საგზაო ფონდის შესახებ

  • Word
საგზაო ფონდის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 802
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.000.117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
802
02/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
310.100.000.05.001.000.117
საგზაო ფონდის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/09/1995 - 27/06/1996)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ

ეს კანონი ითვალისწინებს ფინანსური რესურსების შექმნას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარებისა და შენახვისათვის და განსაზღვრავს საგზაო ფონდის საერთო სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ფონდის დანიშნულებას და გამოყენებას.

    მუხლი 1. საგზაო ფონდის დანიშნულება

1. საქართველოს რესპუბლიკის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის, აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და დარგის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად იქმნება მიზნობრივი, არასაბიუჯეტო საგზაო ფონდი.

2. საქართველოს რესპუბლიკის საგზაო ფონდის სახსრებს აქვს მიზნობრივი დანიშნულება და არ ექვემდებარება ამოღებას, ან იმ საჭიროებისათვის ხარჯვას, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოს რესპუბლიკის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტუქციისა და მშენებლობის სამუშაოებთან, სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესსა და დარგის განვითარებასთან, აგრეთვე საგზაო მართვის საკითხებთან.

3. საქართველოს რესპუბლიკის საგზაო ფონდის სახსრები ხმარდება მაგისტრალური, რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სამუშაოებს, დარგის განვითარებასა და დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების ღონისძიებებს, აგრეთვე საგზაო მეურნეობის მართვის ხარჯებს.

4. საქართველოს რესპუბლიკის საგზაო ფონდს განაგებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან მის მიერ რწმუნებული ორგანო საგზაო დარგში.

    მუხლი 2. საგზაო ფონდის შექმნა და გამოყენება

1. საქართველოს რესპუბლიკის საგზაო ფონდის მიზნობრივი გამოყენებისა და გადასახადების ამოღების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან მის მიერ რწმუნებული ორგანო ყოველწლიურად აქვეყნებს პრესაში საგზაო ფონდის სახსრების გამოყენების გეგმებს და მისი ხარჯვის ანგარიშს.

    მუხლი 3. საგზაო ფონდის შექმნის წყაროები

საქართველოს რესპუბლიკის საგზაო ფონდის მიზნობრივი არასაბიუჯეტო სახსრები იქმნება შემდეგი წყაროების ხარჯზე:

1. გადასახადი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის;

2. გადასახადი საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის;

3. გადასახადი სატრანსპორტო საშუალებათა ფლობისათვის;

4. გადასახადი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტომანქანებით შემოსვლისათვის, სატრანზიტო მოძრაობისათვის;

5. გადასახადი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლუატაციისათვის და სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის;

6. საგზაო ორგანიზაციების ამონაგები სესხებიდან, გამართული ლატარიებიდან, აქციების გაყიდვიდან და საჯარიმო სანქციებიდან საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ასიგნების ჩათვლით.

    მუხლი 4. გადასახადი საერთო სარგებლობის საატომობილო   გზებით სარგებლობისათვის

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან:

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული მეწარმეები, მათ შორის:

ყველა მეწარმე, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას – ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავლების 2,0% ოდენობით;

კომერციული საბანკო დაწესებულებები – გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5% ოდენობით;

მეწარმენი, რომლებიც ეწევიან სავაჭრო და საშუამავლო საქმიანობას – საქონელბრუნვის 0,1% ოდენობით;

მეწარმენი, რომლებიც ეწევიან სხვა საქმიანობას, გარდა ზემოაღნიშნული პუნქტებით განსაზღვრულისა – წარმოებული პროდუქციის შესრულებული სამუშაოების და გაწეული მომსახურების მოცულობის 1,0% ოდენობით.

2. მეწარმენი, რომელთა სამრეწველო, სავაჭრო, ფასიანი მომსახურებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები განლაგებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში /დასახლებულ პუნქტებში გზის ღერძიდან 50 მეტრის, ხოლო დაუსახლებელ მონაკვეთებზე – 100 მეტრის მანძილზე/ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან ამ კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით /მხოლოდ ამ ობიექტების მიერ გამოშვებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების მოცულობიდან/.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი მეწარმისათვის დაბეგვრის ობიექტი მცირდება საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებით.

    მუხლი 5. გადასახადი საწვავ – საპოხი მასალების რეალიზაციისათვის

1. საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 5%–ის ოდენობით.

2. საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტებია:

– ამ მასალის მწარმოებელი საწარმოებისათვის – რეალიზებული პროდუქციის ღირებულება აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე;

– სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის – ამ მასალების რეალიზაციით მიღებულ თანხებსა და მათ შესაძენად გაღებულ თანხებს შორის სხვაობა /ორივე შემთხვევაში აქციზებისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე/.

