დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2573 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.070.000.05.001.001.353 |
საქართველოს კანონი
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს (შემდგომში – ბიურო), რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებით.“.
2. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმის ან დაავადების, სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული ობიექტების ავარიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 55 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალს – 50 წლის ასაკის ზევით;“.
3. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან მის წარმომადგენელსა და პროგრამის განმხორციელებელთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.“.
4. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37
რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის განხორციელების კოორდინაციასა და კონტროლს აწარმოებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.“.
5. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43
ბიუროში სამუშაოდ დაინიშნებიან ექიმები, რომლებსაც აქვთ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, სერტიფიკატი სპეციალობაში და სპეციალური ცოდნა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში.“.
6. 59-ე მუხლი, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი და 62-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2573–რს
დოკუმენტის კომენტარები