გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

  • Word
გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 250.020.010.05.001.000.145
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
286
25/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
250.020.010.05.001.000.145
გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/06/1997 - 10/04/2001)

საქართველოს კანონი

გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია კერძო ვალაუვალი მოვალის ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების საფუძვლიანი გადაწყვეტა სასამართლოსმიერი სანაციის ან სასამრთლოსმიერი ლიკვიდაციის საშუალებით. ლიკვიდაცია გაკოტრების საფუძველზე დაუშვებელია სანაციის გამოყენების შესაძლებლობათა წინასწარ შეუმოწმებლად. ამასთან, აუცილებელია ლიკვიდაცია არ უნდა დააბრკოლოს გაუმართლებელმა და არარეალურმა სანაციამ.

თავი პირველი

გაკორტების საქმის წარმოების გახსნა

    მუხლი 2. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლები

1. გაკოტრების საქმის წარმოების წესი გამოიყენება კერძო სამართლის ფიზიკური ან იურიდიული პირის გადახდისუუნარობისას. იურიდიული პირის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გამოიყენება აგრეთვე მისი დავალიანების შემთხვევაში.

2. გადახდისუუნარობად ჩაითვლება მოვალის მიერ დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულებათა შესრულების უუნარობა. გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე შეწყვეტს ვალების გადახდას.

3. დავალიანებად ჩაითვლება, როდესაც მოვალის ქონება (აქტივები) ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს (პასივებს).

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

    მუხლი 3. სასამართლო განსჯადობა

გაკოტრების საქმეს სასამართლო (გაკოტრების საქმეთა განმხილველი სასამართლო) განიხილავს მოვალის საცხოვრებელი ადგილის ან მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

    მუხლი 4. სასამართლოში გაკოტრების საქმის განხილვის წესი

სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოებისათვის გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

    მუხლი 5. გაკოტრების მასა

გაკოტრების საქმის წარმოება მოიცავს ვალაუვალი მოვალის ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დამოუკიდებელ იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება (გაკოტრების მასა).

    მუხლი 6. განცხადება გაკოტრების შესახებ

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ განცხადების საფუძველზე. განცხადების შეტანის უფლება აქვს მოვალეს, აგრეთვე ნებისმიერ კრედიტორს (გაკოტრების კრედიტორი), რომელსაც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს დასაბუთებული ქონებრივი პრეტენზიები. გაკოტრების კრედიტორმა თავის განცხადებაში უნდა დაასაბუთოს მოვალის გადახდისუუნარობა ან დავალიანება. გაკოტრების შესახებ განცხადება მოვალეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი წესით.

2. სასამართლომ განცხადების მიღებიდან ერთ თვეში უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, კერძოდ, დაკითხოს მოწმეები და ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი გარჩევის გარეშეც.

3. სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების მასის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, კერძოდ, დანიშნოს გაკოტრების დროებითი მმართველი.

4. მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებები ჩაითვლება დროებით შეჩერებულად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელებისას, აგრეთვე დავალიანების დასადგენად მოვალის ქონების შეფასებისას, სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა (სანაცია), თუ ეს უფრო გამართლებულია, ვიდრე ლიკვიდაცია, ან გაითვალისწინოს მესამე პირისათვის საწარმოს გადაცემის შესაძლებლობა მისი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.

6. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ სანაციის ან ლიკვიდაციის საფუძვლიანობაზე უნდა იმსჯელოს იურიდიული პირის უკანასკნელი ბალანსისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების მიხედვით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

    მუხლი 7. მოვალის ვალდებულებანი

1. მოვალემ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა წარუდგინოს თავისი:

ა) ქონების სრული ნუსხა ცალკეული ობიექტების შეფასებითი ღირებულების მითითებით;

ბ) კრედიტორების ნუსხა, არსებული ვალდებულებების, აგრეთვე კრედიტორების სახელებისა და მისამართების მითითებით;

გ) მოვალეების ნუსხა, არსებული მოთხოვნების, აგრეთვე მოვალეების სახელებისა და მისამართების მითითებით.

2. მოვალემ უნდა დაადასტუროს მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ნუსხების სისწორე და სისრულე; მოვალე ფიზიკურ პირებს და მოვალე იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებს უნდა განემარტოთ, რომ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 მუხლი 8. გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე

სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან გახსნაზე უარის, ან გახსნის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა მოუსმინოს ვალაუვალ მოვალეს. სასამართლოს შეუძლია საქმის წარმოების გახსნისათვის მოუსმინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, იმ პალატის წარმომადგენლებს, რომლის წევრიც არის მოვალე, აგრეთვე ბანკის წარმომადგენელს, რომელთანაც ვალაუვალ მოვალეს აქვს მუდმივი საქმიანი ურთიერთობა.

    მუხლი 9. უარი საქმის წარმოების გახსნაზე

1. საქმის წარმოების გახსნაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ მოვალის ქონება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაიფაროს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარი ითქმება მაშინაც, როცა განცხადების შეტანის შემდეგ აღმოფხვრილი იქნება გადახდისუუნარობა ან დავალიანება.

2. მოვალესა და განმცხადებელ კრედიტორს უნდა ჩაბარდეს სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის შესახებ.

    მუხლი 10. გადაწყვეტილება საქმის წარმოების გახსნის

გადავადების შესახებ

1. სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სანაციის გეგმის წარდგენა.

2. თუ მოვალე სანაციის გეგმას წარადგენს სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ექვს კვირაზე ნაკლები და სამ თვეზე მეტი, სასამართლოს შეუძლია საქმის წამოების გახსნა გადადოს არა უმეტეს სამი თვით, რათა მოვალეს მისცეს სასამართლოს გარეშე სანაციის გამოყენების შესაძლებლობა. გადავადება დაიშვება, თუ მოვალე შეძლებს თავის სანაციის გეგმაში გარანტიის მიმცემის დასახელებას, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს გადავადებას.

3. თუ მოვალე გადავადების პერიოდში წარადგენს სანაციის ხელშეკრულებას ან ყველა კრედიტორთან დადებულ შეთანხმებას სანაციის თაობაზე, შემდგომში პროცედურა შეჩერდება, ყველა სხვა შემთხვევაში გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება.

    მუხლი 11. საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება

1. გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილად მიიჩნევა, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება). ამ გადაწყვეტილებით:

ა) ვალაუვალი მოვალე გამოცხადდება გაკოტრებულად;

ბ) ვალაუვალ მოვალეს აეკრძალა თავისი ქონების განკარგვა;

გ) მოწესრიგდება ვალაუვალი მოვალის ქონების მართვის საკითხი და დაინიშნება გაკოტრების მმართველი;

დ) ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (მოთხოვნათა წაყენების ვადა) წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები შესაბამის ვალუტაში თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით, აგრეთვე ეცნობებათ, რომ ამ ვადის გასვლის შემთხვევაში განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად;

ე) ყველა იმ პირს, რომელსაც ვალაუვალი მოვალე ქონებას მიკუთვნებულ მოძრავ ნივთზე აქვს საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება, დაევალება მოთხოვნათა წაყენების ვადაში განაცხადონ გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ;

ვ) პირს, რომელიც ფლობს ვალაუვალი მოვალის ქონების მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მოვალის მიმართ რაიმეს შესრულებაზე, აეკრძალება ამ ვალდებულების შესრულება და დაევალება შესრულება მხოლოდ გაკოტრების მმართველის მიმართ;

ზ) განისაზღვრება საქმის წარმოების გახსნის დღე და საათი;

თ) მოიწვევა კრედიტორთა პირველი კრება, განისაზღვრება სხდომის დღე სასამართლოს მიერ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე საგაკოტრებო მორიგების დასადებად და მოიწვევიან კრედიტორები სხდომის გამართვის დღის, საათისა და ადგილის მითითებით.

2. სასამართლო საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა იმ ბანკს, რომელთანაც ვალაუვალ მოვალეს აქვს საქმიანი ურთიერთობა.

    მუხლი 12. საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების გამოცხადება, საქვეყნოობა

1. საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება ქვეყნდება სასამართლოს დაფაზე განცხადებით ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებით, აგრეთვე ნაბეჭდი ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებით. ერთ-ერთი ამ ღონისძიების განხორციელებიდან ორი დღის შემდეგ გამოქვეყნება ძალამოსილია ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო მოვალეა მიიღოს ზომები საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად საზღვარგარეთის იმ ქვეყნებშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ქონება ან ქონების ნაწილი.

2. საქართველოს საჯარო თუ კერძო ინფორმაციის საშუალებებმა სახელშეკრულებო საფუძველზე უნდა გამოაქვეყნონ საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია თავისი განკარგულებით მოაწესრიგოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებული და ამ ორგანოებისათვის ხარჯების ანაზღაურების საკითხი.

3. გადაწყვეტილება საქმის წარმოების გახსნის შესახებ, გარდა მე-8 მუხლში მითითებული პირებისა და ორგანოებისა, უნდა გაეგზავნოს:

ა) კავშირგაბმულობის შესაბამის განყოფილებას;

ბ) მარეგისტრირებელ უწყებებს იმის მოთხოვნით, რომ საქმის წარმოების გახსნა შეიტანონ შესაბამის რეესტრში, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) და სამეწარმეო რეესტრში.

4. სასამართლოს საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება უნდა გაუგზავნონ მათ, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალისადმი აქვს მოთხოვნები და სხვა უფლებები, ანდა მოვალენი არიან შეასრულონ ვალდებულებები ვალაუვალი მოვალის მიმართ.

თავი მეორე

გაკოტრების საქმის წარმოება

    მუხლი 13. საგაკოტრებო შეზღუდვები

1. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ვალაუვალი მოვალე კარგავს გაკოტრების მასის განკარგვისა და მართვის უფლებას. თუ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული საქმის წარმოების გახსნის დრო, მაშინ გახსნის მომენტად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების დღის 12 საათი.

2. გაკოტრების მმართველმა უნდა მართოს და განკარგოს გაკოტრების მასა და მოვალის მფლობელში ან სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები ან შენობები.

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისთანავე ძალას კარგავს ვალაუვალი მოვალის წინააღმდეგ ცალკეულ კრედიტორთა სასარგებლოდ დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. იძულებითი სააღსრულებლო წარმოება გადაეცემა გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

4. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ვალაუვალი მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულება ბათილია, თუ შედეგი არ შევა გაკოტრების მასაში. ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, თუ კრედიტორი დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

5. თუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოხდა მოთხოვნათა გაქვითვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ შეიძლება ასეთი გაქვითვის შესახებ ჯერ კიდევ გაკოტრების საქმის წარმოების დროს განაცხადოს გაკოტრების მმართველმა ან კრედიტორმა გაკოტრების მმართველის მიმართ. თუ კრედიტორს მოთხოვნა ისეთ გარემოებებში წარმოეშვა, რომლებშიც სადავოდ შეიძლებოდა გამხდარიყო უზრუნველყოფის საშუალების შეძენა ამ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მაშინ მოთხოვნის გაქვითვა დაუშვებელია.

    მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები

1. სასამართლოს შეუძლია ამ კანონის მე-6 მუხლში მითითებული საერთო ღონისძიებების გარდა, ვალაუვალი მოვალის მიმართ განახორციელოს უზრუნველყოფის შემდეგი განსაკუთრებული ღონისძიებები:

ა) იძულებითი მოყვანა და დაპატიმრება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (თუ მოვალე ფიზიკური პირია);

     ბ) საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დაკავება. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების შემდეგ სასამართლოს შეუძლია გადასცეს ისინი გაკოტრების მმართველს;

     გ) მოვალის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ზომების მიღება, საჭიროების შემთხვევაში მისი დაკავებითაც, რათა მან მისცეს წერილობითი თანხმობა და მინდობილობები, გადასცეს უფლებამოსილებანი, განახორციელოს სხვა, მათ შორის პირადი მოქმედებები, საზღვარგარეთ არსებული მისი ქონების წილის გაკოტრების მასის სასარგებლოდ რეალიზაციის მიზნით.

2. ცალკეულ შემთხვევაში უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება შეიძლება უშუალოდ საქმის წარმოების გახსნისას.

     მუხლი 15. გაკოტრების მმართველის ფუნქციები

1. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დასანიშნი გაკოტრების მმართველი უნდა იყოს გამოცდილი და ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. გაკოტრების მმართველს გადაეცემა დანიშვნის დოკუმენტი, რომელიც მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ უბრუნდება სასამართლოს. ამ დოკუმენტში მითითებულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებანი. გაკოტრების მმართველი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის. მას ეკისრება სრული ოდენობით ანაზღაურება, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზარალი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.

2. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია და ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს თავის მმართველობაში გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი.

3. გაკოტრების მმართველს შეუძლია გარკვეული დროით მთლიანად ან ნაწილობრივ გააგრძელოს საწარმოს საქმიანობა. სასამართლოს პირველ სხდომამდე გაკოტრების მმრთველს არა აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას ან სამართავად მის გადაცემას მესამე პირისათვის.

4. გაკოტრების მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა აღწეროს ქონება და შეადგინოს ბალასი და ორივე დოკუმენტი წარუდგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს.

5. გაკოტრების მმართველის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო. სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას გამოიწვიოს გაკოტრების მმართველი და დანიშნოს სხვა.

    მუხლი 16. ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება

1. თუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის ორმხრივი ხელშეკრულება მოვალისა და სხვა მხარის მიერ შეუსრულებელია ან ნაწილობრივ არის შესრულებული, გაკოტრების მმართველს შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე და უარის შემთხვევაში მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს პრივილეგირებული მოთხოვნა.

2. ვალაუვალი მოვალის საწარმოში არსებული შრომითი ურთიერთობები, განურჩევლად მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადისა, შეიძლება შეწყვიტოს გაკოტრების მმართველმა ან მუშაკმა ორკვირიანი ვადით.

3. ვალაუვალი მოვალის ქირავნობის ან საიჯარო ურთიერთობები ძალაში რჩება. თუ მოვალე დამქირავებელი ან მოიჯარეა, მაშინ გაკოტრების მმართველს შეუძლია კანონით დაწესებული ვადის დაცვით შეწყვიტოს ეს ურთიერთობები მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადის მიუხედავად.

    მუხლი 17. იურიდიული ქმედების გასაჩივრება

1. გაკოტრების მმართველს შეუძლია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ვალაუვალი მოვალის იურიდიული ქმედება, თუ:

ა) იგი ჩადენილი იყო კრედიტორისათვის ზარალის მიყენების მიზნით და ეს მიზანი ცნობილი იყო მესამე პირისათვის;

ბ) ამ ქმედებით ვალაუვალმა მოვალემ დავალიანებათა წარმოშობის შემდეგ კრედიტორთა საზარალოდ გადაუხადა ფული თავის ახლო გარემოცვაში მყოფ პირებს, თუ ეს უკანასკნელნი ვერ დაამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო კრედიტორისათვის ზარალის მიყენების განზრახვა;

გ) ეს ქმედება დავალიანებების წარმოშობის მომენტიდან განხორციელდა და ითვალისწინებდა ქონებრივი ფასეულობების გადაცემის ვალაუვალი მოვალის ახლო გარემოცვაში მყოფ პირთათვის.

დ) ეს ქმედება მოვალემ განახორციელა ფულის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე განცხადების შეტანის შემდეგ, იმ პირების მიმართ, რომლებისთვისაც ქმედების განხორციელებისას, მოვალის გადახდისუუნარობა და განცხადების შეტანის ფაქტი ცნობილი იყო ან გარემოებებიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა ყოფილიყო.

2. სარჩელის შეტანა შეიძლება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში.

3. თუ იურიდიული ქმედების ნამდვილობისათვის საჭიროა მისი რეესტრში შეტანა, კერძოდ, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), აღნიშნული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ დროისათვის, როდესაც მისი ნამდვილობისათვის სხვა დანარჩენი წინაპირობები შესრულებულია, ვალაუვალი მოვალის ნების გამოხატვა სავალდებულო გახდა რეესტრში შესატანად და მეორე მხარე ითხოვს შეტანას.

    მუხლი 18. გაკოტრების ტაბულა

1. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა შეადგინოს გაცხადებული მოთხოვნების ცხრილი (გაკოტრების ტაბულა) მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად;

ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ;

გ) სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები;

დ) საქმის წარმოების გახსნამდე, გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები;

ე) სხვა მოთხოვნები.

2. ერთი რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება მათი მოცულობის პროპორციულად.

3. კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარმოდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში.

4. სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა შემდავებლის წინააღმდეგ მხოლოდ საჩივრის შეტანით. თუ სადავო მოთხოვნა ეფუძნება სააღსრულებო დოკუმენტს, მაშინ გაკოტრების მმართველმა ან თავად მოდავე კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი, რომელსაც განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 19. პირველ რიგში დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები

გაკოტრების მმართველმა, სასამართლოს თანხმობით, არსებული სახსრებიდან პირველ რიგში და შემდეგი თანამიმდევრობით უნდა გადაიხადოს:

ა) გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს სპეციალური ნებართვით ვალაუვალი მოვალის ოჯახის წევრებისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის გაკოტრების მასიდან გასაცემი მინიმალურად აუცილებელი შესანახი თანხა:

ბ) ქონების მართვის, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის ან შესრულების, ან ვალაუვალი მოვალის მოთხოვნებისა და უფლებების განხორციელების, აგრეთვე გირავნობის უფლებების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები;

გ) სასამართლო ხარჯები საქმის წარმოებისათვის, მათ შორის სასამართლოს მიერ დადგენილი გაკოტრების მმართველის გასამრჯელო, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის წევრთა გასამარჯელო, თუ ამას დაადგენს სასამართლო.

    მუხლი 20. საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირი

1. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის არა მხოლოდ უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველმა უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. თუ გაკოტრების მმართველი უარს იტყვის დაბრუნებაზე, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან თავის უფლების დადასტურება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე საგანი, რომელიც გირავნობის უფლებით არის დატვირთული, შეიძლება გაყიდოს გაკოტრების მმართველმა. რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან, თუ იგი საკმარისი იქნება, დაკმაყოფიდება მესამე პირის, როგორც გაკოტრების კრედიტორს მიკუთვნებული მოთხოვნა არა უმეტეს 3/4-ის ოდენობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დანარჩენი თანხა შენატანის სახით გმოიყენება რეალიზაციისა და გაკოტრების წარმოების ხარჯების დასაფარავად (პროცესი შენატანი). თუ გაკოტრების მმართველი გაასაჩივრებს უფლების არსებობას, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. იმ ნივთის რეალიზაცია, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს მესამე პირს, უნდა გადაიდოს საკუთრების ან გირავნობის უფლების არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 მუხლი 21. დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა

1. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ გაკოტრების ტაბულაში უნდა ჩაწეროს ის გაცხადებული მოთხოვნებიც, რომლებიც შემოვა მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდეგ. ისინი უნდა შემოწმდეს კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე. 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით საბოლოო სიის დამტკიცების შემდეგ დაუშვებელია დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შემოწმება და აღიარება.

2. დაგვიანებით გაცხადებული და ცნობილი მოთხოვნების დოკუმენტები უნდა დაბრუნდეს იმის მითითებით, რომ ეს მოთხოვნები გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ შეიძლება წაუყენონ ვალაუვალ მოვალეს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 22. კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტი

1. კრედიტორთა კრება მოიწვევა გაკოტრების მმართველის, კრედიტორთა კომიტეტის ან იმ კრედიტორთა მოთხოვნით, რომლებსაც, გაცხადებული მოთხოვნის თანახმად, ეკუთვნით თანხის არანაკლებ მეხუთედი მაინც.

2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას იძლევა შემოწმებული და აღიარებული მოთხოვნები. შემოწმების დროს მხარეებთან ერთად განიხილება, მიეცეს თუ არა სადავო მოთხოვნას ხმის უფლება და რა ოდენობით. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო. სასამართლომ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება რომელიმე მხარის დამატებითი განცხადების შემდეგ. იმას, თუ კრედიტორთა კრება კენჭისყრაში მონაწილეობისათვის რა უფლებას და რა ოდენობით იძლევა შეუმოწმებელი მოთხოვნები, გადაწყვეტს სასამართლო ერთ-ერთი კრედიტორის ან გაკოტრების მმართველის შეგებებული სარჩელის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

3. კრედიტორთა კრებას შეუძლია გაკოტრების კრედიტორებიდან აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი. წევრებად შეიძლება აირჩიონ აგრეთვე სხვა კომპეტენტური პირებიც. გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია არჩევნებამდე დანიშნოს კრედიტორთა დროებითი კომიტეტი.

4. კრედიტორთა პირველ კრებას, რომელიც ირჩევს გაკოტრების მმართველს, ამ უკანასკნელმა უნდა მოახსენოს ვალაუვალი მოვალის გადახდისუუნარობის წარმოშობის, საქმის მდგომარეობისა და მანამდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. გაკოტრების მმართველის მიერ ანგარიშის შემდგომი წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო. კრედიტორთა პირველ კრებაზე შეიძლება აირჩიონ სხვა მმართველიც, რომელიც ასევე უნდა დანიშნოს სასამართლომ. სასამართლომ მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო შეიძლება უარი თქვას არჩეული მმართველის დანიშვნაზე. მნიშვნელოვან საფუძვლად, კერძოდ, მიიჩნევა გაკოტრების მმართველის კანდიდატის არაკომპეტენტურობა.

5. კრედიტორთა კრება იმართება გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს ხელმძღვანელობით. კრებაზე ყოველ კრედიტორს აქვს თავისი მოთხოვნის პროპორციული რაოდენობის ხმა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით, რომლის მისაღებად საჭიროა მოთხოვნათა მოცულობის თანხის ნახევარზე მეტი. ხმათა თანაბარი რაოდენობისას გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების დამსწრე კრედიტორები.

6. კრედიტორთა კრება განიხილავს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების ან დახურვის საკითხს,აგრეთვე მსჯელობს საგაკოტრებო მორიგების თაობაზე. საწარმოს საქმიანობის გაგრეძელების გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო დადგენილების სახით.

7. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ, გაკოტრების მმართველის ან უმცირესობაში მყოფი ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე, უარი უნდა თქვას კრედიტორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გაკორტების საქმის წარმოების მიზანს ან გაკოტრების კრედიტორთა საერთო ინტერესებს.

8. კრედიტორთა კომიტეტი უნდა დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს თავისი საქმიანობის წარმართვისას. იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს გაკოტრების მმართველს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა. მას შეუძლია წარსადგენ საკითხებს უშაულო კონტროლი გაუწიოს. გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, როგორიცაა კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის პროცესების წარმართვა და სხვა, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით, საჭიროებს კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას და მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.

თავი მესამე

სასამართლოსმიერი სანაცია

 მუხლი 23. სამომრიგებლო ინიციატივა და წინადადებები

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დასრულდეს სასამართლოსმიერი სანაციის საფუძველზე, კერძოდ, საგაკოტრებო მორიგებით.

2. საგაკოტრებო მორიგების თაობაზე გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში განცხადების შეტანის უფლება აქვს ვალაუვალ მოვალეს, გაკოტრების ყოველ კრედიტორს, კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს, ყოველ პარტნიორს ან კაპიტალის მფლობელს, აგრეთვე გაკოტრების მმართველს. სამომრიგებლო წინადადების შემუშავება ეკისრება გაკოტრების მმართველს, რაც არ უშლის სხვა ნებისმიერი განმცხადებლის მიერ განსხვავებული წინადადების წარდგენას. ამას გარდა, სასამართლოს შეუძლია თავადაც შეიმუშაოს წინადადება.

3. სამომრიგებლო წინადადებაში უნდა მიეთითოს, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილონ კრედიტორები, მოხდეს თუ არა მათი უზრუნველყოფა და რა სახით. ამასთან, უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენ არანაკლებ ორი მესამედით მაინც. ერთი რიგის ყველა კრედიტორს მიენიჭება თანაბარი უფლებები.

4. სამომრიგებლო წინადადება, კერძოდ, შეიძლება ითვალისწინებდეს ვალაუვალი მოვალის მიერ საწარმოს საქმიანობის გაგრძელებას სარეორგანიზაციო ღონისძიებებით ან მის გარეშე, ან მესამე პირისათვის გადაცემით საწარმოს საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.

    მუხლი 24. საგაკოტრებო მორიგების დადება

1. სამომრიგებლო წინადადებების კენჭისყრისათვის კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი ძირითადი სხდომის გამართვის შემდეგ და საბოლოო განაწილებაზე ნებართვის გაცემამდე უნდა გაიმართოს კრედიტორთა კრება (სამომრიგებლო სხდომა). შესამოწმებელი და სამომრიგებლო სხდომები შეიძლება ჩატარდეს ერთად. წინადადება ეცნობება ყველა მონაწილეს არა უგვიანეს სამომრიგებლო სხდომაზე მიწვევისა.

2. სამომრიგებლო წინადადების მისაღებად საჭიროა შესაბამისად როგორც უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორების ჯგუფის, აგრეთვე არაპირიველეგირებული კრედიტორების ჯგუფის ხმათა უბრალო უმრავლესობა. თანხმობის მიმცემმა კრედიტორებმა უზრუნველყოფილ და პრივილეგირებულ ჯგუფში უნდა მოაგროვონ მოთხოვნათა მოცულობის 2/3 მაინც, ხოლო არაპრიველეგირებულ კრედიტორთა ჯგუფში კი არანაკლებ 3/4. წერილობითი თანხმობა უთანაბრდება დასწრების განაცხადს, თუ იგი კენჭისყრის დასაწყისში იქნება წარდგენილი.

3. საგაკოტრებო მორიგება უნდა დამტკიცდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოუსმინონ ვალაუვალ მოვალეს. დამტკიცებაზე უარი ითქმება, თუ მორიგება არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, კერძოდ, იგი არაკეთილსინდისიერი გზით არის დადებული, კრედიტორთა ნაწილს აყენებს გაუმართლებელ ზარალს ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების გამო.

    მუხლი 25. საგაკოტრებო მორიგების შედეგები

1. დამტკიცებული და ძალაში შესული მორიგება მოქმედებს, აგრეთვე, გაკოტრების იმ კრედიტორთა მიმართ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საქმის წარმოებასა ან კენჭისყრაში, ანდა ხმა მისცეს მორიგების წინააღმდეგ.

2. დამტკიცებული მორიგების ძალაში შესვლის შემდეგ, გაკოტრების მმართველმა წესისამებრ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაყიდოს გაკოტრების მასა და ამონაგები წარმართოს საგაკოტრებო მორიგების შესაბამისად. ქონების რეალიზაცია შეიძლება გამოიხატოს, აგრეთვე, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებულ ღონისძიებებში.

3. ძალაში შესული მორიგებიდან გამომდინარე, მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლისა და გაკოტრების ტაბულიდან ამონაწერის შედგენის საფუძველზე ხორციელდება დამოუკიდებელი იძულებითი აღსრულება. ამასთან, კრედიტორის განცხადების საფუძველზე კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცელი გაკოტრების ტაბულიდან, აგრეთვე მორიგებისა და მისი დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.

4. თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის აღძვრა აღარ შეიძლება.

თავი მეოთხე

გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრება

     მუხლი 26. ქონების რეალიზაცია და მოთხოვნების შესრულება

1. თუ შეუძლებელი გახდა სასამართლოსმიერი სანაციის გამოყენება, კერძოდ, გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ უარი თქვა საგაკოტრებო მორიგების დამტკიცებაზე ან გააუქმა დამტკიცებული მორიგება, გაკოტრების მმართველმა წესისამებრ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაყიდოს გაკოტრების მასა და ამონაგები წარმართოს გასანაწილებლად საბოლოო ცხრილის შესაბამისად.

2. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების რეალიზაცია შეიძლება გარკვეული ვადით გადაიდოს ან შეწყდეს გაკოტრების მმართველის ან რომელიმე მონაწილის განცხადებით. ეს ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის წინაპირობების დაცვით.

3. რეალიზაციის დამთავრების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს საბოლოო ცხრილი გაკოტრების ტაბულის საფუძველზე.

4. თავისი თანამდებობრივი მოვალეობების დასრულებისას, გაკოტრების მმართველმა კრედიტორთა კრებას უნდა წარუდგინოს საბოლოო ანგარიში. მოცემული ანაგარიში შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ხოლო თუ დანიშნულია კრედიტორთა კომიტეტი, მის შენიშვნებთან ერთად, უნდა წარედგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს მონაწილეთათვის გასაცნობად სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს სამი დღისა. ვალაუვალ მოვალესა და ნებისმიერ კრედიტორს უფლება აქვთ აღძრან შეგებებული სარჩელი საბოლოო ანგარიშის წინააღმდეგ. თუ შეგებებული სარჩელი არ აღიძვრება სხდომაზე, ანგარიში ჩაითვლება მოწონებულად და აღიარებულად.

     მუხლი 27. განაწილება

1. საბოლოო ცხრილი უნდა განიხილონ კრედიტორთა უკანასკნელ კრებაზე კრედიტორებთან და გაკოტრების მმართველთან ერთად. კრებაზე უნდა შესწორდეს საბოლოო ცხრილი, შევიდეს მასში ცვლილებები ან დამატებები და ამის შემდეგ დაამტკიცოს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით.

2. საბოლოო ცხრილის დამტკიცების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა გაანაწილოს ამონაგები და იმ კრედიტორს, რომლის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შესრულდა, აცნობოს, რომ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ვალაუვალი მოვალის მიმართ შეიძლება წარედგინოს იძულებითი აღსრულების გზით. კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცლის ასლები გაკოტრების ტაბულიდან. ტაბულის ამონაწერიდან აღსრულებების სანაცვლოდ სასამართლოს შეუძლია ცალკეულ შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილებით უზრუნველყოს ვალაუვალი მოვალის სააღსრულებო დაცვა ამ უკანასკნელის განცხადებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნივთი, რომელიც ვერ გაიყიდა, შეიძლება შეფასებითი ღირებულებით გადაეცეს კრედიტორებს აღიარებული მოთხოვნების ჩათვლის სახით. სხვა შემთხვევაში იგი დაუბრუნდება მოვალეს.

4. განაწილების შემდეგ გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

    მუხლი 28. დამატებითი განაწილება

1. თუ საბოლოო განაწილების დასრულების შემდეგ გაკოტრების მასაში დარჩენილი თანხა თავისუფალია იმავე მასის მიმართ ან გაკოტრების მასიდან გაცემული თანხა მასვე დაუბრუნდა, გაკოტრების მმართველი სასამართლოს მითითებით დამატებით გაანაწილებს მათ საბოლოო ცხრილის საფუძველზე. ასეთი თანხების მართვის და განაწილების შესახებ წარსადგენი ანგარიში უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

2. იგივე წესი მოქმედებს, თუ საბოლოო განაწილების ან საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება გაკოტრების მასას მიკუთვნებული ქონების ობიექტები.

     მუხლი 29. განაწილების შედეგები

1. თუ განაწილების, მათ შორის დამატებითი განაწილების შემდეგ, გაკოტრების მასაში აღარ დარჩება თავისუფალი თანხა, გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების და მოვალის ლიკვიდაციის (იურიდიული პირისა) ან მისი ვალებისაგან გათავისუფლების შესახებ (ფიზიკური პირისა).

2. იურიდიული პირის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას სასამართლო უგზავნის მოვალის მარეგისტრირებელ ან შესაბამის ორგანოს,ხოლო ფიზიკური პირი შეჰყავს გაკოტრებულ პირთა რეესტრში.

თავი მეხუთე

სხვა ზოგადი წესები

    მუხლი 30. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა

1. გაკოტრების საქმის წარმოება უნდა შეწყდეს:

ა) ამონაგების განაწილების და გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშისა და საბოლოო მოხსენების სასამართლო შემოწმების შემდეგ;

ბ) იმ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს საგაკოტრებო მორიგება;

გ) თუ საქმის წარმოების დროს აღმოჩნდება, რომ გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯები ვერ დაიფარება;

დ) თუ მოვალე საქმის წარმოების მიმდინარეობისას მოითხოვს მის შეწყვეტას და ყველა კრედიტორი დაეთანხმება;

ე) თუ საქმის წარმოების მიმდინარეობისას გაუქმდება გაკოტრების საქმეთა წარმოების საფუძველი.

2. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა ჩაბარდეს მოვალეს და გაკოტრების მმართველს და საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად გამოიყენება მე-12 მუხლი.

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

    მუხლი 31. საჩივარი

1. ვალაუვალ მოვალესა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დადგენილი წესით გაასაჩივროს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საჩივარი ერთ თვეში უნდა იქნეს შეტანილი გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში. ვადის ათვლა იმ გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც საჭიროებს გამოქვეყნებას ან ჩაბარებას, იწყება გამოქვეყნების ან ჩაბარების დღიდან, ხოლო სხვა გადაწყვეტილებისათვის - მათი მიღების დღიდან. საჩივარი წერილობით შეიტანება. საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს აგრეთვე ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.

3. საჩივრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

4. საჩივრის შეტანის გადავადება არ შეიძლება. ზემდგომ სასამართლოს კანონით დადგენილი წესით აქვს დროებითი გადაწყვეტილების მიღების უფლება.

5. გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუ მას დასაბუთებულად მიიჩნევს, სხვა შემთხვევაში იგი განსახილველად უნდა წარედგინოს ზემდგომ სასამართლოს.

 მუხლი 32. სასამართლო ხარჯები

1. სასამართლო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან.

2. სახელმწიფო ბაჟი, როგორც წესი, გამოიანგარიშება გაკოტრების საქმის წარმოებისათვის აღძრული სარჩელის ფასიდან. სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გაკოტრების მასის თანხიდან, საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის გირავნობის და უზრუნველყოფის უფლებების ღირებულების გამოკლებით. სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელის ფასის 2 პროცენტს. ბაჟის მინიმალური ოდენობა შეადგენს 30 ლარს. სარჩელის ფასი განისაზღვრება გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ბაჟი სრული ოდენობით გადაიხდება:

ა) ზოგადად გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წარმართვისათვის;

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან გახსნაზე უარისას;

გ) კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებლად ყოველ სხდომამდე განხორციელებული სამუშაოთა წარმოებისათვის;

დ) საქმის წარმოების დამთავრებისათვის საგაკოტრებო მორიგებით ან საქმის წარმოების დამთავრებით საბოლოო განაწილების შემდეგ;

ე) საჩივრის განხილვის ყოველი წარმოებისათვის.

4. ბაჟი ნახევარი ოდენობით გადაიხდება:

ა) მე-10 მუხლის შესაბამისად სასამართლოს გარეშე სანაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

ბ) ფიზიკური პირის გაკოტრების საქმის წარმოებისათვის.

5. ხარჯები წარმოადგენს მხოლოდ გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს ხარჯებს. იგი, როგორც წესი, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. ამ ხარჯებს არ მიეკუთვნება მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში დასახელებული ხარჯები.

    მუხლი 33. გაკოტრების მმართველის გასამრჯელო

1. გაკოტრების მმართველს აქვს შესაბამისი გასამრჯელოსა და თავისი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გასამრჯელოსა და ხარჯების ოდენობას ადგენს გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლო.

2. კრედიტორთა კომიტეტის წევრების გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების საკითხი გადაწყდება სასამართლოს შეხედულებით. სხვა შემთხვევაში გამოიყენება 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

 

 

 

 

თავი მეექვსე

გაკოტრების საქმის განსაკუთრებული წარმოება

    მუხლი 34. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმის

წარმოების ცნობა და საქართველოში გაკოტრების

საქმის პარტიკულარული წარმოება

1. უცხოეთში განხილული გაკოტრების საქმე ან საგაკოტრებო მორიგების წარმოება, მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობისა, ცნობილ უნდა იქნეს მთელი თავისი შედეგებით საქართველოში არსებულ უძრავ ქონებასა და კრედიტორებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) სასამართლო, რომელმაც უცხოეთში გაკოტრების საქმე განიხილა, არ არის კომპეტენტური საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;

ბ) უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის არსებით პრინციპებს, კერძოდ კი – პირთა უფლებებს.

2. თუ ვალაუვალი მოვალე, რომლის ქონებაზეც უცხოეთში გახსნილია 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წარმოება, უძღვება საქართველოში ფილიალს, რომლის საქმეებიც დასრულებულია, ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ობიექტს, მაშინ უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოების ცნობა არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოშიც გაიხსნას გაკოტრების საქმის განცალკევებული წარმოება, რომელიც მოიცავს ვალაუვალი მოვალის მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ უძრავ ქონებას და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც წარმოიშვა უშუალოდ ფილიალის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ობიექტის საქმიანობიდან (გაკოტრების საქმის პარტიკულარული წარმოება).

3. გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ განცხადების შეტანის უფლება ვალაუვალი მოვალის ნაცვლად, აქვს პირადად გაკოტრების მმართველს, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. კრედიტორს შეუძლია შეიტანოს განცხადება, თუ იგი ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირია და თუ დაასაბუთებს თავის ინტერესს გაკოტრების პარტიკულარული წარმოებისადმი. გაკოტრების საქმის წარმოების საფუძვლის დასაბუთება ან შემოწმება საჭირო არ არის.

4. უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორებს საზღვარგარეთ ამ საქმის წარმოების დროს თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებელი ნაწილის გამო მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მონაწილეობა საქართველოში გაკოტრების საქმის პარტიკულარულ წარმოებაში, თუ ისინი დაასაბუთებენ თავიანთი განსაკუთრებული ინტერესის არსებობას.

5. გაკოტრების საქმის პარტიკალური წარმოებისათვის უნდა დაინიშნოს გაკოტრების ადგილობრივი მმართველი. მას მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს გაკოტრების მმართველთან, რომელიც დანიშნულია უცხოეთში გაკოტრების საქმის წარმოებაში. გაკოტრების უცხოელი მმართველი გაკოტრების საქმის პარტიკალურ წარმოებაში მონაწილეობს, როგორც უცხოეთში საქმის წარმოების ინტერესების წარმომადგენელი და, როგორც ასეთს, შეუძლია შეიტანოს საქმისათვის სასარგებლო ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით კი - სამომრიგებლო წინადადებები.

6. დარჩენილი ქონება უბრუნდება გაკოტრების უცხოელ მმართველს.

 მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდრო ქონებაზე

1. სამკვიდროს დამტოვებლის სამკვიდრო ქონებაზე კრედიტორის სასარგებლოდ (სამკვიდროს კრედიტორი) გაკოტრების საქმის დამოუკიდებელი წარმოება შეიძლება განხორციელდეს ისე, თითქოს სამკვიდროს დამტოვებელი ცოცხალი იყოს. განცხადების შეტანის უფლება აქვს აგრეთვე მემკვიდრეს ან ანდერძის აღმსრულებელს.

2. თუ გაკოტრების საქმეთა წარმოება მიმდინარეობს მემკვიდრის მიერ მიღებული ქონების მიმართ, მაშინ მემკვიდრის კრედიტორები გამოირიცხებიან საქმის წარმოებიდან და ისინი შეზღუდული არიან მოთხოვნათა წაყენებაში.

 მუხლი 36. გაკოტრების საქმის წარმოება კონცერნის

ტიპის საწარმოებისათვის

კონცერნს მიკუთვნებული ან კონცერნზე დამოკიდებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საზოგადოებების გაკოტრების საქმის წარმოებისათვის ამ კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე განსაკუთრებული წესები, გარდა ქვემოთ მოცემულის, კერძოდ, გაკოტრების საფუძვლად განიხილება მხოლოდ მოვალის ურთიერთობები, მხედველობაში არ მიიღება სხვა საწარმოს მონაწილეობა ან მისი გაბატონებული გავლენა არაძირითად საწარმოზე. საქმის წარმოება დამოუკიდებლად ხორციელდება.

    მუხლი 37. საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება

ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

    მუხლი 38. გაკოტრების საქმის წარმოება სადაზღვევო საწარმოსათვის

1. სადაზღვევო საწარმოს გაკოტრებისას დაზღვევის საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება და მისცეს თანხმობა სანაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებაზე.

2. სიცოცხლის დამზღვევი საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოებისას დამზღვევი სარეზერვო ფონდის მიმართ ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება თავისი დაკარგული წილის გამო.

3. ზარალისაგან დამზღვევი საწარმოს ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება (მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შედეგად სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31

    მუხლი 39. გაკოტრების საქმის წარმოება საკომლო (გლეხური, ფერმერული)           მეურნეობების მიმართ

1. კანონით გათვალისწინებულ განსხვავებულ მოწესრიგებამდე საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობა გაკოტრებას არ ექვემდებარება.

2. საკომლო (გლეხურ, ფერმერულ) მეურნეობებს 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ნაწარმის მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნების გამო ენიჭებათ უპირატესობა მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 40. გაკოტრების საქმის წარმოება საერთო საქმიანობის დროს

1. სამეურნეო მიზნით ერთობლივად მოქმედ პირთა შემთხვევაში, რომლებიც არ არიან გაერთიანებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი ფორმით, შესაძლებელია, აგრეთვე, გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მასად ჩაითვლება ქონების ყველა ობიექტი, რომელიც მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ემსახურებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ მონაწილეს ეკუთვნის იგი. მოგებაში მონაწილე ერთად მომუშავე პირები ერთობლივი მუშაობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებაში არ მიიჩნევიან გაკოტრების კრედიტორებად მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად.

2. თუ ვალდებულებების (გაკოტრების მასის) საერთო თანხა ათას ლარზე მეტი არაა, მაშინ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების    საქმის გამარტივებული წარმოების შესახებ. გადაწყვეტილებას აღასრულებს მმართველი დამოუკიდებლად, სასამართლოს ზედამხედველობით. გაკოტრების მმართველი შესაბამისად წარადგენს დასამტკიცებლად მის მიერ შედგენილ გაკოტრების ტაბულას, მიღწეულ საგაკოტრებო მორიგებებს.

საქმის გამარტივებული წარმოება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საწარმოების მიმართაც.

საქართველოს პარლამენტის უწყებანი №29-30, 11.12.1996 წ., გვ.34

    მუხლი 41. სუბიექტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან გაკოტრებას

გაკოტრებას არ ექვემდებარება სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, აგრეთვე საჯარო-სამართლებრივად მოწყობილი ორგანიზაციები.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 25 ივნისი.

№286–IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. შენიშვნა -  საქართველოს პარლამენტის უწყებანი №29-30, 11.12.1996 წ., გვ.34

2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31