საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016334
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
195/04
27/08/2018
ვებგვერდი, 29/08/2018
220020000.18.011.016334
საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2018 - 14/12/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №195/04

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 521 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია ფინანსური სტაბილურობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის  უზრუნველყოფა.

2. წინამდებარე წესი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობას, მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის სესხის გამცემი ორგანიზაციების და ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების მიერ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიწოდების, აღრიცხვის, ინფორმაციის დამუშავების, ხელმისაწვდომობის, პრეტენზიების განხილვის პროცედურას და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო (შემდგომში ბიურო) – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;

ბ)  საკრედიტო ინფორმაცია – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ინფორმაცია სესხის/კრედიტის და გარესაბალანსო ვალდებულებების (საბანკო გარანტია, აკრედიტივი და სხვა) შესახებ;

გ) ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი – ნებისმიერი პირი,  რომელიც წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად გადასცემს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით და საჭიროების შემთხვევაში, იღებს სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;

დ) ბიუროს მონაცემთა ბაზა სტრუქტურიზებულ მონაცემთა სიმრავლე, რომელიც ინახება ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში და რომელშიც გროვდება, მუშავდება, ინახება პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემები;

ე) სესხის გამცემი ორგანიზაცია კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება საკრედიტო კავშირი და სესხის გამცემი სუბიექტი, რომლებიც  ბიუროს გადასცემენ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაციას და სხვა რელევანტურ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში, იღებენ სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;

ვ) სესხის გამცემი სუბიექტი ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;

ზ) პრეტენზია მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), საჩივარი, რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, ბიუროს ან მისი ნებისმიერი მომსახურების, ასევე, მის შესახებ ბიუროში დაცული მონაცემების მიმართ;

თ) გაუქმებული მოთხოვნა მოთხოვნა, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით კრედიტორი თავად ამბობს უარს;

ი) ხანდაზმული მოთხოვნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, რის საფუძველზეც კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ითვლება ხანდაზმულად;

კ) გადამხდელუნარიანობის ანალიზი პირის ვალდებულებების მომსახურების შესაძლებლობის ანალიზი;

ლ) არასაკრედიტო ინფორმაცია ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი;

მ) მონაცემთა სუბიექტი (პირი/მომხმარებელი)- ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომლის შესახებ ბიუროში გროვდება, ინახება, მუშავდება საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი (მათ შორის, მსესხებელი, თანამსესხებელი და თავდები);

ნ) მონაცემთა დამუშავება განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუროს რეგულირების კუთხით:

ა) ზედამხედველობას უწევს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვას;

ბ) საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, ბიუროს, წინამდებარე წესის მიზნებიდან გამომდინარე, დაუწესოს ნებისმიერი მოთხოვნა ან/და შეზღუდვა (მათ შორის, ფინანსური ან/და საოპერაციო მოთხოვნები), ასევე გასცეს წერილობითი მითითება;

გ) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შესაბამისი პროცედურების შემუშავება, სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, ადამიანური რესურსის გამოყოფა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის დანერგვა;

დ) უფლებამოსილია განახორციელოს ბიუროს როგორც ადგილზე, ისე დისტანციური, გეგმური და არაგეგმური შემოწმება;

ე) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს მონაცემთა სუბიექტის ანგარიშებში გამოტანილ მონაცემებში (მათ შორის, დანართი №1 და დანართი №2) ცვლილებების შეტანა, დამატება/ამოღება;

ვ) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის/სესხის გამცემი ორგანიზაციის ბიუროს მომხმარებელთა (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმწოდებლები) სიიდან ამოღება, გათიშვა ან მათთვის წვდომის შეზღუდვა;

ზ) განახორციელოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.


მუხლი 4. ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, აღრიცხვა და ხელმისაწვდომობა
1.    ბიუროს მონაცემებზე თანაბარი წვდომის უფლება (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ წესით განსაზღვრულ ფარგლებში) აქვს ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, ბიუროს სავალდებულო წესით აწვდის ინფორმაციას და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2.    ინფორმაციის მიმღებს/მიმწოდებელს, რომელიც არ არის სესხის გამცემი ორგანიზაცია, მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის საფუძველზე (კანონმდებლობით დადგენილი წესით), მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მიიღოს ბიუროში დაცული საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად, თუ იგი ამავდროულად  ბიუროს აწვდის პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ან/და სხვა  რელევანტურ ინფორმაციას.

3. სესხის გამცემი ორგანიზაციისა და ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის მიერ ბიუროში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო, თუ სხვა რელევანტური ინფორმაციის მოთხოვნის/გადამოწმების მიზანს უნდა წარმოადგენდეს პირის გადამხელუნარიანობის ანალიზი.

4.  ბიურო ვალდებულია, საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ან/და ამ წესის შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოს დაუყოვნებლივი, პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომით მის ხელთ არსებულ ბაზებზე, მონაცემებსა და სისტემებზე.

5. ბიურო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მის პროდუქტებსა და სერვისებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც ხელმისაწვდომია ბიუროს მომხმარებლებისათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმწოდებლები/მიმღებები), ასევე შიდა პოლიტიკა/პროცედურებზე. აღნიშნული პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციაში, მათ შორის, იგულისხმება სტატისტიკური, ქცევითი და სხვა შეფასების მოდელები.

6.    სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო ინფორმაცია ყოველდღიურად მიაწოდოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ყველა ბიუროს ამ წესის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ინფორმაციის მიწოდების განსხვავებული წესი.

7. სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს უნდა მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად იმ მონაცემთა სუბიექტის ყველა სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) შესახებ, რომლის მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი გაცემისას მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად არ აღემატება 3,000,000 (სამი მილიონი) ლარს (ტრანშების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველი ტრანშის გაცემისას არსებული კურსი. რევოლვირებადი პროდუქტების არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დამტკიცების მომენტში არსებული კურსი).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისათვის სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, თუ სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი აღემატება 3,000,000 (სამი მილიონი) ლარს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ინფორმაცია იმ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა), რომლებზეც შეწყდა სესხის გამცემი ორგანიზაციებისაგან ინფორმაციის მიღება, ბიუროს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტის თარიღისათვის არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული მიზნებისათვის სესხს/კრედიტს, გარესაბალანსო ვალდებულებებს (გარანტია, აკრედიტივი და სხვა) უნდა მიენიჭოს სტატუსი - „ინფორმაციის მიწოდება შეწყვეტილია“. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბიუროში ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. „ინფორმაციის მიწოდება შეწყვეტილია“ სტატუსის მინიჭებიდან  ბიურომ ინფორმაცია უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სათითაოდ.

10.  თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის შემდეგ, მონაცემთა სუბიექტის ჯამური ვალდებულებები სესხების/კრედიტების, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) მიხედვით კვლავ შეესაბამება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, ბიურო ხელახლა ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას სესხზე/კრედიტზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ბიუროს მომხმარებელთათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებლები) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის შემდგომი თარიღებისათვის. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისათვის რევოლვირებადი ტიპის სესხები/კრედიტები (ოვერდრაფტები, საკრედიტო ბარათები და სხვა მსგავსი პროდუქტები) იანგარიშება ჯამური ლიმიტის თანხებით.

11. თუ საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულების დაფარვის შემდეგ გასულია 5 (ხუთი) წელი, აღნიშნული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისათვის მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. დაფარული სესხების/კრედიტების, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა), ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ან სხვა ტიპის ფინანსური ურთიერთობის დამთავრებიდან. ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებებზე სათითაოდ.

12. ვადაგადაცილებულ საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულებებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისას, რის საფუძველზეც მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა -  მიენიჭება სტატუსი - „ხანდაზმული მოთხოვნა“. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით  თავად ამბობს უარს მოთხოვნაზე, სტატუსად განისაზღვრება - „გაუქმებული მოთხოვნა“. წინამდებარე მიზნებისათვის სესხის გამცემი ორგანიზაცია, ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბიუროს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს სესხის/კრედიტის/გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულების შემდგომი დამუშავება, ხოლო ბიურო ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მიანიჭებს კრედიტს/სესხს/გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებას შესაბამის სტატუსს.   

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებიდან მონაცემთა სუბიექტის ინფორმაცია მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ბიუროს მომხმარებელთათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებლები) ხელმისაწვდომია 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. „ხანდაზმული მოთხოვნა“ და „გაუქმებული მოთხოვნა“ სტატუსების მინიჭებიდან, ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებებზე სათითაოდ.

14. ამ მუხლის მიზნებისათვის სხვა რელევანტური ინფორმაცია ბიუროში მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ხელმისაწვდომია  5 წლის მანძილზე. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ვადები აითვლება ინდივიდუალურ მონაცემზე სათითაოდ.

15. პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის შენახვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი უსაფრთხოების პირობების დაცვით, რაც გამორიცხავს მონაცემთა შემთხვევით ანდა არასანქცირებულ წვდომას, შემთხვევით ან/და უკანონო შეცვლას ან/და განადგურებას.

16. ბიუროსთან ცალმხრივად, განსხვავებული ფორმატით ინფორმაციის მიმოცვლა (მიწოდება/მიღება) დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით.


მუხლი 5. ბიუროს ვალდებულებები
1. ბიურო ვალდებულია:

ა) გააჩნდეს შესაბამისი პოლიტიკა-პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის სათანადო დამუშავებას (მათ შორის, მიღება/გაცემა/დაბლოკვა). ასევე, იქონიოს ადეკვატური და გამართული შიდა პოლიტიკა/პროცედურები, რომლითაც განისაზღვრება სესხის გამცემ ორგანიზაციებთან და ინფორმაციის მიმღებებთან/მიმწოდებლებთან  ურთიერთობის, მათ შორის, ბიუროს სერვისებზე/ბაზაზე წვდომის დაშვებისა და შეწყვეტის პირობები;

ბ) მოითხოვოს სესხის გამცემი ორგანიზაციისაგან და ინფორმაციის მიმღებისაგან/მიმწოდებლებისგან მონაცემთა სუბიექტზე  სანდო, უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

გ) ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულის თაობაზე;

დ) სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდან ინფორმაციის მიმღებებისგან/მიმწოდებლებისგან მონაცემების მიღება აწარმოოს მინიმუმ 3-თვიან სატესტო რეჟიმში;

ე)  სატესტო რეჟიმის პერიოდში ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ბიუროს აწვდის შესაბამის ინფორმაციას, მაგრამ მიწოდებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ბიუროს არსებული მომხმარებლებისათვის, ვიდრე ბიურო საკუთარი ან აუთსორსინგული მომსახურების საფუძველზე არ დარწმუნდება, რომ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატურია, არ შეიცავს შეცდომებს და შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს;

ვ) ინფორმაციის მიმღებებთან/მიმწოდებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე  შეამოწმოს ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის შიდა საოპერაციო პროცესები და მათი გამართულობა, რომელიც მოიცავს მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მიღებას როგორც ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მიწოდებაზე (უნდა არსებობდეს შესაბამისი მიზანი და გადამოწმების საფუძველი);

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში უზრუნველყოს  პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის სიზუსტე;

თ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით დადგენილი პირობებით განახორციელოს ინფორმაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა, დროული განახლება და შენახვა, პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის  დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების გაცემა;

ი) გასცეს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია უფლებამოსილ პირზე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა  და ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

კ) აწარმოოს პირის (მონაცემთა სუბიექტი) შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციაზე მოთხოვნისა და მისი გაცემის აღრიცხვა/სისტემატიზაცია;

ლ) განახორციელოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის და მათ მიერ გამოხატული თანხმობების შემთხვევითობის პრინციპით შემოწმება/გადამოწმება სესხის გამცემ ორგანიზაციებთან და ინფორმაციის მიმღებებთან/მიმწოდებლებთან გონივრული პერიოდულობით (რისკ ფაქტორების შესაბამისად) სახელშეკრულებო დათქმებიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს კონკრეტული სესხის გამცემი ორგანიზაციის/ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის სპეციალური ინსპექტირება;

მ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ შეუთანხმოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ნუსხა (გარდა დანართ №1-სა და №2-ში წარმოდგენილი ინფორმაციისა), რომელსაც იგი იღებს/გასცემს (მათ შორის, მიღების, გაცემის სიხშირე, ფორმატი და შენახვის ვადა) სესხის გამცემი ორგანიზაციისაგან ან ინფორმაციის მიმღებისაგან/მიმწოდებლისგან. რელევანტური ინფორმაცია პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დაკავშირებული უნდა იყოს პირის გადახდისუნარიანობის ანალიზთან და მის დამატებას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი;

ნ) სესხის გამცემ ორგანიზაციებთან და ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელ პირებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში მიუთითოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

2. თუ მონაცემთა სუბიექტს მოთხოვნილი ჰქონდა ბიუროსთვის მის შესახებ არსებული ინფორმაციის კორექტირება/დაბლოკვა/შესწორება, ბიურო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტის განახლებული ინფორმაცია უფასოდ მიაწოდოს მას განახლებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. გადაწყვეტილების მისაღებად, ბიურო ახორციელებს შესაბამის კონსულტაციებს ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელთან და სესხის გამცემ ორგანიზაციასთან.

3. ბიუროს მიერ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის  მიწოდება/მიღებაზე დაწესებული საფასური უნდა შეესაბამებოდეს ბიზნესსაჭიროებას და რეალობას.

4. სესხის გამცემ ორგანიზაციასთან და ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს რეგრესის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ სესხის გამცემი ორგანიზაციისა თუ ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების ბრალეული ქმედებით ბიუროს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ან წარმოეშვა რაიმე სახის ფულადი ვალდებულება მესამე მხარეების მიმართ.

5. ბიურო ვალდებულია სახელშეკრულებო დათქმებიდან გამომდინარე, დაავალდებულოს ნებისმიერი სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი განახორციელოს მონაცემთა სუბიექტზე ინფორმაციის სათანადო მიწოდება/მიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულის შეუსრულებლობა გახადოს დაჯარიმების საფუძველი.


მუხლი 6. სესხის გამცემი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა-პროცედურები პირის შესახებ საკრედიტო (მათ შორის, დანართი №1-ით გათვალისწინებული) და სხვა რელევანტური ინფორმაციის ბიუროდან მიღებისა თუ ბიუროსათვის მიწოდების მიმართულებით.

2.  სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება დაამუშაონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით და თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ან სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება, გაცემა, გამჟღავნება.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროსთან აწყობილი ჰქონდეს ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი ტექნიკური საშუალება, რომელიც იძლევა ინფორმაციის მაქსიმალურად დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიებს და უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვას.

4.    სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ბიუროს არ უნდა მიაწოდოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტის სესხი/კრედიტი, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სრულად უზრუნველყოფილია დეპოზიტით. ამ პუნქტის მიზნებისათვის, სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვადა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სესხი/კრედიტი, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დეპოზიტით უზრუნველყოფილია ნაწილობრივ, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) არაუზრუნველყოფილ ნაწილზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დეპოზიტით არაუზრუნველყოფილ ნაწილზე სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს ასევე უნდა მიაწოდონ დანართ №1-ში განსაზღვრული ინფორმაცია. ნაწილობრივ დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებს/კრედიტებს, გარესაბალანსო ვალდებულებებს (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) უნდა მიენიჭოს სტატუსი „დეპოზიტით ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი“.

5.    იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში მონაცემთა სუბიექტის დამატებითი თანხმობის გარეშე მონაცემთა სუბიექტის გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.

6.    იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ფიქსირდება პრეტენზია, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიმართვისთანავე, ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, მიაწოდოს ბიუროს მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელოს შესაბამისი ქმედებები ბიუროსა და სესხის გამცემ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

7.  სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ პირის შესახებ საკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის (სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში) არ არის სავადებულო მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროში გაგზავნის თაობაზე (დანართი №6).

8. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე და ამასთან, მონაცემთა სუბიექტის მიერ ერთჯერადად გაცხადებული თანხმობასა და საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) და სხვა პროდუქტის/მომსახურების მიღებას შორის არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი (დანართი №5).

9. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

10.  იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია არასწორია ან უკანონოდაა დამუშავებული, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამისად გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები.


მუხლი 7. ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებთა/მიმწოდებელთა ურთიერთობის პრინციპები
1. ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებებს/მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს და ითვალისწინებდეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით.

2.  ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა-პროცედურები პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო  და სხვა რელევანტური ინფორმაციის როგორც ბიუროდან მიღების, ასევე ბიუროსათვის მიწოდების მიმართულებით. აღნიშნული რწმუნება ბიურომ უნდა მიიღოს ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებისას და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

3. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება და საჭიროება დაამუშაონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით და თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება, გაცემა, გამჟღავნება.

4. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროსთან აწყობილი ჰქონდეს  ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი ტექნიკური საშუალება, რომელიც იძლევა ინფორმაციის მაქსიმალურად დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიებს და უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვას.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ფიქსირდება პრეტენზია, ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მიმართვისთანავე, ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიაწოდოს ბიუროს მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელოს შესაბამისი ქმედებები ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებს/მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

6. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

7.  ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის მიერ მონაცემების ბიუროსათვის მიწოდების მომენტში უნდა  არსებობდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (დანართი №5).

8. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს პირის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე და ამასთან, მონაცემთა სუბიექტის მიერ ერთჯერადად გაცხადებულ თანხმობასა და საკრედიტო/სასესხო და სხვა პროდუქტის/მომსახურების მიღებას შორის არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი (დანართი №5).


მუხლი 8. მომხმარებლის   უფლებების დაცვა
1.    მომხმარებელს (მონაცემთა სუბიექტს) უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა მის შესახებ ბიუროში დაცულ ინფორმაციაზე. კერძოდ, მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მასზე ბიუროში დაცული ინფორმაცია ბიუროს მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, ხოლო წელიწადში სამჯერ უფასოდ, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ამონაწერი გაცემული უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა. პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით მიწოდებისას, სავალდებულოა ხორციელდებოდეს პირის იდენტიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მონაცემები უნდა მოიცავდეს მომხმარებლის შესახებ ბიუროში დაცულ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის, კრედიტორებისა და პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მომთხოვნი/მაძიებელი პირების და  მათ მიერ განხორციელებული ძიებების რაოდენობის დეტალური მითითებით.

2.    მომხმარებელს უფლება აქვს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზია, მათ შორის, ბიუროს მონაცემთა ბაზებში მის შესახებ არსებულ ჩანაწერებთან, ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვის დროსთან, მონაცემთა სიზუსტესთან, ინფორმაციის კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავებასთან მიმართებაში, დააფიქსიროს უშუალოდ ბიუროში და/ან საქართველოს ეროვნულ ბანკში, ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და მოითხოვოს მონაცემთა შესაბამისი ცვლილება/დაბლოკვა/წაშლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

3.    ბიუროს საქმიანობის, ასევე, ბიუროს მონაცემთა ბაზებში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვისა და მონაცემთა სიზუსტის შესახებ მომხმარებლის პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და ეროვნული ბანკი. მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ან სესხის გამცემი ორგანიზაციის  მხრიდან ინფორმირების წესის (დანართი №6) დარღვევის, ინფორმაციის დამუშავების (მათ შორის მიწოდება) კანონიერი საფუძვლის, მათ შორის, მომხმარებლის  თანხმობის გარეშე დამუშავების შესახებ პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.    მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის ფორმდება შესაბამისი მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.

5.    მომხმარებელს უფლება აქვს მონაცემთა დამმუშავებელს (ბიურო, სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.


მუხლი 9. ბიუროს ვალდებულებები მომხმარებლის   პრეტენზიასთან დაკავშირებით
1. ბიუროს უნდა ჰქონდეს პრეტენზიების წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიღებისა და განხილვის სტანდარტული პროცედურა, რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

2. ბიურო ვალდებულია მიიღოს პრეტენზიები მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი (დანართი №3) ან ელექტრონული ფორმებით.

3. მომხმარებლის  მიერ პრეტენზიის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს პრეტენზიის დაფიქსირების სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიურო იღებს  პრეტენზიას ზეპირი ფორმით, იგი ვალდებულია, მომხმარებელს  შესთავაზოს მისი ალტერნატივა პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატვის სახით.

4. ბიურო ვალდებულია პრეტენზიის, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, მიღებისას პრეტენზიის წარმდგენს წერილობით/ელექტრონულად დაუდასტუროს პრეტენზიის მიღება.

5. ბიურო ვალდებულია განიხილოს მომხმარებლის პრეტენზია, მათ შორის, სადაც საჭიროა, სესხის გამცემი ორგანიზაციის, ინფორმაციის შესაბამის მიმღებთან/მიმწოდებელთან კონსულტაციით და პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიმართვიდან და იდენტიფიკაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადისა, პრეტენზიის წარმდგენს, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) აცნობოს მას საკითხის შესწავლის შედეგები და, შესაძლებლობის არსებობისას, შესთავაზოს პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები.

6. ბიურო, მომხმარებლის მონაცემთა გასწორების/ცვლილების/წაშლის მოთხოვნის ლეგიტიმურობის დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. ბიურო ვალდებულია მუდმივად ჰქონდეს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის წარმდგენი პირის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, ბიუროს პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი. მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული ჩანაწერები უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

8. ბიურო ვალდებულია, აწარმოოს მომხმარებლის პრეტენზიების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება წინამდებარე წესის დანართ №4-ში მოცემული ფორმის მიხედვით და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული მონაცემები საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ ფოსტაზე cp@nbg.gov.ge, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. მიწოდებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა, ასევე, წინა საანგარიშო თვეს მოწოდებულ ანგარიშგებაში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ბიუროზე იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის იგივე პრეტენზია და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

10. ბიურო ვალდებულია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, მოთხოვნილი ელექტრონული არხებით, მიაწოდოს მას არაუგვიანეს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოწვეულია ბიუროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ის ვალდებულია ერთი კვირის ვადაში მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეფერხების მიზეზი და ინფორმაციის მოწოდების სავარაუდო ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, ან საჭიროებს დაზუსტებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნილი შემავსებელი/დამაზუსტებელი ინფორმაცია მოწოდებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში.

11. ბიურო ვალდებულია შექმნას ვებგვერდი, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სამართლებრივი აქტები, რომლებიც აწესრიგებს ბიუროს საქმიანობას;

ბ) შიდა წესები, რომლებიც ეხება ბიუროს მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს და აწესრიგებს ბიუროს მხრიდან პრეტენზიების მართვისა და დავების გადაჭრის საკითხებს;

გ) ინფორმაცია მომსახურებების შესახებ, რომლებსაც ბიურო სთავაზობს მესამე პირებს;

დ) მონაცემთა სუბიექტისათვის განსაზღვრული ბიუროს მომსახურებებთან დაკავშირებული  ტარიფები;

ე) ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების სია და რეკვიზიტები.

12. ბიუროს მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი/მართებული და უნდა განახლდეს რაიმე ცვლილების შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.


მუხლი 10. სანქციები
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს კონკრეტულ შემთხვევაში აკისრებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბიუროს მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა მარეგულირებელი ნორმების, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე წერილობითი მითითებების დარღვევისათვის, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული, თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად  გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

ა) ბიუროს გაუგზავნოს, მისცეს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები ან/და აუკრძალოს დივიდენდის განაწილება ან დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები;

გ) ბიუროს შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ადმინისტრატორისათვის ხელმოწერის უფლების შეჩერება;

დ) გაუუქმოს რეგისტრაცია;

ე) დააკისროს შემდეგი სახის ფულადი ჯარიმა:

ე.ა) ბიუროს მონაცემთა ბაზაში მონაცემთა სუბიექტის შესახებ საკრედიტო ინფორმაციის დროულად აღურიცხველობის, არასწორად აღრიცხვის, ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა თითოეულ შემთხვევაში სასესხო/საკრედიტო პროდუქტის ჭრილში გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ბ) ამ წესითა და „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ შემთხვევაში;

ე.გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა  გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3.  ბიუროს მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიურო დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას ან/და ბიუროს აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან/და შესაძლო საფრთხეს.

5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. ბიუროსათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

7. ბიუროსათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბიუროსათვის გაცნობისთანავე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.


მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
1. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს საქმიანობის განხორციელების მსურველი პირი საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას ვერ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია რეგისტრაციისათვის წარსადგენ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, წარადგინოს წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გონივრული გეგმა. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს შესაბამისობაში მოყვანის გეგმას და თანხმობას უცხადებს ან უარს ეუბნება პირს ბიუროდ რეგისტრაციაზე. შესაბამისობაში მოყვანის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს.

2.  ბიურო ვალდებულია განახორციელოს ნებისმიერ მომხმარებელთან (სესხის გამცემი ორგანიზაცია/ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) დადებული ხელშეკრულებების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებში მითითებულ ვადებში.

3.  კომერციული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები, ამ წესის ამოქმედებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს კომერციულ ბანკებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება საკრედიტო კავშირი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები ამ წესის ამოქმედებიდან 4 (ოთხი) თვეის ვადაში. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს/არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს საკრედიტო კავშირებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ამ წესის ამოქმედებიდან 4 (ოთხი) თვეში. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებს/მიმწოდებელს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.  ეს წესი სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.



7. 03/08/2023 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 201/04 - ვებგვერდი, 04/08/2023 6. 17/11/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 163/04 - ვებგვერდი, 17/11/2022 5. 13/09/2022 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 121/04 - ვებგვერდი, 14/09/2022 4. 09/03/2020 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 33/04 - ვებგვერდი, 11/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 16/08/2019 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 151/04 - ვებგვერდი, 20/08/2019 2. 28/12/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 288/04 - ვებგვერდი, 28/12/2018 1. 14/12/2018 - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება - 273/04 - ვებგვერდი, 17/12/2018