„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4300-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.017913
4300-Iს
18/09/2015
ვებგვერდი, 28/09/2015
110060000.05.001.017913
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურის შექმნა. ამ კანონის 92 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინიშნება საგანგებო (ad hoc) პროკურორი.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საგანგებო (ad hoc) პროკურორი – ამ კანონის 83 მუხლით განსაზღვრული პირი, რომელიც ამავე კანონის 92 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს;“.

3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ა1“–„ა4“ ქვეპუნქტები:

„ა1) თავმჯდომარეობს საპროკურორო საბჭოს;

2) საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურებს;

3) საქართველოს მთავრობას თანხმობის მისაღებად საპროკურორო საბჭოს სახელით წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას;

4) ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელს აწერს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ მიმართვას;“;

ბ) „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უფლებამოსილია მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა;“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–83 მუხლები:

„მუხლი 81. საპროკურორო საბჭო

1. პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.

2. საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს წევრები არიან:

ა) იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საპროკურორო საბჭოს 8 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ამ კანონის 82 მუხლით დადგენილი წესით და რომელთა ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებული სქესის არის;

გ) საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით;

დ) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც საქართველოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც საერთო სასამართლოების მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება აქვთ, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით;

ე) საპროკურორო საბჭოს 2 წევრი, რომლებსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პირობებითა და დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. თუ ამ ვადის გასვლამდე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა საპროკურორო საბჭოს წევრმა ამ კანონის 82 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული რომელიმე თანამდებობა დაიკავა, მას შეუწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, ხოლო თუ მას აღნიშნული ვადის გასვლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა, მისი საპროკურორო საბჭოს წევრად დარჩენის ან მისთვის საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საპროკურორო საბჭო. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრებს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საპროკურორო საბჭოს წევრები თავიანთი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებენ და ანგარიშვალდებული არ არიან მათი ამრჩევი ორგანოების წინაშე. აკრძალულია მათზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

5. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

6. საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა:        

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება;

ბ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით;

გ) საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა;

დ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება;

ე) საპროკურორო საბჭოს იმ წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ ამ კანონით დადგენილი წესით აირჩია;

ვ) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის იმ ანგარიშის მოსმენა, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორისათვის წარდგენა;

თ) მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ი) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

7. საპროკურორო საბჭო არ ერევა პროკურატურის მუშაკთა საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

8. საპროკურორო საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც, იუსტიციის მინისტრის მოწვევით, ან საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, თუ საპროკურორო საბჭოს სხდომას ესწრება მისი სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე დამსწრე საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

10. თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები. ამასთანავე, იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მთავარი პროკურორის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.

11. თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო იღებს მთავარი პროკურორის მოადგილისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას.

12. საპროკურორო საბჭოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარი პროკურორი/მთავარი პროკურორის მოადგილე უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგეს ახსნა-განმარტებით და წარადგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

13. საპროკურორო საბჭო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.

14. საპროკურორო საბჭო მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხზე გამოსცემს განკარგულებას.

15. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საპროკურორო საბჭოს სხდომას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით სხდომაზე მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების ან მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხი განიხილება.

16. საპროკურორო საბჭოს აქვს თავისი ვებგვერდი.

17. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საპროკურორო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

  მუხლი 82. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

1. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.

2. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.

3. საქართველოს პროკურორთა კონფერენციას იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე არის მთავარი პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

4. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.

5. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობით.

6. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საქართველოს პროკურორთა კონფერენციის საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა.

7. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

8. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით:

ა) 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;

ბ) 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

გ) 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

დ) 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრის თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ცალკე ტარდება. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის რიგითობას. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაირკვა, რომ საპროკურორო საბჭოს წევრებად მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები იქნენ არჩეული, ან თუ პირველ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 1 წევრი – განსხვავებული სქესისა, დარჩენილ ორ ან ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე (რომელი შემთხვევაც იქნება) შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

10. საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.

11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, კანდიდატების წარდგენა და კენჭისყრა ხელახლა ხდება.

12. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. 

13. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით განისაზღვრება.

  მუხლი 83. საგანგებო (ad hoc) პროკურორი

1. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ინიშნება ამ კანონის 92 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ახორციელებს იმავე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

2. საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ კანონით და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია საგანგებო (ad hoc) პროკურორს ამ კანონის 92 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოუყოს სათანადო ფინანსური და მატერიალური რესურსები.

5. საგანგებო (ad hoc) პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე – სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი ან ადვოკატი საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რომელსაც აქვს შესაბამისად მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

6. საგანგებო (ad hoc) პროკურორს უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

12. მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შედეგად.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“;

გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენციას;“;

გ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წყვეტს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხს, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

გ.დ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, საპროკურორო საბჭოს წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, მის სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს;“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესებასთან დაკავშირებული, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91–93 მუხლები:

„მუხლი 91. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების წესი

1. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. აღნიშნული კონსულტაციები 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

2. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარადგენს სხვა კანდიდატურებს.

3. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას არ განაცხადებს, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

4. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

5. თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მეორდება ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა.

  მუხლი 92. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო საპროკურორო საბჭოს ერთი ან მეტი წევრის ინიციატივით განიხილავს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიმართვის საფუძველზე.

2. საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს ნებისმიერ წევრს. საპროკურორო საბჭო პირის საგანგებო (ad hoc) პროკურორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, იგი უარს ამბობს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე საპროკურორო საბჭოს უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაცია სარწმუნო და დამაჯერებელი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე თავის სხდომაზე იწვევს და ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს აღნიშნული ინფორმაციის ავტორს, აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ცნობები. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია აღნიშნულ პირებს მოსთხოვოს, წარმოადგინონ მათი პოზიციის დამადასტურებელი ცნობები, ასეთი ცნობების არსებობის შემთხვევაში.

4. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნამდე, აგრეთვე საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებამდე საპროკურორო საბჭო ისმენს მთავარი პროკურორის ახსნა-განმარტებას. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია, აგრეთვე ისარგებლოს დაცვისა და საკითხის განხილვაში წარმომადგენლის უფლებით.

5. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ამზადებს და დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. საგანგებო (ad hoc) პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

6. ამ მუხლის მე-7 პუნქტის დებულების გათვალისწინებით, საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავისი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით და მას ეკისრება ყველა მოვალეობა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე აქვს და აკისრია პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, ამ კანონიდან და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე.

7. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება ჩატარდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს განჩინებით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს შუამდგომლობას და იღებს განჩინებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

8. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ვალდებულია თავისი დასკვნა და თანდართული მასალების ასლები საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა გადასცეს მთავარ პროკურორს. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს ახსნა-განმარტება და თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

9. თუ, საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის თანახმად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ამტკიცებს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით. საპროკურორო საბჭოს წარდგინებას თან ერთვის საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არ დაამტკიცებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შესახებ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, საკითხი საპროკურორო საბჭოს დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნაში დადასტურებული არ არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭოს მაინც შეუძლია ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის ასეთი დასკვნა. ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საპროკურორო საბჭო საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით.

10. საპროკურორო საბჭოს მიერ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებისთანავე, ან თუ საპროკურორო საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოფს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, მთავარ პროკურორს უჩერდება უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. 

11. საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.

12. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა საჯარო დოკუმენტია და მესამე პირის პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლად ქვეყნდება საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე.

13. მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭო და საქართველოს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ მუხლით დადგენილი თანამიმდევრობითა და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას საპროკურორო საბჭო თავისი წევრებისაგან, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს მომხსენებელს.

14. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის მიმართ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემდეგ არ დაიწყო ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის ან ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობის გამო, ან თუ სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი დამნაშავედ არ ცნო იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც იგი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდა, ან/და თუ სასამართლომ ბათილად ცნო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, ყოფილ მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს იმ განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღებდა. მთავარი პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

  მუხლი 93. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხვა საფუძვლები

1. გარდა ამ კანონის 92 მუხლით დადგენილი წესით მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევისა, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან ქრონიკული დაავადება, რომლის გამო მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

გ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევა;

დ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

7. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და საგამოცდო კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნოს პროკურატურის მუშაკთა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.“.

8. 38-ე მუხლის:

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით, ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება/საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება.“;

ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/გადაწყვეტილებით. ეს ბრძანება/გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება.

15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის/მისი მოადგილისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ – სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.“.

9. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავარი პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას გასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

  მუხლი 2.

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურორთა პირველი კონფერენციის ორგანიზება და გამართვა.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტმა, საპარლამენტო უმრავლესობამ, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა პარლამენტის წევრებმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ უზრუნველყონ საპროკურორო საბჭოს შესაბამის წევრთა არჩევა.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთთვიანი ვადის გასვლისთანავე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომის მოწვევა და ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავარი პროკურორის ასარჩევად საჭირო პროცედურების დაწყება. მოქმედ საქართველოს მთავარ პროკურორს უფლებამოსილება შეუწყდეს საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევისთანავე.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა საპროკურორო საბჭოს წევრად საერთო სასამართლოების 2 მოსამართლის არჩევის წესის დასადგენად;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცება.

5. საქართველოს პროკურორთა კონფერენციამ პირველსავე სხდომაზე უზრუნველყოს საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტის დამტკიცება.

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2015 წ.

N4300-Iს