დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.025189 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების“:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №72.“. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახური ეფუძნება ერთიანობისა და ცენტრალიზაციის პრინციპს. სამსახური წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომლის შემადგენლობაშია სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების უფროსსა და მის მოადგილეებს, ითანხმებს ამავე დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) წყვეტს სამსახურის მოსამსახურეების, აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისთვის სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს, წერილობით ითანხმებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა სპეციალური დანამატის დაწესებისა და პრემირების საკითხებს;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამსახურის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის, აგრეთვე სამსახურის სისტემაში სხვა მოსამსახურეთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;“; დ) „რ.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ.ლ1“ ქვეპუნქტი: „რ.ლ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში − დაზვერვის სააგენტო) და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა რიცხოვნობას;“. 4. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 61 1. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის დაზვერვის სააგენტო. 2. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.“. 5. მე-7 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაცია; სამსახურის სისტემის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამსახურის დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე დაწესებულებებიდან თუ ორგანიზაციებიდან შესული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება; სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია; სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება; ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა. შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამსახურის სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; საარქივო საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი საარქივო დოკუმენტის შენახვის უზრუნველყოფა;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: სამსახურის სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოსაძიებლად გადაცემულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება; სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება; სამსახურის სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარება და სამსახურის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები