საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018771
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/07/2015 - 26/12/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2015 წლის 30 ივლისი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  დებულება თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულება

 


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამსახურსა და მის დანაყოფებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვა), რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქ. №4.

 

მუხლი 2

1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე  საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

3. სამსახური ეფუძნება ერთიანობისა და ცენტრალიზაციის პრინციპს. სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოები.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები

 

მუხლი 3

1. სამსახურის საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;

ბ) სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) ტერორიზმთან  ბრძოლა;

ე) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; 

ვ) კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება და მათი შესრულების კონტროლი;

თ) ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.

 

თავი III. სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები

 

მუხლი 4

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ნიშნავს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.   

2. სამსახურის უფროსი:

ა) აწესრიგებს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ)  გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;   

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს;

ზ) სამსახურისადმი გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე;

ი) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

კ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ლ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში; 

მ) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ნ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს;

ო) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის  სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

პ) ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ჟ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

რ) ამტკიცებს:

რ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს;

რ.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;

რ.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესს;

რ.დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს;

რ.ე) წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს;

რ.ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს;

რ.ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელსა და ატრიბუტიკას;

რ.თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის,  მედალიონისა და მედლის ნიმუშებსა და დაჯილდოების წესს;

რ.ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს; 

რ.კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას;

რ.ლ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

რ.მ) სამსახურის, აგრეთვე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო-განრიგს, ამ დებულების შესაბამისად;

ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 5

1. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.

2. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

3. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნისთანავე.

5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნისას.

 

თავი IV. სამსახურის სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების

კომპეტენცია

 

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი);

გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

დ) კადრების მთავარი სამმართველო;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

თ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ი) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი);

კ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);

ლ) ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტი;

მ) სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი;

ნ) ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველო.

 

მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებია:

ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის  ინფორმაციის მიწოდება; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამსახურის დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამსახურის სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება; სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია; სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება; ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამსახურის სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავება;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: სამსახურის სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადმოცემულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება; სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამსახურის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამსახურის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; სამსახურის ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა; საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

დ) კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამსახურის მოსამსახურეთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამსახურში საკადრო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სააღრიცხვო-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამსახურის დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;  კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი საქმიანობისა და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ანალიზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და განხორციელება;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკური და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა – დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება, სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული და საგამოძიებო დანაყოფების საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა, სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეციალური სამსახურების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, მათი შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის აღნიშნული რეჟიმის პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის  სათანადო კონსულტაციის გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან  ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემების შექმნა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში  უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლის/მონიტორინგის განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, მათთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან, მათი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულებების გაფორმება; სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;

თ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლისსამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და აღნიშნული რეჟიმის პროექტის სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის სათანადო კონსულტაციის გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან  ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემების შექმნა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლის/მონიტორინგის განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, მათთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან მათი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულებების გაფორმება; სათანადო ინფორმაციის საფუძველზე დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;

ი) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;

კ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;

ლ) ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება;

მ) სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ოპერატიული ღონისძიებების საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა  და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;

ნ) ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სამსახურის ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა  და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.