„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.002.708
  • Word
4298
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
470.230.000.05.001.002.708
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისათვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისათვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს დაწესებულებას.“.

3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და აქვს ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ;“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 15

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნა.

2. ამ კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპენსიო ასაკის ზევით იმ პირთა გადამოწმება, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვთ უვადოდ, ხდება მხოლოდ მათი განცხადებით, ან თუ დასკვნა გაცემულია ყალბი საბუთების საფუძველზე, რასაც დაადასტურებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) უფლება აქვს გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

4. პირს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს:

ა) საერთო დაავადება;

ბ) შრომითი დასახიჩრება;

გ) პროფესიული დაავადება;

დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა;

ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;

ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან;

ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმებისას დაწესებულებას უფლება აქვს შეუცვალოს მას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი, თუ დაავადების ან/და დასახიჩრების ხასიათით არსებობს საფუძველი შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზის დასადგენად. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზი უნდა დადგინდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არჩევანით, ან დადგინდეს ის მიზეზი, რომელიც უფრო მეტი პენსიის მიღების უფლებას იძლევა.“.

7. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასაქმებულთათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული დასახიჩრების, პროფესიული დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების შედეგად დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის განსაზღვრა“.

8. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 19

დაზარალებულმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, ან მისმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს იმ დამსაქმებლის ადმინისტრაციის ან პროფესიული კავშირის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება, ან სასამართლოს მიმართვა (სასამართლოს გადაწყვეტილება), უბედური შემთხვევის აქტი ან სხვა დოკუმენტი შრომითი დასახიჩრებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ (შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნა), ხოლო პროფესიული დაავადების შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულების დასკვნა.“.

10. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს დაწესებულება განსაზღვრავს შრომითი დასახიჩრების შედეგების გათვალისწინებით.“.

11. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცნობებს დაზარალებულის შრომითი საქმიანობის, შრომის პირობებისა და შესრულებული სამუშაოს ხასიათის შესახებ დაწესებულება აზუსტებს სამუშაო ადგილიდან და შესაბამისი სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.“.

12. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 25

პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს დაწესებულება ადგენს შრომითი დასახიჩრების მიღების დღიდან მთელ პერიოდზე, მიუხედავად იმისა, როდის მიმართა დაზარალებულმა დაწესებულებას ან დამსაქმებელს, ან ადრე დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის ვადის გასვლის დღიდან მთელ პერიოდზე, თუ არსებობს ამის საფუძველი.“.

13. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისას დაზარალებულის გადამოწმება დაწესებულებაში ხდება 6 თვის ანდა 1 ან 2 წლის შემდეგ, შრომითი დასახიჩრების ხასიათისა და სამედიცინო, სოციალური, შრომითი რეაბილიტაციის შედეგად შრომისუნარიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობების გათვალისწინებით.“.

14. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი“.

15. 27-ე–29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 27

დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, რომელიც შერჩევით ან/და საჭიროებისამებრ ამოწმებს დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნის სისწორეს.

    მუხლი 28

1. სააგენტოს შეუძლია შერჩევით შეამოწმოს დაწესებულების საქმიანობა წელიწადში ერთხელ.

2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. სააგენტო შემოწმების დროს ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

3. სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შემოწმების განსახორციელებლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი.

4. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შემოწმების აქტი.

5. დარღვევის გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა დაწესებულების მიერ განმეორებითი შემოწმების ჩატარების შესახებ.

6. სააგენტო დასაბუთებული ეჭვის არსებობისას უფლებამოსილია, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გაუქმების შესახებ.

7. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩერდება საექსპერტო დასკვნის მოქმედება.

8. სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს წინაშე აყენებს დაწესებულების წევრთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს.

    მუხლი 29

დაწესებულების საექსპერტო დასკვნის შემოწმება არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.“.

16. 30-ე–41-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

17. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42

დაწესებულებამ, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტი.“.

18. 43-ე–45-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

19. 46-ე–51-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 46

დაწესებულება ვალდებულია:

ა) დაადგინოს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ბ) დაადგინოს მიზეზობრივი კავშირი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსთან მიმართებით, განსაზღვროს გადამოწმების ვადა და მომდინარეობის პერიოდი;

გ) განუსაზღვროს 18 წლამდე პირს კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“;

დ) განუსაზღვროს პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტი დასაქმებულს, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება, აგრეთვე დამატებითი დახმარების გაწევა;

ე) განსაზღვროს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა, გარდაცვლილის ოჯახისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;

ვ) შეამოწმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაადგილების საშუალების (სავარძელ-ეტლი, ველოეტლი) მისაღებად სამედიცინო ჩვენებების განსაზღვრის მიზნით;

ზ) დახმარება აღმოუჩინოს პირს იმ საბუთების მოძიებაში, რომლებიც აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და რომელთა წარდგენაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება შესამოწმებელ პირს;

თ) მონაწილეობა მიიღოს შესაძლებლობის შეზღუდვის პროფილაქტიკისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირებსა და სემინარებში;

ი) სამხედრო ვალდებულისა და წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს;

კ) გასვლითი სხდომა ჩაატაროს სამედიცინო დაწესებულებასა და ავადმყოფის საცხოვრებელ სადგომში იმ მძიმე ავადმყოფის შესამოწმებლად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში;

ლ) სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (დოკუმენტები).

    მუხლი 47

დაწესებულებას უფლება აქვს:

ა) საჭიროების შემთხვევაში სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გააგზავნოს პირი, რომელიც მოწმდება დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით;

ბ) გაუგრძელოს მკურნალობის ვადა იმ პირს, რომელიც დაწესებულებას მიმართავს მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად, თუ არსებობს ამის საფუძველი;

გ) მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციის შესასრულებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებიდან, საწარმოდან, ორგანიზაციიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 48

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური და სხვა უფლებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სავალდებულოა მისაღებად დაწესებულების დასკვნა პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენისა და ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხებზე.

    მუხლი 49

დაწესებულებაში შემოწმებას ექვემდებარება პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და რომელსაც დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად აქვს ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვით, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას ან სხვა საექსპერტო დასკვნის მიღებას უკავშირებს სოციალურ დაცვაზე უფლების მინიჭებას ან შესაბამის ვალდებულებათა შესრულებისაგან გათავისუფლებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 50

დაწესებულებაში პირი შემოწმებას გაივლის ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე.

    მუხლი 51

1. თუ ავადმყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ სადგომში.

2. გამონაკლის შემთხვევაში (შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება პირის დაუსწრებლად, მისი ან მისი წარმომადგენლის თანხმობით.“.

20. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 53

პირმა, რომელიც გადის შემოწმებას დაწესებულებაში, უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ხოლო დასაქმებულმა – ცნობა სამუშაო ადგილიდან, სამუშაოს ხასიათისა და პირობების მითითებით.“.

21. 54-ე და 55-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

22. 56-ე და 57-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 56

დაწესებულების მუშაობისათვის საჭირო საბუთების ფორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე გასცემს სააგენტო.

    მუხლი 57

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის თარიღად ითვლება დაწესებულებაში შემოწმებისათვის საჭირო საბუთების წარდგენის დღე.“.

23. 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

24. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 60

დაწესებულების დასკვნის სისწორე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

25. 61-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

26. 63-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2–მე-4 პუნქტები:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

3. იმ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გასდით 2007 წლის 1 მარტამდე, შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სტატუსი 2007 წლის 1 მარტამდე.

4. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტები.“.

27. 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4298–რს