სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470.120.010.05.001.000.102
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
687
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
470.120.010.05.001.000.102
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/03/2021 - 15/12/2022)

საქართველოს კანონი

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

კანონის მიზანია სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სამედიცინო ღონისძიებების მეშვეობით საქართველოში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების უზრუნველყოფა და დონორის უფლებების დაცვა.

 

თავი I. ზოგადი დებულებები

     მუხლი 1. დონორობის პრინციპები

1. საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობა. დონორობა შეუძლია საქართველოს ყველა ქმედითუნარიან მოქალაქეს 18-დან 65 წლამდე, რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებები.

2. მოქალაქეს სისხლის ჩაბარება შეუძლია როგორც ქველმოქმედების წესით (უგასამრჯელოდ), ასევე ნათესავებისათვის, ფულადი ანაზღაურებით (კადრის დონორი), დაზღვევის, საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, № 33 , 12.11. 2004 წ., მუხ.155

   მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იქმნება საკოორდინაციო სამსახური, რომელიც უხელმძღვანელებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას.

2. საკოორდინაციო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №675 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31.05.1997წ., გვ.13 
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, № 28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1244 – ვებგვერდი, 08.10.2013 წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

    მუხლი 3. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციისა და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსება

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციის და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსებას, სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე სამკურნალო დაწესებულებების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის საჭირო დაფინანსებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

2. დაფინანსება ხორციელდება აგრეთვე საქველმოქმედო შენატანების ხარჯზე.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.155
 

მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7028-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

    მუხლი 5. სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციათა ვალდებულებები დონორობის ორგანიზაციაში

1. სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად):

ა) აქტიურად მონაწილეობენ დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში;

ბ) უფლება აქვთ გამოყონ ასიგნებანი დონორობის განვითარებისათვის.

2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან:

ა) წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო შრომის ანაზღაურება და სხვა მატერიალური წახალისება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან 1 წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო შრომის ანაზღაურებით ძირითად სამუშაო ადგილზე;

ბ) თუ დონორმა სისხლი შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს გაიღო, მას მისცენ სხვა დასვენების დღე, ხოლო თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა შრომის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით;

გ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად.

3. დონორობის საკითხებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობისა და სისხლის გაღების უვნებლობის შესახებ.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №675 - პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31.05.1997წ., გვ.13
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4306-სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.414
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №363 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 6. წითელი ჯვრის საზოგადოების როლი დონორობის განვითარებაში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განყოფილებები და ორგანიზაციები საკუთარი და შესაბამისი საერთაშორისო წესდებებისა და დებულებების თანახმად, ვალდებული არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ უგასამრჯელო დონორობის განვითარებაში.

    მუხლი 7. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მონაწილეობა დონორობის ორგანიზებაში

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მონაწილეობენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზებაში, დაფინანსებაში, პროპაგანდას უწევენ მოსახლეობაში უგასამრჯელო დონორობას.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, №33, 12.11.2004წ., მუხ.155

თავი II. დონორის უფლებები, მოვალეობები და შეღავათები

    მუხლი 8. დონორის უფლებები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორობის უფლებრივ გარანტიებს და მისი ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე აწესებს შეღავათებს.

2. დონორი აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული დონორის ფუნქციის შესრულების შედეგად ინფექციური სნეულებით დაავადების ან მისი ჯანმრთელობის შელახვის შემთხვევებისაგან. დაზღვევა უნდა მოხდეს სისხლის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯზე. დაზღვევის სახსრები უნდა შედიოდეს სისხლის თვითღირებულებაში.

3. დონორის ხელშეუვალი უფლებაა დონორობის აქტის ნებაყოფლობა.

4. დონორს უფლება აქვს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ნებისმიერ დღეს წავიდეს სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოსაკვლევად და სისხლის ჩასაბარებლად.

5. დონორს უფლება აქვს სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამატებითი დასვენების დღე და გამოიყენოს იგი სისხლის გაღების მეორე დღეს. მას შეუძლია ეს დღე დაუმატოს მორიგ შვებულებას ან ისარგებლოს ამ დღით სხვა დროს სისხლის გაღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

6. სამხედრო მოსამსახურე დონორი სისხლისა და მისი კომპონენტების გაღების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობის და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისაგან.

    მუხლი 9. დონორის მოვალეობანი

1. დონორი მოვალეა სამედიცინო შემოწმების დროს შეატყობინოს მედიცინის მუშაკებს მისთვის ცნობილი ყველა გადატანილი დაავადება, აგრეთე მის მიერ ნარკოტიკული და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების ფაქტები.

