სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

  • Word
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 470.120.010.05.001.000.102
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
687
21/03/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 21/03/1995
470.120.010.05.001.000.102
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/03/1995 - 30/04/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

კანონის მიზანია სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სამედიცინო ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს რესპუბლიკაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების უზრუნველყოფა და დონორის უფლებების დაცვა.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. დონორობის პრინციპები

საქართველოს რესპუბლიკაში დონორობის ძირითადი პრინციპებია ნებაყოფლობა. დონორობა შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს 18-დან 60 წლამდე, რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებანი.

მოქალაქეს სისხლის ჩაბარება შეუძლია როგორც ქველმოქმედების წესით (უგასამრჯელოდ), ასევე ნათესავებისათვის, ფულადი ანაზღაურებით (კადრის დონორი), დაზღვევის, საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.

    მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან იქმნება საკოორდინაციო სამსახური, რომელიც უხელმძღვანელებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას.

2. საკოორდინაციო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

    მუხლი 3. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციისა და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსება

სახელმწიფო უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციას, დონორობის პროპაგანდის ღონისძიებების, კადრის დონორთა საკომპენსაციო თანხების, სისხლის გაღების დღეს დონორის კვების ღირებულების, სისხლისა და მისი პრეპარატების სამკურნალო დაწესებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებას. ასტიმულირებს არასახელმწიფოებრივი სტრუქტურების მიერ სისხლისა და მისი პრეპარატების დამზადებას კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით. დაფინანსება ხორციელდება აგრეთვე საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების საქველმოქმედო შენატანების ხარჯზე.

    მუხლი 4. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ვალდებულებები დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში

მმართველობის ადგილობრივი ორგანოები პასუხისმგებელი არიან თავიანთ ტერიტორიაზე დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის.

    მუხლი 5. სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციათა ვალდებულებები დონორობის ორგანიზაციაში

სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად):

აქტიურად მონაწილეობენ დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში;

უფლება აქვთ გამოყონ ასიგნებანი დონორობის განვითარებისათვის.

საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები (მიუხედავად საკუთრების ფორმისა), საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან, წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებებში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო ხელფასი, პრემია და სხვა მატერიალური წახალისება სოციალური დაზღვევის ფონდიდან, ხოლო სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილის მიხედვით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოიყენოს სხვა დროს სისხლის გაღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო ხელფასით ძირითად სამუშაო ადგილზე;

თუ დონორმა სისხლი გაიღო შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს, მას მისცენ დასვენების სხვა დღე. თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა ორმაგი ხელფასით;

უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად;

დონორობის საკითხებში მოსწავლეთა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო ვალდებულია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობასა და სისხლის გაღების უვნებლობაზე.

    მუხლი 6. წითელი ჯვრის საზოგადოების როლი დონორობის განვითარებაში

საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოების განყოფილებები და ორგანიზაციები საკუთარი და შესაბამისი საერთაშორისო წესდებებისა და დებულებების თანახმად, ვალდებული არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ უგასამრჯელო დონორობის განვითარებაში.

    მუხლი 7. დონორთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მონაწილეობა დონორობის ორგანიზაციაში

დონორთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომელთა წესდებაში გათვალისწინებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის ზრუნვა, მონაწილეობენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაციაში და მის დაფინანსებაში, პროპაგანდას უწევენ მოსახლეობაში უგასამრჯელო დონორობას.

თავი II

დონორის უფლებები, მოვალეობები და შეღავათები

    მუხლი 8. დონორის უფლებები

სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორობ ის უფლებრივ გარანტიებს და მისი ჯანმრთელობის დაცვ ს, აგრეთვე აწესებს შეღავათებს.

დონორი აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული დონორის ფუნქციის შესრულების შედეგად ინფექციური სნეულებით დაავადების ან მისი ჯანმრთელობის შელახვის შემთხვევებისაგან. დაზღვევა უნდა მოხდეს სისხლის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯზე. დაზღვევის სახსრები უნდა შედიოდეს სისხლის თვითღირებულებაში.

დონორის ხელშეუვალი უფლებაა დონორობის აქტის ნებაყოფლობა.

დონორს უფლება აქვს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ნებისმიერ დღეს წავიდეს სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოსაკვლევად და სისხლის ჩასაბარებლად.

დონორს უფლება აქვს სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამატებითი დასვენების დღე და გამოიყენოს იგი სისხლის გაღების მეორე დღეს. მას შეუძლია ეს დღე დაუმატოს მორიგ შვებულებას ან ისარგებლოს ამ დღით სხვა დროს სისხლის გაღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

სამხედრო მოსამსახურე დონორი სისხლისა და მისი კომპონენტებ ის გაღების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობის და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისაგან.

    მუხლი 9. დონორის მოვალეობანი

დონორი მოვალეა სამედიცინო შემოწმების დროს შეატყობინოს მედიცინის მუშაკებს მისთვის ცნობილი ყველა გადატანილი დაავადება, აგრეთე მის მიერ ნარკოტიკული და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების ფაქტები.  

მოქალაქე, რომელიც თავისი დაავადებების შესახებ ცნობებს განზრახ დამალავს ან დაამახინჯებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. დონორობისათვის გათვალისწინებული შეღავათები და დონორობის სტიმულირების ღონისძიებები

ჩაბარებული სისხლის ან სისხლის პლაზმის საერთო მოცულობის მიხედვით დონორების სტიმულირების მიზნით მათი დაყოფა ხდება შემდეგ ჯგუფებად:

მესამე კატეგორიის დონორები, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ აქვთ ჩაბარებული სისხლი ან პლაზმა, განაგრძობენ დონორობის ფუნქციას სისხლის ჩაბარებით წელიწადში ერთხელ მაინც;

მეორე კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვს 10-დან 20 ლიტრამდე სისხლი ან 15-დან 30 ლიტრამდე პლაზმა;

პირველი კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 20-დან 30 ლიტრამდე სისხლი ან 30-დან 45 ლიტრამდე პლაზმა;

დამსახურებული დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 30 ლიტრზე მეტი სისხლი ან 45 ლიტრზე მეტი პლაზმა.

თითოეული ჯგუფის დონორს სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დებულებით „რესპუბლიკაში დონორ ბის სტიმულირების ღონისძიებების შესახებ .

იმუნიზებული დონორები ან დონორები, რომლებიც ქველმოქმედების წესით უანგაროდ ჩააბარებენ სისხლს ან პლაზმას იმ მოცულობით, რომ წარმოადგენენ ამ კანონის სუბიექტს, მიეკუთვნებიან ერთი საფეხურით უფრო მაღალ კატეგორიას.

მესამე კატეგორიის დონორის მოწმობებს გასცემენ სისხლის გადასხმის დაწესებულებები.

მეორე და პირველი კატეგორიის დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე.

დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარდგინებით.

აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ დონორებზე , რომელთაც სისხლი ან პლაზმა ჩაბარებული აქვთ ამ კანონის მიღებამდე.

თავი III

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორ ბის ორგანიზაცია

    მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების როლი დონორობის განვითარებაში

ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ტრანსფიზიოლოგიური სამსახურის სწორი ორგანიზაცია, განსაზღვრონ მედიცინის მოთხოვნილება სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე, ყველაფერი იღონონ დონორთა რიგების, მათ შორის ნათესავ დონორთა რიგების გასაზრდელად; აქტიურად წარმართონ დონორობის პროპაგანდა.

ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები უზრუნველყოფენ დონორების ჯანმრთელობის დაცვას. ამ მიზნით ახორციელებენ ღონისძიებათა კომპლექსს (დონორთა შერჩევა, სისხლის აღების სანიტარ ულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ქალაქებში დონორობის ერთიანი ცენტრების ორგანიზაცია, სამედიცინო პერსონალის სათანადო მომზადება), რომელთა მიზანია დონორობის უვნებლობა, დონორობის ფუნქციის შესრულების დროს გართულებებისა და ინფექციური სენით დაავადები შესაძლებლობათა თავიდან აცილება.

დამატებითი დასვენების დღის და სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გატარებული დღის ფულადი ანაზღაურების მისაღებად სისხლის გადასხმის დაწესებულებებს ევალებათ დონორებს მისცენ სათანადო ცნობები სამსახურში წარსადგენად.

    მუხლი 12. დონორის სამედიცინო შემოწმების წესი

დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

უცხოეთის მოქალაქენი, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს გაიღონ სისხლი ან მისი კომპონენტები საქართველოს რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას დადგენილი წესით და სარგებლობენ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და გარანტიებით.

    მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი

სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკები და თანამდებობის პირები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების დამზადების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 15. დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ მათი გატანის წესი

საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული დონორობის საკოორდინაციო სამსახურისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ერთობლივი წარდგინებით.

    მუხლი 16. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია ექსტრემალური სიტუაციის დროს

სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ ადგილებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობით.

ამ შემთხვევაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორ ბის ორგანიზაციის ყველა დაფინანსება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სარეზერვო ფონდიდან, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სარეზერვო ფონდებიდან.

    მუხლი 17. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოქმედება

დონორობის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო და საწარმოო თანამშრომლობა მიჩნეულია პრიორიტეტულ მიმართულებად.

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 21 მარტი.

№687

13. 13/12/2024 - საქართველოს კანონი - 135-Iმს-XIმპ - ვებგვერდი, 29/12/2024 12. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3849-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 11. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2387-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 10. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 363-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 9. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7028-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 8. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3112-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 7. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1833-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 6. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1244-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4306 - სსმ, 51, 31/12/2006 4. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 501 - სსმ, 33, 12/11/2004 3. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 30/04/1997 - საქართველოს კანონი - 675 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997