პროკურატურის შესახებ

პროკურატურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 27/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.05.001.003.292
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
382
21/10/2008
სსმ, 27, 27/10/2008
110.060.000.05.001.003.292
პროკურატურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (01/05/2015 - 08/07/2015)

საქართველოს კანონი

პროკურატურის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა

1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომ − მთავარი პროკურორი) წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროკურორი – მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;

ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;

გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე, პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე;

დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, და რომელიც არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას;

ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;

ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;

ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.

2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს 20 10 წლის 9 მარტ ის კანონი № 2700 - სსმ I, № 12 , 24 .0 3 .20 10 წ., მუხ. 47

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3550  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 6. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები

პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტაში.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

 

თავი II. პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია

    მუხლი 7. პროკურატურის სისტემა

1. პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.

2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

   მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია

1. ამ კანონის მიზნებისათვის იუსტიციის მინისტრი:

ა) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;

ბ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

გ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

დ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;

ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ზ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

თ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში.

3. იუსტიციის მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

4. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.  

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლ ის კანონი №1 017 - სსმ I, №4, 12 .0 3 .200 9 წ., მუხ. 17

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

     მუხლი 9. მთავარი პროკურატურა

1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3. მთავარი პროკურორი:

ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს; 

გ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს;

დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;

ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; 

ზ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;

თ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

ი) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

კ) წყვეტს პროკურატურის მუშაკთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს; 

ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

მ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა შექმნისა და გაუქმების, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის და სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციის დადგენის  თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ნ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;   

ო) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

პ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ჟ) კანონით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

რ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მათ იუსტიციის მინისტრს;

ს) ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიმუშავებს შესაბამის ზომებს;

ტ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას;  

უ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს;

ფ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;

ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები და ქვედანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლ ის კანონი №1 017 - სსმ I, №4, 12 .0 3 .200 9 წ., მუხ. 17

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1267  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

     მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები 

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებსრომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 11. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები 

1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობენ შესაბამისად ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. ქ. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

5. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 12. რაიონული პროკურატურები

1. რაიონულ პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი რაიონული პროკურორები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. რაიონული პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. რაიონულ პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. რაიონულ პროკურატურებს ჰყავთ პროკურორები, კანცელარიის უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სპეციალისტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. რაიონული პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 13. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების ფორმები

1. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს:

ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციის და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას;

ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;

დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან აქტებით შეცვლას;

ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას;

ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.

2. მთავარ პროკურორს უფლება აქვს, დააწესოს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.

3. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებული არიან, შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

თავი III. პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები

    მუხლი 14. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

მუხლი 15. გამოძიება

პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 16. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას

1. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.

3. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.

4. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: მთავარ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს და მის მოადგილეებს და რაიონულ პროკურორებს საკუთარი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე მთავარი პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

     მუხლი 17. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა შესრულება დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში

1. პროკურორს უფლება აქვს:

ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებში შევიდეს ნებისმიერ დროს;

გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები დაკავებული, დაპატიმრებული არიან, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.47

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3550  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 18. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი

1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. პროკურორს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ.

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრებზე, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

     მუხლი 19. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია

1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროულად გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.

2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე

პროკურორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

თავი IV. საპროკურორო აქტები

    მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა

პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, მითითებას, საჩივარს, ინფორმაციას.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 22. მოთხოვნა

1. პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს:

ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;

ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად სპეციალისტების გამოყოფა;

გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.

2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა, ამ ინფორმაციის რეჟიმის მიუხედავად.

3. დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის მიერ ან მისი დავალებით – სპეციალისტის, ექსპერტის ან სხვა პირის მიერ.

4. პროკურორის მოთხოვნით დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მის მიერ მითითებულ ადგილას.

5. პროკურორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.

6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 23. წარდგინება

1. პროკურორს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-14–მე-17 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.

2. წარდგინების განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 24. პროტესტი

1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:

ა) უკანონო აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;

გ) დარღვეული უფლების აღდგენა;

დ) კანონის დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება.

3. პროკურორს პროტესტი უკანონო აქტის გამო შეაქვს მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირის უკანონო ქმედების გაპროტესტება.

