დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6304-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200020000.05.001.016788 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2018 - 08/05/2019)
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ეს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის, საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს, ასევე ფინანსური გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. საგადახდო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს კანონი, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
3. საგადახდო სისტემასთან და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობის შემთხვევაში ამ კანონის დებულებებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგადახდო სისტემა − ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა, კლირინგის სისტემა;
ბ) ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა – საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციების ან ტრანსფერორდერების დამუშავებას;
გ) ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება;
დ) კლირინგის სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაწილეთა მიერ გაგზავნილი ტრასფერორდერების დამუშავება და მათ საფუძველზე ნეტპოზიციების გამოთვლა ან/და დადგენა მონაწილეებს შორის შემდგომი ანგარიშსწორებისთვის და რომელშიც ნეტპოზიციების გამოთვლა შეიძლება ემყარებოდეს პრინციპს, რომლის დროსაც სისტემის ოპერატორი მოქმედებს გამყიდველის სახელით ყველა მყიდველის მიმართ და მყიდველის სახელით ყველა გამყიდველის მიმართ;
ე) ნეტპოზიცია – დროის განსაზღვრული მომენტისთვის სისტემის მონაწილის მიერ მიღებული ყველა ჩარიცხვის ან სხვა მოთხოვნის ოდენობების ჯამს გამოკლებული მის მიერ სხვა მონაწილის ან მონაწილეთა სასარგებლოდ განხორციელებული ყველა გადარიცხვის ან სხვა ვალდებულების ჯამი;
ვ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) − სისტემის მონაწილის ნეტპოზიციის დადგენისას მიღებული დადებითი სიდიდე;
ზ) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) − სისტემის მონაწილის ნეტპოზიციის დადგენისას მიღებული უარყოფითი სიდიდე;
თ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − ნეტპოზიციის გამოთვლა ან/და დადგენა, რის შედეგადაც სისტემის მონაწილეს წარმოეშობა ნეტმოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება ან ნეტვალდებულების დაფარვის მოვალეობა. ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) ხდება როგორც ორმხრივი (ორ მონაწილეს შორის), ისე მრავალმხრივი (ორზე მეტ მონაწილეს შორის) საერთო ვალდებულებებისა და მოთხოვნების გაანგარიშების − ურთიერთჩათვლის − საფუძველზე;
ი) სისტემის ოპერატორი (ოპერატორი) – იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად, უფლებამოსილია და პასუხისმგებელია საგადახდო სისტემის ოპერირებისა და სისტემის წესების შემუშავებისთვის;
კ) სისტემის წესები − სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სისტემის მუშაობას;
ლ) მნიშვნელოვანი სისტემა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოპერატორის სისტემა, რომელსაც ჰყავს სამი ან სამზე მეტი მონაწილე და რომელიც მიჩნეულია მნიშვნელოვან სისტემად ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად;
მ) სისტემის მონაწილე (მონაწილე) – იურიდიული პირი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია სისტემაში ტრანსფერორდერის გაცემა და რომელიც მიჩნეულია სისტემის მონაწილედ სისტემის წესების შესაბამისად. სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საკლირინგო დაწესებულება, ფინანსური ინსტიტუტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშსწორების აგენტი, სისტემის ოპერატორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მისი სტრუქტურული ერთეული, სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან საგადახდო სისტემა;
ნ) ანგარიშსწორების აგენტი – იურიდიული პირი, რომელიც სისტემის მონაწილეებს უზრუნველყოფს ანგარიშსწორების ანგარიშებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება მონაწილეთა შორის ანგარიშსწორება სისტემაში შესრულებული ტრანსფერორდერების საფუძველზე. ანგარიშსწორების აგენტი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და მომსახურება;
ო) ანგარიშსწორების ანგარიში – ანგარიშსწორების აგენტის შესაბამისი უნიკალური ჩანაწერი, რომელზედაც აღირიცხება ფულადი სახსრები ან ფინანსური ინსტრუმენტები და რომლის მეშვეობითაც ხდება ანგარიშსწორება;
პ) ანგარიშსწორება − ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება სისტემის მონაწილეებს შორის შესაბამის ფულად სახსრებზე ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებზე საკუთრების უფლების გადაცემა;
ჟ) ტრანსფერორდერი − სისტემის მონაწილის მიერ მეორე მონაწილის მიმართ სისტემაში გაცემული დავალება მიმღებისთვის ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესახებ ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ; ან დავალება, რომლის შედეგადაც ხდება მონაწილის მიერ გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება ან გადახდის ვალდებულების სისტემის წესების შესაბამისად შესრულება;
რ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინსტიტუტი;
ს) ფინანსური ინსტრუმენტი – მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტი; მიმოქცევადი სასესხო ინსტრუმენტი/ვალდებულება; სხვა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, გარდა საგადახდო ინსტრუმენტისა; ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული უფლება; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტი; ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონები; სხვა დოკუმენტი, რომელსაც აქვს ფულადი გამოხატულება ან/და რომელიც არის ორ ან მეტ მხარეს შორის არსებული ფულადი სახსრების გადახდასთან დაკავშირებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმების დადასტურება, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები, უფლებები ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებული უფლებები;
ტ) რეპო შეთანხმება – შეთანხმება, რომლის მიზანია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, როდესაც ერთი მხარე თანახმაა, მიჰყიდოს მეორე მხარეს ფასიანი ქაღალდები მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შესყიდვის თანხის გადახდის სანაცვლოდ, იმავდროული შეთანხმებით, რომ მყიდველი გამყიდველს მიჰყიდის იმავე ან მსგავს ფასიან ქაღალდებს გარკვეული, შეთანხმებული თარიღის დადგომის დღეს ან მოთხოვნისთანავე, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გამოსყიდვის თანხის გადაცემის სანაცვლოდ;
უ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (რეჟიმი) – იურიდიული პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფულადი სახსრების გადარიცხვის ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება, ან მათზე შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის „რეჟიმი“ საქართველოში მოიცავს გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადებას ან რეაბილიტაციის დაწყებას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) დეფოლტი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, რომლის შედეგადაც მეორე მხარეს წარმოეშობა გირაოს ამოქმედების უფლება ან ამ კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლება;
ქ) ფინანსური გირაო – ფინანსური ინსტრუმენტები ან ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად გამოყენებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად;
ღ) დამგირავებელი – პირი, რომელიც ფინანსური გირაოს ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ვალდებულებებს ფინანსური გირაოს მეშვეობით;
ყ) მოგირავნე – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება ფინანსური ინსტრუმენტების ან ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების დაგირავება ფინანსური გირაოს ხელშეკრულების საფუძველზე;
შ) გირაოს ამოქმედება − ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დეფოლტი, როდესაც მეორე მხარე ამ ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია იმოქმედოს ამ კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად ან მოახდინოს ფინანსური გირაოს დაუყოვნებელი რეალიზაცია ან დაისაკუთროს იგი;
ჩ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) − იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ც) ელექტრონული ფულის პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს ელექტრონულ ფულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ძ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები;
წ) გადამხდელი – პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას ან/და ეთანხმება საგადახდო დავალების გაცემას;
ჭ) მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის ოპერაცია;
ხ) საგადახდო ინსტრუმენტი – ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების ინიციირებას;
ჯ) ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას;
ჰ) ელექტრონული ფული – ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე) და რომელსაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა, სხვა პირებიც აღიარებენ;
ჰ1) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია გადამხდელის სახელსა და მიმღების სახელზე ანგარიშების გახსნის გარეშე ხორციელდება და ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა პროვაიდერს მიმღებისათვის გადასაცემად;
ჰ2 ) გადახდის ოპერაცია − გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი სახსრების განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია;
ჰ3 ) საგადახდო დავალება – გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;
ჰ4 ) მუდმივი დავალება − გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზედაც პროვაიდერი ახორციელებს რეგულარულ გადახდებს მიმღების სასარგებლოდ;
ჰ5 ) პირდაპირი დებეტი − საგადახდო ინსტრუმენტი, რომელშიც გადახდის ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ გადამხდელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის (დადებეტების) მიზნით, გადამხდელის წინასწარი თანხმობის საფუძველზე;
ჰ6 ) ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომლის საშუალებითაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამოწმებს საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებას, მისი პერსონიფიცირებული მახასიათებლების ჩათვლით;
ჰ7 ) ექვაირინგი − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტთან ან სხვა პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებით, საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით გადახდის ოპერაციის, საგადახდო ინსტრუმენტის რეკვიზიტებით ინტერნეტგადახდის ოპერაციის, საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით ნაღდი ფულის გატანის ოპერაციის განხორციელებას და შესაბამის ანგარიშსწორებას;
ჰ8 ) აგენტი − პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახელით;
ჰ9 ) მნიშვნელოვანი წილი − განცხადებული თუ შევსებული კაპიტალის წილის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი, რომელსაც პირი ფლობს კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;
ჰ 10) ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიება, რომლის მიზანია პირის საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომელიც მოიცავს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (გირავნობა, იპოთეკა).
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3719 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
მუხლი 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია
1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.
2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების დაუბრკოლებელი განხორციელებისა და საგადახდო სისტემების საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაადგინოს საგადახდო სისტემების ფუნქციონირების ურთიერთშესაბამისობის სტანდარტები, მათ შორის, ინფორმაციისა და ტრანსფერორდერების გაცვლის მიზნით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა
1. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის ან/და საგადახდო სისტემის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემა (მათ შორის, მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიები) და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ დააწესოს დამატებითი მოთხოვნები თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მნიშვნელოვან სისტემად მიჩნევის შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაიცვას მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დაწესებული მოთხოვნები.
მუხლი 5. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან
ამ თავით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნები სისტემის ოპერატორზე არ ვრცელდება, თუ იგი არის:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი (ეროვნული ბანკის სისტემები);
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი;
დ) საერთაშორისოდ აღიარებული საგადახდო სისტემის ოპერატორი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი;
ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და თუ ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.
მუხლი 51. საგადახდო სისტემის ხელმისაწვდომობა
1. ოპერატორი ვალდებულია პროვაიდერები უზრუნველყოს საგადახდო სისტემის ხელმისაწვდომობის ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული პირობებით.
2. არ შეიძლება ოპერატორმა პროვაიდერებს, მომხმარებლებს ან სხვა საგადახდო სისტემებს დაუწესოს:
ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის მონაწილე ცალკეულ პროვაიდერებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს;
გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმებიდან გამონაკლისი.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
მუხლი 6. ამ თავის მოქმედების სფერო
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სისტემის ოპერატორების საგადახდო სისტემებზე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო სისტემებზე.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო სისტემებს.
მუხლი 7. ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა
1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.
3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით.
მუხლი 8. ტრანსფერორდერის გამოთხოვის დაუშვებლობა
სისტემის წესები უნდა განსაზღვრავდეს გარემოებას, რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი სისტემის მიერ მიღებულად ითვლება. დაუშვებელია სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერის სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების, მიერ გამოთხოვა.
მუხლი 9. გადახდის, კლირინგის და ანგარიშსწორების საბოლოობა
1. სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და გავლენას არ ახდენს სისტემაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ან მონაწილეობიდან გამომდინარე იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე წარმოიშვა.
2. ამ თავის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკის სისტემების მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:
ა) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან მონაწილის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღება;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე კომერციული ბანკია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;
დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.
3. იმ სისტემის მონაწილის მიმართ, რომლის ოპერატორიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკი, საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:
ა) ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე კომერციული ბანკია;
ბ) ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;
გ) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღება;
დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.
4. ამ პუნქტის დებულებები სავალდებულოა მესამე პირებისათვის, მათ შორის, ლიკვიდატორისათვის, გაკოტრების მმართველისა და დროებითი ადმინისტრატორისათვის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისათვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს:
ა) ის ტრანსფერორდერი, რომელიც სისტემის წესების მიხედვით სისტემაში მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ამ ტრანსფერორდერის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ;
ბ) ტრანსფერორდერიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, როდესაც ტრანსფერორდერი სისტემის წესების მიხედვით სისტემაში მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ურთიერთგაქვითვა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.
5. საკლირინგო დაწესებულებაში ურთიერთგაქვითვის განხორციელება სავალდებულოა მესამე პირებისათვის, მათ შორის, ლიკვიდატორისათვის, გაკოტრების მმართველისა და დროებითი ადმინისტრატორისათვის, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისათვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს, თუ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ შეტყობინება საკლირინგო დაწესებულებას საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე გაეგზავნა, მიუხედავად იმისა, თავად ურთიერთგაქვითვის ოპერაცია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 355 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
მუხლი 10. ანგარიშსწორება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ
1. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, მიუხედავად სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა, უფლებამოსილია:
ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილეთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები ან/და ფინანსური ინსტრუმენტები, სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელების ან ურთიერთგაქვითვის შედეგად მიღებული ნეტვალდებულების დაფარვის მიზნით;
ბ) თუ ეს გათვალისწინებულია მონაწილესთან დადებული შეთანხმებით, ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი და სისტემის ოპერატორის ან/და ანგარიშსწორების აგენტის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით მოახდინოს საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფინანსური გირაოს რეალიზაცია ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხის ან მისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული თანხის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერორდერების ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტვალდებულების მოცულობით.
მუხლი 11. შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ
1. საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ელექტრონული დოკუმენტის ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით აწვდის იმ სისტემებისა და მათი მონაწილეების ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან იღებს ინფორმაციას სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი უცხოური ორგანოსგან უცხოური სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს.
4. სისტემის მონაწილე ვალდებულია ოპერატორს, ხოლო ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან მის მიერ სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ.
მუხლი 12. შესაბამისი კანონმდებლობის განსაზღვრა
1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. უცხოური სისტემის მონაწილე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მოქმედი იურიდიული პირის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი უცხოური კანონმდებლობით, რომლითაც ეს სისტემა ფუნქციონირებს.
თავი IV. საგადახდო მომსახურება
მუხლი 13. საგადახდო მომსახურების ცნება
1. ამ კანონის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურება არის:
ა) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს;
ბ) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს;
გ) გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში;
დ) საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი;
ე) ფულადი გზავნილები;
ვ) ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
ზ) გადამხდელის მიერ სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით გაცემული თანხმობის საფუძველზე გადახდის ოპერაციის განხორციელება იმ სატელეკომუნიკაციო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემის ან ქსელური ოპერატორის მიმართ ან სასარგებლოდ, რომელიც მოქმედებს, როგორც შუამავალი გადამხდელსა და მიმღებს − მომხმარებელსა და მომსახურების ან საქონლის მიმწოდებელს − შორის.
2. ამ კანონის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურებაში არ შედის:
ა) გადამხდელსა და მიმღებს შორის შუამავლის გარეშე, ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდის ოპერაცია;
ბ) გადამხდელსა და მიმღებს შორის კომერციული შუამავლის მეშვეობით განხორციელებული გადახდის ოპერაცია;
გ) საინკასაციო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ბანკნოტებისა და მონეტების ტრანსპორტირებასთან, მათ შორის, მათ შეგროვებასთან, დამუშავებასა და მიწოდებასთან;
დ) ნაღდი ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის მომსახურება, რომელიც არ ხორციელდება საბანკო ანგარიშების საშუალებით;
ე) ოპერაცია, რომელიც ხორციელდება სისტემის მონაწილეებს შორის საგადახდო სისტემის ფარგლებში;
ვ) ტექნიკური, სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად და რომლის დროს გადასარიცხი თანხა არ ხვდება ამ მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში; ამგვარი მომსახურება მოიცავს მონაცემთა გადამუშავებასა და შენახვას, კონფიდენციალურობის დაცვას, მონაცემებისა და სუბიექტების ავთენტიფიკაციას, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, საგადახდო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას და მომსახურებას;
ზ) მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია საგადახდო ინსტრუმენტზე ან ელექტრონულ ფულზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მისი გამომშვების მომსახურების ან/და საქონლის რეალიზაციის ობიექტებში;
თ) გადახდის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით, როდესაც შეძენილი საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია და გამოყენებული უნდა იქნეს იმავე სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო-ტექნოლოგიური მოწყობილობის მეშვეობით, იმის გათვალისწინებით, რომ სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო‑ტექნოლოგიური მომსახურების ოპერატორი არ მოქმედებს, როგორც მხოლოდ შუამავალი საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელს შორის;
ი) გადახდის ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდების ოპერაციების განხორციელებასთან, მათ შორის, დივიდენდებისა და სხვა შემოსავლების განაწილებასთან, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან;
კ) ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის გადახდები, რომლებიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება;
ლ) გადახდის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ჩეკით, „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მომსახურების ის სახეები, რომლებიც არ განეკუთვნება საგადახდო მომსახურებას, აგრეთვე ელექტრონული ფულისა და საგადახდო ინსტრუმენტების კატეგორია, რომელთა საშუალებით განხორციელებული ოპერაციებიც არ მიიჩნევა საგადახდო მომსახურებად ან/და რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომერციული შუამავალი“ გულისხმობს პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს გადამხდელის ან მიმღების სახელით საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას ან შეძენისას.
მუხლი 131. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ნებადართული საქმიანობა
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, როგორიცაა ვალუტის გადაცვლა, გადახდის ოპერაციის შესრულების დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება;
ბ) საგადახდო სისტემის მართვა, ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით;
გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:
გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაიცემა;
გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაცემული სესხი უნდა დაიფაროს არაუგვიანეს 12 თვისა;
გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ფულადი სახსრებით;
გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან თანხების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 14. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან
1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე;
გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკზე.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.
მუხლი 15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება
1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;
ბ) კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით, რომლის/რომელთა შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის მეშვეობით ახორციელებს, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო მომსახურებისათვის. ეს არ ათავისუფლებს აგენტს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისაგან.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას.
6. პროვაიდერი უფლებამოსილია შეასრულოს ვალუტის გაცვლის ოპერაცია, თუ ეს დაკავშირებულია ელექტრონულ ფულთან ან გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
მუხლი 16. ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო მომსახურებასთან.
3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 17. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრებს.
2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ფინანსური სექტორისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და გაანგარიშებული კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) მინიმალური ოდენობა. თუ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი იმავდროულად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მან უნდა დაიცვას ამ კანონის საფუძველზე და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კაპიტალის ოდენობებს შორის უდიდესი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნები აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისგან, თუ:
ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ 3 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს;
ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, მათ შორის, აუდიტირებული, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
9. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.
მუხლი 18. მომხმარებლის ფულადი სახსრები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო მომსახურების გაწევისათვის მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების (მომხმარებლის ფულადი სახსრების) მიმართ.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. დაუშვებელია მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერებს მოსთხოვოს მომხმარებლის ფულადი სახსრების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის წარდგენა.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის პირობების ან/და გარანტორის/მზღვეველის შეცვლა ან დამატება.
5. პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები არ არის დეპოზიტი.
7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მას ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე გადაუცვალოს.
8. დაუშვებელია ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელებისათვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ.
9. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრების კრედიტის/ოვერდრაფტის გასაცემად გამოყენება.
10. ელექტრონული ფული არის ელექტრონული ფულის პროვაიდერის ვალდებულება მომხმარებლის მიმართ.
11. იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება მონაწილეობდეს, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდეს, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ პირთა მიერ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების აღნიშნულ პირთა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა.
12. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირის მომსახურება ფულადი გზავნილით. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, როგორც მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან/და გაგზავნა.
თავი V. საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
მუხლი 19. საგადახდო მომსახურების დაცვა
1. ამ თავის მოთხოვნები უნდა შესრულდეს ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით.
2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარით და უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
3. ამ კანონის 24-ე−26-ე მუხლების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და 32-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის და საომარი მდგომარეობის დროს, თუ ეს მდგომარეობა უშუალო გავლენას ახდენს ამ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.
მუხლი 20. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ან/და მასთან დადოს შეთანხმება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, მათ შორის, მომსახურების გაწევის ვადებს, ტარიფებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 21. მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები.
2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის:
ა) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება;
ბ) 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია;
გ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით;
დ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები;
ე) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება.
მუხლი 22. გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია
1. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიჩნეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თანხმობის გაცემის ფორმა და პროცედურა განისაზღვრება გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმების საფუძველზე. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად იქნება მიჩნეული.
3. თუ თანხმობა საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით გაიცემა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე, ასევე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი მომხმარებელთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ამ კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად.
1. მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული საგადახდო დავალება უნდა შეესაბამებოდეს პროვაიდერის წესებით დადგენილ სტანდარტებს და უნდა შეიცავდეს იმ რეკვიზიტებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალების შესრულებას, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ინფორმაციას.
2. საგადახდო დავალების ფორმასა და სტრუქტურას განსაზღვრავს პროვაიდერი.
3. პროვაიდერი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების საგადახდო სისტემისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დამატებულ ინფორმაციაზე.
4. მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის მიერ პროვაიდერისათვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორისა და სისრულისთვის.
5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი.
მუხლი 24. საგადახდო დავალების მიღება და შესრულება
1. საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მიიღებს საგადახდო დავალებას, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებულია გადამხდელის თუ მიმღების მიერ. თუ საგადახდო დავალება გადამხდელის პროვაიდერის მიერ მიღებულია მისთვის არასამუშაო დღეს, იგი მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს სამუშაო დღის გარკვეული დრო, რომლის შემდეგ მიღებული საგადახდო დავალება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება.
2. თუ მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შეთანხმება ითვალისწინებს საგადახდო დავალების შეთანხმებულ დღეს (გადარიცხვის შესრულების მომავალი თარიღი) შესრულებას, დავალების მიღების მომენტად ამ კანონის 26-ე მუხლის მიზნებისათვის ითვლება შეთანხმებული დღე. თუ შეთანხმებული დღე არის ამ მომხმარებლის პროვაიდერისათვის არასამუშაო დღე, საგადახდო დავალების მიღების დღედ ჩაითვლება შეთანხმებული დღის მომდევნო სამუშაო დღე.
3. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია საგადახდო დავალების მიღების დღეს მხარეებს შორის შეთანხმებული ფორმით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აცნობოს გადამხდელს საგადახდო დავალების მიღება ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი.
4. თუ საგადახდო დავალება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთანხმებულ დღეს უნდა შესრულდეს, გადამხდელის პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო დავალება მიიღოს ამ თარიღის დადგომამდე ნებისმიერ დროს, გადამხდელის ანგარიშზე ფულადი სახსრების არარსებობის მიუხედავად, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის დადებული შეთანხმებით ან/და პროვაიდერის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 25. საგადახდო დავალების უარყოფა
1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე, იგი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით აცნობოს მომხმარებელს ამის შესახებ ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.
2. თუ დაცულია გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით და პროვაიდერის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს გადამხდელის მიერ ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო გადამხდელის თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად ამ კანონის 26-ე და 31-ე მუხლების მიზნებისათვის.
მუხლი 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები
1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ:
ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისათვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ მიმღების პროვაიდერი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმღების იდენტიფიკაციას ვერ ახერხებს, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დაბრუნება.
4. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის პროვაიდერს გადასცეს მათ შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში.
5. მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა დაუყოვნებლივ გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.
6. გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.
7. გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, მისი რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.
1. გადახდა შესრულებულად ითვლება მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის მომენტიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მიმღებს უფლება აქვს, მის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვამდე განსაზღვროს დრო ან გარემოება, როდესაც გადახდას შესრულებულად ჩათვლის.
მუხლი 28. გადარიცხული და ჩარიცხული თანხების ოდენობები
1. გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ასევე ამ პროვაიდერის ნებისმიერი შუამავალი, რომელიც საგადახდო დავალების შესრულებაში მონაწილეობს, ვალდებული არიან, გადარიცხონ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.
2. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების ანგარიშზე ასახოს ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი თანხა მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობით, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს მას ინფორმაცია მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა და დაკავებული საკომისიოს ოდენობების შესახებ, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით გათვალისწინებულია საკომისიოს დაკავების შემთხვევა.
3. თუ გადარიცხული თანხიდან დაკავებულ იქნა საკომისიო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომისიოსი, გადამხდელის პროვაიდერი უზრუნველყოფს, რომ მიმღებმა მიიღოს გადამხდელის მიერ ინიციირებულ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა, თუკი მიმღებსა და გადამხდელის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების პროვაიდერი უზრუნველყოფს, რომ მიმღებმა მიიღოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა.
4. დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 29. საგადახდო დავალების გაუქმებისა და გამოთხოვის დაუშვებლობა
1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გააუქმოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია გადამხდელის პროვაიდერის მიერ, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა, გადამხდელს არ აქვს უფლება, გააუქმოს იგი, თუკი ეს დავალება გადაცემულია გადამხდელის პროვაიდერისთვის ან გადამხდელს მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს მიცემული.
3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში საგადახდო დავალების გამოთხოვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არა უგვიანეს შეთანხმებული დღის წინა სამუშაო დღისა.
5. მომხმარებელსა და მის პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის (გარემოების დადგომის) შემდეგ, ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით. აღნიშნული შეთანხმების არსებობისას, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისათვის სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა.
მუხლი 30. საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული ვალდებულებები
1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ვალდებულია:
ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
ბ) დაიცვას მისთვის გაცემული საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მფლობელისა;
გ) ნათლად გააცნოს საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების მოთხოვნები;
დ) უზრუნველყოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ მომხმარებლისგან ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;
ე) საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
4. პროვაიდერი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია მომხმარებელი.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით დაუწესოს მოთხოვნები და ლიმიტები საგადახდო ინსტრუმენტთან, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტთან დაკავშირებით.
მუხლი 31. საგადახდო დავალების შეუსრულებლობა ან არასწორად შესრულება
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პასუხს არ აგებს საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით. ეს არ ათავისუფლებს პროვაიდერს ვალდებულებისაგან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში.
2. თუ დაცულია ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 32-ე მუხლის დებულებები, გადამხდელის პროვაიდერი პასუხისმგებელია გადამხდელის წინაშე გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას შეუძლია დაუსაბუთოს გადამხდელს, საჭიროების შემთხვევაში კი − მიმღების პროვაიდერს, რომ მას სწორად აქვს მითითებული მიმღების რეკვიზიტები და მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ გადამხდელის პროვაიდერმა დაასაბუთა მის მიერ გადამხდელის საგადახდო დავალების შესრულების სისწორე, მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის განხორციელების სისწორისთვის.
3. თუ გადამხდელის პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის არასწორად განხორციელებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია გადამხდელს დაუბრუნოს არასწორად გადარიცხული თანხა და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული საკომისიო.
4. თუ მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის არასწორად განხორციელებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია მიმღებს ანგარიშზე ჩაურიცხოს ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი გადახდის ოპერაციის თანხა.
5. მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალების შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის პირველი პუნქტისა და 32-ე მუხლის დებულებები, მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე მიმღების მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების გადამხდელის პროვაიდერისთვის სწორად გადაცემისთვის ამ კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. თუ მიმღების პროვაიდერმა საგადახდო დავალება ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით გაგზავნა, იგი ვალდებულია უზრუნველყოს შეცდომის გამოსწორება.
6. მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე მიმღების მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვისას ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის.
7. გადამხდელის პროვაიდერი პასუხისმგებელია გადამხდელის წინაშე მიმღების მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია დაუბრუნოს გადამხდელს არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხა და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული საკომისიო.
8. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პროვაიდერის პასუხისმგებლობა გამოწვეულია გადახდის ოპერაციის განხორციელების პროცესში მონაწილე სხვა პროვაიდერის, შუამავლის ან სხვა პირის ქმედებით ან უმოქმედობით, პროვაიდერი უფლებამოსილია მოსთხოვოს ამ პირს ამ თავის შესაბამისად პროვაიდერის მიერ გადახდილი თანხისა და შესაბამისი ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9. ამ თავის მოთხოვნების შესრულება არ ათავისუფლებს მხარეებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მუხლი 32. შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ
1. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება ამ თავის შესაბამისად, თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში შეატყობინა.
2. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია ან არასწორად არის განხორციელებული, პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული ან/და სწორად განხორციელებული იყო და რომ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია.
3. თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ეს არ ათავისუფლებს პროვაიდერს ვალდებულებისაგან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში.
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, თუ დაცულია ამ კანონის 32-ე მუხლის დებულებები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
2. გადამხდელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არა უმეტეს 100 ლარისა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამ პუნქტის მიზნებისათვის ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად ითვლება, თუ ის საქართველოში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდა და ინტერნეტგვერდი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
3. გადამხდელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით.
4. გადამხდელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუ მან ოპერაცია განახორციელა ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პროვაიდერის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
5. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღებას, გადამხდელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
მუხლი 34. ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს გარემოებები, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამხდელს ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, აგრეთვე შესაბამისი ვადები, თუ ეს გადახდის ოპერაცია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით იქნა ინიციირებული.
მუხლი 35. ამ თავის მოქმედების სფერო
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება იურიდიულ პირებს შორის დადებულ ყველა სახის ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე, რომელშიც გირავნობის საგანი არის ფინანსური ინსტრუმენტი ან/და ფულადი სახსრები.
2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი და სხვა იურიდიული პირი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.
3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება ასევე იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ მეორე მხარე კომერციული ბანკია.
4. ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.
5. ფინანსური გირაო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ვალდებულების, მათ შორის, არსებული, სამომავლო, შესაძლო ან პირობითი ვალდებულების, უზრუნველყოფისათვის, რომელიც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამგირავებელს მოგირავნის მიმართ.
6. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნად იმ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც დაგირავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ თავის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური ინსტრუმენტისა.
7. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 36. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ნამდვილობა
1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, თუ ხელშეკრულება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არის დადებული და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად.
2. მოგირავნე შეიძლება ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირაოს საგანს:
ა) თუ ფინანსური გირაოს საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით;
ბ) თუ ფინანსური გირაოს საგანია რეგისტრირებული ფინანსური ინსტრუმენტი − შესაბამის რეესტრში ჩანაწერის განხორციელებით;
გ) თუ ფინანსური გირაოს საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ დეპოზიტართან მოგირავნის, დამგირავებლის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით და მოგირავნის ან დეპოზიტარის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით;
დ) თუ ფინანსური გირაოს საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში მოგირავნის, დამგირავებლის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით და მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ შესაბამისი ფორმით ფულად სახსრებზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით;
ე) თუ დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის დადებულია რეპო შეთანხმება − მოგირავნისათვის ფინანსური გირაოს საგანზე საკუთრების უფლების გადაცემით, რეპო გარიგების პირობების შესაბამისად.
3. საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედება არ არის ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაუქმების ან ბათილად გამოცხადების საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევიდა ან ფინანსური გირაოს საგანი დაგირავდა რეჟიმის ამოქმედებამდე ნებისმიერ დროს ან რეჟიმის ამოქმედების დღეს, თუ მოგირავნემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად.
5. ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში ფინანსური გირაოს საგანი დამგირავებელს უბრუნდება, ან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოხდეს ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) ამ თავის დებულებების შესაბამისად.
6. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი არ არის ფინანსური გირაოს რომელიმე მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია.
მუხლი 37. ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები
1. გირაოს ამოქმედების შემთხვევაში, თუ ქვემოთ მოცემული დებულებები წინასწარ განსაზღვრულია მხარეთა შორის დადებული ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით ან სხვა ხელშეკრულებით, რომლის ნაწილიცაა ფინანსური გირაოს ამ კანონით განსაზღვრული დებულებები: ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა ყველა ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების გადახდის ვადა შეიძლება არ იყოს დამდგარი გირაოს ამოქმედების მომენტისთვის, და ისინი აღირიცხება, როგორც თანხის გადახდის ვალდებულება მათი შეფასებითი მიმდინარე ღირებულებით, ან ხდება ამ ვალდებულებების შეწყვეტა და შესაბამისი თანხის გადახდის ახალი ვალდებულებით ჩანაცვლება; ან/და მხარეთა ურთიერთვალდებულებების საფუძველზე გამოითვლება ნეტვალდებულება, რომელსაც იხდის ის მხარე, რომლის მთლიანი ვალდებულებაც მეტია.
2. გირაოს ამოქმედების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელთანაც აღირიცხება ფინანსური გირაო, ვალდებულია დამგირავებელს შეატყობინოს ფინანსური გირაოს ამოქმედების შესახებ.
მუხლი 38. ფინანსური გირაოს რეალიზაციით მიღებული თანხით დავალიანების დაფარვა
1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს ამოქმედებით მიღებული თანხით ვალდებულებების შესრულებას, ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალის, კრედიტორის, დამგირავებლის ან მოგირავნის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი ამოქმედდა.
2. დაუშვებელია ამ თავის შესაბამისად ფინანსურ გირაოდ გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ სხვა ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, მათი ნებისმიერი ფორმით გასხვისება ან განკარგვა, გარდა ამ თავით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებისა ან/და ამ თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. დამგირავებლის მიერ ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცემა გულისხმობს მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგირავნის უფლებას, მოახდინოს გირავნობის საგნის დაუყოვნებელი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ხელშეკრულების პირობებისა და ამ კანონის შესაბამისად.
4. დამგირავებელი არ არის უფლებამოსილი, სხვა გირავნობით ან/და უფლებით დატვირთოს ამ თავის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირაო. ასეთი გარიგება ბათილია.
41. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
5. ფინანსური ინსტრუმენტის გირავნობის შემთხვევაში, მიუხედავად დამგირავებლის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა ან მისი დეფოლტის დადგომისა, მოგირავნის მიერ ფინანსური ინსტრუმენტის რეალიზაციისას და ამ კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას, რეალიზაციით მიღებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მოგირავნის მიმართ არსებული უზრუნველყოფილი ვალდებულებების დასაფარავად ან ურთიერთგაქვითვისათვის, ხოლო ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში − ურთიერთგაქვითვისათვის.
6. ფინანსური გირაოს რეალიზაციით მიღებული თანხით ფინანსური გირაოს მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ნამეტი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება.
7. თუ ფინანსური გირაოს რეალიზაციით მიღებული თანხა არასაკმარისია ფინანსური გირაოს მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დასაფარავად, ნარჩენი ვალდებულების ნაწილში მოგირავნე სარგებლობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
მუხლი 39. ფინანსური გირაოს გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება
1. ფინანსური გირაოს ან უზრუნველყოფილი ვალდებულების ღირებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება გირავნობის საგნის შესაბამისი გაზრდა ან შემცირება, თუ ეს გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით.
2. შესაძლებელია დამგირავებელმა გირავნობის საგანი ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების სხვა საგნით, პირველადი გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით, თუ ეს გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით.
3. სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის ერთობლიობის ფინანსურ გირაოდ გამოყენების შემთხვევაში დამგირავებლის უფლება, შეამციროს, გაზარდოს ან ჩაანაცვლოს ფინანსური გირაო, არ ზღუდავს მოგირავნის უფლებას, ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირაოს საგანს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, თუ ეს გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით.
4. ფინანსური გირაოს მიმღები − მოგირავნე − უფლებამოსილია ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ფინანსური გირაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში ფინანსური გირაოს მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ ან ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფინანსური გირაოს მიმღები ვალდებულია ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელს დაუბრუნოს იგივე ოდენობა იმავე ვალუტით, ხოლო სხვა ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში − იმავე მოვალის ან ემიტენტის, იმავე ემისიის ან კლასის და იმავე ვალუტით დენომინირებული იმავე ნომინალური ღირებულების ან იმავე ჯამური ნომინალური ღირებულების მქონე ფინანსური ინსტრუმენტი. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს მოგირავნის მიერ მსგავსი ღირებულების სხვა აქტივის დაბრუნების ვალდებულებას, თუ ამ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით დგება რაიმე გარემოება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ გირაოსთან ან გავლენას ახდენს მასზე.
5. ფინანსური გირაოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება არ განიხილება ახალი ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დადებად.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები ნამდვილია და მათ მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფინანსური გირაოს გაზრდა ან ჩანაცვლება მოხდა რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, თუკი მოგირავნემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
მუხლი 40. უზრუნველყოფილ კრედიტორთა შორის უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლება
მოგირავნეს სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებით აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლება ამ თავის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
თავი VII. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს საგადახდო მომსახურების ცალკეული სახეების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.
2. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ნორმატიული აქტები;
ბ) სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის წესებთან, პროცედურებთან, სტანდარტებთან, სისტემის მონაწილეთა უფლებებთან და მოვალეობებთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან;
გ) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე;
დ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან;
ე) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს წერილობითი მითითებით მოსთხოვოს გარკვეული ქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება.
მუხლი 43. ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა
1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას, გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.
[ 2. პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მხარეს, საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან) ]
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და შესაბამის პროვაიდერს. საგადახდო სისტემის ფუნქციონირების შედეგად ოპერატორისათვის გადაცემული ტრანსფერორდერით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ შესაბამის მონაწილეს ან მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება მიეწოდოს იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდება.
5. სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემა სხვა პირისა და ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყონ სათანადო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და გატარება.
7. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, მონაწილეების, მომხმარებლების და მათ მიერ ან მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.
მუხლი 431. ინფორმაციის გადამოწმების უფლება
1. პროვაიდერი უფლებამოსილია ფიზიკური პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.
2. პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვან სისტემად/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერად მიჩნევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს:
ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლები;
ბ) ინფორმაცია ხელმძღვანელი პირების, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;
გ) კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია.
2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის კაპიტალი მათი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა.
4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1897).
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მას უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმისწარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის სისტემის წესებთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სისტემის ოპერატორმა/საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა:
ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, წერილობითი მითითება;
ბ) წარადგინა არასწორი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
დ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;
დ) ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა, მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება;
ე) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ამასთანავე, უნდა მიეთითოს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე;
ვ) გაუუქმოს რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 47. სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრი
საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრს და მას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
მუხლი 48. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები
სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერების და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე.
მუხლი 481. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორად ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირებმა ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.
მუხლი 49. გამონაკლისი ამ თავის მოქმედებიდან
ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.
თუ არ არსებობს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი ნორმა, ოპერატორი ან პროვაიდერი მოქმედებს საერთაშორისო ნორმებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 51. გარდამავალი დებულება
იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6304-Iს
დოკუმენტის კომენტარები