„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 848
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 30/04/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 250.010.020.05.001.000.913
  • Word
848
10/04/2001
სსმ, 11, 30/04/2001
250.010.020.05.001.000.913
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი და მე-2–4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

    მუხლი 2. გაკოტრებაუნარიანობა და გაკოტრების საფუძვლები

1. გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) სახეზეა, როდესაც შესაძლებელია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა პირის ქონებაზე ან ქონების განცალკევებულ მასაზე. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მოვალის – ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ამხანაგობის ქონებაზე. სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გაკოტრებას არ ექვემდებარებიან.

2. გაკოტრების საფუძველი ასახავს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის არსებულ მოვალის ეკონომიკურ მდგომარეობას. გაკოტრების ზოგადი საფუძვლებია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე მისი ზედავალიანება, თუ მოვალე იურიდიული პირია. მოვალის განცხადების შემთხვევაში გაკოტრების საფუძველია აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

3. მოვალის გადახდისუუნარობა სახეზეა, როდესაც მას არ შეუძლია შეასრულოს ვადამოსული გადახდის ვალდებულებები. მოვალის გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე ზოგადად შეწყვეტს ვალების გადახდას.

4. ზედავალიანება სახეზეა, როდესაც მოვალის ქონება (აქტივი) ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს (პასივს). მოვალის საწარმოს ქონების შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ამ საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ იგი სავარაუდოა არსებული გარემოებებიდან გამომდინარე.

    მუხლი 3. სასამართლო განსჯადობა

გაკოტრების საქმეს, მიუხედავად მოვალის ქონების ღირებულებისა და კრედიტორების მოთხოვნების ოდენობისა, განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო (გაკოტრების სასამართლო) მოვალის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფლის მიხედვით.

    მუხლი 4. გაკოტრების სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოების წესი

სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. სამოქალაქო საპროცესო ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. სამოქალაქო საპროცესო ნორმების გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მიზანს.“.

2. მე-5 მუხლში სიტყვები „სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დამოუკიდებელ“ შეიცვალოს სიტყვებით „საკანონმდებლო აქტებით“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. განცხადება გაკოტრების შესახებ

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ გაკოტრების შესახებ განცხადების საფუძველზე (გაკოტრების განცხადება). გაკოტრების განცხადების შეტანის უფლება აქვს მოვალეს, აგრეთვე კრედიტორს, რომელსაც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ქონებრივი პრეტენზია (გაკოტრების კრედიტორი).

2. გაკოტრების განცხადება შეიძლება გამოტანილ იქნეს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლამდე.

3. გაკოტრების სასამართლომ გაკოტრების განცხადება წარმოებაში უნდა მიიღოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით. გაკოტრების განცხადება დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუ გაკოტრების განცხადება არ არის დასაშვები, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში შეავსებს ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუბრუნებს მას განმცხადებელს. ამ განჩინებების მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. გაკოტრების განცხადება მოვალეს უნდა ჩაბარდეს სარჩელის ჩაბარებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები:

    მუხლი 61. მოვალის განცხადება გაკოტრების შესახებ

1. მოვალემ გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და გაკოტრების საფუძველი და ამავე განცხადებით უნდა მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

2. მოვალემ გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების და კრედიტორების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით;

ბ) მოვალეთა ნუსხა არსებული მოთხოვნების და მოვალეების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით;

გ) მოვალის ქონების, მათ შორის, დაგირავებული, გაქირავებული და იჯარით აღებული ქონების, ნუსხა ცალკეული ობიექტების შეფასებითი ღირებულებების, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის, ამ ანგარიშების რეკვიზიტების და ბანკების მისამართების მითითებით;

დ) მოვალის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

3. მოვალემ წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ გაკოტრების სასამართლოსათვის წარდგენილი ნუსხების სისწორე და სისრულე. მოვალეს უნდა განემარტოს, რომ შეგნებულად არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ გაკოტრების განცხადება არ არის ხელმოწერილი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირის ან პერსონალურად პასუხისმგებელი ყველა პარტნიორის მიერ, მაშინ განმცხადებელმა დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძვლის არსებობა, ხოლო გაკოტრების სასამართლომ უნდა მოუსმინოს ამ პირებს.

