დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 09/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.001.129 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №184
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულე-ბისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005წ, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგე-ნლობით:
ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი აბდუშელიშვილი – სსიპ – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“-ს აღმასრულებელი დირექტორი
ჯამბულ ბაკურაძე – რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი ნოდია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში
ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ვანო ხუხუნაიშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიების (მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებისა და გეოთერმული) ობიექტების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემის უზრუნველყოფას, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევას, საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლის სესხის აღების შესაძლებლობათა შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან შესაბამისი დონორებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;“;
ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის ინიციატივით შემუშავებული მიკროპროექტების განხორციელება;“;
ბ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრირების უნარის განვითარება, თვითმმართველი ერთეულის ქონებისა და ფინანსური სახსრების მართვასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშგების გაუმჯობესება;“;
ბ.ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით;“;
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტი:
„ფ) უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევა;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციოდ საჭირო პროექტების მართვა, იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი და მუდმივი თავშესაფრით უზრუნველყოფისა და მათთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის ხელშეწყობა, ამ კონფლიქტებით წარმოქმნილ პრობლემათა გადასაჭრელად დაგეგმილი სხვა პროექტების მართვა, განხორციელება და ზედამხედველობა.“;
დ) მე-3 მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო იკრიბება ექვს თვეში ერთხელ მაინც.“;
დ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„ა) ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოების, მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების განხილვა და დამტკიცება;“;
დ.გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფონდის გრძელვადიანი გეგმის განხილვა და დამტკიცება;“;
დ.დ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ფონდის წლიური ბიუჯეტის და/ან ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა და დამტკიცება. ფონდის საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით;“;
დ.ე) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების განხილვა და დამტკიცება;“;
დ.ვ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ფონდის მიერ წლიური ბიუჯეტის შესრულების და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენი ერთჯერადი ანგარიშების განხილვა;“;
დ.ზ) მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) გარე აუდიტორების და წლიურ სააუდიტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების განხილვა.“;
დ.თ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამზადებს ფონდის გრძელვადიან გეგმას;“;
დ.ი) მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კოორდინირებას უწევს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოებსა და მათში შესატან ნებისმიერ ცვლილებათა მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;“;
დ.კ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებთან, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;“;
დ.ლ) მე-8 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კოორდინაციას უწევს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას, რომელიც ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დასამტკიცებლად სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს წარმოადგენს;“;
დ.მ) მე-8 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და/ან ნებისმიერი სხვა დონორისათვის წარსადგენ ანგარიშებს, ან/და სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და/ან სხვა დონორების მიერ მოთხოვნილ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;“;
დ.ნ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფონდის სტრუქტურა, საქმიანობა, პროცედურები და საშტატო განრიგი განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.“;
ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფონდმა უნდა აწარმოოს თავისი ანგარიშები საერთაშორისო საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად და პერიოდულად გამოაქვეყნოს ფინანსური უწყისები თავის ვებგვერდზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები