საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 01/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
118
23/07/2005
სსმ, 89, 01/08/2005
040.030.000.10.003.000.252
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2005 - 12/01/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №118

2005 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 ივნისის №567 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანდართული დებულება.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ედვარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი უგულავა – ქ. თბილისის მერი

ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ლაშა შანიძე – ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.

2. ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო.

4. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.

5. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

    მუხლი 2. ფონდის ვალდებულებები და ფუნქციები

1. ფონდი პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების, მსოფლიო ბანკის, სხვა დონორებისაგან მიღებული და ძირითადი, აგრეთვე საპროცენტო თანხების სახით ფონდის სესხებიდან ამონაგები სახსრების მართვისათვის, რომლებიც გამიზნულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და შესაბამისი ტექნიკური დახმარების დასაფინანსებლად.

2. ფონდის ვალდებულებებია:

ა) ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება:

ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლების სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;

გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;

დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის დონორებს შორის შეთანხმებული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად;

ე) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;

ვ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, აგრეთვე სხვა ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის;

ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების კონტრაქტების განხორციელების ზედამხედველობა;

თ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სააგენტოებთან;

ი) ტექნიკური დახმარების პროგრამების კოორდინირება სხვა დონორებთან;

კ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;

ლ) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის განხორციელების უზრუნველყოფა საერთაშორისო სააუდიტო სტანდარტების შესაბამისად;

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფონდს შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის II პროექტის განხორციელება.

    მუხლი 3. ფონდის სტრუქტურა და მართვა

1. ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.

2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.

3. საბჭოს კომპეტენციაში შედის:

ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოს, მასში შესატანი ცვლილებების, შესწორებების განხილვა და დამტკიცება;

ბ) ფონდის ყოველწლიური და გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმის, მასში შესატანი ცვლილებების, შესწორებების განხილვა და დამტკიცება;

გ) პროექტის განვითარების შესახებ ხელშეკრულების, სასესხო ხელშეკრულებისა და ფონდის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა და დამტკიცება;

დ) ფონდის წლიური ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების და/ან ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;

ე) ფონდის მიერ მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან დადებულ ხელშეკრულებათა განხილვა და დამტკიცება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;

ვ) ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;

ზ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ფონდის სესხებისა და გრანტების დამტკიცება;

თ) ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრეინინგის პროგრამების განხილვა და დამტკიცება;

ი) ფონდის მიერ პროექტის წლიური ბიუჯეტის შესრულების ფინანსური მდგომარეობისა და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენი კვარტალური, სხვა პერიოდული და ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;

კ) გარე აუდიტორების მიერ და წლიურ სააუდიტორო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების დამტკიცება.

4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების დაფიქსირება სხდომის ოქმში.

6. ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა (პრემიერ-მინისტრი).

7. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

8. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) წარმართავს ფონდის მიმდინარე საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ფონდს სამთავრობო ორგანიზციებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან ურთიერთობისას და ხელს აწერს ნებისმიერი სახის კორესპონდენციას;

გ) ამზადებს ფონდის ყოველწლიურ და გრძელვადიან ბიზნეს-გეგმას და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებას;

დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოსა და მასში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;

ე) სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის სამოქმედო სახელმძღვანელოში განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად;

ვ) კონტრაქტების საფუძველზე იქირავებს სათანადო კონსულტანტებს კონკრეტული დროებითი სამუშაოს შესასრულებლად;

ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ფონდის წლიურ ბიუჯეტს (და/ან მასში შესატან ცვლილებებს);

თ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სპეციალურ სხდომებს;

ი) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;

კ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე განსახილველ საკითხებს და აღნიშნულ სხდომათა ოქმებს;

ლ) ფონდის სახელით ხელს აწერს პროექტის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო და/ან საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებულ კონტრაქტებს;

მ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს;

ნ) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;

ო) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ტრეინინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და შესრულებას, აგრეთვე ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;

პ) ხელს აწერს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დასამტკიცებლად სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენენ;

ჟ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;

რ) ზედამხედველობას უწევს პროექტის შესრულების საერთო მიმდინარეობას;

ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და/ან მსოფლიო ბანკისათვის და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ კვარტალურ ანგარიშებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პერიოდულ და ერთჯერად ანგარიშებს, და/ან სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და/ან მსოფლიო ბანკის, და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

ტ) შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის მოსაწყობად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის.