    მუხლი 6. გადასახადი სატრანსპორტო საშუალებათა ფლობისათვის

1. იურიდიულ და ფიზიკურ პირთა /მათ შორის უცხოელების/ წლიური გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების/ მათ შორის სპეციალური მანქანების/ ფლობისათვის განისაზღვრება ძრავის სიმძლავრის მიხედვით თითოეულ ცხენის ძალაზე: მსუბუქ ავტომანქანებზე – 0,2 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით, ავტობუსებზე – 12 ადგილამდე ტევადობისა – 0,5 აშშ დოლარის, 13-დან 30 ადგილამდე ტევადობისა – 1,0 აშშ დოლარის, 30 ადგილზე მეტი ტევადობისა – 2,0 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით; სატვირთო ავტომობილებზე –10 ტონამდე ტვირთამწეობისა – 1,0 აშშ დოლარის, 11-დან 20 ტონამდე ტვირამწეობისა –1,5 აშშ დოლარის, 21-დან 40 ტონამდე ტვირთამწეობისა –2,0 აშშ დოლარის, 40 ტონამდე მეტი ტვირთამწეობის – 3,0 აშშ დოლარის ექვივალენტური ვალუტის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალებების ფლობისათვის გადასახადისაგან თავისუფლდებიან:

ხელით სამართავი ავტომობილებისა და მოტოეტლების მფლობელები;

 ქალაქებში მომუშავე სამგზავრო ავტობუსების მფლობელები.

3. გადასახადის გადახდა ხდება სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციამდე, მფლობელის შეცვლისას-ხელახლად რეგისტრაციამდე, ხოლო შემდგომში ყოველწლიურად-ტექნიკურ დათვალიერებამდე.

4. რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ტექნიკური დათვალიერება გადასახადის გადახდის შესახებ ქვითრის ან საგადამხდელო დავალების წარუდგენლად დაუშვებელია.

მუხლი 7. გადასახადი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტომანქანების შემოსვლისათვის სატრანზიტო მოძრაობისათვის

გადასახადს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტომანქანების შემოსვლისათვის იხდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების /მათ შორის სპეციალური მანქანების/ მფლობელები, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებიც დატვირთულია ან დაიტვირთებიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებწი გადასატანი უცხო ქვეყნების ტვირთით, შემდეგი ოდენობით: მსუბუქ ავტომანქანებზე-20 აშშ დოლარს, ავტობუსებზე –12 ადგილამდე ტევადობისა – 40 აშშ დოლარს, 13-დან 30 ადგილამდე ტევადობისა-80 აშშ დოლარს, 30 ადგილზე მეტი ტევადობისა-130 აშშ დოლარს; სატვირთო ავტომანქანებზე–10 ტონამდე ტვირთამწეობისა–130 აშშ დოლარს, 11-დან 20 ტონამდე ტვირთამწეობისა–160 აშშ დოლარს, 21-დან 40 ტონამდე ტვირთამწეობისა –220 აშშ დოლარს, 40 ტონაზე მეტი ტვირთამწეობისა300 აშშ დოლარს.

აღნიშნული საგზაო გადასახადის გადახდა ხდება როგორც აშშ დოლარებით, ან სხვა კონვერტირებადი ვალუტით, ისე ეროვნული ვალუტით შესაბამისი კურსით.

ეს პუნქტი გამოიყენება უცვლელად იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ითვალისწინებს ამ ხელშეკრულების პირობებს.

მუხლი 8. გადასახადი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში მიწისქვეშა კომუნიკაცების ექსპლოატაციისათვის და სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის

1. გადასახადს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიწის ვაკისის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების /კავშირგაბმულობის, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სხვა/ ექსპლოატაციისათვის გადაიხდიან ამ ამ კომუნიკაციების მფლობელის 1 გრძივ მეტრ მიწისქვეშა კომუნიკაციაზე 0,1 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით.

2. გადასახადს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდებარე ზოლში სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების განთავსებისათვის აღნიშნული სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების მფლობელები გადაიხდიან:

1) მაგისტრალური მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების თითოეული კვ.მ. ფართობზე 20 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით;

2) რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების თითოეულ კვ. მ. ფართობზე 15 აშშ დოლარის ექვივალენტური ვალუტის ოდენობით.

3) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – სარეკლამო სტენდებისა და ფირნიშების თითოეული კვ.მ. ფართობზე 5 აშშ დოლარის ექვივალენტური ეროვნული ვალუტის ოდენობით.

    მუხლი 9. გადასახადების ამოღება და აღრიცხვა

1. საგზაო ფონდში სახსრების ამოღებას, შემოსავლის აღრიცხვასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგზაო დარგის მართვის ორგანო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგზაო დარგის მართვის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით.

2. გადასახადების თანხას საწარმოები, გაერთიანებები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეიტანენ პროდუქციის წარმოების /შესრულებული სამუშაოების, გაწეული მომსახურების/ დანახარჯებში.

3. საგზაო ფონდში შემოსული სახსრების ჩარიცხვა და გამოყენება ექვემდებარება დადგენილ სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვას.

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა გადასახადის გადაუხდელობისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობისათვის განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონებით: „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონმდებლობით.

2. გადასახადების დანაკლისები და ჯარიმების თანხები ირიცხება საგზაო ფონდში დარღვევის აღმომჩენი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების გამოკლებით.

    მუხლი 11. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა

საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობისათვის განსაზღვრულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე – სახელმწიფოს

მეთაური ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 2 სექტემბერი.

№802 – რს