პროკურატურის შესახებ

პროკურატურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 27/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.05.001.003.292
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
382
21/10/2008
სსმ, 27, 27/10/2008
110.060.000.05.001.003.292
პროკურატურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/02/2009 - 09/03/2010)

საქართველოს კანონი

პროკურატურის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა

1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;

ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;

გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე, პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე;

დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, და რომელიც არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას;

ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;

ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

    მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:

ა)  ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;

ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.

2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

    მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 6. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები

პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან.

თავი II. პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია

    მუხლი 7. პროკურატურის სისტემა

1. პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.

2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას და საშტატო ერთეულებს დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის მინისტრი

1. ამ კანონის მიზნებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი):

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;

ბ) მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებს;

გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;

დ) ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

ვ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ზ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

თ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;

ი) მთავარი პროკურორის წარდგინებით წყვეტს მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;

კ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

ლ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

მ) ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;

ნ) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

ო) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ასრულებს მთავარი პროკურორი, ხოლო მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე.

3. იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კონფიდენციალურია. მათი შესრულება სავალდებულოა ყველა ქვემდგომი პროკურორისათვის. პროკურატურის მუშაკის მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპის შინაარსის გახმაურება გამოიწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

4. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლ ის კანონი №1 017 - სსმ I,  №4, 12 .0 3 .200 9 წ., მუხ. 17

    მუხლი 9. მთავარი პროკურატურა

1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავარ პროკურორს ჰყავს მოადგილეები. მთავარი პროკურორის მოადგილეებს მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

3. იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.

4. მთავარი პროკურორი:

ა) კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის მინისტრს წარუდგენს მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების კანდიდატურებს;

გ) იუსტიციის მინისტრს მიმართავს მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ;

ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას იუსტიციის მინისტრის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;

თ) სასამართლოში შეაქვს სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით;

ი) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას;

კ) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

მ) განსაზღვრავს თავისი მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს;

ნ) წყვეტს პროკურატურის მუშაკთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

ო) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე;

პ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

ჟ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

რ) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებს;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე.

6. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის მინისტრთან ან სასამართლოში.

7. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები (ქვედანაყოფები), რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლ ის კანონი №1 017 - სსმ I,  №4, 12 .0 3 .200 9 წ., მუხ. 17

    მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომელთაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. იუსტიციის მინისტრის მიერ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე შესაბამის თანამდებობაზე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების პროკურორებს, პროკურორ-კრიმინალისტებს, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, მრჩევლებს და სპეციალისტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონულ პროკურორებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, აგრეთვე პროკურატურის მრჩევლებს და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის.

    მუხლი 11. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები

1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს, შესაბამისად, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი, რომელსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. იუსტიციის მინისტრის მიერ ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე შესაბამის თანამდებობაზე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.

3. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

4. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. ქ. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

6. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

7. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

    მუხლი 12. რაიონული პროკურატურები

1. რაიონულ პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი რაიონული პროკურორები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. რაიონული პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. რაიონულ პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. რაიონულ პროკურატურებს ჰყავთ პროკურორები, კანცელარიის უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სპეციალისტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. რაიონული პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

    მუხლი 13. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების ფორმები

1. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს:

ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციის და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას;

ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;

დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან აქტებით შეცვლას;

ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას;

ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.

2. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, დააწესოს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.

3. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებული არიან, შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.

თავი III. პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები

    მუხლი 14. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას წინასწარი გამოძიების სტადიაზე.

    მუხლი 15. წინასწარი გამოძიება

პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

    მუხლი 16. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას

1. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.

3. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.

4. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს, მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს და მის მოადგილეებს და რაიონულ პროკურორებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის, მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.

    მუხლი 17. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა განხორციელება დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებში

1. პროკურორს უფლება აქვს:

ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებში შევიდეს ნებისმიერ დროს;

გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები დაკავებული, დაპატიმრებული არიან, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 18. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი

1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. პროკურორს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ.

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრებზე, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.

    მუხლი 19. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია

1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროულად გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.

2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე

პროკურორი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.

თავი IV. საპროკურორო აქტები

    მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა

პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, მითითებას, საჩივარს, ინფორმაციას.

    მუხლი 22. მოთხოვნა

1. პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს:

ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;

ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად სპეციალისტების გამოყოფა;

გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.

2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა, ამ ინფორმაციის რეჟიმის მიუხედავად.

3. დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის მიერ ან მისი დავალებით – სპეციალისტის, ექსპერტის ან სხვა პირის მიერ.

4. პროკურორის მოთხოვნით დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მის მიერ მითითებულ ადგილას.

5. პროკურორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.

6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 23. წარდგინება

1. პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-14–მე-17 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.

2. წარდგინების განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება.

    მუხლი 24. პროტესტი

1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.

