„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4237-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.102261
4237-XIVმს-Xმპ
30/05/2024
ვებგვერდი, 31/05/2024
080090020.05.001.102261
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს  კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) საფუძვლიანი ეჭვი − ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება, ამასთანავე, ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სადაზღვევო ბროკერი;“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ანგარიშვალდებულმა პირმა ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა მოიპოვოს დოკუმენტი ტრასტის შექმნის შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ის კლიენტის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციას, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება კლიენტის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელოს.“.

4. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ყიდვა-გაყიდვის გარიგების ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში.“.

5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ინფორმაცია და განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე ინფორმაცია ერთმანეთთან დააკავშიროს.“.

6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე

1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია;

ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს.

2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს.

4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება.“.

7. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება რეგულირებას/ზედამხედველობას. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირი/შუამავალი მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე უნდა შეისწავლოს და უნდა განსაზღვროს მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის რისკი. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/ შუამავალს აქვს სათანადო შესაძლებლობები, რათა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ვალდებულებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად შეასრულოს. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას გაითვალისწინოს ინფორმაცია მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. აკრძალულია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი, მართვის ადგილი ან/და ოპერირების ადგილი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. თუ მესამე პირი/შუამავალი იმავე ჯგუფის წევრია, რომლის წევრიც არის ანგარიშვალდებული პირი, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა საკმარისად ადეკვატურია.“.

8. 17​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17​1. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა

1. ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება ვირტუალური აქტივის გადაცემა ვირტუალური აქტივის განაწილებული აღრიცხვის ერთი მისამართიდან, ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც იძლევა ვირტუალური აქტივის შენახვის შესაძლებლობას, მეორეზე. ამასთანავე, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ახორციელებს ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების სასარგებლოდ მოქმედი სულ მცირე ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ვირტუალური აქტივის გადამცემი და ვირტუალური აქტივის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან მათ ვირტუალური აქტივის მომსახურებას უწევდეს ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების უფლებამოსილება.   

2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და ვირტუალური აქტივის მიღებას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები ინფორმაცია.

3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა/ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალმა პროვაიდერმა და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვირტუალური აქტივის გადაცემის ან დაკავშირებული გარიგების საეჭვოობის შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ ვირტუალური აქტივის გადამცემისა და ვირტუალური აქტივის მიმღების შესახებ მონაცემების არარსებობა ან საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით არასრულად წარდგენა და უნდა დაადგინონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მაღალი რისკის იურისდიქცია

1. ამ კანონის მიზნებისთვის მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, სადაც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილება შეაქვს.

2. ანგარიშვალდებულმა პირმა იმ ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, უნდა განახორციელოს რისკის, საქმიანი ურთიერთობისა და გარიგების პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს აგრეთვე რისკის პროპორციული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, თუ:

ა) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან/და მისი მართვა ან ოპერირება მაღალი რისკის იურისდიქციიდან ხდება;

ბ) კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი;

გ) გარიგება იდება ან სრულდება ისეთი ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია.

4. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ კლიენტი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი.

5. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, თუ ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, არის საქართველოში რეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან ფილიალი და ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს.

6. კომპეტენტურ ორგანოს უნდა შეეძლოს რისკის პროპორციული ღონისძიებების განხორციელება:

ა) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში;

ბ) ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) საჯარო განცხადებისგან დამოუკიდებლად.“.

10. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. გადაზღვევის საქმიანობა

1. სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებისას გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე მის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეისწავლოს მზღვეველის რეპუტაცია და მასზე განხორციელებული ზედამხედველობის ხარისხი, მათ შორის, მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს თუ არა მზღვეველის მიმართ გამოძიება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტზე ან განხორციელდა ან ხორციელდება თუ არა მის მიმართ საზედამხედველო ღონისძიება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო;

ბ) უნდა შეაფასოს მზღვეველის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობა;

გ) ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღოს მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

დ) მკაფიოდ უნდა განსაზღვროს როგორც მზღვეველის, ისე გადამზღვეველი კომპანიის, სადაზღვევო ბროკერის ვალდებულებები.

2. გადამზღვეველმა კომპანიამ, სადაზღვევო ბროკერმა მზღვეველთან საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას უნდა მიიღოს გონივრული ზომები საეჭვო გარიგების გამოსავლენად და სათანადო პერიოდულობით, მზღვეველის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.“.

11. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–44 პუნქტები:

„41. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად იდენტიფიცირებული საეჭვო გარიგების ან/და უჩვეულო გარიგების შესახებ ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და ამ უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საეჭვო გარიგებისა და უჩვეულო გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

42. საეჭვო გარიგების ან/და უჩვეულო გარიგების გამოვლენისთანავე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციამდე სამსახურს წარუდგინოს აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგება. თუ ანგარიშგების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა სამსახური ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოებას აგრძელებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

43. თუ საეჭვო გარიგება ან/და უჩვეულო გარიგება ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციის შემდეგ გამოვლინდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგება სამსახურს ამ გარიგების გამოვლენის დღესვე წარუდგინოს.

44. სამსახური არაუმეტეს წელიწადში ერთხელ საეჭვო გარიგებასთან ან/და უჩვეულო გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგების შესახებ უკუკავშირს ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.“.

12. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანგარიშვალდებული პირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ.“.

13. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან სტრუქტურული ერთეულისთვის, ჯგუფის წევრებისა და აუდიტისთვის კლიენტების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მათი გარიგებების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტის) და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიწოდების წესებს უჩვეულო გარიგების შესწავლის, საეჭვო გარიგების გამოვლენის ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით;“.

14. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების სახეობა და მისი ჩატარების სიხშირე განისაზღვრება ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის, მოცულობის, რაოდენობის, მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების (შემდგომ − რისკის დონე) საფუძველზე. შესაბამისობის კონტროლის სისტემის, პოლიტიკისა და პროცედურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით საზედამხედველო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს რისკის დონე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მაისი 2024 წ.

N4237-XIVმს-Xმპ