2. მოქალაქე, რომელიც თავისი დაავადებების შესახებ ცნობებს განზრახ დამალავს ან დაამახინჯებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. დონორობისათვის გათვალისწინებული შეღავათები და დონორობის სტიმულირების ღონისძიებები

1. ჩაბარებული სისხლის ან სისხლის პლაზმის საერთო მოცულობის მიხედვით უგასამრჯელო დონორობის სტიმულირების მიზნით მათი დაყოფა ხდება შემდეგ ჯგუფებად:

ა) მესამე კატეგორიის დონორები, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ აქვთ ჩაბარებული სისხლი ან პლაზმა და განაგრძობენ დონორობას სისხლის ჩაბარებით წელიწადში ერთხელ მაინც;

ბ) მეორე კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 3-დან 5 ლიტრამდე სისხლი ან 10-დან 15 ლიტრამდე პლაზმა;

გ) პირველი კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 10-დან 20 ლიტრამდე სისხლი ან 15-დან 20 ლიტრამდე პლაზმა;

დ) დამსახურებული დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 20 ლიტრზე მეტი სისხლი ან 30 ლიტრზე მეტი პლაზმა.

2. თითოეული ჯგუფის დონორს სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“.

3. იმუნიზებული დონორები ან დონორები, რომლებიც ქველმოქმედების წესით უანგაროდ ჩააბარებენ სისხლს ან პლაზმას იმ მოცულობით, რომ წარმოადგენენ ამ კანონის სუბიექტს, მიეკუთვნებიან ერთი საფეხურით უფრო მაღალ კატეგორიას. 

4. მესამე კატეგორიის დონორის მოწმობებს გასცემენ სისხლის გადასხმის დაწესებულებები.

5. მეორე კატეგორიის დონორისა და პირველი კატეგორიის დონორის წოდებებს ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე.

6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

7. აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ დონორებზეც, რომელთაც სისხლი ან პლაზმა ჩაბარებული აქვთ ამ კანონის მიღებამდე.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №675 - პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31.05.1997წ., გვ.13
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, №33, 12.11.2004წ., მუხ.155
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1244 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
 

თავი III. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია

    მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების როლი დონორობისა და სისხლის გადასხმის დაწესებულებების ორგანიზებაში

1. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ტრანსფიზიოლოგიური სამსახურის სწორი ორგანიზაცია, განსაზღვრონ მედიცინის მოთხოვნილება სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე, ყველაფერი იღონონ დონორთა რიგების, მათ შორის ნათესავ დონორთა რიგების გასაზრდელად; აქტიურად წარმართონ დონორობის პროპაგანდა.

2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები უზრუნველყოფენ დონორების ჯანმრთელობის დაცვას. ამ მიზნით ახორციელებენ ღონისძიებათა კომპლექსს (დონორთა შერჩევა, სისხლის აღების სანიტარი ულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ქალაქებში დონორობის ერთიანი ცენტრების ორგანიზაცია, სამედიცინო პერსონალის სათანადო მომზადება), რომელთა მიზანია დონორობის უვნებლობა, დონორობის ფუნქციის შესრულების დროს გართულებებისა და ინფექციური სენით დაავადების შესაძლებლობათა თავიდან აცილება.

3. დამატებითი დასვენების დღის და სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გატარებული დღის ფულადი ანაზღაურების მისაღებად სისხლის გადასხმის დაწესებულებებს ევალებათ დონორებს მისცენ სათანადო ცნობები სამსახურში წარსადგენად.

4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.155
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 12. დონორის სამედიცინო შემოწმების წესი

1. დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისაგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. უცხოეთის მოქალაქენი, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს გაიღონ სისხლი ან მისი კომპონენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას დადგენილი წესით და სარგებლობენ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და გარანტიებით.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი

სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება სახელმწიფო სამედიცინო ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47 (54), 26.11.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, № 28 , 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, №33, 12.11. 2004 წ., მუხ.155
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

    მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების დამზადების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის.

 

თავი III 1 გარდამავალი დებულებები

    მუხლი  141. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები

2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ/გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

 ა) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცვლელებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501 - სსმ I, №33 , 12.11.2004 წ., მუხ.155
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4306 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.414 
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1244 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

   მუხლი  15. საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესი

საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №675 - პარლამენტის უწყებანი , №21-22, 31.05.1997წ., გვ .13
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88  
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1244 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 16. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია ექსტრემალური სიტუაციის დროს

1. სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ ადგილებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზება ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობით.

2. ამ შემთხვევაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაციის ყველა დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №675 - პარლამენტის უწყებანი , №21-22, 31.05.1997წ., გვ.13
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3112 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7028-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

    მუხლი 17. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოქმედება

1. დონორობის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო და საწარმოო თანამშრომლობა მიჩნეულია პრიორიტეტულ მიმართულებად.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 21 მარტი.

№687

12. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3849-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 11. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2387-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 10. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 363-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 9. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7028-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 8. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3112-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 7. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1833-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 6. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1244-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4306 - სსმ, 51, 31/12/2006 4. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 501 - სსმ, 33, 12/11/2004 3. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 30/04/1997 - საქართველოს კანონი - 675 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997