„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1829-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.018722
1829-რს
22/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
110060000.05.001.018722
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;“.

2. 92 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის მიმართ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემდეგ არ დაიწყო ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის ან ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების არსებობის გამო, ან თუ სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი არ ცნო დამნაშავედ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც იგი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდა, ან/და თუ სასამართლომ ბათილად ცნო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, ყოფილ მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს იმ განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღებდა. მთავარი პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.“.

3. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება წარმატებული  მუშაობისათვის

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“.

4. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. პროკურატურის მუშაკის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს, ხოლო პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივ სარგოს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2017 წ.

N1829-რს