„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 16/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 250.020.010.05.001.001.485
  • Word
123
15/06/2004
სსმ, 14, 16/06/2004
250.020.010.05.001.001.485
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 13) დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

     „მუხლი 401. გარდამავალი დებულებები ენერგეტიკული საწარმოების გაკოტრების სპეციალური წარმოების შესახებ

1. გაკოტრების შესახებ განცხადებაში მოვალემ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებით (რეაბილიტაცია) შესაძლებელია ასევე მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება.

2. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონების, აგრეთვე გენერაციის ობიექტების, ელექტროგადამცემი, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელების მესაკუთრე საწარმოთა მიერ შესაბამისი იურიდიული პირის რეაბილიტაციის თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვისას ამ განცხადების საფუძველზე სასამართლო აუცილებელი წესით იღებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ტერმინი „საწარმოები“ გულისხმობს მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც ფლობენ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ლიცენზიას (ლიცენზიის მოქმედების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე) და რომელთა ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ქონების, ობიექტებისა და ქსელების მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვისა და ასეთ საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წარმოების, მათ შორის, რეაბილიტაციის სპეციალური რეჟიმით სარგებლობის უფლება ერთ საწარმოს აქვს მხოლოდ ერთხელ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოებისთვის გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით გაკოტრების დროებითი მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მოვალის წარდგინებით (განცხადებით), საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების თანხმობით. აღნიშნული სამინისტროები მოვალის შესაბამისი წარდგინების (განცხადების) მიღებიდან 1 თვეში იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წარდგინებაზე (განცხადებაზე) თანხმობის გაცემის შესახებ;

ბ) წარდგინებაზე (განცხადებაზე) თანხმობის გაცემაზე დასაბუთებული უარის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოებისთვის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს 9 თვეზე ნაკლები და 18 თვეზე მეტი (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების კონკრეტული პერიოდი ამ შემთხვევაში განისაზღვრება ასეთი საწარმოების განცხადებების მიხედვით). გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმო სარგებლობს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საწარმოებთან დაკავშირებით კერძო საჩივარი არ შეიტანება:

ა) განჩინებაზე გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ;

ბ) განჩინებაზე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ;

გ) განჩინებაზე გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტისა და რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;

დ) სასამართლო აქტზე რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების (შესწორებების) შეტანის დამტკიცების შესახებ;

ე) განჩინებაზე რეაბილიტაციის მმართველის დამტკიცების ან გაკოტრების დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ.

8. ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოების მიმართ (ასეთი საწარმოების გაკოტრების განცხადებების განხილვის წარმოებისას).

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოებისთვის ამ კანონის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრედიტორთა შესაბამის ნაწილთან (მოთხოვნათა 50 პროცენტზე მეტის მფლობელებთან) შეთანხმების ვალდებულება უნდა შესრულდეს რეაბილიტაციის გეგმის წარდგენის ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სტადიაზე.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმო რეაბილიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში სარგებლობს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

11. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოების რეაბილიტაციის გეგმაში ნებისმიერი ცვლილება (შესწორება) შეტანილი უნდა იქნეს იმ კრედიტორთა თანხმობით, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა 50 პროცენტზე მეტს.

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოების რეაბილიტაციის შემთხვევაში რეაბილიტაციის მმართველს წარადგენს თავად მოვალე. რეაბილიტაციის მმართველს ამტკიცებს სასამართლო იმ კრედიტორთა თანხმობით, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა 50 პროცენტზე მეტს.

13. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოების რეაბილიტაციის განხორციელებისას ან ასეთი საწარმოების რეაბილიტაციის მმართველის მიერ ირღვევა მოვალის ან კრედიტორის უფლებები, მოვალეს ან იმ კრედიტორებს, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა 50 პროცენტზე მეტს, შეუძლიათ სასამართლოსგან მოითხოვონ რეაბილიტაციის გეგმის გადასინჯვა ან რეაბილიტაციის შეწყვეტა ამ კანონის 257 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში.

14. ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საწარმოების მიმართ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 15 ივნისი.

№123–I