სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • Word
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 26/12/2001
სარეგისტრაციო კოდი 110.070.000.05.001.001.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1172
07/12/2001
სსმ, 35, 26/12/2001
110.070.000.05.001.001.003
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/07/2003 - 14/01/2004)

საქართველოს კანონი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა.

    მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ექიმი-ექსპერტი – სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმი, რომელსაც სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში სპეციალური ცოდნა აქვს;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, რასაც იგი მიჰყავს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვამდე და სოციალური დაცვის საჭიროებამდე;

გ) შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი – შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი სამედიცინო-ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვა – სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მუდმივი ან დროებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს სათანადო პირობების შექმნა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადალახოს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა მოქალაქეთა მსგავსად მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მშვილებელი, მეურვე, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი);

ვ) პროფესია – ადამიანის შრომითი საქმიანობის სახე, რომელსაც ის ფლობს სპეციალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნით, უნარითა და გამოცდილებით;

ზ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიის მქონე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;

თ) ქმედობაუნარიანობა – თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარი;

ი) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა – ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით;

კ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი – ჯანმრთელობის მოშლის შედეგად გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრის სიდიდე;

ლ) შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ–ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად.

    მუხლი 4

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობის სფერო და მოიცავს სამედიცინო–ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს.

2. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.

3. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წამყვან პოზიციად ითვლება განსაზღვროს პირის სამედიცინო და სოციალური სტატუსის დარღვევა ან მისი დაკარგვის ხარისხი, გამოავლინოს მათი შენარჩუნების უნარი და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომას.

    მუხლი 5

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრასა და სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება.

    მუხლი 6

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება შესაბამისი სადიაგნოსტიკო–სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.

    მუხლი 7

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებას.

    მუხლი 8

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომში – ბიურო), რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებით.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 9

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ შემუშავდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ადრე გატარებულ სამედიცინო-სოციალურ ღონისძიებებთან კავშირში ითვალისწინებს რეაბილიტაციის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და მატერიალური დახმარების საჭიროებას.

თავი II

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის ცნება და კატეგორიები

    მუხლი 10

1. შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა.

2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით:

ა) მსუბუქად გამოხატული;

ბ) ზომიერად გამოხატული;

გ) მნიშვნელოვნად გამოხატული;

დ) მკვეთრად გამოხატული.

3. შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 11

1. ანატომიური ან გონებრივი დეფექტისა და ორგანიზმის დარღვეული ფუნქციის საკომპენსაციო საშუალებებით უზრუნველყოფის, შრომის სპეციალური ან ინდივიდუალური პირობების შექმნის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომლის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან მკვეთრად, შესაძლებელია შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

2. დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხას, რომელთა დროსაც დასაშვებია სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შრომა, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თავი III

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების ვადები

    მუხლი 12

1. ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებებისა და ფუნქციური დარღვევებისას, დაავადების მიმდინარეობაზე, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობაზე დაკვირვების მიზნით, ტარდება პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის პერიოდული გადამოწმება:

ა) ქმედობაუნარიანობის ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის დროს – წელიწადში ერთხელ;

ბ) ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის დროს – ორ წელიწადში ერთხელ.

2. კლინიკური და სოციალური პროგნოზიდან, აგრეთვე სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსალოდნელი ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი შეიძლება დადგინდეს 6 თვით.

    მუხლი 13

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება იმ მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, რომელ თვეშიც დანიშნულია გადამოწმება.

    მუხლი 14

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) უდგინდება:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აქვს ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება ბიუროში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ;

ბ) სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის ან დაავადების, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 55 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალს – 50 წლის ასაკის ზევით;

გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელმაც გადაიტანა ნებისმიერი ხარისხის სხივური დაავადება – ასაკის მიუხედავად;

დ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღინიშნება კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზი, როცა სახეზეა ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა არამყარი, შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები და რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლოა დადებითი ეფექტის მიღწევა;

ე) პირს, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დაავადებებით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებით.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 15

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლის, ან მისი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნის გამოვლენისას.

2. ამ კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო ასაკის ზევით იმ პირთა გადამოწმება, რომლებსაც შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ ბიუროს მიერ დასკვნა გაცემულია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო.

