„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 446-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.018331
446-IIს
10/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
200020000.05.001.018331
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მნიშვნელოვანი სისტემა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოპერატორის სისტემა, რომელსაც ჰყავს სამი ან სამზე მეტი მონაწილე და რომელიც მიჩნეულია მნიშვნელოვან სისტემად ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად;“.

2. მე-3−მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია                                    

1. იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის შესაბამისად სისტემის ოპერატორად დარეგისტრირების შემთხვევაში.

2. სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების დაუბრკოლებელი განხორციელებისა და საგადახდო სისტემების საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაადგინოს საგადახდო სისტემების ფუნქციონირების ურთიერთშესაბამისობის სტანდარტები, მათ შორის, ინფორმაციისა და ტრანსფერორდერების გაცვლის მიზნით.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა

ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის ან/და საგადახდო სისტემის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემა და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები თავის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 5. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან

ამ თავით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნები სისტემის ოპერატორზე არ ვრცელდება, თუ იგი არის:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი (ეროვნული ბანკის სისტემები);

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი;

დ) საერთაშორისოდ აღიარებული საგადახდო სისტემის ოპერატორი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი;

ე) საგადახდო  მომსახურების  პროვაიდერი  და თუ ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ამ თავის მოქმედების სფერო

1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის სისტემებსა და ამ კანონის შესაბამისად მნიშვნელოვან სისტემად მიჩნეულ სისტემაზე. ფინანსური სისტემის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ამ თავის მოქმედება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა სისტემებზედაც გავრცელდეს.

2.   საქართველოს   ეროვნული   ბანკი   აქვეყნებს   იმ   სისტემების   ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ცენტრალური დეპოზიტარის სისტემის მნიშვნელოვან სისტემად მიჩნევის შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაიცვას მნიშვნელოვანი სისტემისთვის დადგენილი მოთხოვნები.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკის სისტემების მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან მონაწილის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღება;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე კომერციული ბანკია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;

დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.

3. იმ სისტემის მონაწილის მიმართ, რომლის ოპერატორიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკი, საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:

ა) ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე კომერციული ბანკია;

ბ)  ოპერატორის მიერ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;

გ) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღება;

დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. შეტყობინება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ

1. საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ელექტრონული დოკუმენტის ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით აწვდის იმ სისტემებისა და მათი მონაწილეების ჩამონათვალს, რომლებზედაც ვრცელდება ამ თავის მოქმედება.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან იღებს ინფორმაციას სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი უცხოური ორგანოსგან უცხოური სისტემის მონაწილის, ოპერატორის ან  ანგარიშსწორების აგენტის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს.

4. სისტემის მონაწილე ვალდებულია ოპერატორს, ხოლო ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ადგილობრივი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან მის მიერ სისტემის მონაწილის, ოპერატორის  ან ანგარიშსწორების აგენტის მიმართ ლიკვიდაციის ან დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღების შესახებ.“.

7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის სისტემების ან ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელოვანი სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მომსახურების ის სახეები, რომლებიც არ განეკუთვნება საგადახდო მომსახურებას, აგრეთვე ელექტრონული ფულისა და საგადახდო ინსტრუმენტების კატეგორია, რომელთა საშუალებით განხორციელებული ოპერაციებიც არ მიიჩნევა საგადახდო მომსახურებად ან/და რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.“.

9. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ  რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.“.

10. მე-15­−მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება

1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

ბ) კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;

გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით, რომლის/რომელთა შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის მეშვეობით ახორციელებს, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო მომსახურებისათვის. ეს არ ათავისუფლებს აგენტს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისაგან.

4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას.

6. პროვაიდერი უფლებამოსილია შეასრულოს ვალუტის გაცვლის ოპერაცია, თუ ეს დაკავშირებულია ელექტრონულ ფულთან ან გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან.

მუხლი 16. ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

2.  საქართველოს  ეროვნული  ბანკი  უფლებამოსილია  თავის  მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო მომსახურებასთან.

მუხლი 17. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებითი მოთხოვნები დაუდგინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ მის მიერ ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრებს.

2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ფინანსური სექტორისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის მიერ ან/და  მასთან დაკავშირებული პირის  მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (შემდგომ − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი) ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და გაანგარიშებული კაპიტალის (მისი სახეობების  მიხედვით) მინიმალური ოდენობა. თუ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი იმავდროულად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მან უნდა დაიცვას ამ კანონის საფუძველზე და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კაპიტალის ოდენობებს შორის უდიდესი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის განსაზღვროს პირობები, როდესაც პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულ პირად.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნები აგრძელებს მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაათავისუფლოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისგან, თუ:

ა) გაცემულ ელექტრონული ფულის ინსტრუმენტებზე არსებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა საგადახდო მომსახურების ბრუნვა ზედიზედ 3 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზღვრებს;

ბ) მისთვის დამატებითი მოთხოვნები დადგინდა ამ მუხლის მე-2  პუნქტის საფუძველზე.

7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, მათ შორის, აუდიტირებული, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 18. მომხმარებლის ფულადი სახსრები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო მომსახურების გაწევისათვის მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების (მომხმარებლის ფულადი სახსრების) მიმართ.

2. პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები პროვაიდერის საკუთარი ფულადი სახსრებისაგან განცალკევებით, სხვა საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე უნდა განთავსდეს. მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ არ შეიძლება პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერებს მოსთხოვოს მომხმარებლის ფულადი სახსრების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის წარდგენა.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის პირობების ან/და გარანტორის/მზღვეველის შეცვლა ან დამატება.

5. პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს.

6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები არ არის დეპოზიტი.

7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მას ელექტრონული ფული  ფულად სახსრებზე გადაუცვალოს.

8. დაუშვებელია ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელებისათვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ.

9. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრების კრედიტის/ოვერდრაფტის გასაცემად გამოყენება.

10. ელექტრონული ფული არის ელექტრონული ფულის პროვაიდერის ვალდებულება მომხმარებლის მიმართ.

11. იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება მონაწილეობდეს, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდეს, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ პირთა მიერ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების აღნიშნულ პირთა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა.

12. საქართველოში დასაშვებია  მხოლოდ ფიზიკური პირის მომსახურება ფულადი გზავნილით. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, როგორც მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან/და გაგზავნა.“.

11. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 24-ე−26-ე მუხლების, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და 32-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის და საომარი მდგომარეობის დროს, თუ ეს მდგომარეობა უშუალო გავლენას ახდენს ამ კანონის შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.“.

12. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  20. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ან/და მასთან დადოს შეთანხმება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, მათ შორის, მომსახურების გაწევის ვადებს, ტარიფებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლებებსა და მოვალეობებს.“.

13. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო  ინსტრუმენტის მახასიათებლები.“.

14. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო დავალების მიცემის (ინიციირების) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებული წესი.“.

15. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე, იგი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით აცნობოს მომხმარებელს ამის შესახებ ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.“.

16. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები

1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ:

ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისათვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ მიმღების პროვაიდერი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმღების იდენტიფიკაციას ვერ ახერხებს, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დაბრუნება.

4. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული საგადახდო დავალება გადამხდელის პროვაიდერს გადასცეს მათ შორის შეთანხმებულ ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში.

5. მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა დაუყოვნებლივ გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

6. გადამხდელს  უფლება  აქვს,  საგადახდო  დავალების  შესრულების დადასტურების მიზნით თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი. საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.

7. გადახდის ოპერაციის საგადახდო სისტემაში გატარება/არსებობა, მისი რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.“.

17. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

18. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში საგადახდო დავალების გამოთხოვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.

19. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით დაუწესოს მოთხოვნები და ლიმიტები საგადახდო ინსტრუმენტთან, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტთან დაკავშირებით.“.

20. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება ამ თავის შესაბამისად, თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში შეატყობინა.“.

21. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება

საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს გარემოებები, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამხდელს ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, აგრეთვე შესაბამისი ვადები, თუ ეს გადახდის ოპერაცია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით იქნა ინიციირებული.“.

22. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.“.

23. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება ნამდვილია და მის  მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე  პირები, მათ  შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი და დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად.“.

24. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს საგადახდო მომსახურების ცალკეული სახეების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.

2. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გამოსცეს ნორმატიული აქტები;

ბ) სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის წესებთან, პროცედურებთან, სტანდარტებთან, სისტემის მონაწილეთა უფლებებთან და მოვალეობებთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან;

გ) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე;

დ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან;

ე) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს წერილობითი მითითებით მოსთხოვოს გარკვეული ქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება.“.

25. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას, გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი კომპეტენციის ფარგლებში.“.

26. 44-ე−48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია

1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვან სისტემად/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერად მიჩნევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ხელმძღვანელი პირების, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია.

2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის კაპიტალი მათი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა.

4. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისათვის ნებადართულია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.

მუხლი 45. შემოწმება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მას უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმისწარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის  სისტემის  წესებთან  და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მუხლი 46. სანქციები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სისტემის ოპერატორმა/საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, წერილობითი მითითება;

ბ) წარადგინა არასწორი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და აღარ დაუშვას შესაბამისი დარღვევა;

ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

გ) გაუუქმოს რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 47. სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრი

საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრს და მას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

მუხლი 48. სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულებები

სისტემის ოპერატორი და  საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერების და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 მარტი 2017 წ.

N446-IIს