„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 659-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.016999
659-IIს
30/05/2013
ვებგვერდი, 24/06/2013
110060000.05.001.016999
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ − იუსტიციის მინისტრი) საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომ − მთავარი პროკურორი) წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროკურორი – მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;“.

3. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები

პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტაში.“.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.“.

6. მე-8−მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია

1. ამ კანონის მიზნებისათვის იუსტიციის მინისტრი:

ა) მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;

 ბ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

გ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

დ) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;

ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

ვ) მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

  ზ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

თ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის მინისტრი არ ერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან ან/და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში.

3. იუსტიციის მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

4. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 9. მთავარი პროკურატურა

1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3. მთავარი პროკურორი:

ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს; 

გ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს;

დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;

ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ;  

ზ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;

თ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

ი) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

კ) წყვეტს პროკურატურის მუშაკთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;   

ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

მ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა შექმნისა და გაუქმების, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის და სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციის დადგენის  თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ნ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;   

ო) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

პ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ჟ) კანონით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

რ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მათ იუსტიციის მინისტრს;

ს) ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიმუშავებს შესაბამის ზომებს;

ტ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას;  

უ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს;

ფ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს;

ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები და ქვედანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის.

მუხლი 11. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები

1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობენ შესაბამისად ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. ქ. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

5. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

6. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.“.

7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“.

8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავარ პროკურორს უფლება აქვს, დააწესოს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.“.

9. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: მთავარ პროკურორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს და მის მოადგილეებს და რაიონულ პროკურორებს საკუთარი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე მთავარი პროკურორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.“.

10. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში.“.

11. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

12. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე

პროკურორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებისა და რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.“.

13. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა

პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, მითითებას, საჩივარს, ინფორმაციას.“.

14. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-14–მე-17 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.“.

15. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

16. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. საჩივარი

1. პროკურორს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ;

ბ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ.

2. საჩივარი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

მუხლი 29. ინფორმაცია

 პროკურორი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.“.

17. 31-ე მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.

   2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და  მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში.

3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.“;

ბ) მე-5−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა. 

6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ შეამციროს 18 თვემდე, რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ − 12 თვემდე.

7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

„მუხლი 311. პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა

1. პროკურატურის სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით მთავარი პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა.

2. პროკურატურის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნის წესს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“.

19. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას  წერილობით დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.“.“.

20. 38-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა.

4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.“;

 გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.“.

21. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.“.

22. 45-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავარ პროკურორს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.“.

  24. 49-ე და 50-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 49. საპარლამენტო კონტროლი

პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება მთავარი პროკურორის ინფორმაციის მოსმენითა და შემდგომი განხილვით, პარლამენტის მოთხოვნით ან მთავარი პროკურორის ინიციატივით. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

მუხლი 50. საპრეზიდენტო და პრემიერ-მინისტრის კონტროლი

 საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, პერიოდულად ისმენენ მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს მთავარმა პროკურორმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ ისინი ამ კანონს არ ეწინააღმდეგებიან.

  3. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორები თანამდებობაზე დაინიშნონ ამ კანონით დადგენილი წესით. ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშვნამდე აღნიშნული პირები ინარჩუნებენ დაკავებულ თანამდებობებს და ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N659-IIს