დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 808 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 250.020.010.05.001.000.227 |
საქართველოს კანონი
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადახდისუუნარობად ჩაითვლება მოვალის მიერ დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულებათა შესრულების უუნარობა. გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე შეწყვეტს ვალების გადახდას.”.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 წინადადებები.
2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელებისას, აგრეთვე დავალიანების დასადგენად მოვალის ქონების შეფასებისას, სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა (სანაცია), თუ ეს უფრო გამართლებულია, ვიდრე ლიკვიდაცია, ან გაითვალისწინოს მესამე პირისათვის საწარმოს გადაცემის შესაძლებლობა მისი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.”.
ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ სანაციის ან ლიკვიდაციის საფუძვლიანობაზე უნდა იმსჯელოს იურიდიული პირის უკანასკნელი ბალანსისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების მიხედვით.”.
3. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება
ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულების გაკოტრების საქმის წარმოება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.”.
4. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადაზღვევო საწარმოს გაკოტრებისას დაზღვევის საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება და მისცეს თანხმობა სანაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებაზე.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 27 ივნისი.
№808–IIს
დოკუმენტის კომენტარები