4. პროკურორის პროტესტი განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

5. პროტესტის განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას უფლება აქვს, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარი დაუჭიროს პროტესტს.

6. პროტესტი განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს, პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 25. დადგენილება

1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და დადგენილი წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.

2. პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

    მუხლი 26. თანხმობა

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი იძლევა წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებებზე.

მუხლი 27. მითითება

1.პროკურორს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს გამოძიების ორგანოებს.

2.გამოძიების საკითხებზე პროკურორის მითითების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619- სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

    მუხლი 28. საჩივარი 

1. პროკურორს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით:

) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ;

) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ.

2. საჩივარი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 29. ინფორმაცია

პროკურორი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 30. საპროკურორო აქტების გასაჩივრება

1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში.

2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

თავი V. პროკურატურის პერსონალი

    მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დასანიშნ პირებს

1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.

2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და  მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში.

3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.

5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.

6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ შეამციროს 18 თვემდე, რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ − 12 თვემდე.

7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

8. პროკურატურის მრჩევლებს, პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.

10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 311. პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა

1. პროკურატურის სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით მთავარი პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა.

2. პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 32. პროკურატურის მუშაკის ფიცი

1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას  წერილობით დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.“.

2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები

პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხვა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო დათხოვნილი პირი.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3363 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

    მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა

პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ე) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ვ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;

ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას;

თ) შტატების შემცირებისას;

ი) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში;

კ) ფიცის გატეხვისას, პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისას ან პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის ჩადენისას;

ლ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

მ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ნ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ო) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

პ) საპენსიო ასაკის მიღწევისას.

 

თავი VI. პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა

    მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა

1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

3. პროკურატურის მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები.

    მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების ან სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

    მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე

პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა.

4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი.

5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა;

დ) თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.

8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური.

9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.

10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

11. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

13. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელიც უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში.

16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1017 - სსმ I, №4, 12.03.2009 წ., მუხ.17

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

     მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

 

თავი VII. პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა

    მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა

1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.

3. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.

7. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

    მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან.

2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.

    მუხლი 42. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები

1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს დაკავებული თანამდებობისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.

 

თავი VIII. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

    მუხლი 43. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანხმობით.

3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

4. პროკურატურის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.

5. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი IX. პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები

    მუხლი 44. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება

1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

    მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები

1. მთავარ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.

2. მთავარ პროკურორს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე.

4. (ამოღებულია - 30.05.2013, №659).

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 46. სტატისტიკური ანგარიშები

პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესს.

    მუხლი 47. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობები

პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 48. პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა

1. პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.

2. პროკურატურაში შემოსული განცხადება და საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

 

თავი X. კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე

    მუხლი 49. საპარლამენტო კონტროლი

პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება მთავარი პროკურორის ინფორმაციის მოსმენითა და შემდგომი განხილვით, პარლამენტის მოთხოვნით ან მთავარი პროკურორის ინიციატივით. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 6 59 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 50. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, პერიოდულად ისმენს მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2013 წლის  30   მაისის   კანონი № 6 59   – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.   
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1267  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 51. სასამართლო კონტროლი

პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 52. სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის კონტროლი

პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობ ების გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

 

თავი XI . გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 53

1. საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს პროკურატურისათვის.

7. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს პროკურატურისათვის.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის მიზნით.

 

თავი XII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 54. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 54-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები და 54-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 ოქტომბერი.

№382–IIს

19. 30/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3794-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 18. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3396-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 17. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3275-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 16. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2269-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 15. 18/04/2018 - საქართველოს კანონი - 2155-IIს - ვებგვერდი, 01/05/2018 14. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1829-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 13. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 144-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 12. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4383-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 11. 16/10/2015 - საქართველოს კანონი - 4334-Iს - ვებგვერდი, 19/10/2015 10. 18/09/2015 - საქართველოს კანონი - 4300-Iს - ვებგვერდი, 28/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3941-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 8. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3550-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 7. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3363-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 6. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1267-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 659-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 3. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 2. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2700 - სსმ, 12, 24/03/2010 1. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1017 - სსმ, 4, 12/03/2009
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.