9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და პერსონალი განსაზღვრულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოქმედო სახელმძღვანელოში და შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

    მუხლი 4. ფონდის ფინანსური რესურსები

1. ფონდი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მობილიზებას უწევს და იყენებს შემდეგ ფინანსურ რესურსებს:

ა) ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებულ თანხებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ფონდს სრულად გადასცემს მე-2 მუხლში განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;

ბ) მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში გამოყოფილ თანხებს;

გ) საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან თანადაფინანსების სახით გამოყოფილ თანხებს;

დ) სხვა საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებიდან გამოყოფილი რესურსების ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში მიღებულ თანხებს და არასამთავრობო ორგანიზაციათა შენატანებს;

ე) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებულ რესურსებს;

ვ) საქველმოქმედო შენატანებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ სხვა წყაროებს.

2. მობილიზებული ფინანსური რესურსები გამოიყენება შემდეგი მიზნების განსახორციელებლად:

ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;

ბ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

გ) ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.

3. ფონდის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ ფონდის სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი საპროცენტო თანხებიდან.

    მუხლი 5. ფინანსური მართვა და აუდიტი

1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები.

2. ფონდმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისო აუდიტის პრაქტიკის თანახმად.

    მუხლი 6. ანგარიშგების ღონისძიებები

ფონდი პასუხისმგებელია იმისათვის, რომ დროულად მოამზადოს და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობას, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:

ა) ფინანსური მართვის კვარტალური ანგარიშები;

ბ) ფონდის ფინანსური უწყისებისა და სპეციალური ანგარიშების წლიური აუდიტის ანგარიშები;

გ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები გეგმის შესრულების კვალობაზე;

დ) პროექტის შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;

ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის მიხედვით.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

32. 30/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 558 - ვებგვერდი, 02/11/2015 31. 02/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 649 - ვებგვერდი, 03/12/2014 30. 29/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 30/09/2014 29. 27/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 516 - ვებგვერდი, 29/08/2014 28. 11/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 381 - ვებგვერდი, 12/06/2014 27. 30/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 393 - ვებგვერდი, 31/12/2013 26. 09/12/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 322 - ვებგვერდი, 10/12/2013 25. 09/10/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 259 - ვებგვერდი, 10/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 05/07/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 170 - ვებგვერდი, 08/07/2013 23. 24/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 471 - ვებგვერდი, 26/12/2012 22. 10/10/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 425 - ვებგვერდი, 12/10/2012 21. 13/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 262 - ვებგვერდი, 16/07/2012 20. 10/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 418 - ვებგვერდი, 111114029, 14/11/2011 19. 15/08/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 316 - ვებგვერდი, 110817014, 17/08/2011 18. 05/07/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 261 - ვებგვერდი, 110707009, 07/07/2011 17. 11/03/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 124 - ვებგვერდი, 110317008, 18/03/2011 16. 08/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 375 - სსმ, 162, 13/12/2010 15. 10/09/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 272 - სსმ, 118, 16/09/2010 14. 27/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 212 - სსმ, 92, 28/07/2010 13. 24/04/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 121 - სსმ, 49, 28/04/2010 12. 02/09/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 155 - სსმ, 109, 04/09/2009 11. 14/08/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 143 - სსმ, 103, 19/08/2009 10. 31/07/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 137 - სსმ, 97, 06/08/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 19/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 49 - სსმ, 34, 20/03/2009 8. 08/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - სსმ, 133, 09/09/2008 7. 26/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 74 - სსმ, 47, 28/03/2008 6. 20/02/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 28 - სსმ, 28, 22/02/2008 5. 05/12/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 269 - სსმ, 174, 10/12/2007 4. 03/10/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 218 - სსმ, 140, 09/10/2007 3. 24/01/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 8 - სსმ, 8, 24/01/2007 2. 30/06/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 128 - სსმ, 89, 03/07/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 12/01/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 4 - სსმ, 5, 24/01/2006