დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.120.010.05.001.002.716 |
საქართველოს კანონი
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 561) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან: წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო ხელფასი, პრემია და სხვა მატერიალური წახალისება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო ხელფასით ძირითად სამუშაო ადგილზე:
ა) თუ დონორმა სისხლი გაიღო შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს, მას მისცენ დასვენების სხვა დღე; თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა ორმაგი ხელფასით;
ბ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად.“.
2. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 141. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
2007 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:
ა) დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;
ბ) სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცვლელებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4306–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები