სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016344
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
217/04
27/09/2018
ვებგვერდი, 28/09/2018
220010020.18.011.016344
სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/09/2018 - 14/12/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №217/04

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე ორგანული კანონის 522 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სესხის გამცემი სუბიექტის (შემდგომში – სგს) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

2. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ან აქვთ სურვილი მომავალში განახორციელონ სგს-ის საქმიანობა.

3. სგს შეიძლება ფუნქციონირებდეს ინდივიდუალური მეწარმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.

4. მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ სგს-ს აქვს უფლება თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, შეიტანოს ტერმინი „სესხის გამცემი სუბიექტი“ ან მისი აბრევიატურა „სგს“.

5. რეგისტრირებული სგს-ს გარდა, არავის აქვს უფლება თავის სახელწოდებასთან ერთად გამოიყენოს ტერმინი „სესხის გამცემი სუბიექტი“ ან მისი აბრევიატურა „სგს“.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სესხის გამცემი სუბიექტი –  პირი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;

ბ) სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალი – სესხის გამცემი სუბიექტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობა ან მისი ნაწილი;

გ) სპეციალური ელექტრონული პროგრამა – ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც შეესაბამება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) მნიშვნელოვანი წილი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული სესხის გამცემი სუბიექტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ სესხის გამცემ სუბიექტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა სესხის გამცემ სუბიექტში;

ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა სესხის გამცემი სუბიექტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული;

ვ) ადმინისტრატორი – სგს-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად სგს-ის სახელით აიღოს ვალდებულებები;

ზ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა.


მუხლი 3. სარეგისტრაციო მოთხოვნები
1. სგს-დ დასარეგისტრირებელად, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ან ინდივიდუალური მეწარმე ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გაცემულ აქციათა ამონაწერი;

ბ) ორგანიზაციის წესდება;

გ) სადამფუძნებლო სტრუქტურა;

დ) პარტნიორთა/აქციონერთა, გადაწყვეტილება სგს-დ რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ინფორმაცია რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ დანართი N5);

ვ) ინფორმაცია სგს-ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი N3). სასაწყობე ფართად მოიაზრება ფართი, სადაც ინახება სგს-ის მიერ გაცემულ სესხებზე უზრუნველყოფის სახით მიღებული მოძრავი ქონება;

ზ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს, ვალდებულება ერიცხება მხოლოდ დამფუძნებლებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ;    

თ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებულია ან მომავალში განთავსდება სგს (მათ, შორის ფილიალი, ან/და სასაწყობე ფართი);

ი) სათავო ოფისის, ფილიალის ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი;

კ)  შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა);

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან;

მ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიულ პირთა შემთხვევაში კი – მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

ნ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ნ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

5. სგს-ს/მისი ფილიალის საოპერაციო ფართი (სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ამ წესით ნებადართული ოპერაციები და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს არანაკლებ 20 (ოცი) კვადრატული მეტრისა;

ბ) უნდა იყოს იზოლირებული სხვა ობიექტებისგან;

გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი სგს-ს საოპერაციო ფართში მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის და ავტოსადგურები);

დ) უნდა ჰქონდეს საოპერაციო ფართში იზოლირებული სალაროს კვანძი, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით;

ე) ძვირფასეულობა (ძვირადღირებული მცირე ზომის ნივთები) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც მოთავსებული იქნება ისეთ დაცულ/იზოლირებულ ადგილას (მათ შორის, სალაროს კვანძში), რომელიც ექცევა ვიდეომეთვალყურეობის არეალში. სხვა შემთხვევაში ძვირფასეულობა შენახულ უნდა იქნას კომერციულ ბანკში;

ვ) ძვირფასეულობის გარდა სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმდაგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია.

6. სგს-ის/ფილიალის საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციის სისტემით.

7. სგს/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს  საქმიანობის სრულსრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით,  კომპიუტერული ტექნიკით, საოპერაციო და სპეციალური ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფით.

8. სგს ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები სალაროს კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხების გაცემა/დაფარვა/ამოღების ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სპეციალურ ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სასაწყობე ფართის მოწყობასთან დაკავშირებით ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხებს გასცემენ მოძრავი ქონების უზრუნველყოფით და აკისრიათ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მატერიალური ფასეულობის შენახვა/დაცვის ვალდებულება.


მუხლი 4. რეგისტრაცია და ცვლილებები
1. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 45 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს სგს-ს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს სგს-ის რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

3. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის სგს-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

4. რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება სგს-ის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

5. ინფორმაცია რეგისტრაციის თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. სგს-ის მიერ საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართის ცვლილების, ფილიალის, სასაწყობე ფართის გახსნის, დახურვის და/ან მათი მისამართის ცვლილების შემთხვევაში, სგს ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.

7. სგს ვალდებულია ადმინისტრატორთა ცვლილების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში ამ წესით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. განაცხადის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს თანხმობას.

8. სგს-ის ადმინისტრატორთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სგს-ის ადმინისტრატორის განთავისუფლება.

9. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს სგს-ის რეგისტრაციის რეესტრში და სგს-ის რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.


მუხლი 5. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სგს-დ პირისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) სგს-დ რეგისტრაციამდე განხორციელდა ახალი სესხის გაცემა ან/და პორტფელის შეძენა;

გ) ერიცხება ფულადი ვალდებულება ისეთი პირის მიმართ, რომელიც არ არის დამფუძნებელი ან საფინანსო ინსტიტუტი;

დ) გაშვებული აქვს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადა;

ე) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილია სიყალბე ან/და წარდგენილია არაზუსტი ინფორმაცია;

ვ) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ წესით და ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. რთული სადამფუძნებლო სტრუქტურა შესაძლოა გახდეს სგს-დ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.


მუხლი 6. სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება
1. სგს-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

2. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ინდივიდუალური მეწარმის ან პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სგს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით;

ბ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე ან/და არაზუსტი ინფორმაცია;

გ) სგს-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა;

დ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა;

ე)  სხვა პირთან გაერთიანება ან მიერთება;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით დადგენილი ფორმით ან/და პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა;

ზ) სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევა ან/და ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

თ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

ი) დადგენილ ვადაში და პირობებით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა;

კ) ამ წესით ნებადართული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუქმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით სგს-ს განუსაზღვროს კონკრეტული ვადა (არაუმეტეს სამი თვისა), რათა სგს-მ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლა.

4. ინფორმაცია რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.


მუხლი 7. ფილიალის გახსნა და მისი საქმიანობის შეწყვეტა 
1. სგს, ფილიალის გახსნის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №2).

2. სგს-ის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ასევე, ინფორმაცია ფილიალის გახსნის მომენტისთვის სგს-ის სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი №3).

3. ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს.

4. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სგს-ს სარეგისტრაციო ნომრით.

5. ფილიალის საქმიანობის ნებართვის/უარის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება იმ სგს-ს საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, რომლის ფილიალზეც გაიცემა ნებართვა/უარი და ფილიალის მისამართი და ნებართვის გაცემის თარიღი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

7. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

8. ფილიალის/ფილიალების საქმიანობაზე პასუხისმგებელია სგს.

9. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სგს-ს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

10. სგს-ს ყველა არსებული ფილიალის საქმიანობა წყდება სგს-ს რეგისტრაციის გაუქმებისას.

11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს.

12. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

13. ფილიალის გახსნაზე ნებართვის/საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები აისახება ეროვნული ბანკის სგს-ების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში.


მუხლი 8. მნიშვნელოვანი წილის შეძენა
1. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს სგს-ს მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ სგს-ს კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

2. ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

4. განაცხადის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

5. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის სგს-ს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს.

6. სგს-ს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან ეროვნული ბანკისგან მიღებული დასაბუთებული უარის მიუხედავად, მაინც განახორციელა მნიშვნელოვანი წილის შეძენა.


მუხლი 9. სესხის გამცემი სუბიექტის/ფილიალის ვალდებულება
1. სგს/ფილიალი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. სგს-მ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული კვარტალური ანგარიშგება MSExcel-ის ფორმატში (დანართი №4), როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ინდივიდუალური მეწარმის ან დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური ფორმით საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. ორივე ფორმით წარდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იდენტური. ფორმებს შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მატერიალურ ფორმას. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ მისამართზე LE@nbg.gov.ge.

3. სგს/ფილიალი ვალდებულია იქონიოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მოწყობილი საოპერაციო და სასაწყობე ფართი, ასევე სალარო კვანძი.

4. სგს/ფილიალი ვალდებულია სგს-ში/ფილიალში საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №7) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს სგს-ს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, სგს ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.

5. სგს ვალდებულია უზრუნველყოს გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი სგს-ს რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.

6. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს სგს-ს შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სგს-ს შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირების, ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია მინიმუმ 30-დღიანი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული  „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ შესაბამისად.

7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო სგს ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, სგს ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. სგს-მ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში.

8. სგს ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში, მის ფილიალში და სასაწყობე ფართში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დაიცვას ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები.

9. სგს ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

10. სგს ვალდებულია იქონიოს საოპერაციო პროგრამა, რომელსაც უნდა შეეძლოს ბუღალტრული აღრიცხვისა და სასესხო ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ნაშთების, უზრუნველყოფის სახეობის, ღირებულების (მ.შ. საბაზრო და შეფასებითი), შენახვის/ადგილსამყოფელის  შესახებ  ინფორმაციის აღრიცხვა, ასევე ამ წესის დანართებით  განსაზღვრული მონაცემების ნებისმიერ დროს გენერირების შესაძლებლობა, როგორც ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად.

11. სგს ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.

12. სგს/ფილიალი ვალდებულია აწარმოოს საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ შესაბამისად.

13. სგს ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ სესხების გაცემა/ამოღებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობა.

14. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული სგს ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ამ წესის დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად და იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი გეგმით (დანართი №6).

15. სგს-ს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი, ბენეფიციარი მესაკუთრე ან ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.


მუხლი 10. სანქციები და შეზღუდვები
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სგს-ს მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები და შეზღუდვები.

მუხლი 11. გარდამავალი დებულება
სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირები ვალდებულნი არიან 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 მარტამდე ეროვნულ ბანკში წარადგინონ სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. პირებს, რომლებიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას წარადგნენ ეროვნულ ბანკში, შეუძლიათ განახორციელონ სესხის გაცემა/დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.


12. 25/12/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 378/04 - ვებგვერდი, 26/12/2023 11. 25/01/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 15/04 - ვებგვერდი, 26/01/2023 10. 14/07/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 99/04 - ვებგვერდი, 15/07/2021 9. 28/01/2021 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 9/04 - ვებგვერდი, 29/01/2021 8. 03/12/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 206/04 - ვებგვერდი, 04/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 13/04/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 67/04 - ვებგვერდი, 16/04/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 26/02/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 27/04 - ვებგვერდი, 27/02/2020 5. 11/10/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 191/04 - ვებგვერდი, 15/10/2019 4. 24/06/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 107/04 - ვებგვერდი, 25/06/2019 3. 30/05/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 89/04 - ვებგვერდი, 31/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 03/01/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 1/04 - ვებგვერდი, 04/01/2019 1. 14/12/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 270/04 - ვებგვერდი, 17/12/2018