გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016404
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
14/11/2017
ვებგვერდი, 16/11/2017
010260000.35.148.016404
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/11/2017 - 24/11/2017)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 14 ნოემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტისა  და 61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად,   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის მერიის

           


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად,  განსაზღვრავს   გორის  მუნიციპალიტეტის  მერიის  (შემდგომში  – მერია)  სტრუქტურას, მერიის   თანამდებობის   პირების,   მერიის   ადმინისტრაციული    ერთეულების    უფლებამოსილებებსა    და მუშაობის ორგანიზებას.

2. დებულების  ამოცანებია,  თვითმმართველი ერთეულის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით, ეფექტურად განსაზღვროს მერიის საქმიანობის წესი და ურთიერთობები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებთან.


მუხლი 2. მერიის სამართლებრივი სტატუსი
1.   მერია  არის    თვითმმართველი ერთეულის გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული

ორგანო,  რომელიც  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის - მერის უფლებამოსილების  განხორციელებას.  მერიას ხელმძღვანელობს გორის მუნიციპალიტეტის მერი    (შემდგომში – მერი).    მერია    შედგება    პირველადი სტრუქტურული ერთეულების და პირვალად სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან. მერიის პირველადი სტრუქტურული    ერთეულები    შესაბამისი   დარგობრივი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ    მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.

2. მერია შედგება 9 (ცხრა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის, მასში შემავალი 26 (ოცდაექვსი) მეორადი სტრუქტურული ერთეულისგან და  33 (ოცდაცამეტი) ადმინისტრაციული ერთეულისაგან.

3. მერია  უფლებამოსილია  ითანამშრომლოს  სხვა  ქვეყნების  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობისა და ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო  თანამშრომლობის  შესახებ“  სახელმძღვანელო  ევროპული  კონვენციის  შესაბამისად.


მუხლი 3. მერიის  საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები
1. მერია   საქმიანობას   წარმართავს   საქართველოს   კონსტიტუციის,   „ადგილობრივი   თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

2.მერიის სტრუქტურული  ერთეულები  და თანამდებობის  პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 4. მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენა
მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

მუხლი 5. მერიის ადგილსამყოფელი
მერიის  ადგილსამყოფელია:  1400, გორი, გრიგოლ ფერაძის №5.

თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 6. მერიის  ხელმძღვანელობა
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევს მერიის საქმიანობას.

2. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის  მოადგილე;

დ) მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი.

3. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს .


მუხლი 7. მერი
1. მერი, ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა) საერთო  ხელმძღვანელობასა   და  კოორდინაციას  უწევს  მერიის  პირველადი სტრუქტურული  და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობას;

ბ) საკრებულოს  დასამტკიცებლად  წარუდგენს  მერიის  დებულებასა  და საშტატო  ნუსხას,  აგრეთვე  მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

გ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

დ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს. კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის, უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას და ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის თავმჯდომარეს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ვ) უნაწილებს  ფუნქციებს  მერიის  მოსამსახურეებს,  დავალებებს  აძლევს  მერიის  თანამდებობის  პირებს  და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით    და   ამ   დებულებით   დადგენილი   წესით    ახორციელებს   მერიის   თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

თ) საქართველს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, იღებს  გადაწყვეტილებებს    მერიის    მოსამსახურეთა    წახალისებისა    და   მათთვის    დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ამტკიცებს   მერიის   შინაგანაწესს   და   თანამდებობრივ    ინსტრუქციებს,    აგრეთვე  საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მერიის   მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

კ) დაინტერესებული  პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული საზღვრების    ფარგლებში     საქონლის ადგილწარმოშობის,    აგრეთვე    პირის    კონკრეტულ    მისამართზე  ფაქტობრივი  ცხოვრების შესახებ.

2. მერი,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ა) საკრებულოს,  წელიწადში  ერთხელ  მაინც,  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი წესით, წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. აგრეთვე, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ¼-ის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  შესაბამისად,  შეიმუშავებს  და საკრებულოს  მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

გ) საკრებულოს  თავმჯდომარეს  მიმართავს  საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომის  მოწვევის  შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

ე) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშს.

3. მერი,  საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად  წარუდგენს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ) საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსის  შესაბამისად,   საკრებულოს  მიერ  დადგენილი  წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

დ) საკრებულოს  დასამტკიცებლად  წარუდგენს  კანონით განსაზღვრული  ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

ე) მუნიციპალიტეტის  სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

ვ) ამტკიცებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმას და ახორციელებს  შესყიდვებს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მერი, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

ა) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების დაფუძნების,  რეორგანიზაციისა  და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  დაფუძნებაში  მონაწილეობისა  და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის  წილობრივი  მონაწილეობით  შექმნილი საწარმოს  კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  გათვალისწინებულ  შემთხვევებში  საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ) საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

ე) საკრებულოს  თანხმობით, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს  მუნიციპალიტეტის  ქონების შემძენის/სარგებლობის    უფლებით,   მიმღების/მართვის   უფლებით  მიმღების   ხელშეკრულებით    ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია  გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე.

5. მერი, აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მუნიციპალიტეტის  უფლებამოსილების  ფარგლებში,  უზრუნველყოფს  შესაბამისი  სოციალურ- ეკონომიკური  განვითარებისა  და  სხვა  პროგრამების,  სტრატეგიებისა  და  გეგმების  მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) მისი უფლებამოსილებისთვის  მიკუთვნებული  ცალკეული  საკითხების  შესასწავლად,  შესაბამისი დასკვნებისა  და რეკომენდაციების  მოსამზადებლად,  ქმნის სათათბირო  ორგანოებს  −  საბჭოებს  და სამუშაო ჯგუფებს;

ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

თ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს  მიერ  დადგენილი  წესით.  მერიის სტრუქტურულ  ერთეულებს  განსაზღვრავს  და საკრებულოს წარუდგენს მათ დებულებებს იმ მიზანშეწონილობით, რომ მოხდეს მათი მისადაგება ადგილობრივ საჭიროებებთან და უზრუნველყოფილ იქნეს მერიის ეფექტური მართვა.

6. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება  ამ დებულებით.

7. მერს აქვს დასახლების საერთო  კრების მოწვევის ინიციირების უფლება.

8. მერს   აქვს   მუნიციპალიტეტის   მერის    ბეჭედი,   რომელიც  დაიტანება  სამართლებრივ   აქტებზე, სამივლინებო  დავალებებზე  (სამივლინებო  ფურცლებზე), საფინანსო  დოკუმენტაციაზე,  ოქმებსა  და მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე (ხელშეკრულებებზე).


მუხლი 8. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის საქმიანობას, მერიის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, უძღვება მერი.

2. მერს ჰყავს სამი მოადგილე;

ა) მერის პირველი მოადგილე.

ბ) მერის მოადგილეები

3. მერი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერის მოადგილეებს.

4. მერის მოადგილეები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.  

5. მერის   მოადგილეები   მერის   მიერ   სამუშაოთა   განაწილებისა   ან/და   შესაბამისი   სფეროს მიხედვით კურატორობენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობას.

6. მერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების  განხორციელების  შეუძლებლობისას,  მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე.

7. მერი  უფლებამოსილია  მისი  არყოფნის  შემთხვევაში  მერის უფლებამოსილების   შესრულება  დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს.


თავი III
მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულები

მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1.    მერიის    სტრუქტურული     ერთეულები    შესაბამისი    სფეროების    მიხედვით    აღასრულებენ    მერიის გადაწყვეტილებებს, ასევე მერის დავალებებს.

2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახური;

ბ)  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ზედამხედველობის სამსახური;

დ)  ეკონომიკური სამსახური;

ე)   სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;

ვ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;

ზ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ი) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური.


მუხლი 10. მერიის ადმინისტრაციული ერთეულები
1.  მართვის   ოპტიმიზაციისთვის,   გორის   მუნიციპალიტეტი   იყოფა   ოცდაცამეტ   ადმინისტრაციულ ერთეულად, თითოეული ადმინისტრაციული ერთეული გორის მუნიციპალიტეტის ნაწილია.

2. გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ცენტრალური დასახლების  1-ლი  უბანი;

ბ) ცენტრალური დასახლების  მე-2   უბანი;

გ) კომბინატის დასახლების  1-ლი  უბანი;

დ) კომბინატის დასახლების  მე-2   უბანი;

ე)  ჭალა-წყაროსუბნის  დასახლება;

ვ) სადგური-ელექტროფიკაციის    დასახლება;

ზ) წმინდაწყლის 1-ლი  უბანი;

თ) წმინდაწყლის (ვოლოგდის)  მე-2   უბანი;

ი) ვერხვების დასახლება;

კ) კვერნაქის დასახლება;

ლ) დევნილთა ჩასახლება;

მ) ბერბუკის  ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  – სოფლები:  ბერბუკი, რეხა, სვენეთი, თორტიზა, ხელთუბანი);

ნ)  კარალეთის   ადმინისტრაციული   ერთეული   (სამოქმედო   ტერიტორია   –  სოფლები:   კარალეთი,   დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება);

ო) შავშვების ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია  – სოფლები:  ქვემო შავშვები, შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი, ნადარბაზევი, ხურვალეთი);

პ) მეჯვრისხევის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი, ფაბრიკის დასახლება);

ჟ) მერეთის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მერეთი, კარბი, ქერე, კოშკა, გუგუტიაანთკარი, ზარდიაანთკარი);

რ) სკრის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სკრა, ახალხიზა, რიეთი, დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი, კოშკები);

ს) ტირძნისის ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია  – სოფლები:  ტირძნისი,  მეღვრეკისი, ერგნეთი, თერგვისი, ბროწლეთი);

ტ) დიცის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიცი, ქორდი, არბო);

უ) ტინისხიდის  ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია  სოფლები:  ტინისხიდი,  ორთაშენი, თედოწმინდა);

ფ)   ვარიანის   ადმინისტრაციული   ერთეული   (სამოქმედო   ტერიტორია   –   სოფლები:   ვარიანი,   ახალდაბა, საქაშეთი, არაშენდა, ვარიანის მეურნეობა);

ქ) ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვახვრელი, უფლისციხე, ველები);

ღ) შინდისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, ქვემო ხვითი);

ყ) ძევერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ძევერა, ქიწნისი სათემო, შერთული);

შ)  ზეღდულეთის   ადმინისტრაციული   ერთეული   (სამოქმედო   ტერიტორია   –   სოფლები:   ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი,  ქვემო ახალსოფელი, ახალშენი);

ჩ) ახალუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ქვემო არცევი);

ც) ატენის  ადმინისტრაციული   ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  –  სოფლები:  ატენი,  წედისი,  ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხანდისი, იკვნევი, ზემო ქსოვრისი);

ძ) ნიქოზის   ადმინისტრაციული   ერთეული   (სამოქმედო   ტერიტორია   –  სოფლები:  ქვემო  ნიქოზი,  ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი);

წ) მღებრიანის   ადმინისტრაციული   ერთეული   (სამოქმედო  ტერიტორია  –  სოფლები:  მღებრიანი,  პატარა წერეთი, დიდი წერეთი, ჭანჭახა, ოქიანი, დიდი ჭვარები, პატარა ჭვარები, პიტნარა, ბორცვანა, ტამი, სახორცე);

ჭ)  ბოშურის  ადმინისტრაციული   ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  –  სოფლები:  ქვემო   ბოშური,  ზემო ბოშური,   ბიისი,   ბობნევი,   ტუსრევი,   ყველაანთუბანი,   გაგლოაანთუბანი,   ლევიტანა,   ორმოცი,   თხინალა, იფნარა);

ხ) საყავრის  ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია  – სოფლები:  საყავრე, ფიცესი, ლული, გულხანდისი, დიდთავი, წითელი წყარო, ნადარბაზი, ზემო ახალსოფელი, ფელი);

ჯ) ტყვიავის   ადმინისტრაციული    ერთეული   (სამოქმედო   ტერიტორია    –   სოფლები:   ტყვიავი,   ფლავი, ფლავისმანი, მარანა);

ჰ) ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ხიდისთავი);

3. გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული  ერთეულის უფლებამოსილებები  განისაზღვრება  ამ დებულებით.


მუხლი 11. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში
1.  მერიის  ადმინისტრაციულ   ერთეულში   მერის   წარმომადგენელი   (შემდგომში   წარმომადგენელი),    არის მერიის სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მყოფი საჯარო  მოსამსახურე,  რომელიც  თავის  უფლებამოსილებას  ახორციელებს  მუნიციპალიტეტის  შესაბამის ადმინისტრაციულ   ერთეულში,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე  ნიშნავს  და  თანამდებობიდან   ათავისუფლებს მერი.

2. კომპეტენციის  ფარგლებში,  მერის წარმომადგენელისაქართველოს  კანონმდებლობით,  ამ დებულებით დადგენილი წესით   წარმართავს  მერიის  ადმინისტრაციული  ერთეულის საქმიანობას და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის  გზების   შესახებ;  მათ  შორის,  წარუდგენს  ინფორმაციას  უნებართვო  მშენებლობასთან დაკავშირებით;   აგრეთვე   რეაგირებს   საერთო  სარგებლობის   საკითხებზე   სამეზობლო   დავებზე   მხარეთა მორიგების პირველადი  ღონისძიებების  გასატარებლად;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერის შესაბამისი მითითების საფუძველზე, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით  მოსახლეობის  შენიშვნებისა  და წინადადებების სისტემატიზაციას  და მერისთვის მათ მიწოდებას;

ზ) უზრუნველყოფს  მერის ინფორმირებულობას   ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

თ) საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მერიას, ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების   აღრიცხვის, კონტროლის, დაცვისა და  მიზნობრივ გამოყენებაში;

