დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33-99 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 310060000.35.101.016353 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 28/04/2017)
|
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი, დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში); ბ) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); გ) 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
|
მუხლი 3 |
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლდეს პარკირების საფასურის გადახდისგან.
|
მუხლი 4 |
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები განსაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ.
|
მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილება; ბ) „დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილება. |
მუხლი 6 |
„დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №26.01.1232 დადგენილების შესაბამისად გადახდილი პარკირების საფასური მოქმედებს გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე.
|
მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს. 3. წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე. 4. წესი, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლისა, არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება; ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის; გ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო; დ) გზა - მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს; ე) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა); ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება; ზ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს; თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან; ი) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი; კ) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას; ლ) პარკირება − დგომის ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას; მ) პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი; ნ) პარკირების ოპერატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლის ან/და ადმინისტრირების განხორციელების მიზნით დაფუძნებული ან შერჩეული პირი; ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები; პ) პარკირების საფასური − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების უფლების მოპოვებისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა; ჟ) პირი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; რ) საგზაო მონიშვნა − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ; ს) საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები; ტ) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი; უ) საგზაო ნიშანი − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ; ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება; ქ) სამსახური − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ღ) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება; ყ) საცნობი ნიშანი – სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის შესაბამისად გაცემული ნიშანი; შ) სპეციალური პარკირების ადგილი - ადგილი, სადაც პარკირება დაშვებული იქნება მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციალური პირობებით; ჩ) სპეციალური საშვი − სამსახურის მიერ ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაცემული ვადიანი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა; ც) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა; ძ) ტროტუარი − გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის; წ) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით; ჭ) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება; ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი. |
მუხლი 3.
პარკირება
|
1. სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც თბილისში გამოიყენება: ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის; ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის; გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის; დ) დაგვა-დასუფთავებისათვის; ე) ინკასაციისათვის; ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის. 3. ამ მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილებზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების; ბ) ქალაქის განვითარების ინტერესების; გ) მოსახლეობის სიმჭიდროვის; დ) სატრანსპორტო ნაკადის; ე) ეკოლოგიური მდგომარეობის; ვ) გზის გამტარუნარიანობის; ზ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტების; თ) საზოგადოების სხვა ინტერესების. |
მუხლი 4.
პარკირების სფეროს მართვა
|
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან შერჩეული იურიდიული პირების მეშვეობით.
2. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის. 3. პარკირების სფეროს სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. |
მუხლი 5.
გაჩერების და დგომის წესები
|
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის წესები განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
|
მუხლი 6.
პარკირების წესები
|
1. პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე პარკირება აკრძალულია. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს როგორც პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარის მონაკვეთს, ისე მთლიან ტროტუარს, თუ საგზაო ნიშნით, აგრეთვე შესაბამისი საგზაო მონიშვნით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი. |
მუხლი 7.
პარკირების ორგანიზება
|
1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. 3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. პარკირება დაიშვება, თუ არ არის გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო ნიშანი ან გაჩერების/დგომის აკრძალვის საგზაო მონიშვნა, ან ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აკრძალვა. 5. პარკირება, როგორც წესი, დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 5 მეტრის რადიუსის დაშორებით. 6. თბილისში ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად. 7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით, ასევე ამკრძალავ ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ მინიშნება. 8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით), ასევე საგზაო ნიშანს შესაძლებელია ახლდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების შესახებ მინიშნებები. 9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნის (დაფის) გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე მინიშნებით სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანაზე ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირებაზე. 10. ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. 11. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის სატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები. 12. გზაზე რეკლამის მიზნით სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 13. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. 14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს მინიშნებაზე (სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ან სპეციალური საშუალებით თვლების ბლოკირების თაობაზე) დასატანი აუცილებელი ინფორმაცია. |
მუხლი 8.
სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა
|
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის; ბ) ტაქსების, ქალაქ თბილისში ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების და ტურისტული მარშრუტებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; დ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; ე) იმ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), რომლებიც აღნიშნულ ადგილს გამოიყენებენ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის; ვ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების − ტაქსების (რომელთა ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) პარკირებისათვის. 2. იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს შესაძლებელია ამ სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების გარდა). 3. ამ წესის მე–11 მუხლის შესაბამისად სამსახურის მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი და აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებით და საგზაო მონიშვნებით. ასეთ პარკირების ადგილებზე შეიძლება მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება. 4. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების − ტაქსის (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრე, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პარკირების ადგილზე დგომის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით მიმართავს სამსახურს და დაურთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლებს. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამსახური, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ასევე აცნობებს პარკირების ოპერატორს. |
მუხლი 9.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
|
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას; ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას; გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს; დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი. 2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება: ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე; ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე; გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილზე; დ) შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად. 3. ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის მატარებელი სატრანსპორტო საშუალების პარკირება ნებადართულია ნებისმიერ ადგილზე, სადაც აკრძალული არ არის პარკირება, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილებისა. |
მუხლი 10.
პარკირების საფასურის გადახდა
|
1. პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ამ დადგენილების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა. 3.პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი. 4. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს. 5. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს პარკირების ოპერატორს, რა დროსაც პარკირების ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილება ასახოს მიმართვისთანავე. 6. სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება გადახდილი პარკირების საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე. 7. პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება პარკირების ოპერატორის მიერ შერჩეულ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ასევე ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით, რის შესახებ პარკირების ოპერატორმა უნდა აცნობოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას. 8. თუ ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) მესაკუთრეს, ამ დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სურს გათავისუფლდეს პარკირების საფასურის გადახდისგან, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სამსახურს და დაურთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამსახური, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამსახური ასევე აცნობებს პარკირების ოპერატორს. |
მუხლი 11.
საცნობი ნიშნის გაცემა და საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
|
1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმა NIV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.
2. საცნობი ნიშნის მისაღებად არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმა NIV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმა NIV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, მშობლობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 4. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიული პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე გაიცემა ერთი საცნობი ნიშანი, დანართი №1-ის შესაბამისად. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე, დანართი №2-ს შესაბამისად, გაიცემა იმ რაოდენობის საცნობი ნიშანი, რამდენი ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში. 7. საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე -„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმა NIV-50/2-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობის მოქმედების ვადით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში - 3 წლის ვადით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იურიდიულ პირზე - მისი რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე. 8. საცნობი ნიშანი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა. 9. საცნობი ნიშანი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის მიერ ან/და სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა. 10. საცნობი ნიშნის მფლობელის მიერ სამსახურში წერილობითი ფორმით წარდგენილი ახალი საცნობი ნიშნის აღების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, თუ სამსახური ჩათვლის საჭიროდ მფლობელი, არასრულწლოვანი/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურში წარადგინოს ხელახლა, რის შემდეგაც სამსახურის მიერ ახალი საცნობი ნიშანი გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადით. 11. საცნობი ნიშნის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყონებლივ მიაწოდოს სამსახურს. 12. საცნობი ნიშნის დაკარგვისას, მისი აღდგენის თხოვნით სამსახურს წერილობით მიმართავს საცნობი ნიშნის კანონიერი მფლობელი და აღდგენისთვის მასვე ეკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდის ვალდებულება ათი ლარის ოდენობით. 13. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად. 14. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო საცნობი ნიშნის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. 15. საცნობი ნიშნის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) საცნობი ნიშანი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე; ბ) საცნობი ნიშნის მფლობელმა საცნობი ნიშანი გადასცა სხვას; გ) სხვა ისეთი გარემოების აღმოჩენის ან გამოვლენისას, რისი არსებობის შემთხვევაშიც საცნობი ნიშანი არ გაიცემოდა. |
მუხლი 12.
სპეციალური საშვის გაცემა და სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
|
1. სპეციალური საშვის მისაღებად „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი/მოვალეობის შემსრულებელი, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა) წერილობითი ფორმით მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი სპეციალური საშვის გაცემას ავალებს სამსახურს.
2. სპეციალური საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე ისე, რომ უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა. 3. პარკირების ოპერატორზე დელეგირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ვერ განხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სარგებლობენ ამ წესის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშვით. 4. სპეციალური საშვის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა დასამტკიცებელ სპეციალური საშვის ფორმას უგზავნის პარკირების ოპერატორს, დამტკიცების შემდეგ სპეციალური საშვის ფორმა ასევე ეგზავნება პარკირების ოპერატორს. 5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია საეჭვო სპეციალური საშვის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება. |
მუხლი 13.
დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება
|
1. 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ აგენტს აქვს ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი.
2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ოპერატორს, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება. |
მუხლი 14.
კონტროლი და პასუხისმგებლობა
|
1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახურის/სამსახურების მეშვეობით.
2. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის. 3. პარკირების კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქციის გადაცემის პირობებს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რაც დაუყონებლივ ეცნობება პარკირების ოპერატორს. 4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით. 5. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და სადგომზე შენახვის საფასურის ოდენობას ადგენს შესაბამისი პარკირების ოპერატორი ამ მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯების მიხედვით. 6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის მიერ შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სპეციალური დაცულ სადგომიდან ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდისთანავე. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცულ სადგომიდან გაყვანისას პარკირების ოპერატორს აგრეთვე უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი. |
მუხლი 15.
დასკვნითი დებულება
|
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები