დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 425-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 080090020.05.001.020302 |
|
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება 1. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვა ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 3. სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე; ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს ან აკონტროლებს: ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციისა და მათი სათადარიგო ნაწილების დაუფლების აღკვეთის მიზნით. სამთავრობო კომისიის აღნიშნული მიმართვა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 6. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაწესებული საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს. მუხლი 42. ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა 1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი აღარ არსებობს. 3. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან ყადაღადადებული ქონების შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ შეატყობინებს გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში მისგან უარყოფით პასუხს არ მიიღებს. 4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეროს სანქციების კომიტეტისთვის შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე შეტყობინების შემდეგ მისგან დადებით პასუხს მიიღებს. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N425-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები