დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5226-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 080090020.05.001.019627 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/09/2022 - 01/12/2022)
|
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და გამოყენების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. 2. ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანგარიშვალდებული პირი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან ელექტრონული ფულის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; [ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] გ) არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი − საქართველოს კანონმდებლობით ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაერთიანება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა და სხვა), რომელსაც აქვს შიდაორგანიზაციული სტრუქტურა/მოწყობა და რომელიც მესამე პირთან ურთიერთობაში საკუთარი სახელით გამოდის, ამასთანავე, იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ე) გაეროს სანქციების კომიტეტი − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი სანქციების შესაბამისი კომიტეტი; ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ზ) გარიგება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული გარიგება; თ) დაკავშირებული გარიგებები − დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები, რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება. ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ გარიგების თანხის დანაწევრებით ამავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა; ი) დასაბუთებული ვარაუდი − ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა; კ) ერთჯერადი გარიგება − გარიგება (გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან შესრულებული გარიგებისა), რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს; ლ) ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა; მ) საზედამხედველო ორგანო − ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება, რომელიც ამოწმებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას; ნ) იდენტიფიკაცია − პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა; ო) ადგილსამყოფელი იურისდიქცია − ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან/და საქმიანობას ახორციელებს; პ) კლიენტი − პირი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან ანგარიშვალდებულ პირთან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით; ჟ) კომპეტენტური ორგანო − სამსახური, საზედამხედველო ორგანო ან ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა; რ) კონფიდენციალური ინფორმაცია − ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს, კომერციულ საიდუმლოს ან/და პერსონალურ მონაცემებს; ს) პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი; ტ) პოლიტიკურად აქტიური პირი − ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი; უ) საერთაშორისო ორგანიზაცია − მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია; ფ) საეჭვო გარიგება − გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას; ქ) საკორესპონდენტო ურთიერთობა − ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანი ურთიერთობა; ღ) სამსახური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; ყ) სანქციადაკისრებულ პირთა სია − იმ ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა სია, რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება; შ) საქმიანი ურთიერთობა − ანგარიშვალდებულ პირსა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს; ჩ) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისი, რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა (მათ შორის, მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა); ც) ტერორიზმის დაფინანსება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ძ) უჩვეულო გარიგება − ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა; წ) ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა − „ტრასტების მიმართ გამოყენებადი სამართლებრივი ნორმებისა და მათი აღიარების თაობაზე“ ჰააგის 1985 წლის 1 ივლისის კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ან სტრუქტურულად/ფუნქციურად მისი მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობა; ჭ) ფინანსური დაზვერვის სამსახური − სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებისა და ანალიზისთვის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის გადაცემისთვის; ხ) ფინანსური ინსტიტუტი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ჯ) ფიქციური ბანკი − კომერციული ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი იმ იურისდიქციაში, რომელშიც არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული; ჰ) ფულადი სახსრების გადარიცხვა − ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია; ჰ1 ) ფულის გათეთრება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ჰ2 ) შესაბამისობის კონტროლის სისტემა − ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული შიდა კონტროლის პოლიტიკის, წესების, სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა; ჰ3 ) ხელმძღვანელობა − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ და თანამდებობრივად უფლებამოსილია, მიიღოს ამ რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება; ჰ4 ) ჯგუფი − სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; [ ჰ5) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა − ამ კანონის 171 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 3. ანგარიშვალდებული პირები 1. ამ კანონის მიზნებისთვის ანგარიშვალდებული პირები არიან: ა) ფინანსური ინსტიტუტები: ა.ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი; ა.ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი; ა.გ) სადაზღვევო ბროკერი, გადაზღვევის ბროკერი; ა.დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ა.ე) კომერციული ბანკი; ა.ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ა.ზ) საბროკერო კომპანია; ა.თ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ა.ი) სადაზღვევო ორგანიზაცია; ა.კ) სალიზინგო კომპანია; ა.ლ) სესხის გამცემი სუბიექტი; ა.მ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი; ა.ნ) საინვესტიციო ფონდი; [ ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] ბ) არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები: ბ.ა) ადვოკატი, საადვოკატო ბიურო; ბ.ბ) ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი; ბ.გ) ნოტარიუსი; ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი, იურიდიული პირი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული ბუღალტერი; ბ.ე) აუდიტორი, აუდიტორული (აუდიტური) ფირმა; ბ.ვ) ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი; გ) საჯარო დაწესებულებები: გ.ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო); გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური). 2. ამ კანონის მოთხოვნები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის კლიენტს უწევს შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას: ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მართვა; [
ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა;
დ) იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობის ან მართვის მიზნებისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან აქციების ყიდვა-გაყიდვა. 3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე მის მიერ კლიენტისთვის იურიდიული რჩევის მიცემის შემთხვევაში ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოში ან არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობის ან/და ასეთი წარმომადგენლობის მომზადების შემთხვევაში. 4. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირზე. 6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 7. შემოსავლების სამსახურზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6812 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 4. საზედამხედველო ორგანოები ამ კანონის მიზნებისთვის საზედამხედველო ორგანოები არიან: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისთვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; [ გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.კ“, „ბ.ბ“, „ბ.ვ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6812 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. თავი II ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა მუხლი 5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა 1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას (შემდგომ – რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ – უწყებათაშორისი კომისია) წარდგინებით. 2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება; ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა. 3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. 4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი 1. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულების მონიტორინგისა და განახლების მიზნით საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით იქმნება უწყებათაშორისი კომისია. 2. უწყებათაშორისი კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენის, ანალიზის, შეფასებისა და მართვის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით სათანადო მეთოდოლოგიის (შემდგომ – რისკების შეფასების მეთოდოლოგია) შემუშავება; ბ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება (პროექტის მომზადება) კომპეტენტური ორგანოებისა და ანგარიშვალდებული პირების მონაწილეობით და უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; გ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე პროექტის უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; დ) სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ვ) ანგარიშვალდებული პირისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება. 4. სამუშაო ჯგუფი უწყებათაშორის კომისიას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ. მუხლი 7. ინფორმაციის აღრიცხვა და წარდგენა 1. კომპეტენტურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აღრიცხოს და სამუშაო ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამსახურისთვის წარდგენილი და შემდგომი ანალიზისთვის შერჩეული ანგარიშგებების რაოდენობა, აგრეთვე ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპეტენტური ორგანოსთვის გაგზავნილი სამსახურის ანალიზის შედეგების რაოდენობა; ბ) სამსახურის მიერ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის გაგზავნილი, აღნიშნული ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული და დაკმაყოფილებული ინფორმაციის წარმოდგენის ან გარიგების შეჩერების თაობაზე თხოვნების რაოდენობა; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე დაწყებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენისა და გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა; დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე ყადაღადადებული, ამოღებული და ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალი ან/და ასეთი ქონების ღირებულება; ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილი, მიღებული და დაკმაყოფილებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა; ვ) საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების რაოდენობა და სახეობა, გამოვლენილი დარღვევები და განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებები. 2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს და მიიღოს რისკების შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრული დამატებითი სტატისტიკური მონაცემები ან სხვა ინფორმაცია. მუხლი 8. ანგარიშვალდებული პირის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა 1. ანგარიშვალდებულმა პირმა, თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, უნდა დანერგოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიანი სისტემა. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სათანადო პერიოდულობით შეაფასოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ხოლო სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) შემთხვევაში − აგრეთვე ჯგუფის დონეზე არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, მათი საქმიანობის არსისა და ადგილსამყოფელი იურისდიქციის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების, გარიგებისა და სხვა რისკფაქტორის საფუძველზე. 3. ახალი ტექნოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების დანერგვამდე ან ბიზნესპრაქტიკაში სხვა არსებითი ცვლილების განხორციელებამდე ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეაფასოს ასეთ ცვლილებასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. 4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაფასოს კლიენტთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები და განსაზღვროს კლიენტის რისკის დონე ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე სათანადო პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას. 5. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასებისას და მათი მართვის ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები. 7. ანგარიშვალდებულმა პირმა საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა დაუსაბუთოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად რისკები სათანადოდ შეაფასა და მათი მართვის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებები განახორციელა. მუხლი 9. დაბალი რისკის მომსახურება/პროდუქტი 1. ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე. 3. ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ელექტრონული ფულის ინსტრუმენტით ისეთი საგადახდო მომსახურების განხორციელებისას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) ინსტრუმენტით შესაძლებელია ფულადი სახსრების გადარიცხვა მხოლოდ საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით; ბ) შეუძლებელია ინსტრუმენტზე დროის ნებისმიერ მომენტში შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 500 ლარის ეკვივალენტს აღემატება; გ) ინსტრუმენტით გადარიცხვისთვის ნებადართული ფულადი სახსრების ჯამური ოდენობა თვეში 500 ლარს არ აღემატება, თუ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ან ინსტრუმენტზე ელექტრონული ფულის მხოლოდ ერთჯერადად განთავსება/ჩარიცხვა არის შესაძლებელი; დ) ინსტრუმენტზე ანონიმური ელექტრონული ფულის ჩარიცხვა დაუშვებელია; ე) ინსტრუმენტის გამომშვები ახორციელებს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს საეჭვო გარიგების გამოსავლენად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხობრივი ზღვარი შეიძლება 1 500 ლარამდე გაიზარდოს, თუ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება ელექტრონული ფულის ინსტრუმენტზე, რომელიც ჯამურად 150 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 150 ლარის ეკვივალენტზე მეტი ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით გატანის ან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა. თავი III პრევენციული ღონისძიებები მუხლი 10. პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: ა) განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; ბ) განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის; გ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი; დ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია, აგრეთვე უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურა. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა დაადგინოს კლიენტის საქმიანობის არსი და მოიპოვოს ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის, მოცულობისა და სიხშირის შესახებ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. [ 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] 6. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვერ ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. 7. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით ყადაღადადებულ შესაბამისი პირის ანგარიშზე ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულების ან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე. 9. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების) იდენტიფიკაცია. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 11. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები 1. ანგარიშვალდებული პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; [ ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] გ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვა, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; დ) ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ კანონის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაში ეჭვის შეტანა. 2. ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, თუ ნაღდი ფულით შესრულებული გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება. 3. ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) ფულადი სახსრების მიღება, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემა, თუ გარიგების თანხა/ღირებულება ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა/ჯამური ღირებულება 5 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 5 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობა, საქმიანი ურთიერთობის დამყარება − კლიენტის მოთამაშედ რეგისტრაცია. 4. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის ან ნებისმიერი სხვა დათქმის მიუხედავად, განახორციელოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები. 5. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის მიუხედავად, განახორციელოს კლიენტის ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია. 6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ყიდვა-გაყიდვის გარიგების ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში. 7. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 12. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები კლიენტის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე სათანადო პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას. 2. კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს. 3. აკრძალულია ანონიმური ანგარიშის ან ფიქციურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან წარმოება. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით გახსნას ანგარიში კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებამდე, თუ აიკრძალება ანგარიშზე კლიენტის სახელით ან დავალებით ოპერაციების შესრულება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დასრულებამდე. 4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან ერთჯერადი გარიგების დადების მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები კლიენტთან ან/და კლიენტის სახელით მოქმედ პირთან უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განახორციელოს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით და მასთან შეთანხმებული ისეთი საოპერაციო/ტექნიკური პროცედურებით, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. 5. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტის ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს, აგრეთვე ამ მონაცემების სიზუსტის გადამოწმებისთვის საჭირო დოკუმენტები. 6. საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესი. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 13. ბენეფიციარი მესაკუთრე 1. ამ კანონის მიზნებისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი, რომელიც არის კლიენტის საბოლოო მფლობელი ან საბოლოო მაკონტროლებელი ან/და რომლის სახელითაც მზადდება, იდება ან სრულდება გარიგება. 2. ამ კანონის მიზნებისთვის იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს ან სხვაგვარად ახორციელებს იურიდიულ პირზე საბოლოო კონტროლს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების პირდაპირ ფლობად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა, ხოლო არაპირდაპირ ფლობად − იმ იურიდიული პირის მიერ, რომელსაც ფიზიკური პირი (პირები) აკონტროლებს (აკონტროლებენ), ან რამდენიმე იურიდიული პირის მიერ, რომლებსაც ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირები) აკონტროლებს (აკონტროლებენ), სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა. 4. თუ ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების შემდეგ ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდა, რომ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კლიენტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიმართ. 5. ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირების მიმართ ან მათ ეკვივალენტურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ: ა) რწმუნებული; ბ) მარწმუნებელი; გ) მეურვე (არსებობის შემთხვევაში); დ) ბენეფიციარი; ე) სხვა ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეფექტიან საბოლოო კონტროლს ტრასტზე ან ტრასტის მსგავს სამართლებრივ სტრუქტურაზე (არსებობის შემთხვევაში). 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია იმ პირთა წრის შესახებ, რომელთა სასარგებლოდაც შეიქმნა ან მოქმედებს ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, ბენეფიციარის მიმართ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები ბენეფიციარზე სარგებლის გაცემამდე ან ბენეფიციარის მიერ მისთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობამდე განახორციელოს. მუხლი 14. სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე 1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი/გადაზღვევის ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია; ბ) მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს. 2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. 3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა/გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. 4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა/გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები. მუხლი 15. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე 1. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გარდა, განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია. 2. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს. 3. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები. მუხლი 16. მესამე პირი/შუამავალი 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება რეგულირებას/ზედამხედველობას. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას გაითვალისწინოს ინფორმაცია მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. აკრძალულია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის შვილობილ საწარმოზე (შვილობილ ორგანიზაციაზე) ან ფილიალზე, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, თუ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი). ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში მესამე პირმა/შუამავალმა დაუყოვნებლივ მიაწოდოს საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველი და სხვა დოკუმენტების ასლები. 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის სახელით მოქმედ აგენტზე ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელზე, რომლის ვალდებულებები მის მიერ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. აღნიშნული აგენტის ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დაცვისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება. 6. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც მესამე პირის/შუამავლის ფუნქციას ასრულებს, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია, და დოკუმენტის ასლი კლიენტის თანხმობით გადასცეს სხვა პირს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება ზედამხედველობას. 7. ანგარიშვალდებული პირი, მისი სახელით მოქმედი აგენტი ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის განხორციელების ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. მუხლი 17. ფულადი სახსრების გადარიცხვა 1. ამ კანონის მიზნებისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა არის გადამხდელის დავალებით/თანხმობით, ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, გადამხდელისა და თანხის მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად, თანხის მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. ფულადი სახსრების გადარიცხვისას შესაძლებელია გადამხდელი და თანხის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან საგადახდო მომსახურებას ორივეს ერთი ფინანსური ინსტიტუტი უწევდეს. 2. გადამხდელის ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული გადამხდელისა და თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები. 3. თანხის მიმღების ფინანსურმა ინსტიტუტმა და შუამავალმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა შეისწავლონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ ფულადი სახსრების გადარიცხვა სრულად არ შეიცავს გადამხდელის ან თანხის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს. [მუხლი 17
1
. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. თავი IV გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები მუხლი 18. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მოიპოვოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; ბ) გაზარდოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) მოიპოვოს საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებულ, დადებულ ან შესრულებულ და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია; დ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა; ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად; [ ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] ვ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და მათი განხორციელების სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა, ეფექტიანი ღონისძიებები გამოვლენილი რისკების სამართავად. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ: ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი; გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. 3. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი. 4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს. მუხლი 20. უჩვეულო გარიგება 1. ამ კანონის მიზნებისთვის უჩვეულო გარიგება არის რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი არ აქვს. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეისწავლოს უჩვეულო გარიგება, მისი მიზანი და საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში საეჭვო გარიგების გამოსავლენად განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. ანგარიშვალდებულმა პირმა საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა დაუსაბუთოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა უჩვეულო გარიგება და მიიღო გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად. მუხლი 21. პოლიტიკურად აქტიური პირი 1. ამ კანონის მიზნებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი (გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა), მათ შორის: ა) სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი), მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი; ბ) საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი; გ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი; დ) უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება; ე) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი; ვ) ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი; ზ) ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; თ) თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი; ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი; კ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის სათანადო სისტემის საფუძველზე დაადგინოს, არის თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. 3. თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია მის მიმართ განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად; [ ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] გ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემდეგ ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული განგრძობითი რისკების სამართავად. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები უნდა განახორციელოს აგრეთვე შემდეგი პირების მიმართ: ა) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს; გ) ფიზიკური პირი, რომელიც არის ფაქტობრივად (არაფორმალურად) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე. 6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ; ბ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი; გ) შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 22. საკორესპონდენტო ურთიერთობა 1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე ბანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება. [ 1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული ბანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე ბანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან)] 2. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლოს რესპონდენტის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა რესპონდენტის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) შეაფასოს რესპონდენტის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ განსაზღვროს როგორც რესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის, ისე კორესპონდენტი ფინანსური ინსტიტუტის ვალდებულებები. 3. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, რესპონდენტის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. 4. აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ რესპონდენტი ფიქციური ბანკია ან უშვებს, რომ ფიქციურმა ბანკმა მისი ანგარიში გამოიყენოს. 5. აკრძალულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, თუ რესპონდენტი უშვებს, რომ კლიენტისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი საკორესპონდენტო ანგარიში საკუთარი სახელით ოპერაციების შესასრულებლად (payable-through account). 6. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია საკორესპონდენტო ურთიერთობის დამყარებამდე ან/და მისი მიმდინარეობისას კორესპონდენტს მიაწოდოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია (დოკუმენტი) (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა 1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, გადაზღვევის ბროკერმა საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული მზღვეველის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო; ბ) შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა; გ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; დ) მკაფიოდ განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის ან გადაზღვევის ბროკერის ვალდებულებები. 2. გადამზღვეველმა კომპანიამ, გადაზღვევის ბროკერმა საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. მუხლი 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის: ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია; ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე; გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში; დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი. 2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია კლიენტის დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად. 3. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას. თავი V სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენა მუხლი 25. სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ. 2. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების გარდა, შეიძლება განისაზღვროს გარიგებათა სახეობები, რომელთა შესახებ ანგარიშგება ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურს უნდა წარუდგინოს. გარიგებათა ასეთი სახეობები განისაზღვრება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ან სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს. 3. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. 5. შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30 000 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ. სამსახურს უნდა წარედგინოს აგრეთვე ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების შესახებ. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი) გარიგების ან გარიგების მონაწილე პირის (პირების) შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). 7. ადვოკატი ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ან სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) სამსახურს წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას. მუხლი 26. ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები 1. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე. 3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებები სამსახურს უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში. 4. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) სამსახურს უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 6. ადვოკატი უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ამ მუხლით დადგენილ ვადებში სამსახურის ნაცვლად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს. ამ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანომ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა სამსახურს უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს აღნიშნული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი). თავი VI ინფორმაციის შენახვა და მისი კონფიდენციალურობის დაცვა მუხლი 27. ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და ჩატარებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) და ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სათანადო ვადაში მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად. მუხლი 28. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან განხორციელდება ან ხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა: ა) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის (დოკუმენტის) კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა; ბ) ინფორმაციის გავრცელება ერთი ჯგუფის წევრებს შორის, თუ ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად დანერგილია ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა; გ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ერთი იურიდიული პირის სახელით ან მფლობელობის, მმართველობის ან შესაბამისობის კონტროლის ერთიანი სტრუქტურის (სისტემის) ქვეშ მოქმედი იურიდიული პირების სახელით ახორციელებენ; დ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის, რომლებიც ერთ პროფესიულ კატეგორიას განეკუთვნებიან, ერთსა და იმავე კლიენტთან და გარიგებასთან დაკავშირებით; ე) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მცდელობა, გადაარწმუნოს კლიენტი, რათა მან უკანონო ქმედება არ განახორციელოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გაავრცელოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, თუ ყველა შემდეგი პირობა დაკმაყოფილებულია: ა) ინფორმაციის გავრცელების მიზანია უჩვეულო გარიგების შესწავლა, საეჭვო გარიგების გამოვლენა ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა; ბ) ანგარიშვალდებულმა პირმა მიიღო გონივრული ზომები ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად; გ) სხვა იურისდიქციის კანონმდებლობა ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულის ეკვივალენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის მითითებით შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურის მიერ ინფორმაციის (დოკუმენტის) გამოთხოვის შესახებ ან სამსახურის მითითებით ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. 5. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ან სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სამსახურისთვის წარდგენის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. 6. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეკრძალებათ იმ თანამშრომლის ვინაობის გამჟღავნება, რომელიც ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ახორციელებს ღონისძიებებს უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან რომელმაც ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან რომელიც სამსახურის მითითებით ახორციელებს ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული თანამშრომლის დაცვა მუქარისგან, დისკრიმინაციული მოპყრობისგან ან სხვა უკანონო ზემოქმედებისგან. თავი VII შესაბამისობის კონტროლი მუხლი 29. შესაბამისობის კონტროლის სისტემა 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა, წესები, სისტემები და მექანიზმები (შემდგომ − შესაბამისობის კონტროლის სისტემა), რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია. 2. შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციას ამტკიცებს ანგარიშვალდებული პირის მმართველობის ორგანო ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი. შიდა ინსტრუქციით სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს: ა) შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები; ბ) თანამშრომელთა შერჩევის წესები მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე პირების სამსახურში მისაღებად; გ) თანამშრომელთა განგრძობითი სწავლების პროგრამა მათთვის ამ კანონის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; დ) დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქცია შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესამოწმებლად. 3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ეფექტიანი შესაძლებლობით, დროულად მოიპოვონ საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის თაობაზე. 4. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ. 5. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განსაზღვროს თავისი მმართველობის ორგანოს წევრი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობისთვის. 6. ინდივიდუალური მეწარმე ან ფიზიკური პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გათვალისწინებით. მუხლი 30. შესაბამისობის კონტროლი ჯგუფის დონეზე 1. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ვალდებულია დანერგოს ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა, რომელიც, ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, განსაზღვრავს: ა) ჯგუფის წევრებს შორის ინფორმაციის (დოკუმენტის) გავრცელების წესებს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით; ბ) ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან სტრუქტურული ერთეულისთვის და ჯგუფის წევრებისთვის კლიენტების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მათი გარიგებების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტის) და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიწოდების წესებს უჩვეულო გარიგების შესწავლის, საეჭვო გარიგების გამოვლენის ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით; გ) ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველყოფის მექანიზმებს. 2. ანგარიშვალდებული პირის სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულმა ან მოქმედმა შვილობილმა საწარმომ (შვილობილმა ორგანიზაციამ) ან ფილიალმა უნდა შეასრულოს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, თუ მის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში მოქმედი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობა ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზედამხედველო ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება და მიიღოს დამატებითი ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით, თუ მისი შვილობილი საწარმოს (შვილობილი ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქცია ზღუდავს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას. 4. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული დამატებითი ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისთვის არასაკმარისია, საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ანგარიშვალდებული პირის შვილობილი საწარმოს (შვილობილი ორგანიზაციის) ან ფილიალის საქმიანობის შეზღუდვა ან შეწყვეტა. თავი VIII სამსახური მუხლი 31. სამსახურის სტატუსი 1. სამსახური არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. სამსახურზე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია. დაუშვებელია, სამსახურს დაევალოს რაიმე ინფორმაციის მოპოვება ან სხვა ქმედების განხორციელება. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და მას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, აგრეთვე დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. სამსახურს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში კომერციულ ბანკშიც გახსნას. 5. სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 32. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (ბრძანება) და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. 2. სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) მძიმე სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა; გ) სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) სამსახურის უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ზ) პირადი განცხადება; თ) გარდაცვალება. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. მუხლი 33. სამსახურის დაფინანსება 1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურის მიმდინარე ხარჯებისთვის გათვალისწინებული სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. 3. სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. 4. სამსახურის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 34. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახური აანალიზებს ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) და ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში თავისი ანალიზის შედეგებს უგზავნის საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. 2. სამსახური აცნობებს ანგარიშვალდებულ პირს მის მიერ წარდგენილი ანგარიშგების ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშგების საფუძველზე სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებს. 3. სამსახური სწავლობს საქართველოში და საზღვარგარეთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ხერხებს და შეიმუშავებს საეჭვო გარიგების გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირისთვის სახელმძღვანელო, საყურადღებო ნიშნებს. 4. სამსახური გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე. 5. სამსახური მონაწილეობს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში. 6. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 35. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად: ა) ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი); ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირდაპირ იყოს ხელმისაწვდომი ასეთი ინფორმაციის შემცველ მონაცემთა ბაზები, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. 2. სამსახური ვალდებულია დაიცვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობა. დაუშვებელია ამ ინფორმაციის (დოკუმენტის) ნებისმიერი სხვა პირისთვის გადაცემა მოსამართლის განჩინების გარეშე, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში და მისი შეწყვეტის შემდეგ, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. სამსახურს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ ნებისმიერ სხვა პირს, რომ ამ კანონის 25-ე და 37-ე მუხლების საფუძველზე სამსახურმა მიიღო ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 36-ე და 37-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 36. მითითება გარიგების შეჩერების შესახებ 1. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის გაჩენისას, მიუხედავად გარიგების თანხის ოდენობისა, ანგარიშვალდებულ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების, აგრეთვე ამ გარიგებასთან ან/და ამ გარიგების მონაწილე პირთან დაკავშირებული სხვა გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების შეჩერების შესახებ. სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაცია (დოკუმენტი) დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 2. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირს ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება. აღნიშნული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითება ფორმდება სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით. ეს წერილობითი მითითება ანგარიშვალდებულ პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადაეცემა. აღნიშნულ ვადაში წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ვადის გასვლის შემდეგ განაახლოს შესაბამისი გარიგების მომზადება, დადება ან შესრულება. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებები. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 72-საათიანი ვადის ათვლა იწყება ანგარიშვალდებული პირის მიერ მითითების მიღების მომენტიდან. აღნიშნული ვადის გამოთვლისას დასვენებისა და უქმე დღეები არ გაითვალისწინება. მითითება შეიძლება ვადაზე ადრე გაუქმდეს, თუ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი არ დადასტურდება, ან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მითითების ვადაზე ადრე გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დროულად უნდა ეცნობოს ანგარიშვალდებულ პირს. ასეთი შეტყობინების ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 7. სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნის საფუძველზე ანგარიშვალდებულ პირს მისცეს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება ან თვითონ გაუგზავნოს ანალოგიური თხოვნა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს. 8. სამსახური ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას დააკმაყოფილებს, თუ დარწმუნდება, რომ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ვარაუდი დასაბუთებულია. მუხლი 37. საერთაშორისო თანამშრომლობა 1. სამსახური უფლებამოსილია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს გაუგზავნოს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა და უპასუხოს ანალოგიურ თხოვნას ან საკუთარი ინიციატივით მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს ასეთი ინფორმაცია. 2. სამსახურმა დროულად უნდა მიაწოდოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის მოპოვების უფლება სამსახურს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აქვს, თუ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე თხოვნა დასაბუთებულია, აღწერს იმ გარემოებებს, რომლებიც მას საფუძვლად დაედო, და განმარტავს ასეთი ინფორმაციის შემდგომი გამოყენების გზებს. სამსახური სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებისას კომუნიკაციის დაცულ საშუალებებს იყენებს. 3. სამსახური არ დააკმაყოფილებს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის თხოვნას, თუ ამ თხოვნის დაკმაყოფილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს პირის კანონიერი ინტერესები ან საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები. კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სამსახურის უარი დასაბუთებული უნდა იყოს და სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურს დროულად უნდა განემარტოს. 4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით და აღნიშნული ინფორმაციის მხოლოდ ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანალიზისთვის ან შესაბამის თხოვნაში მითითებული სხვა მიზნით გამოყენება. დაუშვებელია ამ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის წინასწარი ნებართვის გარეშე. 5. სამსახურმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რომ სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურმა დაიცვას მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სამსახურის მიერ ნებადართული მიზნით გამოიყენოს. 