    მუხლი 62. კრედიტორის განცხადება გაკოტრების შესახებ

1. კრედიტორმა გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, აგრეთვე მოვალის სახელი (სახელწოდება) და იურიდიული მისამართი და დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძველი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის არსებობა.

2. კრედიტორმა გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს თავისი მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ გაკოტრების განცხადება სასამართლოში უნდა შეიტანოს გადახდის ვალდებულების დადგომიდან არა უგვიანეს სამი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ ამ ვადაში უკვე შეტანილია სასარჩელო განცხადება.“.

5. მე-7–10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოება

1. გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რისთვისაც შეუძლია აგრეთვე დაკითხოს მოწმეები, მოიწვიოს ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს. სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით ეს ვადა გააგრძელოს ერთი თვით. ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ორჯერ.

2. სასამართლომ მოწვეულ ექსპერტს შეიძლება დაავალოს, დაადგინოს:

ა) არსებობს თუ არა გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად;

ბ) საკმარისია თუ არა მოვალის ქონება წარმოების ხარჯების დასაფარავად ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;

გ) შეიძლება თუ არა შედეგიანად გაგრძელდეს მოვალის საწარმოს საქმიანობა თუ საჭიროა საწარმოს დახურვა.

3. სასამართლომ უნდა იზრუნოს, რომ გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას მოვალის ქონება არ შემცირდეს მოვალის, მისი კრედიტორების ან მესამე პირების მიერ. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ შეიძლება დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. გაკოტრების დროებითი მმართველი ზედამხედველობას უწევს მოვალის ქონებას და ამ ქონებასთან დაკავშირებულ მოვალის ქმედებებს. მოვალეს გაკოტრების დროებით მმართველთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს განკარგოს ქონება. დადგენილება, რომლის საფუძველზედაც მოვალეს ეზღუდება ქონების განკარგვის უფლება და იგი გადაეცემა გაკოტრების დროებით მმართველს, უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

4. გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით დროებით შეჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება არ დაიშვება. ეს განჩინება უნდა ჩაბარდეს მოვალეს, განმცხადებელ კრედიტორსა და სააღსრულებო ორგანოს.

    მუხლი 8. სასამართლოს დადგენილებები

1. გაკოტრების განცხადების განხილვის შემდეგ გაკოტრების საქმის განმხილველ მოსამართლეს (გაკოტრების მოსამართლეს) შეუძლია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმის შესახებ;

გ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ.

2. სასამართლოს დადგენილება მიიღება განჩინების ფორმით. დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშეც.

    მუხლი 9. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმა

1. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარს ამბობს, თუ:

ა) სახეზე არ არის გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) ან გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად;

ბ) მოვალის ქონება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაიფაროს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;

გ) გაკოტრების განცხადების შეტანის შემდეგ აღმოიფხვრა გაკოტრების საფუძველი.

2. სასამართლოს განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს მოვალესა და განმცხადებელ კრედიტორს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული განჩინების ძალაში შესვლისთანავე მოვალე, თუ იგი იურიდიული პირია, გაუქმდება. ლიკვიდაცია წარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 10. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება

1. მოვალეს შეუძლია მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, შეიმუშაოს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმა და შეათანხმოს იგი კრედიტორებთან. რეაბილიტაციის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას.

2. თუ მოვალე თავის განცხადებაში დამაჯერებლად ამტკიცებს საწარმოს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, სასამართლო იღებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ. განჩინების მიღებამდე სასამართლოს შეუძლია მოუსმინოს მოვალის საწარმოთი დაინტერესებულ სხვა პირებს ან სახელმწიფო ორგანოებს, რათა დაადგინოს მოვალის საწარმოს რეაბილიტაციის მიზანშეწონილობა.

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს ექვს კვირაზე ნაკლები და სამ თვეზე მეტი.

4. თუ მოვალე განსაზღვრულ ვადაში წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და იმ კრედიტორთა თანხმობას, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, სასამართლო ამ დოკუმენტების წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში იღებს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. რეაბილიტაცია განხორციელდება ამ კანონის III1 თავით დადგენილი წესით.

