ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 929
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.05.001.000.251
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
929
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.250.000.05.001.000.251
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/12/1999 - 28/06/2000)

საქართველოს ორგანული კანონი

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.    ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ცნება

1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, დადგენილი წესით, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად.

2. ადგილობრივი მმართველობა არის კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომელიც ადგილებზე, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების დაცვას.

    მუხლი 2.    საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელება

1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

3. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კანონით გარანტირებული თანაბარი უფლება მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს.

    მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები.

2. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები.

3. ქ. თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების წესს განსაზღვრავს კანონი საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ.

4. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებანი და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 4.    ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელება

1. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბასა და ქალაქში.

2. თემში გაერთიანებულ სოფლებში აირჩევა მხოლოდ თემის თვითმმართველობის ორგანოები.

3. ადგილობრივი მმართველობა ხორციელდება რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (ქქ. ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი და ცხინვალი).

    მუხლი 5.    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო ენა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამუშაო ენის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ენის შესახებ.

    მუხლი 6.    ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) ადგილობრივი მოსახლეობის უფლება აირჩიოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;

გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) კანონმდებლობის დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;

ვ) საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.

    მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და კონტროლი; საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;

დ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება;

ე) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და განკარგვა; კომუნალური მეურნეობა;

ზ) ადგილობრივი არქივის შექმნა და შენახვა;

თ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისათვის  ხელის შეწყობა;

ი) ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზება და შენახვა; მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა;

კ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება;

ლ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შემუშავების ორგანიზება და კონტროლი მშენებლობის განხორციელებაზე;

მ) საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა მშენებლობისათვის ხელის შეწყობა;

ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხების გადაწყვეტა; ბიბლიოთეკების, თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნა და შენახვა;

ო) წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზება, მისი შენახვა და განვითარება;

პ) შიდა სარგებლობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა;

ჟ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; სოციალური მომსახურების ორგანიზება;

რ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობა;

ს) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სახელმწიფოს მიერ დელეგირებული სხვა საკითხები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ თავის გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წარმოადგენენ საჯარო-სამართლებრივ იურიდიულ პირებს.

    მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის კომპეტენცია

1. ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

ბ) კონტროლი ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვაზე;

გ) ადგილობრივი ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;

დ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

ვ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზების ორგანიზება;

ზ) სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელება;

თ) ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზება;

ი) განათლების, სკოლამდელი დაწესებულებების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა;

კ) ენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და სამელიორაციო სისტემების ორგანიზაცია, მათი შენახვა და განვითარება; რაიონული მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა;

მ) ადგილობრივი სახსრებით შექმნილი კავშირგაბმულობის ლოკალური ქსელების მართვა;

ნ) მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმება;

ო) კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაცია; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

პ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენა და დაფინანსება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და ტრანსპორტის რესურსების მობილიზება;

რ) ადგილობრივი რეზერვებით საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა ჩატარება;

ს) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგებაში ხელის შეწყობა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის.

3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები წარმოადგენენ საჯარო-სამართლებრივ იურიდიულ პირებს.

თავი II

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

    მუხლი 9.    სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები

1. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, რომელიც შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.

2. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს მდივანი;

გ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები.

3. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც იქმნება ამ კანონით გათვალისწინებული წესით, 3-7 წევრის შემადგენლობით. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3000 კაცს, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ გამგებელი.

4. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები არიან:

ა) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი, რომელსაც ირჩევს შესაბამისი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი იმავდროულად არის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ნიშნავს გამგებლი საკრებულოსთან შეთანხმებით.

5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 10.   იმ ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში

1. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. იგი შედგება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით, არჩეული წევრებისაგან.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოა მერია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება 7-15 წევრით. მერია არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც იმავდროულად ასრულებს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს ამ კანონისა და მერიის დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს მდივანი;

გ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები.

4. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით;

ბ) მერის პირველი მოადგილე, მოადგილე (მოადგილეები) და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

გ) აპარატის უფროსი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება ამ კანონითა და დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 11.   რაიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები

1. რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რაიონის საკრებულო, რომელიც შედგება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პროპორციული სისტემით არჩეული წევრებისაგან.

2. რაიონის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს მდივანი;

გ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები.

3. რაიონის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება 5-11 წევრით. გამგეობა არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც იმავდროულად ასრულებს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს ამ კანონისა და გამგეობის დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

4. რაიონის გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) რაიონის გამგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილე (მოადგილეები) და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი;

გ) აპარატის უფროსი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

3. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება ამ კანონითა და დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი III

საკრებულოს კომპეტენცია

    მუხლი 12. საკრებულოს ზოგადი კომპეტენცია

1. საკრებულოს ზოგად კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადებში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, მასში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება, კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაზე;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება და კონტროლი მათ შესრულებაზე;

გ) საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათზე შეღავათების დაწესება;

დ) კონტროლი საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა და გადარჩევა;

ზ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა, კომისიათა პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

თ) გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ი) საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა.

2. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება დასაბუთებულად უნდობლობა გამოუცხადოს გამგებელს, გამგეობას ან გამგეობის ცალკეულ წევრს. უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/3-ს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამგებელი, გამგეობა ან გამგეობის წევრი ითვლება გადამდგარად. ამ შემთხვევაში ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ახალი გამგებლის არჩევამდე, გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ან ახალი წევრის დანიშვნამდე.

3. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით დასაბუთებულად, საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე დასვას საკითხი გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/3-ს.

4. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით დასაბუთებულად უნდობლობა გამოუცხადოს გამგეობას (მერიას) ან გამგეობის (მერიის) ცალკეულ წევრს. უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/3-ს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამგეობა (მერია) ან გამგეობის (მერიის) წევრი ითვლება გადამდგარად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ შეიძლება მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გადაეცეს სხვა ორგანოებს.

    მუხლი 13.   სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს კომპეტენცია

მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ზოგად კომპეტენციათა გარდა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებათა მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების დადგენა; მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

გ) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესების დადგენა;

ე) კომუნალური მეურნეობის აღდგენა-განვითარების პროგრამების დამტკიცება და კონტროლი მის შესრულებაზე;

ვ) ადგილობრივი არქივის შექმნა;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისა და მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;

თ) ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის შექმნა;

ი) ადგილობრივი მნიშვნელობის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის და სპორტის საკითხების გადაწყვეტა; ბიბლიოთეკების, თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნა;

კ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ლ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების განხილვა, დამტკიცება და კონტროლი მათ განხორციელებაზე;

მ) წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზებისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ნ) შიგა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;

ო) სოციალური მომსახურების ორგანიზების წესების განსაზღვრა;

პ) ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დამტკიცება;

ჟ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სახელმწიფოს მიერ გადაცემული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

    მუხლი 14.   რაიონის და იმ ქალაქის საკრებულოს კომპეტენცია, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში

1. მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ზოგად კომპეტენციათა გარდა რაიონის საკრებულოს უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ა) რაიონული მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების დამტკიცება, დაფინანსება და კონტროლი მათ შესრულებაზე;

ბ) გადაწყვეტილებათა მიღება ადგილობრივი ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

გ) რაიონში ადამიანის უფლებების, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების განხილვა, შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების ანგარიშებისა და ინფორმაციების მოსმენა-დამტკიცება;

დ) კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებათსარგებლობის წესების დაცვაზე;

ე) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება;

ვ) გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა დამტკიცება;

ზ) რაიონში განხორციელებულ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა დამტკიცება;

თ) ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრა; კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად განსახორციელებელ ღონისძიებათა დამტკიცება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა;

კ) ენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და სამელიორაციო რაიონული მნიშვნელობის სისტემების ორგანიზებისა და განვითარების პროგრამებისა და ღონისძიებების დამტკიცება; რაიონული მნიშვნელობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტების დამტკიცება;

ლ) ადგილობრივი სამსახურების მიერ გაწეული კომუნალური და სხვა სახის მომსახურების გადასახდელის ტარიფების დადგენა;

მ) სახელმწიფო პროგრამათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩატარებულ სამუშაოთა განსაზღვრა;

ნ) ადგილობრივი სახსრებით შექმნილი კავშირგაბმულობის ლოკალური ქსელების მართვის წესების დადგენა;

ო) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების უზრუნველსაყოფად საჭირო პროგრამებისა და ღონისძიებების დამტკიცება;

პ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა დამტკიცება;

ჟ) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია;

რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და ტრანსპორტის მობილიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ს) გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივი რეზერვების ხარჯზე საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა ჩატარების თაობაზე;

ტ) ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება მე-13 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და რაიონის საკრებულოების უფლებამოსილებები.

თავი IV

საკრებულოს საქმიანობის წესი და თანამდებობის პირები

    მუხლი 15.   საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებანი

1. საკრებულოს წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის    1/3-ისა.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საკრებულოს მუშაობას, იწვევს და უძღვება მის სხდომებს, ორგანიზებას უწევს საკრებულოს სხდომების მომზადებას;

ბ) წარმოადგენს წარმომადგენლობით ორგანოს იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც დადგენილია ამ კანონით და საკრებულოს დებულებით;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიების მუშაობას;

დ) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს;

ე) ასრულებს სხვა მოვალეობებს მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების შესაბამისად.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს მდივანს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

5. საკრებულოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას. საკრებულოს მდივანი თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით ახორციელებს ფუნქციებს საკრებულოს დებულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში.

6. (ამოღებულია - 23.07.99, №2338).

7. საკრებულოს მდივანმა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეწყვიტოს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობა და მას დაენიშნოს გასამრჯელო.

8. საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობიდან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205

    მუხლი 16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილობრივი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან ორი კვირის ვადაში, თუ საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულია წევრთა 2/3 მაინც. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.

2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში - საკრებულოს მდივანი.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) გამგებლის (მერის) წინადადებით;

ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-ის მოთხოვნით.

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.

    მუხლი 17. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი

1. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება მის წევრთა ნახევარი მაინც, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.

3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება:

ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით;

ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

    მუხლი 18. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს.

2. თუ გამგებელმა (მერმა) დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში კენჭი უყაროს გამგებლის (მერის) შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნა მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ გამგებლისადმი (მერისადმი) წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

3. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

    მუხლი 19. საკრებულოს სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.

2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 20. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულო ქმნის მუდმივ კომისიებს.

2. საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიებიც.

3. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება არ იყოს საკრებულოს წევრი.

4. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 21. საკრებულოს სარევიზიო კომისია

1. აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობისადმი კონტროლის მიზნით საკრებულო, თავისი უფლებამოსილების ვადით და შემადგენლობიდან, არანაკლებ სამი წევრისაგან ქმნის სარევიზიო კომისიას.

2. სარევიზიო კომისია ამოწმებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებასა და ადგილობრივ ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას.

3. სარევიზიო კომისია სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.

    მუხლი 22. საკრებულოს წევრისა და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა სახის ინფორმაციით, რაც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, დაესწროს გამგეობის (მერიის) სხდომებს, კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგეობის (მერიის) წევრს, გამგებელს (მერს), მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლივ.

4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ხორციელდება უსასყიდლოდ.

5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) არჩეული ან დანიშნულია აღმასრულებელ ორგანოში (გარდა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლისა);

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.

თავი V

საკრებულოების აღმასრულებელი ორგანოები

    მუხლი 23. გამგეობა (მერია)

1. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მერია). გამგეობა (მერია) შედგება გამგებლის (მერის) და გამგეობის (მერიის) წევრებისაგან – გამგებლის (მერის) პირველი მოადგილის და მოადგილის (მოადგილეების), აპარატის უფროსისა და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებისაგან.

2. გამგეობა (მერია) უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, შეიმუშავებს ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტებს, უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესრულებას; საკრებულოს თანხმობით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, იღებს გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით; იძლევა წინასწარ თანხმობას ისეთი ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება 5 000 ლარს.

3. გამგეობის (მერიის) სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი (მერი). გამგეობის (მერიის) სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება გამგეობის (მერიის) წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან გამგეობის (მერიის) დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

4. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგეობის სტრუქტურას და გამგეობის წევრთა კანდიდატურებს გამგებელი, არჩევიდან ორი კვირის ვადაში, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა გამგეობის წევრის კანდიდატურა, გამგებელი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ.

5. გამგეობის (მერიის) წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თუ:

ა) სამსახურიდან განთავისუფლდა;

ბ) თანამდებობიდან გადადგა;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების შეწყვეტისას გამგეობის (მერიის) წევრები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს გამგეობის (მერიის) შესაბამისი ახალი წევრის დანიშვნამდე.

    მუხლი 24. გამგებლის (მერის) ზოგადი კომპეტენცია

1. გამგებელი (მერი) წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურს.

2. გამგებელი (მერი):

ა) უძღვება გამგეობის (მერიის) საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის (მერიის) სხდომებს, წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ბ) ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 45 დღით ადრე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს და საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული პროგრამების შესრულებას;

ე) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) უფლებამოსილია საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად;

ზ) ხელს აწერს შესაბამისად სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, სახელით დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, წარმოადგენს და მოქმედებს ამ ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

თ) ხელს აწერს გამგეობის (მერიის) დადგენილებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-განთავისუფლებაზე.

3. გამგებელს (მერს) აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან გადადგომა ან განთავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მერიის) გადადგომას. გამგეობის (მერიის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მერიის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

    მუხლი 25.   სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის უფლებამოსილება

1. 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად უფლებამოსილებათა გარდა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით ორგანიზაციას უწევს და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტას;

ბ) საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით განკარგავს ადგილობრივ ფინანსებს, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღებას;

გ) წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი სამსახურების და შესაბამისი საწარმოების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ, უზრუნველყოფს ლიკვიდირებულ საწარმოთა დაცვასა და შენახვას;

დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნასა და განკარგვას, საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს კომუნალური მეურნეობის საქმიანობას;

ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი არქივის შექმნას;

ვ) ორგანიზაციას უწევს მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებას;

ზ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზებას და მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხებზე;

ი) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;

კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მშენებლობის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს;

ლ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შედგენასა და განხორციელებას;

მ) ხელმძღვანელობს წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზებას, მის შენახვასა და განვითარებას;

ნ) უზრუნველყოფს შიგა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოთა ჩატარებას; ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს;

ო) ორგანიზაციას უწევს სოციალურ მომსახურებას, ზედამხედველობს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას;

პ) ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში;

ჟ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია შესაბამისი საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 26. რაიონის გამგებლისა და იმ ქალაქის მერის უფლებამოსილება, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში

1. 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად უფლებამოსილებათა გარდა რაიონის გამგებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

ბ) აკონტროლებს რაიონში ადამიანის უფლებებისა და კანონიერების დაცვის საკითხებს;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას;

დ) აკონტროლებს ბუნებათსარგებლობის წესების დაცვას;

ე) ახორციელებს ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ვ) უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და უტილიზების ორგანიზებას;

ზ) ორგანიზებას უწევს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელებას;

თ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრის შესახებ, უზრუნველყოფს ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებასა და დაცვას;

ი) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხებზე;

ლ) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს რაიონული მნიშვნელობის ენერგო, გაზით, წყალმომარაგებისა და ლოკალური მელიორაციული სისტემების ექსპლუატაციასა და განვითარებას;

მ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამათა განხორციელებას;

ნ) უზრუნველყოფს ადგილობრივი სახსრებით შექმნილი კავშირგაბმულობის ლოკალური ქსელების მართვას;

ო) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხთა გადაწყვეტას;

პ) ხელმძღვანელობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა წარმოებას;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსახლეობისა და ტრანსპორტის მობილიზებას;

რ) უზრუნველყოფს ადგილობრივი რეზერვებით საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა ჩატარებას;

ს) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. რაიონის გამგებელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში –აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი ორგანოს წინაშე.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით და 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

4. მერი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე.

    მუხლი 27.   გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)

1. გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის (მერიის) საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, წარმართავს ეკონომიკური რეფორმების ღონისძიებათა კომპლექსურ განხორციელებას; თუ გამგებელს (მერს) დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ან გამგებლის (მერის) დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოვალეობებს.

2. გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები) გამგებლის (მერის) მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებს და წარუდგენს გამგებელს (მერს) და გამგეობას (მერიას) წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის (მერის), გამგეობის (მერიის) და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.

    მუხლი 28. ადგილობრივი სამსახურები

1. ადგილობრივი სამსახურები იქმნება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით.

2. ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

3. ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი წარმართავს სამსახურის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამგებლის (მერის) და საკრებულოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

4. სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებებს აუქმებს გამგებელი (მერი), საკრებულო, აგრეთვე სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

5. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გამგებლის (მერის) და საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 29. აპარატი

1. საკრებულოსა და გამგეობის (მერიის) საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აპარატი. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

2. აპარატის სტრუქტურას აპარატის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

3. აპარატის თანამშრომლებს – მრჩევლებსა და ტექნიკურ პერსონალს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელი (მერი).

    მუხლი 30. საჯარო მოსამსახურე

1. პირი, რომელიც მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებში, არის საჯარო მოსამსახურე.

2. საჯარო მოსამსახურის სტატუსი, სამუშაოზე მიღებისა და მუშაობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონით საჯარო სამსახურის შესახებ”.

    მუხლი 31.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, გამგეობის (მერიის) დადგენილების, გამგებლის (მერის) ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, კანონით ნორმატიული აქტების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებით და სხვა აქტებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოს, გამგეობის (მერიის) დადგენილების, გამგებლის (მერის) განკარგულების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებით და სხვა აქტებით.

4. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგებელი (მერი) ნორმატიულ აქტს გამოსცემს გამგეობის (მერიის) წევრებთან კონსულტაციების შემდეგ. გამგებელს (მერს), გამგეობას (მერიას) ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით ან, თუ საკრებულოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულია გამგებლის (მერის), გამგეობის (მერიის) მიერ ნორმატიული აქტის გამოცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

5. საკრებულოს, გამგეობის (მერიის), გამგებლის (მერის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ.

თავი VI

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

    მუხლი 32.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი

 

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს დებულებით.

    მუხლი 33.   ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება და შექმნის საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაა ის ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის სფეროში (ადგილობრივი საკუთრება).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაში შემავალი ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება იქმნება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ თავანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;

გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

    მუხლი 34. ადგილობრივი ბიუჯეტი

1. ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითად საფინანსო გეგმას.

2. ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან.

3. ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი შემოსავლები, დადგენილი წესით დამტკიცებული გრძელვადიანი, ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული სახელმწიფო გადასახადებიდან მიღებული ანარიცხები და მიზნობრივი ტრანსფერტები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დამოუკიდებლად ადგენს საკრებულო.

4. ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, კანონით საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

5. საგადასახადო ინსპექციასთან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ურთიერთობის ფორმები და წესი განისაზღვრება საგადასახადო კანონმდებლობით.

    მუხლი 35. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი

1. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის სახეები და ზღვრული განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონით.

2. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დიფერენცირება, მათგან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა და შემოსავლების ჩარიცხვის პროპორცია სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება კანონით საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ.

    მუხლი 36.   ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური დონის უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული აუცილებელი მინიმალური ხარჯების ასანაზღაურებლად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მინიმალური დონის არსებობას მასზე შემოსავლის წყაროების მიმაგრებით.

2. ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური ხარჯების დონე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივებით.

    მუხლი 37.   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ცალკეული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული ხარჯების კომპენსაცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად. სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფუნქციების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯებს ან ამცირებს მის შემოსავალს, უნდა იქნეს კომპენსირებული ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯების შემცირების ან შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში იმავე ოდენობის სახსრები გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს.

თავი VII

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი გარანტიები

    მუხლი 38.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულობა

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და მოქალაქეთათვის.

    მუხლი 39.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიმართვების განხილვა

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიმართვები სავალდებულოა განსახილველად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირთათვის, აგრეთვე იმ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, რომელთაც ეს მიმართვები ეგზავნებათ.

    მუხლი 40. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებათა სასამართლო წესით დაცვა

საქართველოს მოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მიღებული იმ აქტების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ამ კანონით გარანტირებულ უფლებებს.

    მუხლი 41.   ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები პასუხს აგებენ იმ ზარალისათვის, რომელსაც ისინი თავიანთი ქმედებით ან გადაწყვეტილებებით მიაყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 42. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შეჩერება და გაუქმება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებანი შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა მიმღებმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

2. საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საკუთარი გადაწყვეტილებით ან სასამართლო წესით.

3. იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებები, შეუძლიათ გააუქმონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მათ მიერ გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგეობის და გამგებლის გადაწყვეტილებების ერთი თვით შეჩერების უფლება აქვს შესაბამის საკრებულოს, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე სასამართლოს – კანონით დადგენილი წესით. რაიონის გამგებელს უფლება აქვს ერთი თვით შეაჩეროს რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგეობის და გამგებლის გადაწყვეტილებები და მიმართოს მათი გაუქმების წინადადებით შესაბამის გამგეობას, გამგებელს, საკრებულოს ან სასამართლოს.

5. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგეობის და გამგებლის გადაწყვეტილებებს აუქმებს სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე შესაბამისი საკრებულო, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილების ერთი თვის ვადით შეჩერების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

7. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს აუქმებს სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

8. რაიონის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, უფლება აქვს მიმართოს თავისი აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს და ათ დღეში მიიღოს მათგან მოტივირებული პასუხი.

    მუხლი 43. საკრებულოს საქმიანობის შეჩერება, დათხოვნა ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულოს საქმიანობის შეჩერება ან დათხოვნა დაიშვება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით, თუ:

ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;

ბ) საკრებულომ ორ თვეში ვერ აირჩია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;

გ) საკრებულომ საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან ორ თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს საქმიანობის შეჩერების, დათხოვნის ან მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ აგრეთვე მათ აღმასრულებელ ორგანოებს.

    მუხლი 44. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შეცვლა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობით

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება, თუ:

ა) კანონით დადგენილი წესით ვერ აირჩიეს საკრებულო;

ბ) საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) საკრებულო დათხოვნილია ან მისი საქმიანობა შეჩერებულია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების, დათხოვნის ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.

3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმები და წესი განისაზღვრება კანონით.

თავი VIII

ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

    მუხლი 45. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე

1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე დგება მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონების დარღვევის შემთხვევაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები და თანამდებობის პირები სახელმწიფო ხელისუფლების ცალკეული ფუნქციების განხორციელებისას პასუხისმგებელნი არიან ამ ფუნქციათა განხორციელებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოყოფილი მატერიალური და ფინანსური სახსრების ფარგლებში.

    მუხლი 46.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე დგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 47. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებული ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე საქართველოს რაიონების, ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების შექმნა-გაუქმება, საზღვრების დადგენა, კატეგორიათა შეცვლა, სახელების დარქმევა-გადარქმევა, აღრიცხვა და რეგისტრაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხების გადაწყვეტის წესის შესახებ. ამასთან, რაიონების შექმნა და გაუქმება, რაიონებისათვის სახელის დარქმევა-გადარქმევა, მათი საზღვრების შეცვლა, ქალაქებისათვის კატეგორიათა შეცვლა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

3. გორის რაიონის ერედვისა და ქურთის, ქარელის რაიონის თიღვის და გულრიფშის რაიონის აჟარის თემების და მათში გაერთიანებული სოფლებისა და თემების თვითმმართველობის ორგანოთა შექმნა, უფლებამოსილების განსაზღვრა, თვითმმართველობის (მმართველობის) თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნა) ხდება ამ კანონით რაიონისათვის გათვალისწინებული წესით.

4. 2000 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების გამიჯვნას რაიონისა და მის შემადგენლობაში შემავალი ქალაქის, დაბის, თემის, სოფლის ბიუჯეტებს შორის რაიონის გამგეობის წარდგინებით განსაზღვრავს რაიონის საკრებულო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257

    მუხლი 48. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

1. 2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა უზრუნველყონ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება.

ბ) ნორმატიული აქტების მიღებას (გამოცემას) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფისა და დაცვის კანონთა მიღებას.

საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257

თავი X

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 49. კანონის ამოქმედება

1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები ჩატარდეს ამ კანონის შესაბამისად ადგილობრივი და თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 50. ცალკეული სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობა

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონი გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ” (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №1,  მუხ. 13);

ბ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოების სტრუქტურის, კომპეტენციისა და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ. 375);

გ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ. (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 597);

დ) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გადაწყვეტის წესის შესახებ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ. №387).

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულებით (საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1995 წლის №№8-9-10-11, მუხ. №362) დამტკიცებული დებულება საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №498 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ფოთის მმართველობის შესახებ;

გ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 28 ივლისის №292 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ;

დ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №177 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ;

ე) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 მარტის №50 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ჭიათურის მმართველობის შესახებ;

ვ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 სექტემბრის №443 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ წყალტუბოს მმართველობის შესახებ;

ზ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 ივნისის №258 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ტყიბულის მმართველობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 აპრილის №106 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მმართველობის შესახებ;

ი) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 აპრილის №278 ბრძანებულებით დამტკიცებული ქალაქ გორისა და გორის რაიონის მმართველობის შესახებ;

კ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 მაისის №58 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებები „გორის რაიონის ერედვის თემის მმართველობის შესახებ და გორის რაიონის ქურთის თემის მმართველობის შესახებ;

ლ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 13 აგვისტოს №108 ბრძანებულებით დამტკიცებული ქარელის რაიონის თიღვის თემის მმართველობის შესახებ.

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ძალაშია მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

 

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№929–I

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81

2. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205

3. საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257