ი)  მერის   დავალებით,   დახმარებას   უწევს   სამხედრო  აღრიცხვის  და  გაწვევის  სამსახურს,  წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზაციულ-ტექნიკურ  საკითხებში;

კ) ახორციელებს საქართველოს  კანონმდებლობით,  მერიის დებულებითა და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ლ)  დაინტერესებული    პირის   განცხადების   საფუძველზე   ადასტურებს   მის   სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, აგრეთვე ადგენს პირის ოკუპირებულ ტერიტორიის გამოყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრების ფაქტს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემი ცნობის პროექტს;

მ) მერს წარუდგენს  წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის  ზონებად დაყოფის,  მათი საზღვრების  დადგენისა  და  შეცვლის,  დასახლებების,  ქუჩების,  მოედნების  სახელდებისა  და  ნუმერაციის შესახებ;

ნ) დაბადების რეგისტრაციის თაობაზე  მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის    ორგანოს   „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად;

ო) გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის   ორგანოს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე, 72-ე  მუხლების შესაბამისად;

პ) „სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.


მუხლი 12. დასახლების საერთო კრების მოწვევის ორგანიზება
1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.

2. მერის წარმომადგენელი   უზრუნველყოფს  დასახლების საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 854 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას.


მუხლი 13. საჯარო მოსამსახურეები
1. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით.

2. მერიის საჯარო  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში, მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  დამტკიცებული მერიის შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულების დებულებით და მერიის შინაგანაწესით.


მუხლი 14. მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.   მერიის   პირველადი სტრუქტურული    ერთეულის    ხელმძღვანელი    (სამსახურის   უფროსი),   არის   ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის   პირი  (პროფესიული საჯარო  მოხელე),   რომელსაც  კანონმდებლობით   დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს პირველადი სტრუქტურული  ერთეულის  საქმიანობას  და  პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული   ერთეულის   მოსამსახურეთა   წახალისების,   დისციპლინური   პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის" და მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი მერის მოადგილის დამერის წინაშე;

ი)   პირველადი სტრუქტურული    ერთეულის    ხელმძღვანელის    თანამდებობრივი უფლებამოსილების    შეჩერების   ან შეწყვეტის  შემთხვევაში  მის მოვალეობას  ასრულებს პირველადი  სრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელის მოადგილე ან მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი.

3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.


მუხლი 15. მერიის  პრველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული  და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული  ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა,  მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

2. ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

დ) შესყიდვების განყოფილება;

ე) იურიდიული განყოფილება;

ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

3.  საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახურის   ძირითადი  ფუნქციებია:  ბიუჯეტის  დაგეგმვა-ანალიზი,   ბიუჯეტის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.

4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლის განყოფილება;

გ) ბუღალტერიის განყოფილება.

5.  ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოსაკრებლების, უნებართვო საქმიანობის და შესყიდვების ხარისხზე მონიტორინგის განხორციელება.

6. ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მოსაკრებელების კონტროლის განყოფილება;

ბ) უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება;

გ) შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილება.

7. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფეროსთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

8. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

ბ) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.

9. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის, სივრცითი    მოწყობისა და   არქიტექტურული    სამშენებლო    რეგულირების განხორციელება.

10. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილება.

11. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ქონების   აღრიცხვა და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება, მერიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა და გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

12. ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ქონების განყოფილება;

ბ) ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილება;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.

13. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის  სტრუქტურული  ერთეულებისა  და მუნიციპალური წილით დაფუძნებული სამეწარმეო/არასამეწარმეო იურიდიული პირების მონიტორინგის განხორციელება.

14. შიდა აუდიტისა და ინპექტირების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მონიტორინგისა და დავალებათა კონტროლის განყოფილება;

ბ) შიდა აუდიტის განყოფილება;

გ) ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილება.

15. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო  აღრიცხვისა  და გაწვევის საკითხებში მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

16. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

17. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) განათლების განყოფილება;

ბ) ახალგაზრდული განყოფილება;

გ) კულტურის განყოფილება;

დ) სპორტის განყოფილება.


თავი IV
მერიის  სამართლებრივი აქტები და მერიის საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 16. სამართლებრივი აქტები
1. მერია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მერი ინდივიდუალური ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას გამოსცემს: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, ამ დებულებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.


მუხლი 17. მერიის  საქმიანობის ორგანიზება
1.  მერიის  საქმიანობის  ორგანიზება  და ადმინისტრაციული  წარმოების  წესი განისაზღვრება  საქართველოს კანონით „ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის  შესაბამისად მიღებული მერის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2.   მერიის   დებულება,   მერის   წარდგენის   საფუძველზე,   მტკიცდება   გორის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.


მუხლი 18. მერიის ელექტრონული საქმისწარმოება
1. მერიაში  ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

2.  ელექტრონული      საქმისწარმოება      ხორციელდება      „სახაზინო      (საბიუჯეტო)      დაწესებულებებში საქმისწარმოების      ავტომატიზებული     სისტემის     მინიმალური     სტანდარტის     დამტკიცების     შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.

4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები,  მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის   ელექტრონული   სისტემა“,   აგრეთვე   ავტომატიზებული   ელექტრონული   პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

5. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას  დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს  მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

6.  ელექტრონული  საქმისწარმოების  დანერგვამდე  მერიის  საქმისწარმოება  დასაშვებია  დადგენილი  წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.


მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და  ვიზირება
1. მომზადებული   ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების   პროექტები   უნდა შეესაბამებოდეს     „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს     კანონს,  საქართველოს კანონს „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. მერიაში  მომზადებული    სამართლებრივი    აქტები    ვიზირებული უნდა  იყოს პროექტის ავტორისა და იურიდიული  სამსახურის      მიერ.    სამართლებრივი  აქტის პროექტიაგრეთვე   უნდა იყოს ვიზირებული    მერიის  იმ    შესაბამისი განყოფილების და    სამსახურის  ხელმძღვანელის   მიერ, რომლის კომპეტენციათა  სფეროსაც შეეხება  ეს პროექტი.

3. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ  პროექტს,  რომელიც  მომზადებული  იქნა  მერიაში,  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   წარუდგენს მერი.

4.   მერის  დავალებით,  მერიაში  მომზადებული  პროექტი  უნდა  იყოს  ვიზირებული  შესაბამისი  კურატორი მერის მოადგილის მიერ.

5  მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

7. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება შემდეგი სრული სახით (მაგ.: „2017  წლის 12  ნოემბერი“).

8.  საკრებულოს  თავმჯდომარის  ბრძანებები  და მერის  ბრძანებები  აღინუსხება  ერთი  კალენდარული წლის განმავლობაში, უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მერის ბრძანების ნომერი  შედგება  ინდექსისგან  („1“),  დეფისისა  და  სამი  ციფრისგან,  ხოლო  საკრებულოს  თავმჯდომარის ბრძანება – ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („პ“), დეფისი  და სამი  ციფრი, გარდა სამსახურებრივ  მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული  ბრძანებებისა. სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული მერის ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („მ“), დეფისი და სამი ციფრი.

9. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.


მუხლი 20. საქონლის  ადგილწარმოშობის,  პირის  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი  ცხოვრების ფაქტის, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტისა და მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობების გაცემის წესი
1. საქონლის ადგილწარმოშობის, პირის  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტისა და მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის   მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი  ვალდებულია აწარმოოს გაცემული  ცნობების   რეესტრი   და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.


თავი V
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

მუხლი 21. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის  თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული  და  მატერიალურ-ტექნიკური   პირობები  მოქალაქეთა   მიღების,  მოქალაქეებთან შეხვედრების,   მუნიციპალიტეტის   ორგანოების  საქმიანობაში, მათ  შორის,  კოლეგიური  საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.

2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით, შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით.

3. მუნიციპალიტეტი  უფლებამოსილია  ადგილობრივი  თვითმმართველობის  განხორციელებაში  მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

ა) დასახლების საერთო კრება;

ბ) პეტიცია;

გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

5. გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.


თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 22. მერიის  რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
1.  მერიის  რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია და  მასთან  დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მერის წარდგინებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით.

3. ყველა ის საკითხი,  რომელსაც არ ითვალისწინებს  წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.



19. 08/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 48 - ვებგვერდი, 11/12/2023 18. 18/04/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 19/04/2023 17. 17/10/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 18/10/2022 16. 16/09/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 19/09/2022 15. 02/08/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 03/08/2022 14. 01/10/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 42 - ვებგვერდი, 02/10/2020 13. 14/08/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 36 - ვებგვერდი, 18/08/2020 12. 12/06/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 16/06/2020 11. 10/04/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 13/04/2020 10. 13/03/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 17/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 14/06/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 18/06/2019 8. 12/04/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 17/04/2019 7. 09/11/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 83 - ვებგვერდი, 13/11/2018 6. 14/09/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 82 - ვებგვერდი, 19/09/2018 5. 13/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 19/04/2018 4. 09/02/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 15/02/2018 3. 21/12/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 43 - ვებგვერდი, 26/12/2017 2. 08/12/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 14/12/2017 1. 24/11/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 30/11/2017