5. თუ მოვალე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და კრედიტორთა თანხმობას, მაშინ სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პირველ წინადადებაში სიტყვა „გადაწყვეტილება“ შეიცვალოს სიტყვით „განჩინება“, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვა „გადაწყვეტილებით“ – სიტყვით „განჩინებით“;

ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ბ“–„თ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებად;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „კრედიტორთა მიერ წარდგენილი მოთხოვნები ჩაიწერება სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნების ცხრილში.“;

ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტიდან სიტყვა „მოძრავ“ ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) „ე“ ქვეპუნქტს სიტყვის „აეკრძალება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ნივთის დაბრუნება ან“;

ბ.ვ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოიწვევა კრედიტორთა პირველი კრება, სასამართლოს მიერ განისაზღვრება კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების ჩატარების დრო და ადგილი, რის შესახებაც ეცნობებათ კრედიტორებს.“.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნება

1. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესის ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე სასამართლოს დაფაზე ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში. განჩინების გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნება შესრულებულად ითვლება გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებას იმ სახელმწიფოებშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი. გამოქვეყნდება განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები.

2. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში. პერიოდულ გამოცემებს კონკურსის წესით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში –შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

3. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გაეგზავნოს:

ა) კავშირგაბმულობის შესაბამის განყოფილებას;

ბ) მარეგისტრირებელ უწყებებს მოთხოვნით, მონაცემი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ შეიტანონ შესაბამისად საჯარო ან სამეწარმეო რეესტრში.

4. სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება უნდა გაუგზავნოს აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალის მიმართ აქვთ მოთხოვნები და სხვა უფლებები, ან რომლებმაც ვალაუვალი მოვალის მიმართ უნდა შეასრულონ ვალდებულებები.“.

8. მე-13 მუხლის:

ა) პირველ და მე-4 პუნქტებში სიტყვა „გადაწყვეტილების“ შეიცვალოს სიტყვით „განჩინების“;

ბ) მე-4 პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შესრულება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ შემსრულებელი დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გაკოტრების საქმის წარმოებისას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შეიძლება ზოგადად განაცხადოს გაკოტრების მმართველმა ან ცალკეულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველის მიმართ. დაუშვებელია კრედიტორმა ან გაკოტრების მმართველმა მოითხოვოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, თუ გაქვითვის გარემოება წარმოიშვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა იმ შემთხვევაშიც გამოირიცხება, თუ კრედიტორმა ისეთ გარემოებებში შეიძინა მოთხოვნა, რომელიც შეცილებადი იქნებოდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

9. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები

1. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს შეუძლია, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლში მითითებული უზრუნველყოფის საერთო ღონისძიებებისა, ვალაუვალი მოვალის მიმართ განახორციელოს შემდეგი განსაკუთრებული ღონისძიებები:

ა) ვალაუვალი მოვალის იძულებით მიყვანა სასამართლოში იმ მონაცემების წარდგენის მიზნით, რომელთა მიწოდების ვალდებულებაც მას ამ კანონით ეკისრება;

ბ) საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დაკავება და გაკოტრების მმართველისათვის მათი გადაცემა.

2. საქმის გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ შეიძლება განახორციელოს უზრუნველყოფის სხვა განსაკუთრებული ღონისძიებებიც.

3. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას.

    მუხლი 15. გაკოტრების მმართველი

1. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე, ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორისაგან დამოუკიდებელი პირი. დაუშვებელია გაკოტრების მმართველად იმ პირის არჩევა (დანიშვნა), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. გაკოტრების მმართველს კრედიტორთა პირველ კრებამდე ნიშნავს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია გაკოტრების მმართველად დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. კრედიტორებს კრედიტორთა პირველ კრებაზე შეუძლიათ აირჩიონ გაკოტრების სხვა მმართველიც. გაკოტრების არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო.

2. სასამართლოს მიერ დანიშნულ (დამტკიცებულ) გაკოტრების მმართველს გადაეცემა დანიშვნის დოკუმენტი, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ უბრუნებს სასამართლოს. ამ დოკუმენტში მითითებულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებანი.

3. გაკოტრების მმართველი თავისი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელია გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის წინაშე. ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ გაკოტრების მმართველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება.

4. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი და ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს თავის მმართველობაში გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი. გაკოტრების მმართველს შეუძლია გარკვეული დროით სრულად ან ნაწილობრივ გააგრძელოს მოვალის საწარმოს საქმიანობა. კრედიტორთა პირველ კრებამდე გაკოტრების მმართველს არ აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას ან მესამე პირისათვის საწარმოს სამართავად გადაცემას.

5. გაკოტრების მმართველი დანიშვნისთანავე აღწერს ქონებას, ადგენს ბალანსს და აღნიშნულ დოკუმენტებს წარუდგენს გაკოტრების სასამართლოს.

6. გაკოტრების მმართველის საქმიანობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლოს გაკოტრების მმართველი და დანიშნოს (დაამტკიცოს) სხვა მმართველი.“.

10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „გაასაჩივროს“ შეიცვალოს სიტყვებით „სადავო გახადოს“;

ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ ქმედებით ვალაუვალმა მოვალემ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი წლით ადრე კრედიტორთა საზიანოდ თავის ახლო გარემოცვაში მყოფი პირისთვის განახორციელა სასყიდლიანი შესრულება და თუ ეს უკანასკნელი ვერ დაამტკიცებს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა კრედიტორებისათვის ზიანის მიყენების განზრახვა;

გ) ეს ქმედება განხორციელდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ერთი წლით ადრე და ითვალისწინებდა ქონებრივი ფასეულობების უსასყიდლო გადაცემას. მოვალის ახლო გარემოცვაში მყოფი პირებისათვის ეს ვადა შეადგენს სამ წელს;“.

11. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გაკოტრების სასამართლომ მოთხოვნების ცხრილის საფუძველზე უნდა შეადგინოს გაკოტრების ტაბულა გაკოტრების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით:“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც სრულად დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნა. თუ გასანაწილებელი გაკოტრების მასა არ არის საკმარისი ერთი რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის, მაშინ ისინი დაკმაყოფილდება მათი მოცულობის პროპორციულად.“.

12. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გაკოტრების მასის მოთხოვნები“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მოშლის“ შეიცვალოს სიტყვით „დადების“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლო ხარჯები, გაკოტრების მმართველის გასამრჯელო, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის წევრთა გასამრჯელო, თუ ამას დაადგენს სასამართლო.“.

13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტიდან სიტყვები „ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად“ ამოღებულ იქნეს და ამავე პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.“.

14. 21-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „შემოწმება და აღიარება“ შეიცვალოს სიტყვით „დადგენა“ და ამავე პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ თანხიდან, რომელიც დარჩება გაკოტრების მასაში გაკოტრების კრედიტორებზე მისი განაწილების შემდეგ.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „ცნობილი“ შეიცვალოს სიტყვით „დაუდგენელი“.

15. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. კრედიტორთა კრება

1. გაკოტრების საქმის წარმოებისას თავის მოთხოვნებთან დაკავშირებულ უფლებებს გაკოტრების კრედიტორები ახორციელებენ კრედიტორთა კრებაზე, რომელსაც მოიწვევს გაკოტრების სასამართლო.

2. გაკოტრების სასამართლო კრედიტორთა კრებას მოიწვევს აგრეთვე გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან გაკოტრების იმ კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც გაცხადებული მოთხოვნების შესაბამისად ეკუთვნის მოთხოვნების საერთო თანხის 1/5 მაინც. სასამართლო ვალდებულია მოიწვიოს კრედიტორთა კრება მიმართვიდან არა უგვიანეს 3 დღისა. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. ინფორმაცია კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს კრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 7 დღისა ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

4. კრედიტორთა კრებას უძღვება გაკოტრების მოსამართლე. კრებაზე ყოველ კრედიტორს აქვს თავისი მოთხოვნის პროპორციული რაოდენობის ხმა.

5. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ გაკოტრების კრედიტორებს. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას იძლევა შემოწმებული და დადგენილი მოთხოვნები. ხმათა შემოწმებისას კრედიტორები განიხილავენ, მიეცეს თუ არა სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს ხმის უფლება და რა ოდენობით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების სასამართლო. სასამართლომ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის დამატებითი განცხადების საფუძველზე. დაუდგენელი მოთხოვნის მქონე კრედიტორის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებისა და ხმის ოდენობის საკითხს ერთ-ერთი კრედიტორის ან გაკოტრების მმართველის შესაგებლის საფუძველზე განჩინებით წყვეტს სასამართლო. ეს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კრედიტორთა რაოდენობა.

7. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია განიხილოს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების ან ამ საწარმოს დახურვის საკითხი, აგრეთვე იმსჯელოს საგაკოტრებო მორიგების შესახებ.

8. გაკოტრების მმართველის ან უმცირესობაში მყოფი ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გაკოტრების სასამართლოს შეუძლია უარი თქვას კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაზე, თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაკოტრების საქმის წარმოების მიზანს ან გაკოტრების კრედიტორთა საერთო ინტერესებს.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 და 222 მუხლები:

    „მუხლი 221. კრედიტორთა პირველი კრება

კრედიტორთა პირველი კრება ისმენს გაკოტრების სასამართლოს მიერ დანიშნული გაკოტრების მმართველის მოხსენებას ვალაუვალი მოვალის გადახდისუუნარობის წარმოშობის მიზეზების, არსებული მდგომარეობისა და კრედიტორთა პირველ კრებამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გაკოტრების მმართველის მიერ დამატებითი მოხსენების წარდგენის საკითხს წყვეტს გაკოტრების სასამართლო.

    მუხლი 222. კრედიტორთა კომიტეტი

1. კრედიტორთა კრებას შეუძლია შექმნას კრედიტორთა კომიტეტი, რომელიც შედგება გაკოტრების კრედიტორებისა და სხვა კომპეტენტური პირებისაგან. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. საჭიროების შემთხვევაში გაკოტრების სასამართლოს შეუძლია კრედიტორთა კრების მიერ კომიტეტის წევრთა არჩევამდე შექმნას კრედიტორთა დროებითი კომიტეტი.

2. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს მისი საქმიანობის განხორციელებისას. იგი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მოსთხოვოს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა და უშუალოდ გააკონტროლოს იგი. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას საჭიროებს გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, მათ შორის, კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის სასამართლო პროცესების წარმართვა და სხვა ქმედებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და რომლებიც გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით.

3. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების საკითხს წყვეტს გაკოტრების სასამართლო.“.

17. კანონის მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგაკოტრებო მორიგება“.

18. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან სიტყვები „სასამართლოსმიერი სანაციის საფუძველზე, კერძოდ,“ ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამომრიგებლო წინადადება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელებას რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებით, აგრეთვე მესამე პირისათვის საწარმოს გადაცემას მისი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.“.

19. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძალაში შესული მორიგების პირობების დარღვევისას, მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილებისა და გაკოტრების ტაბულიდან ამონაწერის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს აღსრულება ზოგადი წესების შესაბამისად. ამასთან, კრედიტორს განცხადების საფუძველზე გაკოტრების ტაბულიდან გამომდინარე მიეცემა სააღსრულებო ფურცელი, აგრეთვე მორიგების და მისი დამტკიცების შესახებ დადგენილების ასლები.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

თავი III1. რეაბილიტაცია

    მუხლი 251. რეაბილიტაციის მიზანი

რეაბილიტაცია წარმოადგენს ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევას, მისი საწარმოს ლიკვიდურობის აღდგენას და ლიკვიდაციის თავიდან აცილებას.

    მუხლი 252. რეაბილიტაციის წინაპირობები

1. რეაბილიტაცია ხორციელდება მხოლოდ იმ მოვალე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ არსებობს მოვალის შეთანხმება კრედიტორებთან რეაბილიტაციის შესახებ ან გაკოტრების სასამართლოს ძალაში შესული განჩინება საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ.

2. რეაბილიტაცია განხორციელდება, თუ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ აღდგება მოვალის საწარმოს ლიკვიდურობა და თავიდან იქნება აცილებული ლიკვიდაცია.

    მუხლი 253. რეაბილიტაციის გეგმა

1. რეაბილიტაციის გეგმაში აღნიშნული უნდა იყოს მოვალის ლიკვიდურობის აღდგენისათვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ვალების დაფარვის ვადები. რეაბილიტაციის გეგმაში ნებისმიერი ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს კრედიტორთა კრების ან კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით.

2. რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და რეორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და რეაბილიტაციის მიზანს.

    მუხლი 254. რეაბილიტაციის მმართველი

1. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს სათანადო გამოცდილების მქონე, მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. დაუშვებელია რეაბილიტაციის მმართველად იმ პირის არჩევა (დამტკიცება), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. კრედიტორებთან შეთანხმებით რეაბილიტაციის მმართველად შეიძლება არჩეულ იქნეს აგრეთვე მოვალე, თუ გაკოტრების განცხადება შეტანილია მოვალის მიერ და რეაბილიტაცია ხორციელდება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ განჩინების საფუძველზე.

2. კრედიტორებს რეაბილიტაციის მმართველს ასარჩევად წარუდგენს მოვალე, ხოლო საგაკოტრებო მორიგებისას რეაბილიტაციის მმართველს კონკურსის წესით ირჩევენ კრედიტორები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილი კრედიტორებისა და გაკოტრების იმ კრედიტორების თანხმობა, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა არანაკლებ 2/3-ს. რეაბილიტაციის არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო.

3. რეაბილიტაციის მმართველი ირჩევა (მტკიცდება) რეაბილიტაციის განხორციელების ვადით.

4. რეაბილიტაციის მმართველი თავისი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელია მოვალისა და კრედიტორების წინაშე. ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის მმართველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება.

    მუხლი 255. რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებანი

1. რეაბილიტაციის მმართველი ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას, აგრეთვე მართავს და განკარგავს მოვალის ქონებას ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად განახორციელოს ნებისმიერი მართლზომიერი ქმედება.

2. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს განკარგოს მოვალის უძრავი ქონება, აგრეთვე დადოს გარიგებები, რომელთა ღირებულებაც აღემატება მოვალის ქონების 20%-ს ან რომლებიც სცილდება რეაბილიტაციის გეგმას.

3. თუ რეაბილიტაციის შემდეგ წარმოშობილი ფულადი ვალდებულებების ოდენობა აღემატება რეაბილიტაციის დაწყების მომენტისათვის არსებული ვალდებულებების მთლიანი თანხის 20%-ს, მაშინ რეაბილიტაციის მმართველს მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით აქვს უფლება დადოს ისეთი გარიგებები, რომლებიც აფუძნებენ მოვალის ახალ ფულად ვალდებულებებს.

4. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს თვეში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მათი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და აცნობოს დადებული გარიგებების თაობაზე.

5. რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს სადავო გახადოს მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე დადებული გარიგება, თუ იგი არ იქნა შეცილებული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 256. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო

1. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო გადაიხდება მოვალის ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავენ კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს.

2. გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველს აუნაზღაურდება შესაბამისი ხარჯები.

3. რეაბილიტაციის მმართველს შეიძლება მიეცეს პრემია მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

    მუხლი 257. რეაბილიტაციის დასრულება და შეწყვეტა

1. რეაბილიტაცია დასრულდება, თუ მიღწეული იქნება რეაბილიტაციის მიზანი. სასამართლო იღებს განჩინებას რეაბილიტაციის დასრულების შესახებ.

2. რეაბილიტაციის მმართველს შეუძლია სასამართლოსაგან მოითხოვოს რეაბილიტაციის შეწყვეტა, თუ იგი წარადგენს შესაბამის დასკვნას რეაბილიტაციის მიზნის მიუღწევლობის შესახებ და კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას მისი შეწყვეტის თაობაზე.

3. თუ რეაბილიტაციის განხორციელებისას ან რეაბილიტაციის მმართველის მიერ ირღვევა მოვალის ან კრედიტორის უფლებები, მათ შეუძლიათ სასამართლოსაგან მოითხოვონ რეაბილიტაციის გეგმის გადასინჯვა ან რეაბილიტაციის შეწყვეტა. სასამართლო განცხადებას განიხილავს მიმართვიდან 10 დღის ვადაში და მიიღებს შესაბამის განჩინებას.

4. თუ რეაბილიტაცია შეწყდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სასამართლო იმავე განჩინებით ადგენს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას. სასამართლოს ამ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

21. 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაკოტრების მმართველმა გაკოტრების მასა უნდა გაყიდოს მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით, ხოლო ამონაგები გაანაწილოს საბოლოო ცხრილის მიხედვით.

2. გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე, თუ ამ განცხადებას ეთანხმებიან ის კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, შეიძლება შეწყდეს ქონების რეალიზაცია ან გაკოტრების სასამართლოს დადგენილებით გადაიდოს გარკვეული ვადით. ეს ვადა სასამართლოს დადგენილებით შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.“.

22. 28-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „გაკოტრების მასაში დარჩენილი თანხა თავისუფალია იმავე მასის მიმართ“ შეიცვალოს სიტყვებით „გაკოტრების მმართველის მიერ გაკოტრების მასაში შეჩერებული თანხები გამოთავისუფლდება იმავე მასის სასარგებლოდ“.

23. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 29. განაწილების შედეგები

თუ განაწილების, მათ შორის, დამატებითი განაწილების შემდეგ გაკოტრების მასაში აღარ დარჩა თანხები, მაშინ გაკოტრების სასამართლო იღებს დადგენილებას გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ. სასამართლო აღნიშნულ დადგენილებას უგზავნის მოვალე იურიდიული პირის მარეგისტრირებელ უწყებას, ხოლო მოვალე ფიზიკური პირი შეჰყავს გაკოტრებულ პირთა რეესტრში.“.

24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

„291 მუხლი. გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების საფუძვლები

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დამთავრდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ იღებს შესაბამის დადგენილებას.

2. გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება:

ა) ამონაგების განაწილების და სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშისა და საბოლოო მოხსენების შემოწმების შემდეგ;

ბ) საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდება, თუ:

ა) მოვალე გაკოტრების საქმის წარმოებისას მოითხოვს მის შეწყვეტას და ამას ყველა კრედიტორი დაეთანხმება;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოიფხვრება გაკოტრების საფუძველი;

გ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოჩნდება, რომ ვერ დაიფარება გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯები.

5. დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

6. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

25. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

26. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 31. კერძო საჩივარი

1. თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია ვალაუვალ მოვალეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს დადგენილება ან რომელსაც უშუალოდ ეხება იგი.

2. თუ დადგენილება გამოქვეყნებულია, მაშინ კერძო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება გამოქვეყნების დღიდან.

3. სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო წარმოებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414–420-ე მუხლები.

4. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დაადგინოს თავისი დადგენილების ძალაში შესვლა მისი მიღებისთანავე.

5. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს შემდგომ საპროცესო მოქმედებებს.“.

27. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის არსებული გაკოტრების მასის ღირებულებიდან, გირავნობისა და უზრუნველყოფის უფლებების ღირებულების გამოკლებით. სახელმწიფო ბაჟი შეადგენს გაკოტრების მასის 2%-ს. სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაა 30 ლარი. თუ კერძო საჩივარი შეაქვს კრედიტორს, რომლის მოთხოვნა გაკოტრების მასის ღირებულებაზე ნაკლებია, მაშინ სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება მისი მოთხოვნის მოცულობიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ ყოველ კრებამდე განხორციელებული საქმიანობისათვის;“;

გ) მე-5 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „წარმოების ხარჯების საკითხი მოწესრიგებული უნდა იყოს განჩინებით. თუ განჩინება მიიღება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მაშინ ხარჯები დაეკისრება განმცხადებელს, ხოლო თუ განჩინება მიიღება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოვალეს.“.

28. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 33. გაკოტრების მმართველის გასამრჯელო

1. გაკოტრების მმართველის გასამრჯელო გამოითვლება გაკოტრების მასის იმ ღირებულებიდან, რომელიც მოცემულია სასამართლოს მიერ დამტკიცებულ საბოლოო ანგარიშში. გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კანონით დადგენილი პროპორციით. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველს შეიძლება მიეცეს დამატებითი გასამრჯელო მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

2. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. გაკოტრების სასამართლო განსაზღვრავს ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობას.“.

29. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს სიტყვის „პირთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ძირითად“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „რომლის საქმეებიც დასრულებულია“ შეიცვალოს სიტყვებით „რომელიც თვითონ დებს გარიგებებს“ და ამავე პუნქტიდან სიტყვა „უძრავ“ ამოღებულ იქნეს.

30. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდროს ქონებაზე

1. სამკვიდროს ქონებაზე შეიძლება მამკვიდრებლის კრედიტორის (სამკვიდროს კრედიტორის) სასარგებლოდ ისე განხორციელდეს გაკოტრების საქმის დამოუკიდებელი წარმოება, თითქოს მამკვიდრებელი ცოცხალი ყოფილიყოს. განცხადების შეტანის უფლება აქვს აგრეთვე მემკვიდრეს ან ანდერძის აღმსრულებელს.

2. თუ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილია მემკვიდრის ქონებაზე, სამკვიდროს კრედიტორებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები მხოლოდ იმ ნარჩენ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ვერ მიიღეს სამკვიდროს ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოებისას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესები აგრეთვე შესაბამისად გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონებაზე გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოებისას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ცოცხალი არ არის.“.

31. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „დაკარგული“ შეიცვალოს სიტყვით „კუთვნილი.“

32. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 10 აპრილი.

N848–I