„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4199-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.017904
4199-Iს
03/09/2015
ვებგვერდი, 10/09/2015
200020000.05.001.017904
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) მნიშვნელოვანი სისტემა – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ რეგისტრირებული ოპერატორის სისტემა, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი მონაწილე და რომელიც მიჩნეულია მნიშვნელოვან სისტემად ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად;“.

2. მე-3–მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია

1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.

2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.

3. სააგენტო უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების დაუბრკოლებელი განხორციელებისა და საგადახდო სისტემების საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაადგინოს საგადახდო სისტემების ფუნქციონირების ურთიერთშესაბამისობის სტანდარტები, მათ შორის, ინფორმაციისა და ტრანსფერორდერების გაცვლის მიზნით.

4. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა

ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის ან/და საგადახდო სისტემის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემა და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ დააწესოს დამატებითი მოთხოვნები თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან

ამ თავით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნები არ ვრცელდება სისტემის ოპერატორზე, თუ იგი არის:

ა) ეროვნული ბანკი/სააგენტო (ეროვნული ბანკის/სააგენტოს სისტემები);

ბ) სააგენტოს მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;

გ) სააგენტოს მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი;

დ) საერთაშორისოდ აღიარებული საგადახდო სისტემის ოპერატორი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და თუ ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ამ თავის მოქმედების სფერო

1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის სისტემებსა და ამ კანონის შესაბამისად მნიშვნელოვან სისტემად მიჩნეულ სისტემებზე. ფინანსური სისტემის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ამ თავის მოქმედება სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გავრცელდეს სხვა სისტემებზედაც.

2. სააგენტო აქვეყნებს იმ სისტემების ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.

3. სააგენტოს გადაწყვეტილებით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მნიშვნელოვან სისტემად მიჩნევის შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაიცვას მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით დაუწესოს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკის სისტემების მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსაგან მონაწილის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღება;

ბ) სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე კომერციული ბანკია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;

დ) სხვა უფლებამოსილი პირისაგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.

3. ისეთი სისტემის მონაწილის მიმართ, რომლის ოპერატორიც არ არის ეროვნული ბანკი, საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:

ა) ოპერატორის მიერ სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე კომერციული ბანკია;

ბ) ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;

გ) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ოპერატორის მიერ სააგენტოსაგან შეტყობინების მიღება;

დ) სხვა უფლებამოსილი პირისაგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

1. სააგენტო შეიმუშავებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ელექტრონული ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით აწვდის იმ სისტემებისა და მათი მონაწილეების ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.

2. სააგენტო შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსაგან იღებს ინფორმაციას სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.

3. სააგენტო შესაბამისი უცხოური ორგანოსაგან უცხოური სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს.

4. სისტემის მონაწილე ვალდებულია ოპერატორს, ხოლო ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

5. სააგენტო დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან მის მიერ სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ.“.

7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სისტემების ან ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მომსახურების ის სახეები, რომლებიც არ შედის საგადახდო მომსახურებაში, აგრეთვე ელექტრონული ფულისა და საგადახდო ინსტრუმენტების კატეგორია, რომელთა საშუალებით განხორციელებული ოპერაციები არ მიიჩნევა საგადახდო მომსახურებად ან/და რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.“.

9. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.“.

10. მე-15–მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება

1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების განხორციელება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის:

ა) სააგენტოს მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

ბ) კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;

გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება განახორციელოს აგენტის ან აგენტების მეშვეობით, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესს ადგენს სააგენტო.

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას ახორციელებს აგენტის მეშვეობით, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო მომსახურებისათვის. ეს არ ათავისუფლებს აგენტს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისაგან.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სააგენტო აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას.

მუხლი 16. ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

1. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

2. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო მომსახურებასთან.

მუხლი 17. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი

1. სააგენტო უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა გადააჭარბებს სააგენტოს მიერ დადგენილ ზღვრებს.

2. თუ სააგენტო საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ფინანსური სექტორისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი და გაანგარიშებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა, მისი სახეობების მიხედვით. თუ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი იმავდროულად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მან უნდა დაიცვას ამ კანონის საფუძველზე და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კაპიტალის ოდენობებს შორის უდიდესი.

4. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად.

5. სააგენტოს მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიმართ დადგენილი მოთხოვნები ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

6. სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დაცვისაგან, თუ:

ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ 3 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს;

ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

7. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური (მათ შორის, აუდიტირებული), სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 18. მომხმარებლის ფულადი სახსრები

1. სააგენტო უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო მომსახურების განხორციელებისათვის მომხმარებლისაგან მიღებული სახსრების (მომხმარებლის ფულადი სახსრები) მიმართ.

2. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს პროვაიდერის საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით, სხვა საბანკო ანგარიშზე ან ანგარიშებზე. მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

3. სააგენტო უფლებამოსილია ცალკეულ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერებს მოსთხოვოს მომხმარებლის ფულადი სახსრების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის წარდგენა.

4. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის პირობების ან/და გარანტორის/მზღვეველის შეცვლა ან დამატება.

5. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის გამოიყენოს მომხმარებლის ფულადი სახსრები.

6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები არ არის დეპოზიტი.

7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული ფული გადაუცვალოს მას ფულად სახსრებზე.

8. დაუშვებელია ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელებისათვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ.

9. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრების კრედიტის/ოვერდრაფტის გასაცემად გამოყენება.

10. ელექტრონული ფული არის ელექტრონული ფულის პროვაიდერის ვალდებულება მომხმარებლის მიმართ.

11. იურიდიული პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება მონაწილეობდნენ, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისათვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ პირთა მიერ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების ამ პირთა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა.“.

11. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 24-ე–26-ე მუხლების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და 32-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს, თუ ეს მდგომარეობა უშუალოდ ახდენს გავლენას ამავე კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე, განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.“.

12. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ან/და მასთან დადოს შეთანხმება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, მათ შორის, მომსახურების გაწევის ვადებს, ტარიფებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლება-მოვალეობებს.“.

13. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტების მახასიათებლები.“.

14. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებით. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლისაგან განსხვავებული წესი.“.

15. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე, იგი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აცნობოს მომხმარებელს ამის შესახებ ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.“.

16. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები

1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი სააგენტოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ:

ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუკი სააგენტოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისათვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი, თუკი სააგენტოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიმღების იდენტიფიკაციას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

4. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის პროვაიდერს გადასცეს მათ შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში.

5. მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა დაუყოვნებლივ გახადოს ხელმისაწვდომი ანგარიშის მფლობელისათვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისათვის.

6. გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, და იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.

7. გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, მისი რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.“.

17. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

18. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში საგადახდო დავალების გამოთხოვა შესაძლებელია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

19. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საგადახდო ინსტრუმენტთან (მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტთან) დაკავშირებით დაუწესოს მოთხოვნები და ლიმიტები თავის მიერ დადგენილი წესით.“.

20. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება ამ თავის დებულებების შესაბამისად, თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ პროვაიდერს შეატყობინა ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − სააგენტოს წესით დადგენილ ვადაში.“.

21. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს გარემოებები, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამხდელს ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, და შესაბამისი ვადები, თუ ეს გადახდის ოპერაცია ინიციირებულ იქნა მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით.“.

22. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ თავის დებულებები აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.“.

23. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად.“.

24. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს საგადახდო მომსახურების ცალკეული სახეობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.

2. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ნორმატიული აქტები;

ბ) სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის წესებთან, პროცედურებთან, სტანდარტებთან, სისტემის მონაწილეთა უფლებებთან და მოვალეობებთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან;

გ) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე;

დ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან;

ე) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს წერილობითი მითითებით მოსთხოვოს გარკვეული ქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება.“.

25. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არავის არ აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას ან გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი მიზნისათვის გამოიყენოს იგი. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.“.

26. 44-ე–48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია

1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვან სისტემად ან საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერად მიჩნევის შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ხელმძღვანელი პირების, მნიშვნელოვანი წილის უშუალო და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს კაპიტალის ოდენობას;

დ) სააგენტოს წესებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია.

2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის კაპიტალი მათი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს სააგენტოს მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები.

3. სააგენტო უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეებს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშების სააგენტოში გახსნა.

4. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისათვის ნებადართულია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.

მუხლი 45. შემოწმება

1. სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმის წარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია.

2. სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის სისტემის წესებთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მუხლი 46. სანქციები

1. სააგენტო უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სისტემის ოპერატორმა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა:

ა) დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სააგენტოს ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, წერილობითი მითითება;

ბ) წარადგინეს არასწორი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვიეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტო უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და აღარ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა;

ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

გ) გაუუქმოს რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 47. სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალი

სააგენტო აწარმოებს სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრს და აქვეყნებს თავის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე.

მუხლი 48. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები

სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, სააგენტოს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერებისა და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების გაწევაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 სექტემბერი 2015 წ.

N4199-Iს