„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.019864
155
29/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
130000000.10.003.019864
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2017 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური ეფუძნება ერთიანობისა და ცენტრალიზაციის პრინციპს. სამსახური წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომლის შემადგენლობაშია სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წყვეტს სამსახურის მოსამსახურეების, აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისთვის სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს, წერილობით ითანხმებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე, ასევე იყენებს პირთა მიმართ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს;“;

დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსისა და სამსახურის სისტემაში სხვა მოსამსახურეთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის  სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „რ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ.ლ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს, ასევე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ძირითად სტრუქტურასა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციებს;“;

ზ) „რ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ.მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის, აგრეთვე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს, კანონმდებლობის  შესაბამისად;“;

თ) „რ.მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ.ნ“, „რ.ო“ და „რ.პ“ ქვეპუნქტები:

„რ.ნ) სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელ დამატებით ღონისძიებებს;

რ.ო) სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმებს;

რ.პ) სამსახურში ზოგიერთი სამართლებრივი აქტის/მითითების მომზადებისა და გამოცემის პროცედურებს;“.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას, სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნისას.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველო.“.

5. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირია საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის  ინფორმაციის მიწოდება; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია; სამსახურის სისტემის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე ორგანიზაციებისაგან შესული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამსახურის დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამსახურის სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურში შესული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება; სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია; სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება; ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამსახურის სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: სამსახურის სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადაცემულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება; სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამსახურის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სააღრიცხვო-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამსახურის დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;  კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი საქმიანობისა და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საარქივო საქმიანობა, მათ შორის,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი საარქივო დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფა; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ანალიზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და განხორციელება;“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული აქტიური ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება;“;

ვ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების უფლებამოსილ მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის მიღება, მათ მიერ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების აუცილებლობის თაობაზე, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
1. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

2. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

3. შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა განახორციელონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქ. თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორის გაუქმებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი