დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 501 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 12/11/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.120.010.05.001.001.583 |
საქართველოს კანონი
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26 (640–643), 1994-1995 წწ, მუხ. 561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობა. დონორობა შეუძლია საქართველოს ყველა ქმედითუნარიან მოქალაქეს 18-დან 65 წლამდე, რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებები.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციისა და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსება
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციის და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსებას, სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე სამკურნალო დაწესებულებების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის საჭირო დაფინანსებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
2. დაფინანსება ხორციელდება აგრეთვე საქველმოქმედო შენატანების ხარჯზე.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მონაწილეობა დონორობის ორგანიზებაში
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მონაწილეობენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზებაში, დაფინანსებაში, პროპაგანდას უწევენ მოსახლეობაში უგასამრჯელო დონორობას.“.
4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჩაბარებული სისხლის ან სისხლის პლაზმის საერთო მოცულობის მიხედვით უგასამრჯელო დონორობის სტიმულირების მიზნით მათი დაყოფა ხდება შემდეგ ჯგუფებად:
ა) მესამე კატეგორიის დონორები, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ აქვთ ჩაბარებული სისხლი ან პლაზმა და განაგრძობენ დონორობას სისხლის ჩაბარებით წელიწადში ერთხელ მაინც;
ბ) მეორე კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 3-დან 5 ლიტრამდე სისხლი ან 10-დან 15 ლიტრამდე პლაზმა;
გ) პირველი კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 10-დან 20 ლიტრამდე სისხლი ან 15-დან 20 ლიტრამდე პლაზმა;
დ) დამსახურებული დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 20 ლიტრზე მეტი სისხლი ან 30 ლიტრზე მეტი პლაზმა.“.
5. მე-11 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების როლი დონორობისა და სისხლის გადასხმის დაწესებულებების ორგანიზებაში“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“.
6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი
სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება სახელმწიფო სამედიცინო ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1.
გარდამავალი დებულებები
მუხლი 141. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში მიღებულ იქნეს „დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მიღებულ იქნეს:
ა) „სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცველებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება;
ბ) „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი
№501–IIს
დოკუმენტის კომენტარები