6. სამსახურმა სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა აცნობოს მისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ ან აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგები. 7. სამსახური უფლებამოსილია სხვა იურისდიქციის ფინანსური დაზვერვის სამსახურთან დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება, რომელიც ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოაწესრიგებს. თავი IX ზედამხედველობა და უწყებათაშორისი თანამშრომლობა მუხლი 38. საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები 1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულება დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და მისი ჩატარების სიხშირე უნდა განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ − რისკის დონე) საფუძველზე. 3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ჩატარების ან რისკის დონის განსაზღვრის მიზნით ანგარიშვალდებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). 4. საზედამხედველო ორგანომ რისკის დონე უნდა განსაზღვროს სათანადო პერიოდულობით და ანგარიშვალდებული პირის მფლობელობის ან კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ან საქმიანობაში არსებითი ცვლილების განხორციელებისას. რისკის დონის განსაზღვრისას საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია. 5. საზედამხედველო ორგანო გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე. 6. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს და ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები. მუხლი 39. თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა 1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით. 2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია დროულად აცნობოს სამსახურს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ჩატარებისას გამოვლენილი ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ. სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ. 3. საზედამხედველო ორგანომ ჯგუფზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით უნდა ითანამშრომლოს და გაცვალოს სათანადო ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის სათავო ან შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქციის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან. 4. სამსახური ვალდებულია დროულად აცნობოს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ. 5. საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში აცნობოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამსახურისგან მიღებული ანალიზის შედეგებისა და სამსახურისგან მიღებული სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) გამოყენებისა და მისი შედეგის შესახებ. 6. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების მიზნების მისაღწევად. 7. კომპეტენტური ორგანო მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს სამსახურისგან მოიპოვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. თავი X გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება მუხლი 40. სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი 1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია) არის საქართველოში მთავარი საკონტაქტო ორგანო გაეროს სანქციების კომიტეტისთვის და სხვა სტრუქტურებისთვის ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას. 2. სამთავრობო კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამთავრობო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სამთავრობო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ცვლის ინფორმაციას საქართველოს და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამთავრობო კომისიის ფუნქციების შესასრულებლად უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას. მუხლი 41. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება 1. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვა ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 3. სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე; ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს ან აკონტროლებს: ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციისა და მათი სათადარიგო ნაწილების დაუფლების აღკვეთის მიზნით. სამთავრობო კომისიის აღნიშნული მიმართვა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 6. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაწესებული საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №425 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.. მუხლი 42. ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა 1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი აღარ არსებობს. 3. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან ყადაღადადებული ქონების შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ შეატყობინებს გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში მისგან უარყოფით პასუხს არ მიიღებს. 4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეროს სანქციების კომიტეტისთვის შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე შეტყობინების შემდეგ მისგან დადებით პასუხს მიიღებს. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №425 – ვებგვერდი, 31.03.2021წ.. მუხლი 43. გაეროს სანქციების კომიტეტისადმი მიმართვა 1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად გაეროს სანქციების კომიტეტს წარუდგინოს მიმართვა მისი სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესითა და მიმართვის სტანდარტული ფორმის გამოყენებით უნდა იქნეს წარდგენილი. მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას. 3. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეჭვისთვის საკმარისი საფუძველი. 4. სამთავრობო კომისია ვალდებულია გაეროს სანქციების კომიტეტს წარუდგინოს მიმართვა შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეჭვისთვის საკმარისი საფუძველი აღარ არსებობს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამისი პირის სანქციადაკისებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად. 6. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 44. გარდამავალი დებულებები 1. ანგარიშვალდებულმა პირმა უზრუნველყოს სათანადო ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 ნოემბრისა, ამ კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ამ კანონის ამოქმედებამდე დაამყარა. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათანადო ვადის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღოს კლიენტის რისკის დონე და მნიშვნელობა (მატერიალურობა), აგრეთვე წარსულში კლიენტის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დრო და მათი განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 45. ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113). 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. მუხლი 46. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 ოქტომბერი 2019 წ. N5226-Iს |
დოკუმენტის კომენტარები