„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1897-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.018745
1897-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
200020000.05.001.018745
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ელექტრონული ფული – ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის, მაგნიტურ მატარებელზე) და რომელსაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა, სხვა პირებიც აღიარებენ;“;

ბ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                 

„ჰ10) ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიება, რომლის მიზანია პირის საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომელიც მოიცავს იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (გირავნობა, იპოთეკა).“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა

1. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის ან/და საგადახდო სისტემის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემა (მათ შორის, მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიები) და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ დააწესოს დამატებითი მოთხოვნები თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მნიშვნელოვან სისტემად მიჩნევის შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაიცვას მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დაწესებული მოთხოვნები.“.

4. 51 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით.“.

5. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისტემების დაცვა“.

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ამ თავის მოქმედების სფერო

1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სისტემის ოპერატორების საგადახდო სისტემებზე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო სისტემებზე.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს რეგისტრირებული ოპერატორების საგადახდო სისტემებს.“.

7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ნებადართული საქმიანობა

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გარდა, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:

ა) საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, როგორიცაა ვალუტის გადაცვლა, გადახდის ოპერაციის შესრულების დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება;

ბ) საგადახდო სისტემის მართვა, ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით;

გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში:

გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ  გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაიცემა;

გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაცემული სესხი უნდა დაიფაროს არაუგვიანეს 12 თვისა;

გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ფულადი სახსრებით;

გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან თანხების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.“.

10. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“.

11. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.

9. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.“.

12. მე-18 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. დაუშვებელია მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.“.

13. 35-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება იურიდიულ პირებს შორის დადებულ ყველა სახის ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე, რომელშიც გირავნობის საგანი არის ფინანსური ინსტრუმენტი ან/და ფულადი სახსრები.

2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი და სხვა იურიდიული პირი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნად იმ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც დაგირავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ თავის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური ინსტრუმენტისა.

7. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

14. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, თუ ხელშეკრულება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არის დადებული და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად.“.

15. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია ამ თავის შესაბამისად ფინანსურ გირაოდ გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ სხვა ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, მათი ნებისმიერი ფორმით გასხვისება ან განკარგვა, გარდა ამ თავით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებისა ან/და ამ თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

16. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, მონაწილეების, მომხმარებლების და მათ მიერ ან მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

„მუხლი 431. ინფორმაციის გადამოწმების უფლება

1. პროვაიდერი უფლებამოსილია ფიზიკური პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში  ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

2. პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

19. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 46-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს  წერილობითი  გაფრთხილება  ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

გ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს  აქტიური  ოპერაციები,  აუკრძალოს  მოგების განაწილება,  დივიდენდების დარიცხვა  და  გაცემა,  შრომის  ანაზღაურების  გაზრდა,  პრემიებისა  და  სხვა,  მსგავსი  ანაზღაურების  გაცემა;

დ) ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა, მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ამასთანავე, უნდა მიეთითოს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე;

ვ) გაუუქმოს რეგისტრაცია.“.

21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 48მუხლი:

„მუხლი 481. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორად ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირებმა ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ კანონისა  და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.

6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ  საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.“.

მუხლი 2  

1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1897-რს