებულია აქტის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ კორექტირება დასაშვებია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების საფუძველზე. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების გარეშე და ოჯახის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოახდინოს ახალი სარეიტინგო ქულის გადათვლა. ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯახის წევრის გამოკლებას (ოჯახის წევრ(ებ)ის (გარდა ყველა წევრისა) გარდაცვალებას, სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლას), ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ფასდება განმეორებით.“; ვ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დადასტურებულ ინფორმაციად მიიჩნევა სააგენტოს მიერ შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნა, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ოჯახის წევრის მიმართვა ან/და სხვა აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებები თუ ფაქტი, რაც იძლევა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების საფუძველს.“; ზ) 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა ბაზის გამართულ ფუნქციონირებაზე, მუდმივ განახლებაზე, ანალიზსა და დამუშავებაზე პასუხისმგებელია სააგენტო, მისი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.“; თ) მე-10 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან მიღებული ხელფასი/შრომის ანაზღაურება.“; ი) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. მინიჭებული სარეიტინგო ქულა ძალაშია ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტამდე ან ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლამდე.“; კ) 121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 – მე-6 პუნქტები: „3. დაევალოს სააგენტოს, უზრუნველყოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებული ადმინისტრირების საგამონაკლისო ნორმები. 4. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების გრაფიკი, სააგენტოსთან შეთანხმებით, მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს რაიმე სხვა დამატებითი ადმინისტრირების ღონისძიება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისა, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებთან მიმართებით, ამავე დადგენილების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი გარემოებებიდან გამომდინარე. 6. ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები