დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016137 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/05/2013 - 10/06/2013)
|
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის პირველი ივლისის №27 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან. |
|
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ადმინისტრაცია. |
2.
ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება. |
3.
თავისი ამოცანების განხორციელებისას ადმინისტრაცია წარმოადგენს სააგენტოს. |
4.
ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე. |
5.
ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა, რომლის დიზაინსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. |
6.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ემბლემა გამოიყენება ტერიტორიული ადმინისტრაციების ბლანკებზე, შენობების შესასვლელების აბრებზე, სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, უნიფორმებზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. |
7.
ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, განისაზღვრება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით. |
მუხლი 2.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები |
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: წყალტუბო, სათაფლია); ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; ვ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის 15); ზ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: მცხეთა, საგურამო); თ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: დაბა მანგლისი, კურორტის ქ. №4); ი) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას ქ. №62); კ) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ფოთი, გურიის ქ. №222); ლ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია (იურიდიული მისამართი: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. 23); მ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა ჩაქვი, ჭავჭავაძის ქ. №13); ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ალვანი.); ო) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ახმეტა ჭავჭავაძის ქ. №105); პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. №197); ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრცია (იურიდიული მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. №5.); რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, ლესელიძის 4); ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, ლესელიძის 4); ტ) ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის 93); უ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ბაღდათი, ვარციხე); ფ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. №5). |
მუხლი 3.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული დაცული ტერიტორიები |
1.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლს; |
გ)
თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს; |
დ)
ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს; |
ე)
ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს; |
ვ)
ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს; |
ზ)
ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს; |
თ)
იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს; |
ი)
საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს; |
კ)
წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს; |
ლ)
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს; |
მ)
ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს. |
2.
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია მართავს ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალს. |
3.
ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალს. |
4.
რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია მართავს რიწის სახელმწიფო ნაკრძალს. |
5.
ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ფსხუს სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალს. |
6.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ყორუღის აღკვეთილს; |
ბ)
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს; |
გ)
იორის აღკვეთილს. |
7.
თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს თბილისის ეროვნულ პარკს. |
8.
ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს ალგეთის ეროვნული პარკს. |
9.
ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს ყაზბეგის ეროვნული პარკს. |
10.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
კოლხეთის ეროვნული პარკს; |
ბ)
კაცობურის აღკვეთილს. |
11.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია მართავს: |
ა)
ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს; |
გ)
ნეძვის აღკვეთილს. |
12.
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს მტირალას ეროვნულ პარკს. |
13.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს
; |
ბ)
თუშეთის ეროვნული პარკს. |
14.
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალს; |
გ)
ილტოს აღკვეთილს. |
15.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
ლაგოდეხის აღკვეთილს. |
16.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
ვაშლოვანის ეროვნულ პარკს; |
გ)
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლს; |
დ)
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლს; |
ე)
არწივის ხეობის ბუნების ძეგლს. |
17.
კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს. |
18.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს; |
ბ)
ქობულეთის აღკვეთილს. |
19.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს: |
ა)
ჯავახეთის ეროვნულ პარკს; |
ბ)
კარწახის ჭაობის აღკვეთილს; |
გ)
სულდის ჭაობის აღკვეთილს; |
დ)
ხანჩალის ტბის აღკვეთილს; |
ე)
ბუღდაშენის ტბის აღკვეთილს; |
ვ)
მადათაფის ტბის აღკვეთილს. |
20.
აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია მართავს აჯამეთის აღკვეთილს. |
21.
გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია მართავს გარდაბნის აღკვეთილს. |
22.
ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია მართავს ჭაჭუნის აღკვეთილს. |
მუხლი 4.
ადმინისტრაციების ფუნქციები |
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა, მოვლა და აღდგენა; ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა; გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობა; ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი; ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება; ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის; თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა; ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება; კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება; ლ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და სააგენტოსთან შეთანხმებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე; მ) სააგენტოსთან შეთანხმებით ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა; ნ) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაშვებულ საქმიანობათა მონიტორინგი, სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგი; ო) ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება. აღნიშნული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების შესაფასებლად სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა; პ) კვარტალში ერთხელ ან სააგენტოს თავმჯდომარის მოთხოვნით ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; რ) ადმინისტრაციის ტერიტორიაზე საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ს) ადმინისტრაციის ტერიტორიის დაცვის რეჟიმის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ტ) დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემის დაცვისა და აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მისი წარდგენა სააგენტოს თავმჯდომარესთან და შეთანხმებული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა; უ) სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების განახორციელება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 5.
ადმინისტრაციის დირექტორი |
1.
ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. |
2.
ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობაზე. |
3.
დირექტორი უფლებამოსილია: |
ა)
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; |
ბ)
იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის, სასამართლოში); |
გ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას; |
დ)
სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; |
ე)
დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით; |
ვ)
წარუდგინოს საგენტოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციაში დასანიშნ პირთა კანდიდატურები; |
ზ)
იშუამდგომლოს სააგენტოს თავმჯდომარესთან ადმინისტრაციის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომების გამოყენების თაობაზე; |
თ)
განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა; |
ი)
განახორციელოს სააგენტოს მიერ ზოგიერთი სახის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების სახეების ჩამონათვალს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე. |
4.
დირექტორი პასუხისმგებელია სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე. |
5.
დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დაცვის განყოფილების უფროსი. |
მუხლი 6.
ადმინისტრაციის სტრუქტურა |
ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დაცვის განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული განყოფილება. |
მუხლი 7.
ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები |
1.
დაცვის განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიაზე კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის განხორციელება; |
ბ)
ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) დაცვა; |
გ)
ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება; ვიზიტორებისთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი იმ ქმედებების აღკვეთა, რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; მათი ნივთების გასინჯვა (დათვალიერება); დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა; |
დ)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა და რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა; |
ე)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტყის დაცვითი ღონისძიებების გატარება; |
ვ)
სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება; |
ზ)
ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუკების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დადამღვა; |
თ)
ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე და ჩადენილ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა; |
ი)
საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; |
კ)
დადგენილი წესის შესაბამისად, წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმიური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება; |
ლ)
დადგენილი წესის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ (1 მაისიდან 1 ივლისამდე) ტყის პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება; |
მ)
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება; |
ნ)
კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; |
ო)
სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; |
პ)
ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა; |
ჟ)
ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა; |
რ)
მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება; |
ს)
ეკოლოგიური განათლების პროგრამების ორგანიზება და განხორციელება; |
ტ)
ბუნების მატიანის შედგენა და სააგენტოში წარდგენა, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია. |
2.
ადმინისტრაციულ განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
ადმინისტრაციის ფუნქციონირების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა; |
ბ)
ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა; |
გ)
შრომითი დისციპლინის კონტროლი, რეკომენდაციების შემუშავება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენის თავიდან ასაცილებლად; |
დ)
უცხოეთის შესაბამისი პროფილის დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და მათთან სათანადო ინფორმაციისა და ლიტერატურის ურთიერთგაცვლა; |
ე)
ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; |
ვ)
ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; |
ზ)
დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა; |
თ)
ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის მუშაობის კოორდინაცია და გაძღოლა; |
ი)
დაცულ ტერიტორიაზე ეკო-ტურიზმისა და რეკრეაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური, მარკეტინგული, საინფორმაციო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; |
კ)
დაცულ ტერიტორიაზე ეკო-ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების ორგანიზება; |
ლ)
სააგენტოს მიერ გადაცემული ქონების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და სასაწყობო მეურნეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართვა; |
მ)
საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, „სალაროს წიგნის“, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების წარმოება; |
ნ)
ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგების და მათთვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-კონტროლი და შემდგომი განაწილება; |
ო)
ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება. |
3.
ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილება) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია განყოფილების საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის დირექტორის წინაშე. |
მუხლი 8.
ადმინისტრაციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო |
1.
დაცული ტერიტორიების მართვაში საუწყებათაშორისო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის იქმნება ცალკეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს მინისტრი. |
2.
საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან. |
3.
საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით ადმინისტრაციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას. |
4.
საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები: |
ა)
გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; |
ბ)
ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; |
გ)
დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით; |
დ)
მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით. |
5.
საბჭოს რეკომენდაციები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება ექვს თვეში ერთხელ. |
6.
გამონაკლის შემთხვევაში საბჭო შეიძლება შეიკრიბოს ადმინისტრაციის ან საბჭოს შემადგენლობის ნახევრის მოთხოვნითაც. |
7.
ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. |
მუხლი 9.
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 10.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი |
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები