გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

  • Word
გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 250.020.010.05.001.000.145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
286
25/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
250.020.010.05.001.000.145
გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (14/02/2002 - 04/07/2002)

საქართველოს კანონი

გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი პირველი

გაკორტების საქმის წარმოების გახსნა

    მუხლი 2. გაკოტრებაუნარიანობა და გაკოტრების საფუძვლები

1. გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) სახეზეა, როდესაც შესაძლებელია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა პირის ქონებაზე ან ქონების განცალკევებულ მასაზე. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მოვალის – ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ამხანაგობის ქონებაზე. სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გაკოტრებას არ ექვემდებარებიან.

2. გაკოტრების საფუძველი ასახავს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის არსებულ მოვალის ეკონომიკურ მდგომარეობას. გაკოტრების ზოგადი საფუძვლებია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე მისი ზედავალიანება, თუ მოვალე იურიდიული პირია. მოვალის განცხადების შემთხვევაში გაკოტრების საფუძველია აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

3. მოვალის გადახდისუუნარობა სახეზეა, როდესაც მას არ შეუძლია შეასრულოს ვადამოსული გადახდის ვალდებულებები. მოვალის გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე ზოგადად შეწყვეტს ვალების გადახდას.

4. ზედავალიანება სახეზეა, როდესაც მოვალის ქონება (აქტივი) ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს (პასივს). მოვალის საწარმოს ქონების შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ამ საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ იგი სავარაუდოა არსებული გარემოებებიდან გამომდინარე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 3. სასამართლო განსჯადობა

გაკოტრების საქმეს, მიუხედავად მოვალის ქონების ღირებულებისა და კრედიტორების მოთხოვნების ოდენობისა, განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო (გაკოტრების სასამართლო) მოვალის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 4. გაკოტრების სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოების წესი

სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. სამოქალაქო საპროცესო ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. სამოქალაქო საპროცესო ნორმების გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მიზანს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 5. გაკოტრების მასა

გაკოტრების საქმის წარმოება მოიცავს ვალაუვალი მოვალის ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება (გაკოტრების მასა).

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 6. განცხადება გაკოტრების შესახებ

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ გაკოტრების შესახებ განცხადების საფუძველზე (გაკოტრების განცხადება). გაკოტრების განცხადების შეტანის უფლება აქვს მოვალეს, აგრეთვე კრედიტორს, რომელსაც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ქონებრივი პრეტენზია (გაკოტრების კრედიტორი).

2. გაკოტრების განცხადება შეიძლება გამოტანილ იქნეს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლამდე.

3. გაკოტრების სასამართლომ გაკოტრების განცხადება წარმოებაში უნდა მიიღოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით. გაკოტრების განცხადება დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუ გაკოტრების განცხადება არ არის დასაშვები, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში შეავსებს ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუბრუნებს მას განმცხადებელს. ამ განჩინებების მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. გაკოტრების განცხადება მოვალეს უნდა ჩაბარდეს სარჩელის ჩაბარებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 61. მოვალის განცხადება გაკოტრების შესახებ

1. მოვალემ გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და გაკოტრების საფუძველი და ამავე განცხადებით უნდა მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

2. მოვალემ გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების და კრედიტორების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით;

ბ) მოვალეთა ნუსხა არსებული მოთხოვნების და მოვალეების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით;

გ) მოვალის ქონების, მათ შორის, დაგირავებული, გაქირავებული და იჯარით აღებული ქონების, ნუსხა ცალკეული ობიექტების შეფასებითი ღირებულებების, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის, ამ ანგარიშების რეკვიზიტების და ბანკების მისამართების მითითებით;

დ) მოვალის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

3. მოვალემ წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ გაკოტრების სასამართლოსათვის წარდგენილი ნუსხების სისწორე და სისრულე. მოვალეს უნდა განემარტოს, რომ შეგნებულად არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ გაკოტრების განცხადება არ არის ხელმოწერილი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირის ან პერსონალურად პასუხისმგებელი ყველა პარტნიორის მიერ, მაშინ განმცხადებელმა დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძვლის არსებობა, ხოლო გაკოტრების სასამართლომ უნდა მოუსმინოს ამ პირებს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 62. კრედიტორის განცხადება გაკოტრების შესახებ

1. კრედიტორმა გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, აგრეთვე მოვალის სახელი (სახელწოდება) და იურიდიული მისამართი და დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძველი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის არსებობა.

2. კრედიტორმა გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს თავისი მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ გაკოტრების განცხადება სასამართლოში უნდა შეიტანოს გადახდის ვალდებულების დადგომიდან არა უგვიანეს სამი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ ამ ვადაში უკვე შეტანილია სასარჩელო განცხადება.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 7. გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოება

1. გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რისთვისაც შეუძლია აგრეთვე დაკითხოს მოწმეები, მოიწვიოს ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს. სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით ეს ვადა გააგრძელოს ერთი თვით. ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ორჯერ.

2. სასამართლომ მოწვეულ ექსპერტს შეიძლება დაავალოს, დაადგინოს:

ა) არსებობს თუ არა გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად;

ბ) საკმარისია თუ არა მოვალის ქონება წარმოების ხარჯების დასაფარავად ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;

გ) შეიძლება თუ არა შედეგიანად გაგრძელდეს მოვალის საწარმოს საქმიანობა თუ საჭიროა საწარმოს დახურვა.

3. სასამართლომ უნდა იზრუნოს, რომ გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას მოვალის ქონება არ შემცირდეს მოვალის, მისი კრედიტორების ან მესამე პირების მიერ. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ შეიძლება დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. გაკოტრების დროებითი მმართველი ზედამხედველობას უწევს მოვალის ქონებას და ამ ქონებასთან დაკავშირებულ მოვალის ქმედებებს. მოვალეს გაკოტრების დროებით მმართველთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს განკარგოს ქონება. დადგენილება, რომლის საფუძველზედაც მოვალეს ეზღუდება ქონების განკარგვის უფლება და იგი გადაეცემა გაკოტრების დროებით მმართველს, უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

4. გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება. ეს განჩინება უნდა ჩაბარდეს მოვალეს, განმცხადებელ კრედიტორსა და სააღსრულებო ორგანოს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 8. სასამართლოს დადგენილებები

1. გაკოტრების განცხადების განხილვის შემდეგ გაკოტრების საქმის განმხილველ მოსამართლეს (გაკოტრების მოსამართლეს) შეუძლია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმის შესახებ;

გ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ.

2. სასამართლოს დადგენილება მიიღება განჩინების ფორმით. დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშეც.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 9. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმა

1. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარს ამბობს, თუ:

ა) სახეზე არ არის გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) ან გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად;

ბ) მოვალის ქონება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაიფაროს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;

გ) გაკოტრების განცხადების შეტანის შემდეგ აღმოიფხვრა გაკოტრების საფუძველი.

2. სასამართლოს განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს მოვალესა და განმცხადებელ კრედიტორს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული განჩინების ძალაში შესვლისთანავე მოვალე, თუ იგი იურიდიული პირია, გაუქმდება. ლიკვიდაცია წარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 10. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება

1. მოვალეს შეუძლია მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, შეიმუშაოს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმა და შეათანხმოს იგი კრედიტორებთან. რეაბილიტაციის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას.

2. თუ მოვალე თავის განცხადებაში დამაჯერებლად ამტკიცებს საწარმოს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, სასამართლო იღებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ. განჩინების მიღებამდე სასამართლოს შეუძლია მოუსმინოს მოვალის საწარმოთი დაინტერესებულ სხვა პირებს ან სახელმწიფო ორგანოებს, რათა დაადგინოს მოვალის საწარმოს რეაბილიტაციის მიზანშეწონილობა.

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს ექვს კვირაზე ნაკლები და სამ თვეზე მეტი.

4. თუ მოვალე განსაზღვრულ ვადაში წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და იმ კრედიტორთა თანხმობას, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, სასამართლო ამ დოკუმენტების წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში იღებს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. რეაბილიტაცია განხორციელდება ამ კანონის III1 თავით დადგენილი წესით.

5. თუ მოვალე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და კრედიტორთა თანხმობას, მაშინ სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 11. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

1. გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილად მიიჩნევა, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი განჩინება (საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება). ამ განჩინებით:

ა) ვალაუვალ მოვალეს აეკრძალა თავისი ქონების განკარგვა;

ბ) მოწესრიგდება ვალაუვალი მოვალის ქონების მართვის საკითხი და დაინიშნება გაკოტრების მმართველი;

გ) ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (მოთხოვნათა წაყენების ვადა) წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები შესაბამის ვალუტაში თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით, აგრეთვე ეცნობებათ, რომ ამ ვადის გასვლის შემთხვევაში განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, კრედიტორთა მიერ წარდგენილი მოთხოვნები ჩაიწერება სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნების ცხრილში;

დ) ყველა იმ პირს, რომელსაც ვალაუვალი მოვალე ქონებას მიკუთვნებულ ნივთზე აქვს საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება, დაევალება მოთხოვნათა წაყენების ვადაში განაცხადონ გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ;

ე) პირს, რომელიც ფლობს ვალაუვალი მოვალის ქონების მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მოვალის მიმართ რაიმეს შესრულებაზე, აეკრძალება ნივთის დაბრუნება ან ამ ვალდებულების შესრულება და დაევალება შესრულება მხოლოდ გაკოტრების მმართველის მიმართ;

ვ) განისაზღვრება საქმის წარმოების გახსნის დღე და საათი;

ზ) მოიწვევა კრედიტორთა პირველი კრება, სასამართლოს მიერ განისაზღვრება კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების ჩატარების დრო და ადგილი, რის შესახებაც ეცნობებათ კრედიტორებს.

2. სასამართლო საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა იმ ბანკს, რომელთანაც ვალაუვალ მოვალეს აქვს საქმიანი ურთიერთობა.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 12. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნება

1. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესის ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე სასამართლოს დაფაზე ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში. განჩინების გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნება შესრულებულად ითვლება გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებას იმ სახელმწიფოებშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი. გამოქვეყნდება განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები.

2. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში. პერიოდულ გამოცემებს კონკურსის წესით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში –შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

3. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გაეგზავნოს:

ა) კავშირგაბმულობის შესაბამის განყოფილებას;

ბ) მარეგისტრირებელ უწყებებს მოთხოვნით, მონაცემი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ შეიტანონ შესაბამისად საჯარო ან სამეწარმეო რეესტრში.

4. სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება უნდა გაუგზავნოს აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალის მიმართ აქვთ მოთხოვნები და სხვა უფლებები, ან რომლებმაც ვალაუვალი მოვალის მიმართ უნდა შეასრულონ ვალდებულებები.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი მეორე

გაკოტრების საქმის წარმოება

    მუხლი 13. საგაკოტრებო შეზღუდვები

1. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვალაუვალი მოვალე კარგავს გაკოტრების მასის განკარგვისა და მართვის უფლებას. თუ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქმის წარმოების გახსნის დრო, მაშინ გახსნის მომენტად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების დღის 12 საათი.

2. გაკოტრების მმართველმა უნდა მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა და მოვალის მფლობელში ან სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები ან შენობები გარდა იმ ქონებისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. იძულებითი სააღსრულებლო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

4. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ ვალაუვალი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულება ბათილია, თუ შედეგი არ შევა გაკოტრების მასაში. შესრულება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ შემსრულებელი დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

5. გაკოტრების საქმის წარმოებისას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეიძლება ზოგადად განაცხადოს გაკოტრების მმართველმა ან ცალკეულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველის მიმართ. დაუშვებელია კრედიტორმა ან გაკოტრების მმართველმა მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, თუ გაქვითვის გარემოება წარმოიშვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა იმ შემთხვევაშიც გამოირიცხება, თუ კრედიტორმა ისეთ გარემოებებში შეიძინა მოთხოვნა, რომელიც შეცილებადი იქნებოდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

    მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები

1. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს შეუძლია, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლში მითითებული უზრუნველყოფის საერთო ღონისძიებებისა, ვალაუვალი მოვალის მიმართ განახორციელოს შემდეგი განსაკუთრებული ღონისძიებები:

ა) ვალაუვალი მოვალის იძულებით მიყვანა სასამართლოში იმ მონაცემების წარდგენის მიზნით, რომელთა მიწოდების ვალდებულებაც მას ამ კანონით ეკისრება;

ბ) საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დაკავება და გაკოტრების მმართველისათვის მათი გადაცემა.

