„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.100.000.05.001.001.421
  • Word
3179
31/12/2003
სსმ, 33, 31/12/2003
310.100.000.05.001.001.421
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31–33, 1995, მუხ. 683) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საგზაო ფონდის შექმნის წყაროები

საქართველოს საგზაო ფონდის მიზნობრივი არასაბიუჯეტო სახსრების შექმნის წყაროებია:

ა) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადი;

დ) სესხებიდან, გამართული ლატარიებიდან, აქციების გაყიდვიდან და საჯარიმო სანქციებიდან, მათ შორის, საქართველოს ბიუჯეტის ასიგნებიდან საგზაო ორგანიზაციების ამონაგები.

    მუხლი 4. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმეები.

2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის დაბეგვრის ობიექტია გადასახადის გადამხდელის შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია განხორციელებული საქმიანობის მიხედვით და შეადგენს:

ა) მეწარმისთვის, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას, – ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავლის 2,0%-ს;

ბ) კომერციული საბანკო დაწესებულებისათვის – გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 0,5%-ს;

გ) საწვავ-საპოხი მასალების მწარმოებლისათვის და ამ მასალის სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის – ამ მასალების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლის 0,5%-ს;

დ) მეწარმისთვის, რომელიც ეწევა სავაჭრო და საშუამავლო საქმიანობას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობისა), – ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 0,1%-ს;

ე) მეწარმისათვის, რომელიც ეწევა სხვა საქმიანობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობისა, – მიღებული შემოსავლის 1%-ს.

4. მეწარმეები, რომელთა სამრეწველო, სავაჭრო, ფასიანი მომსახურებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები განლაგებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში (დასახლებულ პუნქტებში გზის ღერძიდან 50 მეტრის, ხოლო დაუსახლებელ მონაკვეთებზე 100 მეტრის მანძილზე) და რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა და მძღოლთა მომსახურებას, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით.

5. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადით არ იბეგრება:

ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII2 და XIII1 კარებით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელების მიერ მიღებული შემოსავალი;

გ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

6. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარადგინოს დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

     7. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდა ხდება დეკლარაციის წარდგენის თარიღისათვის.

     8. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი.

9. ბაზრის ორგანიზატორი ფიზიკური და იურიდიული პირები იბეგრებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.“.

2. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. გადასახადების ადმინისტრირება

1. ამ კანონით დადგენილი გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით დადგენილი გადასახადების ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, რომელთა სტატუსი, სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV კარით.

    მუხლი 10. პასუხისმგებლობა ვადაგასულ საგადასახადო გადასახდელებზე, დეკლარაციისა და ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისათვის და გადასახადების შემცირებისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი გადასახადების ვადაგასულ საგადასახადო გადასახდელებზე, დეკლარაციისა და ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენისათვის და გადასახადების შემცირებისათვის განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე თავით.

2. ამ კანონით დადგენილ გადასახადებზე დაკისრებული საურავებისა და ჯარიმების თანხები ირიცხება საგზაო ფონდში.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

     „მუხლი 12. გარდამავალი დებულებ

ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-9 და მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2004 წლის 1 მარტიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 31 დეკემბერი.

№3179–რს