2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:

ა) უკანონო აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;

გ) დარღვეული უფლების აღდგენა;

დ) კანონის დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება.

3. პროკურორს პროტესტი უკანონო აქტის გამო შეაქვს მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირის უკანონო ქმედების გაპროტესტება.

4. პროკურორის პროტესტი განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

5. პროტესტის განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას უფლება აქვს, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარი დაუჭიროს პროტესტს.

6. პროტესტი განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს, პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.

    მუხლი 25. დადგენილება

1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და დადგენილი წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.

2. პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

    მუხლი 26. თანხმობა

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი იძლევა წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებებზე.

    მუხლი 27. მითითება

1. პროკურორს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს წინასწარი გამოძიების ორგანოებს.

2. წინასწარი გამოძიების საკითხებზე პროკურორის მითითების შესრულება სავალდებულოა.

    მუხლი 28. საჩივარი

1. პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში, და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ;

ბ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ.

2. საჩივარი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

    მუხლი 29. ინფორმაცია

პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 30. საპროკურორო აქტების გასაჩივრება

1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში.

2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი V. პროკურატურის პერსონალი

    მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დასანიშნ პირებს

1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ექვსი თვიდან ერთ წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.

2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში.

3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.

5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.

6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა შეამციროს ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ 18 თვემდე, ხოლო მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით – რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ 12 თვემდე.

7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

8. პროკურატურის მრჩევლებს, პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.

10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.

    მუხლი 32. პროკურატურის მუშაკის ფიცი

1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას იუსტიციის მინისტრის წინაშე დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.“.

2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.

    მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები

პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული პირი;

დ) სხვა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო დათხოვნილი პირი.

    მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა

პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ე) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ვ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;

ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას;

თ) შტატების შემცირებისას;

ი) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში;

კ) ფიცის გატეხვისას, პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისას ან პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის ჩადენისას;

ლ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

მ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ნ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ო) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

პ) საპენსიო ასაკის მიღწევისას.

თავი VI. პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა

    მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა

1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

3. პროკურატურის მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები.

    მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების ან სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

    მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე

პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

3. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა ან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი.

4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს, შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი ან მთავარი პროკურორი.

5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა;

დ) თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს პროკურატურის მუშაკის განთავისუფლების უფლებამოსილების მქონე პირი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენონ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.

8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური.

9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია გამოყენებული იქნეს ის დისციპლინური სახდელი, რომლის დადებაც მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ დისციპლინული სახდელის გამოყენების თაობაზე.

10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

11. იუსტიციის მინისტრი ან მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

13. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელიც უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში.

16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლ ის კანონი №1 017 - სსმ I,  №4, 12 .0 3 .200 9 წ., მუხ. 17

    მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

თავი VII. პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა

    მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა

1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.

3. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.

7. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები – შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.

    მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან.

2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.

    მუხლი 42. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები

1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს დაკავებული თანამდებობისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.

თავი VIII. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

    მუხლი 43. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანხმობით.

3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

4. პროკურატურის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.

5. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IX. პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის სხვა საკითხები

    მუხლი 44. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება

1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

    მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები

1. მთავარ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.

2. იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტი.

3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი ან მისი მოადგილე.

4. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 46. სტატისტიკური ანგარიშები

პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესს.

    მუხლი 47. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობები

პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 48. პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.

2. პროკურატურაში შემოსული განცხადება და საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.

თავი X. კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე

    მუხლი 49. საპარლამენტო კონტროლი

პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება იუსტიციის მინისტრის ინფორმაციის მოსმენით. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 50. საპრეზიდენტო კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პერიოდულად ისმენს იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 51. სასამართლო კონტროლი

პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 52. კონტროლი სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე

პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.

თავი XI .გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 53

1. საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს პროკურატურისათვის.

7. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს პროკურატურისათვის.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის მიზნით.

თავი XII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 54. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 54-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები და 54-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 ოქტომბერი.

№382–IIს

     შეტანილი ცვლილებები:

     1 . საქართველოს 200 9 წლის 27 თებერვლ ის კანონი №1 017 - სსმ I, № 4 , 12 .0 3 .200 9 წ., მუხ. 17

 

19. 30/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3794-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 18. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3396-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 17. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3275-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 16. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2269-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 15. 18/04/2018 - საქართველოს კანონი - 2155-IIს - ვებგვერდი, 01/05/2018 14. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1829-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 13. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 144-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 12. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4383-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 11. 16/10/2015 - საქართველოს კანონი - 4334-Iს - ვებგვერდი, 19/10/2015 10. 18/09/2015 - საქართველოს კანონი - 4300-Iს - ვებგვერდი, 28/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3941-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 8. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3550-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 7. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3363-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 6. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1267-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 659-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 3. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 2. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2700 - სსმ, 12, 24/03/2010 1. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1017 - სსმ, 4, 12/03/2009