თავი IV

შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზები

    მუხლი 16

1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას ბიურო ადგენს შემდეგ მიზეზებს:

ა) საერთო დაავადება;

ბ) შრომითი დასახიჩრება;

გ) პროფესიული დაავადება;

დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა;

ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;

ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;

ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.

2. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.

3. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა:

ა) შრომითი მოვალეობის (მათ შორის, მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას;

ბ) გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას;

გ) საწარმოო პრაქტიკის დროს;

დ) დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ;

ე) დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს;

ვ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას;

ზ) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას;

თ) სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას;

ი) დონორის ფუნქციის შესრულებისას.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვითარდა მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.

5. ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა.

6. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.

7. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, რომელიც დაკავშირებული არ არის სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან, დგინდება იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას და არ უკავშირდება სამხედრო ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება, თუ ის დადგა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის განმავლობაში, ანდა დემობილიზაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, თუ ტრავმა ან დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის პერიოდში, ან დემობილიზაციიდან 3 თვის ვადაში.

8. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან დაკავშირებით უდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობით ან რომელმაც განიცადა რადიაქტიური ზემოქმედება რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე.

9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას ბიუროს უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან დასახიჩრების ხასიათით ერთდროულად არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მაღალი პენსიის მიღების უფლებას იძლევა.

თავი V

დასაქმებულთათვის ბიუროს მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა

 

    მუხლი 17

დასაქმებულთა დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება შრომით დასახიჩრებად ჩაითვლება შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (შემდგომში – შრომითი დასახიჩრება) იმ შემთხვევაში, თუ ის მოხდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, (შემდგომში – დამსაქმებელი) ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ან მის ფარგლებს გარეთ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე დამსაქმებლის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით სამუშაო ადგილზე წასვლის ან სამუშაოდან წამოსვლის შემთხვევაში.

    მუხლი 18

1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრასთან ერთად ბიურო იხილავს საკითხს მოცემული შრომითი დასახიჩრების შედეგად დაზარალებულის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის (თუ ამის საფუძველი არსებობს) და მისთვის დამატებითი დახმარებების (დამატებითი კვების, მოვლის, სანატორიულ-კურორტული მკურნალობის, წამლების შეძენის, მოვლის საგნების, პროთეზირების, გადაადგილების საშუალებებისა და სხვათა) საჭიროების შესახებ, რასაც დასკვნაში მიუთითებს.

2. თუ დაზარალებულს მიღებული შრომითი დასახიჩრების გამო არ შეუძლია წინანდელი სამუშაოს შესრულება, ბიუროს გამოაქვს დასკვნა, მისთვის ახალი პროფესიის სწავლების (პროფესიული მომზადების, გადამზადების) შესახებ, რომლის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლისათვის.

    მუხლი 19

დაზარალებულმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, ან მისმა წარმომადგენელმა ბიუროში უნდა წარადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიმართვა, აგრეთვე იმ დამსაქმებლის ადმინისტრაციის ან მისი პროფკომიტეტის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება, ან სასამართლოს მიმართვა, უბედური შემთხვევის აქტი ან სხვა დოკუმენტი შრომითი დასახიჩრებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ (სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნა), ხოლო პროფესიული დაავადების შემთხვევაში – შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების დასკვნა.

    მუხლი 20

1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს ბიურო განსაზღვრავს შრომითი დასახიჩრების შედეგებიდან გამომდინარე.

2. თუ შრომითი დასახიჩრების შედეგად გაუარესდა ადრე არსებული დაავადება, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება მისგან გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის დარღვევის გამოხატულებიდან გამომდინარე, ადრე არსებული დარღვევების გათვალისწინებით.

    მუხლი 21

1. პროფესიული შრომისუნარიანობა ესაა ადამიანის უნარი, შეასრულოს განსაზღვრული კვალიფიკაციისა და მოცულობის სამუშაო სათანადო ხარისხით.

2. თუ დაზარალებულს აქვს რამდენიმე პროფესია, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას მისი არჩევით ძირითად პროფესიად ჩაითვლება ის, რომელი პროფესიითაც მუშაობდა დაზარალებული შრომითი დასახიჩრებისას ან რომელი პროფესიითაც აქვს ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი, აგრეთვე პროფესია, რომელშიც მიენიჭა უმაღლესი კვალიფიკაცია. იმ მოსწავლეს (სტუდენტს), რომელმაც მიიღო შრომითი დასახიჩრება საწარმოო პრაქტიკის გავლისას ძირითად პროფესიად ჩაეთვლება ის პროფესია, რომელშიც გადის სწავლებას.

3. ცნობებს დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს ხასიათის შესახებ ბიურო აზუსტებს სამუშაო ადგილიდან და შესაბამისი სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციიდან გამოთხოვილი საბუთების საფუძველზე.

    მუხლი 22

1. თუ დაზარალებულს აქვს ორგანიზმის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდის ან აბრკოლებს ნებისმიერი შრომის შესრულებას, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ პირობებშიც კი, უდგინდება პროფესიული შრომის-უნარიანობის დაკარგვა 100 (ასი) პროცენტით.

2. თუ დაზარალებულს შეუძლია შეასრულოს სამუშაო მხოლოდ სპეციალურად შექმნილ პირობებში, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვა განისაზღვრება არანაკლებ 70 (სამოცდაათი) პროცენტით.

3. თუ დაზარალებულს შრომითი დასახიჩრების შედეგად შეუძლია შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა, მაგრამ ნაკლები მოცულობით ან კვალიფიკაციის დაქვეითებით და ანაზღაურების შემცირებით, ან მან დაკარგა კვალიფიკაცია, მაგრამ შეუძლია შეასრულოს შედარებით დაბალი კვალიფიკაციისა და მცირე ანაზღაურების სხვა პროფესიის სამუშაო, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრება 25-დან (ოცდახუთი) 60 (სამოც) პროცენტამდე, სამუშაოს მოცულობის, ანაზღაურების შემცირებისა და კვალიფიკაციის დაქვეითების მიხედვით.

4. თუ დაზარალებულს შეუძლია მუშაობის გაგრძელება თავისი პროფესიით, რასაც თან სდევს ანაზღაურების შემცირება, ან თავისი პროფესიით, მაგრამ წინანდელზე უფრო მეტი დაძაბულობით, პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დგინდება 25 (ოცდახუთ) პროცენტამდე.

    მუხლი 23

განმეორებით მიღებული შრომითი დასახიჩრებისას პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი პროცენტებში განისაზღვრება თითოეული შრომითი დასახიჩრების მიხედვით, მიუხედავად იმისა, შრომითი დასახიჩრება მოხდა ერთსა და იმავე თუ სხვადასხვა დამსაქმებელთან მუშაობის დროს.

    მუხლი 24

ამონაწერი შემოწმების აქტიდან პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრის შედეგების, დამატებითი დახმარების საჭიროების შესახებ ეგზავნება დამსაქმებელს ან სასამართლოს, რომლის მიმართვის საფუძველზედაც გაიარა შემოწმება დაზარალებულმა, ხოლო ცნობა შემოწმების შედეგების შესახებ დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს მიეცემა ხელზე.

    მუხლი 25

გასული პერიოდისათვის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს ბიურო ადგენს შრომითი დასახიჩრების მიღების დღიდან მთელ პერიოდზე, მიუხედავად იმისა, როდის მიმართა დაზარალებულმა ბიუროს ან დამსაქმებელს, ან ადრე დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის ვადის გასვლის დღიდან მთელ პერიოდზე, თუ ამის საფუძველი არსებობს.

    მუხლი 26

1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას დაზარალებულის გადამოწმება ბიუროში ხდება 6 თვის, 1 ან 2 წლის შემდეგ შრომითი დასახიჩრების ხასიათისა და სამედიცინო, სოციალური, შრომითი რეაბილიტაციის შედეგად შრომისუნარიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დგინდება:

ა) თუ შრომითი დასახიჩრების შედეგები იძლევა პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენის საფუძველს, ან პროფესიული შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვა განპირობებულია შრომითი დასახიჩრებით გამოწვეული მყარი, შეუქცევადი შედეგებით და არ იძლევა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს;

ბ) საპენსიო ასაკს გადაცილებულ პირზე, გარდა კეთილსაიმედო კლინიკური პროგნოზისა, როცა სახეზეა შრომითი დასახიჩრების შედეგად განპირობებული ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა შექცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის გადამოწმება, რომელსაც პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ), ხდება მისივე განცხადების საფუძველზე ან არასწორი, დაუსაბუთებლად გამოტანილი საექსპერტო დასკვნის გამოვლენისას (მათ შორის, თუ საექსპერტო დასკვნა გამოტანილია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც ადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო).

თავი VI

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა

    მუხლი 27

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რეაბილიტაცია არის სოციალურ-ეკონომიკური, სამედიცინო, პროფესიული, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია პირს აღუდგინოს ორგანიზმის დარღვეული ფუნქციები, თვითმომსახურების, პროფესიული, საყოფაცხოვრებო საქმიანობის უნარი და შეუქმნას პოტენციურ შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის აუცილებელი პირობები.

    მუხლი 28

სარეაბილიტაციო ღონისძიებების ძირითადი სახეებია:

ა) აღდგენითი თერაპია და რეკონსტრუქციული ქირურგია, შემდგომი პროთეზირებით (სამედიცინო რეაბილიტაცია);

ბ) პროფესიული ორიენტაცია ან/და რეორიენტაცია (პროფესიული სწავლება ან გადამზადება), რაციონალური შრომითი მოწყობა (პროფესიული რეაბილიტაცია);

გ) სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა და სოციალურ-საყოფაცხოვრებო ადაპტაცია (სოციალური რეაბილიტაცია).

    მუხლი 29

რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებათა შესაბამისად მისი დაავადების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტით გამოწვეული ქმედობაუნარიანობის შეზღუდვიდან გამომდინარე ასახავს სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შინაარსს.

    მუხლი 30

რეაბილიტაციის ინდივიდუალურ პროგრამას შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირის შემოწმების ან გადამოწმებისას შეიმუშავებენ ან პროგრამაში ცვლილებები შეაქვთ ბიუროებს და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირის ან მისი წარმომადგენლის თანხმობით.

    მუხლი 31

რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამით განისაზღვრება სარეაბილიტაციო ღონისძიებათა სახე, ფორმა და მოცულობა, მათი ჩატარების ვადები, შესაბამისი ღონისძიებების კონკრეტული შემსრულებლები.

    მუხლი 32

რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სამედიცინო დაწესებულებათა ექიმმა–სპეციალისტებმა, სოციალური დაცვის ორგანოების მუშაკებმა, შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

    მუხლი 33

რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირისათვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირს ან მის წარმომადგენელს შეუძლია უარი თქვას სარეაბილიტაციო ღონისძიებათა ამა თუ იმ სახეზე, ფორმასა და მოცულობაზე ან საერთოდ უარი თქვას პროგრამაზე. თანხმობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირი ან მისი წარმომადგენელი პროგრამაზე ხელის მოწერით იღებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს პროგრამის განხორციელებაში.

    მუხლი 34

თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ ეთანხმება რეაბილიტაციის ინდივიდუალურ პროგრამას, მას ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს პროგრამის შედგენიდან ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს იგი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებში ან სასამართლოში.

    მუხლი 35

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან მის წარმომადგენელსა და პროგრამის განმხორციელებელთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 36

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესრულება სავალდებულოა საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 37

რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს აწარმოებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 38

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამების დაფინანსება ხდება:

ა) სახელმწიფო და საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში;

ბ) სხვა წყაროებიდან, რომლებიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ, მათი სურვილის შემთხვევაში.

    მუხლი 39

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენის ვადასა და წესს, აგრეთვე პროგრამის უნიფიცირებულ ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თავი VII

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცია

    მუხლი 40

ავადობის დონისა და სტრუქტურის გათვალისწინებით იქმნება საერთო პროფილის, სპეციალიზებული (ფსიქიატრიული, ფთიზიატრიული, ოფთალმოლოგიური და სხვ.) და შერეული პროფილის ბიუროები.

    მუხლი 41

1. საერთო პროფილის ბიუროს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ სამი ექიმი-ექსპერტითა (თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ქირურგი) და ფსიქოლოგით. სპეციალიზებული და შერეული პროფილის ბიუროების – პროფილის შესაბამისი ორი ექიმი-ექსპერტით, თერაპევტით ან ნევროპათოლოგითა და ფსიქოლოგით.

2. ბიუროს სხდომაში მონაწილეობენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სოციალური სამსახურების, სხვა სახელმწიფო, პროფკავშირული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ნებაყოფილობით, ხმის უფლების გარეშე.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1811-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.154

    მუხლი 42

საჭიროებისას, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად, შესაბამისი ანაზღაურებით, ბიუროში შეიძლება მოიწვიონ სხვა სპეციალობის ექიმი-ექსპერტი, კონსულტანტი სამედიცინო და სოციალურ საკითხებში და ტექნიკური მუშაკი.

    მუხლი 43

ბიუროში სამუშაოდ დაინიშნებიან ექიმები, რომლებსაც აქვთ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, სერტიფიკატი სპეციალობაში და სპეციალური ცოდნა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 44

ბიუროს თავმჯდომარედ ინიშნება მასში შემავალი ერთ-ერთი ექიმი-ექსპერტი, რომელიც ხელმძღვანელობს ბიუროს მუშაობას და პირადად აგებს პასუხს მის საქმიანობაზე.

    მუხლი 45

ბიუროს აქვს შტამპი და ბეჭედი.

    მუხლი 46

ბიუროს ევალება:

ა) დაადგინოს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი და განსაზღვროს მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობის პოტენციალი;

ბ) დაადგინოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზობრივი კავშირი, გადამოწმების ვადა და მომდინარეობის დრო;

გ) დაუდგინოს 18 წლამდე ასაკის პირს კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი.“;

დ) განუსაზღვროს პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტი იმ დასაქმებულს, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება, აგრეთვე მისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საჭიროება;

ე) განსაზღვროს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა გარდაცვლილის ოჯახისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;

ვ) შეამოწმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაადგილების საშუალების (სავარძელ-ეტლი, ველო-ეტლი, ავტომოტოტრანსპორტი) მიღებისათვის სამედიცინო ჩვენებების განსაზღვრის მიზნით;

ზ) დახმარება აღმოუჩინოს პირს იმ საბუთების მოძიებაში, რომლებიც აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და რომელთა წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება შესამოწმებელ პირს;

თ) შეადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამა და პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს, მისი განხორციელების კონტროლი აწარმოოს სოციალური დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად;

ი) გაანალიზოს შესაძლებლობის შეზღუდვის დინამიკა, სტრუქტურა და მიზეზები, დაამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატისტიკური მაჩვენებლები;

კ) მონაწილეობა მიიღოს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი ფაქტორების შესწავლაში, შესაძლებლობის შეზღუდვის პროფილაქტიკის კომპლექსური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ლ) მონაწილეობა მიიღოს შესაძლებლობის შეზღუდვის პროფილაქტიკისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირებსა და სემინარებში;

მ) სამხედრო ვალდებულისა და წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს;

ნ) გასვლითი სხდომა ჩაატაროს სამედიცინო დაწესებულებასა და ავადმყოფის საცხოვრებელ სადგომში იმ მძიმე ავადმყოფის შესამოწმებლად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს ბიუროში;

ო) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებში კონსულტაცია გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებს.

    მუხლი 47

ბიუროს უფლება აქვს:

ა) სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში გააგზავნოს პირი, რომელიც ბიუროში გადის შემოწმებას, დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით;

ბ) გაუგრძელოს მკურნალობის ვადა იმ პირს, რომელიც ბიუროს მიმართავს მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად, თუ ამის საფუძველი არსებობს;

გ) მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და სხვა მასზე დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

დ) ჩაატაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საკონტროლო შემოწმება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით.

    მუხლი 48

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური და სხვა უფლებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სავალდებულოდ მისაღებია ბიუროს დასკვნა პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენისა და ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების შესახებ.

თავი VIII

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესი

    მუხლი 49

ბიუროში შემოწმებას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და რომლებსაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად აქვთ ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვით, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას ან სხვა საექსპერტო დასკვნის მიღებას უკავშირებს სოციალურ დაცვაზე უფლების მინიჭებას ან შესაბამის ვალდებულებათა შესრულებისაგან გათავისუფლებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 50

ბიუროში პირის შემოწმება ხდება მისი საცხოვრებელი ან მკურნალობის ადგილის მიხედვით, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.

    მუხლი 51

1. თუ ავადმყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს ბიუროში, შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში ან სტაციონარში.

2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი წარმომადგენლის თანხმობით.

    მუხლი 52

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, დაავადებით, ტრავმით ან დეფექტით გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის მყარად გამოხატული მოშლის შემთხვევაში.

2. სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გასატარებლად შედგენილ მიმართვაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობის მდგომარეობა, აგრეთვე ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებების შედეგები.

    მუხლი 53

ბიუროში გასატარებელმა პირმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, მომუშავეებმა – ცნობა სამუშაო ადგილიდან სამუშაოს ხასიათისა და პირობების მითითებით.

    მუხლი 54

საჭიროების შემთხვევაში ბიუროს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიონ მკურნალი ექიმები, სამხედრო კომისარიატის, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, პროფკავშირული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    მუხლი 55

1. საექსპერტო შემოწმების მონაცემები და დასკვნა შეიტანება ბიუროს სხდომის ოქმსა და შემოწმების აქტში, რომელიც დასტურდება ბიუროს თავმჯდომარისა და ბიუროს წევრთა ხელმოწერებით და დამოწმდება ბეჭდით.

2. შემოწმებულ პირს ან მის წარმომადგენელს მიეცემა დადგენილი ფორმის ცნობა, ხოლო ამონაწერი შემოწმების აქტიდან 3 დღეში ეგზავნება პენსიის დამნიშნავ (შრომითი დასახიჩრების დროს – ზიანის ამნაზღაურებელ) შესაბამის ორგანოს.

3. შემოწმებულ პირზე ან მის წარმომადგენელზე გაცემული ცნობა და შემოწმების აქტიდან ამონაწერი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებია, რომელთაც აქვთ სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

4. საექსპერტო დასკვნა და პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის თარიღი აღინიშნება დროებითი შრომისუუნარობის ფურცელში ან შესაბამის ცნობაში.

    მუხლი 56

ბიუროს მუშაობისათვის საჭირო საბუთების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 57

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის თარიღად ითვლება ბიუროში შემოწმებისათვის საჭირო საბუთების შესვლის დღე.

    მუხლი 58

1. ბიუროში შესამოწმებელ პირს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავისი ხარჯებით მოითხოვოს და აირჩიოს ბიუროს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობის მქონე დამოუკიდებელი ექიმი-ექსპერტი (ექიმი-ექსპერტები), რომელიც მოცემულ პერიოდში არ მუშაობს ბიუროში.

2. ბიუროს სხდომაში მონაწილე დამოუკიდებელი ექიმი-ექსპერტი სარგებლობს იმავე უფლება-მოვალეობებით, რომლებიც ამ კანონით დადგენილია ბიუროს ექიმი-ექსპერტისათვის.

    მუხლი 59 (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 60

1. თუ შემოწმებული პირი ან მისი წარმომადგენელი ან/და ორგანო, რომელიც ახორციელებს სოციალური დაცვის ღონისძიებებს, არ ეთანხმება ბიუროს დასკვნას, იგი უფლებამოსილია 1 თვის განმავლობაში განცხადება შეიტანოს ბიუროში, სადაც პირმა გაიარა შემოწმება, ან მის ზემდგომ ორგანოში.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

    მუხლი 61

შემოწმებულ პირს ან მის წარმომადგენელს ან/და ორგანოს, რომელიც ახორციელებს სოციალური დაცვის ღონისძიებებს, უფლება აქვთ გაასაჩივრონ ბიუროს დასკვნა სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 62 (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

თავი IX

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 63

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვეში შეიმუშაოს და მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

გ) „დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალურ პირობებში შრომა“ დამტკიცების თაობაზე;

დ) „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მუშაობისათვის საჭირო ფორმების“ დამტკიცების თაობაზე.

    მუხლი 64

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.

2. ამ კანონის VI თავი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 7 დეკემბერი.

№1172–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1811-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.154

2.საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2573-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.176

13. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3123-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2023 12. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5468-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3074-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 10. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2102-IIს - ვებგვერდი, 19/03/2014 9. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 8. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5629-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 7. 16/03/2007 - საქართველოს კანონი - 4500 - სსმ, 9, 31/03/2007 6. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4298 - სსმ, 51, 31/12/2006 5. 12/10/2004 - საქართველოს კანონი - 492 - სსმ, 31, 27/10/2004 4. 13/02/2004 - საქართველოს კანონი - 3333 - სსმ, 4, 02/03/2004 3. 14/01/2004 - საქართველოს კანონი - 3249 - სსმ, 1, 24/01/2004 2. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2573 - სსმ, 24, 20/08/2003 1. 03/12/2002 - საქართველოს კანონი - 1811 - სსმ, 32, 20/12/2002