2. საქმის გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ შეიძლება განახორციელოს უზრუნველყოფის სხვა განსაკუთრებული ღონისძიებებიც.

3. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 15. გაკოტრების მმართველი

1. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე, ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორისაგან დამოუკიდებელი პირი. დაუშვებელია გაკოტრების მმართველად იმ პირის არჩევა (დანიშვნა), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. გაკოტრების მმართველს კრედიტორთა პირველ კრებამდე ნიშნავს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია გაკოტრების მმართველად დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. კრედიტორებს კრედიტორთა პირველ კრებაზე შეუძლიათ აირჩიონ გაკოტრების სხვა მმართველიც. გაკოტრების არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო.

2. სასამართლოს მიერ დანიშნულ (დამტკიცებულ) გაკოტრების მმართველს გადაეცემა დანიშვნის დოკუმენტი, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ უბრუნებს სასამართლოს. ამ დოკუმენტში მითითებულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებანი.

3. გაკოტრების მმართველი თავისი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელია გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის წინაშე. ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ გაკოტრების მმართველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება.

4. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი და ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს თავის მმართველობაში გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი. გაკოტრების მმართველს შეუძლია გარკვეული დროით სრულად ან ნაწილობრივ გააგრძელოს მოვალის საწარმოს საქმიანობა. კრედიტორთა პირველ კრებამდე გაკოტრების მმართველს არ აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას ან მესამე პირისათვის საწარმოს სამართავად გადაცემას.

5. გაკოტრების მმართველი დანიშვნისთანავე აღწერს ქონებას, ადგენს ბალანსს და აღნიშნულ დოკუმენტებს წარუდგენს გაკოტრების სასამართლოს.

6. გაკოტრების მმართველის საქმიანობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლოს გაკოტრების მმართველი და დანიშნოს (დაამტკიცოს) სხვა მმართველი.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 16. ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება

1. თუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის ორმხრივი ხელშეკრულება მოვალისა და სხვა მხარის მიერ შეუსრულებელია ან ნაწილობრივ არის შესრულებული, გაკოტრების მმართველს შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე და უარის შემთხვევაში მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს პრივილეგირებული მოთხოვნა.

2. ვალაუვალი მოვალის საწარმოში არსებული შრომითი ურთიერთობები, განურჩევლად მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადისა, შეიძლება შეწყვიტოს გაკოტრების მმართველმა ან მუშაკმა ორკვირიანი ვადით.

3. ვალაუვალი მოვალის ქირავნობის ან საიჯარო ურთიერთობები ძალაში რჩება. თუ მოვალე დამქირავებელი ან მოიჯარეა, მაშინ გაკოტრების მმართველს შეუძლია კანონით დაწესებული ვადის დაცვით შეწყვიტოს ეს ურთიერთობები მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადის მიუხედავად.

    მუხლი 17. იურიდიული ქმედების გასაჩივრება

1. გაკოტრების მმართველს შეუძლია სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ვალაუვალი მოვალის იურიდიული ქმედება, თუ:

ა) იგი ჩადენილი იყო კრედიტორისათვის ზარალის მიყენების მიზნით და ეს მიზანი ცნობილი იყო მესამე პირისათვის;

ბ) ამ ქმედებით ვალაუვალმა მოვალემ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი წლით ადრე კრედიტორთა საზიანოდ თავის ახლო გარემოცვაში მყოფი პირისთვის განახორციელა სასყიდლიანი შესრულება და თუ ეს უკანასკნელი ვერ დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა კრედიტორებისათვის ზიანის მიყენების განზრახვა;

გ) ეს ქმედება განხორციელდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი წლით ადრე და ითვალისწინებდა ქონებრივი ფასეულობების უსასყიდლო გადაცემას. მოვალის ახლო გარემოცვაში მყოფი პირებისათვის ეს ვადა შეადგენს სამ წელს;

დ) ეს ქმედება მოვალემ განახორციელა ფულის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე განცხადების შეტანის შემდეგ, იმ პირების მიმართ, რომლებისთვისაც ქმედების განხორციელებისას, მოვალის გადახდისუუნარობა და განცხადების შეტანის ფაქტი ცნობილი იყო ან გარემოებებიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო.

2. სარჩელის შეტანა შეიძლება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში.

3. თუ იურიდიული ქმედების ნამდვილობისათვის საჭიროა მისი რეესტრში შეტანა, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), აღნიშნული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ დროისათვის, როდესაც მისი ნამდვილობისათვის სხვა დანარჩენი წინაპირობები შესრულებულია, ვალაუვალი მოვალის ნების გამოხატვა სავალდებულო გახდა რეესტრში შესატანად და მეორე მხარე ითხოვს შეტანას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესები არ ვრცელდება იმ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

    მუხლი 18. გაკოტრების ტაბულა

1. გაკოტრების სასამართლომ მოთხოვნების ცხრილის საფუძველზე უნდა შეადგინოს გაკოტრების ტაბულა გაკოტრების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად;

1) საქმისწარმოების გახსნამდე გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები.

ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ;

გ) სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები;

დ) (ამოღებულია - 14.02.02 №1286);

ე) სხვა მოთხოვნები.

2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც სრულად დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნა. თუ გასანაწილებელი გაკოტრების მასა არ არის საკმარისი ერთი რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის, მაშინ ისინი დაკმაყოფილდება მათი მოცულობის პროპორციულად.

3. კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარმოდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში.

4. სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა შემდავებლის წინააღმდეგ მხოლოდ საჩივრის შეტანით. თუ სადავო მოთხოვნა ეფუძნება სააღსრულებო დოკუმენტს, მაშინ გაკოტრების მმართველმა ან თავად მოდავე კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი, რომელსაც განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

    მუხლი 19. გაკოტრების მასის მოთხოვნები

გაკოტრების მმართველმა, სასამართლოს თანხმობით, არსებული სახსრებიდან პირველ რიგში და შემდეგი თანამიმდევრობით უნდა გადაიხადოს:

ა) გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს სპეციალური ნებართვით ვალაუვალი მოვალის ოჯახის წევრებისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის გაკოტრების მასიდან გასაცემი მინიმალურად აუცილებელი შესანახი თანხა:

ბ) ქონების მართვის, მათ შორის ხელშეკრულების დადების ან შესრულების, ან ვალაუვალი მოვალის მოთხოვნებისა და უფლებების განხორციელების, აგრეთვე გირავნობის უფლებების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები;

გ) სასამართლო ხარჯები, გაკოტრების მმართველის გასამრჯელო, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის წევრთა გასამრჯელო, თუ ამას დაადგენს სასამართლო.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 20. საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირი

1. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის არა მხოლოდ უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველმა უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. თუ გაკოტრების მმართველი უარს იტყვის დაბრუნებაზე, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან თავის უფლების დადასტურება შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.

2. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე საგანი, რომელიც გირავნობის უფლებით არის დატვირთული, შეიძლება გაყიდოს გაკოტრების მმართველმა. რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან, თუ იგი საკმარისი იქნება, დაკმაყოფიდება მესამე პირის, როგორც გაკოტრების კრედიტორს მიკუთვნებული მოთხოვნა არა უმეტეს 3/4-ის ოდენობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დანარჩენი თანხა შენატანის სახით გმოიყენება რეალიზაციისა და გაკოტრების წარმოების ხარჯების დასაფარავად (პროცესი შენატანი). თუ გაკოტრების მმართველი გაასაჩივრებს უფლების არსებობას, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. იმ ნივთის რეალიზაცია, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს მესამე პირს, უნდა გადაიდოს საკუთრების ან გირავნობის უფლების არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 21. დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა

1. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ გაკოტრების ტაბულაში უნდა ჩაწეროს ის გაცხადებული მოთხოვნებიც, რომლებიც შემოვა მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდეგ. ისინი უნდა შემოწმდეს კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე. 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით საბოლოო სიის დამტკიცების შემდეგ დაუშვებელია დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების დადგენა დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ თანხიდან, რომელიც დარჩება გაკოტრების მასაში გაკოტრების კრედიტორებზე მისი განაწილების შემდეგ.

2. დაგვიანებით გაცხადებული და დაუდგენელი მოთხოვნების დოკუმენტები უნდა დაბრუნდეს იმის მითითებით, რომ ეს მოთხოვნები გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ შეიძლება წაუყენონ ვალაუვალ მოვალეს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 22. კრედიტორთა კრება

1. გაკოტრების საქმის წარმოებისას თავის მოთხოვნებთან დაკავშირებულ უფლებებს გაკოტრების კრედიტორები ახორციელებენ კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც მოიწვევს გაკოტრების სასამართლო.

2. გაკოტრების სასამართლო კრედიტორთა კრებას მოიწვევს აგრეთვე გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან გაკოტრების იმ კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც გაცხადებული მოთხოვნების შესაბამისად ეკუთვნის მოთხოვნების საერთო თანხის 1/5 მაინც. სასამართლო ვალდებულია მოიწვიოს კრედიტორთა კრება მიმართვიდან არა უგვიანეს 3 დღისა. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. ინფორმაცია კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს კრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 7 დღისა ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

4. კრედიტორთა კრებას უძღვება გაკოტრების მოსამართლე. კრებაზე ყოველ კრედიტორს აქვს თავისი მოთხოვნის პროპორციული რაოდენობის ხმა.

5. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ გაკოტრების კრედიტორებს. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას იძლევა შემოწმებული და დადგენილი მოთხოვნები. ხმათა შემოწმებისას კრედიტორები განიხილავენ, მიეცეს თუ არა სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს ხმის უფლება და რა ოდენობით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების სასამართლო. სასამართლომ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის დამატებითი განცხადების საფუძველზე. დაუდგენელი მოთხოვნის მქონე კრედიტორის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებისა და ხმის ოდენობის საკითხს ერთ-ერთი კრედიტორის ან გაკოტრების მმართველის შესაგებლის საფუძველზე განჩინებით წყვეტს სასამართლო. ეს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა რაოდენობა.

7. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია განიხილოს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების ან ამ საწარმოს დახურვის საკითხი, აგრეთვე იმსჯელოს საგაკოტრებო მორიგების შესახებ.

8. გაკოტრების მმართველის ან უმცირესობაში მყოფი ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გაკოტრების სასამართლოს შეუძლია უარი თქვას კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაზე, თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაკოტრების საქმის წარმოების მიზანს ან გაკოტრების კრედიტორთა საერთო ინტერესებს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

           მუხლი 221. კრედიტორთა პირველი კრება

კრედიტორთა პირველი კრება ისმენს გაკოტრების სასამართლოს მიერ დანიშნული გაკოტრების მმართველის მოხსენებას ვალაუვალი მოვალის გადახდისუუნარობის წარმოშობის მიზეზების, არსებული მდგომარეობისა და კრედიტორთა პირველ კრებამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გაკოტრების მმართველის მიერ დამატებითი მოხსენების წარდგენის საკითხს წყვეტს გაკოტრების სასამართლო.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 222. კრედიტორთა კომიტეტი

1. კრედიტორთა კრებას შეუძლია შექმნას კრედიტორთა კომიტეტი, რომელიც შედგება გაკოტრების კრედიტორებისა და სხვა კომპეტენტური პირებისაგან. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. საჭიროების შემთხვევაში გაკოტრების სასამართლოს შეუძლია კრედიტორთა კრების მიერ კომიტეტის წევრთა არჩევამდე შექმნას კრედიტორთა დროებითი კომიტეტი.

2. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს მისი საქმიანობის განხორციელებისას. იგი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მოსთხოვოს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა და უშუალოდ გააკონტროლოს იგი. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას საჭიროებს გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, მათ შორის, კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის სასამართლო პროცესების წარმართვა და სხვა ქმედებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და რომლებიც გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით.

3. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების საკითხს წყვეტს გაკოტრების სასამართლო.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი მესამე

საგაკოტრებო მორიგება

    მუხლი 23. სამომრიგებლო ინიციატივა და წინადადებები

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დასრულდეს საგაკოტრებო მორიგებით.

2. საგაკოტრებო მორიგების თაობაზე გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში განცხადების შეტანის უფლება აქვს ვალაუვალ მოვალეს, გაკოტრების ყოველ კრედიტორს, კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს, ყოველ პარტნიორს ან კაპიტალის მფლობელს, აგრეთვე გაკოტრების მმართველს. სამომრიგებლო წინადადების შემუშავება ეკისრება გაკოტრების მმართველს, რაც არ უშლის სხვა ნებისმიერი განმცხადებლის მიერ განსხვავებული წინადადების წარდგენას. ამას გარდა, სასამართლოს შეუძლია თავადაც შეიმუშაოს წინადადება.

3. სამომრიგებლო წინადადებაში უნდა მიეთითოს, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილონ კრედიტორები, მოხდეს თუ არა მათი უზრუნველყოფა და რა სახით. ამასთან, უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენ არანაკლებ ორი მესამედით მაინც. ერთი რიგის ყველა კრედიტორს მიენიჭება თანაბარი უფლებები.

4. სამომრიგებლო წინადადება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელებას რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებით, აგრეთვე მესამე პირისათვის საწარმოს გადაცემას მისი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 24. საგაკოტრებო მორიგების დადება

1. სამომრიგებლო წინადადებების კენჭისყრისათვის კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი ძირითადი სხდომის გამართვის შემდეგ და საბოლოო განაწილებაზე ნებართვის გაცემამდე უნდა გაიმართოს კრედიტორთა კრება (სამომრიგებლო სხდომა). შესამოწმებელი და სამომრიგებლო სხდომები შეიძლება ჩატარდეს ერთად. წინადადება ეცნობება ყველა მონაწილეს არა უგვიანეს სამომრიგებლო სხდომაზე მიწვევისა.

2. სამომრიგებლო წინადადების მისაღებად საჭიროა შესაბამისად როგორც უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორების ჯგუფის, აგრეთვე არაპირიველეგირებული კრედიტორების ჯგუფის ხმათა უბრალო უმრავლესობა. თანხმობის მიმცემმა კრედიტორებმა უზრუნველყოფილ და პრივილეგირებულ ჯგუფში უნდა მოაგროვონ მოთხოვნათა მოცულობის 2/3 მაინც, ხოლო არაპრიველეგირებულ კრედიტორთა ჯგუფში კი არანაკლებ 3/4. წერილობითი თანხმობა უთანაბრდება დასწრების განაცხადს, თუ იგი კენჭისყრის დასაწყისში იქნება წარდგენილი.

3. საგაკოტრებო მორიგება უნდა დამტკიცდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოუსმინონ ვალაუვალ მოვალეს. დამტკიცებაზე უარი ითქმება, თუ მორიგება არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, კერძოდ, იგი არაკეთილსინდისიერი გზით არის დადებული, კრედიტორთა ნაწილს აყენებს გაუმართლებელ ზარალს ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო.

    მუხლი 25. საგაკოტრებო მორიგების შედეგები

1. დამტკიცებული და ძალაში შესული მორიგება მოქმედებს, აგრეთვე, გაკოტრების იმ კრედიტორთა მიმართ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საქმის წარმოებასა ან კენჭისყრაში, ანდა ხმა მისცეს მორიგების წინააღმდეგ.

2. (ამოღებულია - 10.04.01 №848).

3. ძალაში შესული მორიგების პირობების დარღვევისას, მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილებისა და გაკოტრების ტაბულიდან ამონაწერის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს აღსრულება ზოგადი წესების შესაბამისად. ამასთან, კრედიტორს განცხადების საფუძველზე გაკოტრების ტაბულიდან გამომდინარე მიეცემა სააღსრულებო ფურცელი, აგრეთვე მორიგების და მისი დამტკიცების შესახებ დადგენილების ასლები.

4. თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის აღძვრა აღარ შეიძლება.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი III1. რეაბილიტაცია

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 251. რეაბილიტაციის მიზანი

რეაბილიტაცია წარმოადგენს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევას, მისი საწარმოს ლიკვიდურობის აღდგენას და ლიკვიდაციის თავიდან აცილებას.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 252. რეაბილიტაციის წინაპირობები

1. რეაბილიტაცია ხორციელდება მხოლოდ იმ მოვალე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ არსებობს მოვალის შეთანხმება კრედიტორებთან რეაბილიტაციის შესახებ ან გაკოტრების სასამართლოს ძალაში შესული განჩინება საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ.

2. რეაბილიტაცია განხორციელდება, თუ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ აღდგება მოვალის საწარმოს ლიკვიდურობა და თავიდან იქნება აცილებული ლიკვიდაცია.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 253. რეაბილიტაციის გეგმა

1. რეაბილიტაციის გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს მოვალის ლიკვიდურობის აღდგენისათვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ვალების დაფარვის ვადები. რეაბილიტაციის გეგმაში ნებისმიერი ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით.

2. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და რეორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და რეაბილიტაციის მიზანს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 254. რეაბილიტაციის მმართველი

1. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს სათანადო გამოცდილების მქონე, მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. დაუშვებელია რეაბილიტაციის მმართველად იმ პირის არჩევა (დამტკიცება), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. კრედიტორებთან შეთანხმებით რეაბილიტაციის მმართველად შეიძლება არჩეულ იქნეს აგრეთვე მოვალე, თუ გაკოტრების განცხადება შეტანილია მოვალის მიერ და რეაბილიტაცია ხორციელდება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ განჩინების საფუძველზე.

2. კრედიტორებს რეაბილიტაციის მმართველს ასარჩევად წარუდგენს მოვალე, ხოლო საგაკოტრებო მორიგებისას რეაბილიტაციის მმართველს კონკურსის წესით ირჩევენ კრედიტორები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილი კრედიტორებისა და გაკოტრების იმ კრედიტორების თანხმობა, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა არანაკლებ 2/3-ს. რეაბილიტაციის არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო.

3. რეაბილიტაციის მმართველი ირჩევა (მტკიცდება) რეაბილიტაციის განხორციელების ვადით.

4. რეაბილიტაციის მმართველი თავისი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელია მოვალისა და კრედიტორების წინაშე. ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის მმართველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 255. რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებანი

1. რეაბილიტაციის მმართველი ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას, აგრეთვე მართავს და განკარგავს მოვალის ქონებას ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად განახორციელოს ნებისმიერი მართლზომიერი ქმედება.

2. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს განკარგოს მოვალის უძრავი ქონება, აგრეთვე დადოს გარიგებები, რომელთა ღირებულებაც აღემატება მოვალის ქონების 20%-ს ან რომლებიც სცილდება რეაბილიტაციის გეგმას.

3. თუ რეაბილიტაციის შემდეგ წარმოშობილი ფულადი ვალდებულებების ოდენობა აღემატება რეაბილიტაციის დაწყების მომენტისათვის არსებული ვალდებულებების მთლიანი თანხის 20%-ს, მაშინ რეაბილიტაციის მმართველს მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით აქვს უფლება დადოს ისეთი გარიგებები, რომლებიც აფუძნებენ მოვალის ახალ ფულად ვალდებულებებს.

4. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს თვეში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მათი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და აცნობოს დადებული გარიგებების თაობაზე.

5. რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს სადავო გახადოს მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე დადებული გარიგება, თუ იგი არ იქნა შეცილებული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 256. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო

1. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო გადაიხდება მოვალის ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავენ კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს.

2. გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველს აუნაზღაურდება შესაბამისი ხარჯები.

3. რეაბილიტაციის მმართველს შეიძლება მიეცეს პრემია მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 257. რეაბილიტაციის დასრულება და შეწყვეტა

1. რეაბილიტაცია დასრულდება, თუ მიღწეული იქნება რეაბილიტაციის მიზანი. სასამართლო იღებს განჩინებას რეაბილიტაციის დასრულების შესახებ.

2. რეაბილიტაციის მმართველს შეუძლია სასამართლოსაგან მოითხოვოს რეაბილიტაციის შეწყვეტა, თუ იგი წარადგენს შესაბამის დასკვნას რეაბილიტაციის მიზნის მიუღწევლობის შესახებ და კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას მისი შეწყვეტის თაობაზე.

3. თუ რეაბილიტაციის განხორციელებისას ან რეაბილიტაციის მმართველის მიერ ირღვევა მოვალის ან კრედიტორის უფლებები, მათ შეუძლიათ სასამართლოსაგან მოითხოვონ რეაბილიტაციის გეგმის გადასინჯვა ან რეაბილიტაციის შეწყვეტა. სასამართლო განცხადებას განიხილავს მიმართვიდან 10 დღის ვადაში და მიიღებს შესაბამის განჩინებას.

4. თუ რეაბილიტაცია შეწყდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სასამართლო იმავე განჩინებით ადგენს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას. სასამართლოს ამ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი მეოთხე

გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრება

     მუხლი 26. ქონების რეალიზაცია და მოთხოვნების შესრულება

1. გაკოტრების მმართველმა გაკოტრების მასა უნდა გაყიდოს მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით, ხოლო ამონაგები გაანაწილოს საბოლოო ცხრილის მიხედვით.

2. გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე, თუ ამ განცხადებას ეთანხმებიან ის კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, შეიძლება შეწყდეს ქონების რეალიზაცია ან გაკოტრების სასამართლოს დადგენილებით გადაიდოს გარკვეული ვადით. ეს ვადა სასამართლოს დადგენილებით შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.

3. რეალიზაციის დამთავრების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს საბოლოო ცხრილი გაკოტრების ტაბულის საფუძველზე.

4. თავისი თანამდებობრივი მოვალეობების დასრულებისას, გაკოტრების მმართველმა კრედიტორთა კრებას უნდა წარუდგინოს საბოლოო ანგარიში. მოცემული ანაგარიში შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ხოლო თუ დანიშნულია კრედიტორთა კომიტეტი, მის შენიშვნებთან ერთად, უნდა წარედგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს მონაწილეთათვის გასაცნობად სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს სამი დღისა. ვალაუვალ მოვალესა და ნებისმიერ კრედიტორს უფლება აქვთ აღძრან შეგებებული სარჩელი საბოლოო ანგარიშის წინააღმდეგ. თუ შეგებებული სარჩელი არ აღიძვრება სხდომაზე, ანგარიში ჩაითვლება მოწონებულად და აღიარებულად.

     მუხლი 27. განაწილება

1. საბოლოო ცხრილი უნდა განიხილონ კრედიტორთა უკანასკნელ კრებაზე კრედიტორებთან და გაკოტრების მმართველთან ერთად. კრებაზე უნდა შესწორდეს საბოლოო ცხრილი, შევიდეს მასში ცვლილებები ან დამატებები და ამის შემდეგ დაამტკიცოს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით.

2. საბოლოო ცხრილის დამტკიცების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა გაანაწილოს ამონაგები და იმ კრედიტორს, რომლის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შესრულდა, აცნობოს, რომ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ვალაუვალი მოვალის მიმართ შეიძლება წარედგინოს იძულებითი აღსრულების გზით. კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცლის ასლები გაკოტრების ტაბულიდან. ტაბულის ამონაწერიდან აღსრულებების სანაცვლოდ სასამართლოს შეუძლია ცალკეულ შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილებით უზრუნველყოს ვალაუვალი მოვალის სააღსრულებო დაცვა ამ უკანასკნელის განცხადებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნივთი, რომელიც ვერ გაიყიდა, შეიძლება შეფასებითი ღირებულებით გადაეცეს კრედიტორებს აღიარებული მოთხოვნების ჩათვლის სახით. სხვა შემთხვევაში იგი დაუბრუნდება მოვალეს.

4. განაწილების შემდეგ გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

    მუხლი 28. დამატებითი განაწილება

1. თუ საბოლოო განაწილების დასრულების შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ გაკოტრების მასაში შეჩერებული თანხები გამოთავისუფლდება იმავე მასის სასარგებლოდ ან გაკოტრების მასიდან გაცემული თანხა მასვე დაუბრუნდა, გაკოტრების მმართველი სასამართლოს მითითებით დამატებით გაანაწილებს მათ საბოლოო ცხრილის საფუძველზე. ასეთი თანხების მართვის და განაწილების შესახებ წარსადგენი ანგარიში უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

2. იგივე წესი მოქმედებს, თუ საბოლოო განაწილების ან საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება გაკოტრების მასას მიკუთვნებული ქონების ობიექტები.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

     მუხლი 29. განაწილების შედეგები

თუ განაწილების, მათ შორის, დამატებითი განაწილების შემდეგ გაკოტრების მასაში აღარ დარჩა თანხები, მაშინ გაკოტრების სასამართლო იღებს დადგენილებას გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ. სასამართლო აღნიშნულ დადგენილებას უგზავნის მოვალე იურიდიული პირის მარეგისტრირებელ უწყებას, ხოლო მოვალე ფიზიკური პირი შეჰყავს გაკოტრებულ პირთა რეესტრში.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

 

მუხლი 291. გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების საფუძვლები

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დამთავრდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ იღებს შესაბამის დადგენილებას.

2. გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება:

ა) ამონაგების განაწილების და სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშისა და საბოლოო მოხსენების შემოწმების შემდეგ;

ბ) საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდება, თუ:

ა) მოვალე გაკოტრების საქმის წარმოებისას მოითხოვს მის შეწყვეტას და ამას ყველა კრედიტორი დაეთანხმება;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოიფხვრება გაკოტრების საფუძველი;

გ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოჩნდება, რომ ვერ დაიფარება გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯები.

5. დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

6. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი მეხუთე

სხვა ზოგადი წესები

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 31. კერძო საჩივარი

1. თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია ვალაუვალ მოვალეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს დადგენილება ან რომელსაც უშუალოდ ეხება იგი.

2. თუ დადგენილება გამოქვეყნებულია, მაშინ კერძო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება გამოქვეყნების დღიდან.

3. სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო წარმოებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414–420-ე მუხლები.

4. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დაადგინოს თავისი დადგენილების ძალაში შესვლა მისი მიღებისთანავე.

5. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს შემდგომ საპროცესო მოქმედებებს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

     მუხლი 32. სასამართლო ხარჯები

1. სასამართლო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან.

2. სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის არსებული გაკოტრების მასის ღირებულებიდან, გირავნობისა და უზრუნველყოფის უფლებების ღირებულების გამოკლებით. სახელმწიფო ბაჟი შეადგენს გაკოტრების მასის 2%-ს. სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაა 30 ლარი. თუ კერძო საჩივარი შეაქვს კრედიტორს, რომლის მოთხოვნა გაკოტრების მასის ღირებულებაზე ნაკლებია, მაშინ სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება მისი მოთხოვნის მოცულობიდან.

3. ბაჟი სრული ოდენობით გადაიხდება:

ა) ზოგადად გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წარმართვისათვის;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან გახსნაზე უარისას;

გ) კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ ყოველ კრებამდე განხორციელებული საქმიანობისათვის;

დ) საქმის წარმოების დამთავრებისათვის საგაკოტრებო მორიგებით ან საქმის წარმოების დამთავრებით საბოლოო განაწილების შემდეგ;

ე) საჩივრის განხილვის ყოველი წარმოებისათვის.

4. ბაჟი ნახევარი ოდენობით გადაიხდება:

ა) მე-10 მუხლის შესაბამისად სასამართლოს გარეშე სანაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

ბ) ფიზიკური პირის გაკოტრების საქმის წარმოებისათვის.

5. ხარჯები წარმოადგენს მხოლოდ გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს ხარჯებს. იგი, როგორც წესი, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. ამ ხარჯებს არ მიეკუთვნება მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დასახელებული ხარჯები. „წარმოების ხარჯების საკითხი მოწესრიგებული უნდა იყოს განჩინებით. თუ განჩინება მიიღება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაშინ ხარჯები დაეკისრება განმცხადებელს, ხოლო თუ განჩინება მიიღება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოვალეს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 33. გაკოტრების მმართველის გასამრჯელო

1. გაკოტრების მმართველის გასამრჯელო გამოითვლება გაკოტრების მასის იმ ღირებულებიდან, რომელიც მოცემულია სასამართლოს მიერ დამტკიცებულ საბოლოო ანგარიშში. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კანონით დადგენილი პროპორციით. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველს შეიძლება მიეცეს დამატებითი გასამრჯელო მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

2. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. გაკოტრების სასამართლო განსაზღვრავს ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობას.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

თავი მეექვსე

გაკოტრების საქმის განსაკუთრებული წარმოება

    მუხლი 34. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმის

წარმოების ცნობა და საქართველოში გაკოტრების

საქმის პარტიკულარული წარმოება

1. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმე ან საგაკოტრებო მორიგების წარმოება, მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობისა, ცნობილ უნდა იქნეს მთელი თავისი შედეგებით საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და კრედიტორებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) სასამართლო, რომელმაც უცხოეთში გაკოტრების საქმე განიხილა, არ არის კომპეტენტური საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;

ბ) უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის არსებით პრინციპებს, კერძოდ კი – ძირითად უფლებებს.

2. თუ ვალაუვალი მოვალე, რომლის ქონებაზეც უცხოეთში გახსნილია 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წარმოება, უძღვება საქართველოში ფილიალს, რომელიც თვითონ დებს გარიგებებს ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ობიექტს, მაშინ უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოების ცნობა არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოშიც გაიხსნას გაკოტრების საქმის განცალკევებული წარმოება, რომელიც მოიცავს ვალაუვალი მოვალის მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ  ქონებას და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც წარმოიშვა უშუალოდ ფილიალის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ობიექტის საქმიანობიდან (გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოება).

3. გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ განცხადების შეტანის უფლება ვალაუვალი მოვალის ნაცვლად, აქვს პირადად გაკოტრების მმართველს, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. კრედიტორს შეუძლია შეიტანოს განცხადება, თუ იგი ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირია და თუ დაასაბუთებს თავის ინტერესს გაკოტრების პარტიკულარული წარმოებისადმი. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლის დასაბუთება ან შემოწმება საჭირო არ არის.

4. უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორებს საზღვარგარეთ ამ საქმის წარმოების დროს თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებელი ნაწილის გამო მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მონაწილეობა საქართველოში გაკოტრების საქმის პარტიკულარულ წარმოებაში, თუ ისინი დაასაბუთებენ თავიანთი განსაკუთრებული ინტერესის არსებობას.

5. გაკოტრების საქმის პარტიკალური წარმოებისათვის უნდა დაინიშნოს გაკოტრების ადგილობრივი მმართველი. მას მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს გაკოტრების მმართველთან, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. გაკოტრების უცხოელი მმართველი გაკოტრების საქმის პარტიკალურ წარმოებაში მონაწილეობს, როგორც უცხოეთში საქმის წარმოების ინტერესების წარმომადგენელი და, როგორც ასეთს, შეუძლია შეიტანოს საქმისათვის სასარგებლო ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით კი - სამომრიგებლო წინადადებები.

6. დარჩენილი ქონება უბრუნდება გაკოტრების უცხოელ მმართველს.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდროს ქონებაზე

1. სამკვიდროს ქონებაზე შეიძლება მამკვიდრებლის კრედიტორის (სამკვიდროს კრედიტორის) სასარგებლოდ ისე განხორციელდეს გაკოტრების საქმის დამოუკიდებელი წარმოება, თითქოს მამკვიდრებელი ცოცხალი ყოფილიყოს. განცხადების შეტანის უფლება აქვს აგრეთვე მემკვიდრეს ან ანდერძის აღმსრულებელს.

2. თუ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილია მემკვიდრის ქონებაზე, სამკვიდროს კრედიტორებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები მხოლოდ იმ ნარჩენ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ვერ მიიღეს სამკვიდროს ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოებისას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესები აგრეთვე შესაბამისად გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონებაზე გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოებისას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ცოცხალი არ არის.

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 36. გაკოტრების საქმის წარმოება კონცერნის ტიპის საწარმოებისათვის

კონცერნს მიკუთვნებული ან კონცერნზე დამოკიდებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საზოგადოებების გაკოტრების საქმის წარმოებისათვის ამ კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე განსაკუთრებული წესები, გარდა ქვემოთ მოცემულის, კერძოდ, გაკოტრების საფუძვლად განიხილება მხოლოდ მოვალის ურთიერთობები, მხედველობაში არ მიიღება სხვა საწარმოს მონაწილეობა ან მისი გაბატონებული გავლენა არაძირითად საწარმოზე. საქმის წარმოება დამოუკიდებლად ხორციელდება.

    მუხლი 37. საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება

ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

    მუხლი 38. გაკოტრების საქმის წარმოება სადაზღვევო საწარმოსათვის

1. სადაზღვევო საწარმოს გაკოტრებისას დაზღვევის საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება და მისცეს თანხმობა სანაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებაზე.

2. სიცოცხლის დამზღვევი საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოებისას დამზღვევი სარეზერვო ფონდის მიმართ ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება თავისი დაკარგული წილის გამო.

3. ზარალისაგან დამზღვევი საწარმოს ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება (მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შედეგად სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

    მუხლი 39. გაკოტრების საქმის წარმოება საკომლო (გლეხური, ფერმერული)           მეურნეობების მიმართ

1. კანონით გათვალისწინებულ განსხვავებულ მოწესრიგებამდე საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობა გაკოტრებას არ ექვემდებარება.

2. საკომლო (გლეხურ, ფერმერულ) მეურნეობებს 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ნაწარმის მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნების გამო ენიჭებათ უპირატესობა მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 40. გაკოტრების საქმის წარმოება საერთო საქმიანობის დროს

1. სამეურნეო მიზნით ერთობლივად მოქმედ პირთა შემთხვევაში, რომლებიც არ არიან გაერთიანებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი ფორმით, შესაძლებელია, აგრეთვე, გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მასად ჩაითვლება ქონების ყველა ობიექტი, რომელიც მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ემსახურებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ მონაწილეს ეკუთვნის იგი. მოგებაში მონაწილე ერთად მომუშავე პირები ერთობლივი მუშაობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებაში არ მიიჩნევიან გაკოტრების კრედიტორებად მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად.

2. თუ ვალდებულებების (გაკოტრების მასის) საერთო თანხა ათას ლარზე მეტი არაა, მაშინ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების    საქმის გამარტივებული წარმოების შესახებ. გადაწყვეტილებას აღასრულებს მმართველი დამოუკიდებლად, სასამართლოს ზედამხედველობით. გაკოტრების მმართველი შესაბამისად წარადგენს დასამტკიცებლად მის მიერ შედგენილ გაკოტრების ტაბულას, მიღწეულ საგაკოტრებო მორიგებებს.

საქმის გამარტივებული წარმოება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საწარმოების მიმართაც.

საქართველოს პარლამენტის უწყებანი №29-30, 11.12.1996 წ., გვ.34

    მუხლი 41. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 25 ივნისი.

№286–IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. შენიშვნა -  საქართველოს პარლამენტის უწყებანი №29-30, 11.12.1996 წ., გვ.34

2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

3. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

4. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20