ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 929
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.05.001.000.251
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
929
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.250.000.05.001.000.251
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ორგანული კანონი

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1.   კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ადგილობრივი თვითმმართველობა – საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმარველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

2. თვითმმართველი ერთეული – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა (მთავრობა).

3. ადგილობრივი ორგანოები – ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. ადგილობრივ ორგანოებს აქვთ ერთიანი ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. ადგილობრივი მმართველობა – ადგილობრივი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და დაკისრებული მოვალეობა, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გადაწყვიტონ სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხები.

5. ექსკლუზიური უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს და რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად იყენებს სრულ ადმინისტრაციულ, მომსახურებით, საინვესტიციო და მარეგულირებელ უფლებამოსილებებს.

6. დელეგირებული უფლებამოსილება – სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც გადაცემული აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და რომელიც ამ ორგანული კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

7. ნებაყოფლობითი უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც კანონის თანახმად არ არის ამოღებული მისი უფლებამოსილებიდან ან არ არის მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას.

8. ადმინისტრაციული უფლებამოსილება – ადგილობრივი სამსახურის შექმნის, შესაბამისი სტრუქტურისა და პერსონალის ხელმძღვანელობის (სტრუქტურების შექმნა, რეორგანიზაცია, გაერთიანება, თანამშრომელთა დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, გადამზადება, სამუშაო პირობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა), აგრეთვე დაფინანსებისა და ხარჯების გაწევის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც საჭიროა ამ ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

9. მომსახურებითი უფლებამოსილება – ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შეფასების, სათანადო ზომების მიღებისა და ღონისძიებების განხორციელების, მომსახურების ობიექტების ფუნქციონირების, მომსახურების მიწოდებისა და უზრუნველყოფის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების, აგრეთვე დამატებითი მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

10. საინვესტიციო უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საინვესტიციო პროგრამების განსაზღვრისა და დაფინანსების, საკუთარი მოძრავი და უძრავი ქონების აღდგენის ან შეძენის, შესაბამისი მატერიალური, შრომითი და ფინანსური საშუალებების მობილიზაციის, ინვესტიციებისა და განაწილების განხორციელების, აგრეთვე ადგილობრივ ბიუჯეტში სათანადო სუბსიდიების გათვალისწინების უფლებამოსილება.

11. მარეგულირებელი უფლებამოსილება – ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულო წესებისა და ინსტრუქციების დადგენის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიების, ნებართვების გაცემის და დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ჯარიმების დაწესების უფლებამოსილება.

12. მუნიციპალიტეტი – თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებით შექმნილი ახალი თვითმმართველი ერთეული.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 2.    საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელება

1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

3. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან;

ბ) მოსთხოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე მათთან წინასწარი კონსულტაციების გამართვა;

გ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და მათი საჯარო განხილვა;

დ) უშუალოდ მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მათ თანამდებობის პირებს.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებები და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

5. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 4.    ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელება

1. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

2. თემში გაერთიანებულ სოფლებში აირჩევა მხოლოდ თემის თვითმმართველობის ორგანოები.

3. ადგილობრივ მმართველობას ახორციელებენ რაიონის ადგილობრივი მმართველობის, აგრეთვე იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

4. რაიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას უზრუნველყოფენ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 5.    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო ენა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამუშაო ენის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ენის შესახებ.

    მუხლი 6.    ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) ადგილობრივი მოსახლეობის უფლება აირჩიოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;

გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

დ) კანონმდებლობის დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;

ვ) საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;

ზ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, ნებაყოფლობით საფუძველზე საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრაზე;

თ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთგამიჯვნა;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

 

    მუხლი 61. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა ზოგადი დებულებები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მინიჭებული აქვთ სავალდებულო (ექსკლუზიური და სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული) და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

3. სახელმწიფო ორგანოთა კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დაიშვება მხოლოდ სასამართლო წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ საკუთარი ინიციატივით, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით.

5. სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ მოქმედების თავისუფლება.

7. სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივ ორგანოსა და შესაბამის სამსახურებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, შესრულება და კონტროლი; საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;

დ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება;

ე) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა და განკარგვა; კომუნალური მეურნეობა;

ზ) ადგილობრივი არქივის შექმნა და შენახვა;

თ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისათვის  ხელის შეწყობა;

ი) ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზება და შენახვა; მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა;

კ) დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება ადგილობრივი ტყის ფონდი;

ლ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შემუშავების და დამტკიცების ორგანიზება და კონტროლი მშენებლობის განხორციელებაზე;

მ) საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა მშენებლობისათვის ხელის შეწყობა;

ნ) ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების ორგანიზება, შენახვა და განვითარება;

ო) შიდა სარგებლობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა;

პ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; სარიტუალო მომსახურების ორგანიზება;

ჟ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება;

რ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებანი:

ა) (ამოღებულია - 26.06.04 №185);

ბ) გარემოსდაცვით, სანიტარიულ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელება;

გ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის ხელის შეწყობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მათთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79

საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76

    მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის კომპეტენცია

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ:

ა) განათლების სფეროში – სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლების, სკოლა-ინტერნატების, საშუალო-სპეციალური სასწავლებლების) მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას;

ბ) კულტურის სფეროში – მუზეუმებისა და გამოფენების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, კინო-თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნას, მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას; მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელებას;

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში – საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების, მოხუცებულთა, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას, უმწეოთა დახმარებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის და დასაქმების პროგრამების განხორციელების ორგანიზებას;

დ) საფინანსო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში – ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებასა და მის შესრულებაზე კონტროლს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებასა და გაუქმებას; დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებასა და შესრულებას; დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტას; გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა გატარების ორგანიზებას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების ფლობას, განკარგვას და ამ ქონებით სარგებლობას; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას; სახელმწიფო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ წილობრივ დაფინანსებას და ადგილებზე მათი განხორციელების უზრუნველყოფას;

ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობას სამხედრო-სასწავლო შეკრებების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში; მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; სამოქალაქო თავდაცვას; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას; კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციას; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მობილიზაციას;

ვ) სხვა საკითხების გადაწყვეტას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ამ კანონით დადგენილი წესით, ურთიერთშეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის უფლებამოსილებათა გადაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის უფლებამოსილებათა დელეგირება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციების გამართვისა და მასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით დასაბუთებული უარი განაცხადოს უფლებამოსილებათა დელეგირებაზე. ამგვარ დასაბუთებას შეიძლება წარმოადგენდეს დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების მიუღებლობა ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ამგვარი მომსახურების გაწევის შეუძლებლობა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოსაგან დასაბუთებულად მოითხოვოს უფლებამოსილებათა დელეგირება. ამგვარი დასაბუთება დაკავშირებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილებათა განხორციელების რეალურ შესაძლებლობასთან;

დ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელება შეუსაბამოს ადგილობრივ პირობებს;

ე) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით არ შეასრულოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, თუ არ გადაეცა მის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსები;

ვ) ადგილობრივმა მმართველობის ორგანომ განახორციელოს ერთი ან რამდენიმე უფლებამოსილების (ადმინისტრაციული, მომსახურებითი, საინვესტიციო, მარეგულირებელი) დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შემთხვევაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანომ უშუალოდ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხდება იმ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79

საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76

     მუხლი 81. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება გაერთიანებაზე

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ურთიერთშეთანხმებით, გაერთიანდნენ თემში და შექმნან თვითმმართველობის ერთიანი ორგანო. გაერთიანების შემთხვევაში დასაშვებია საკრებულოს წევრთა დადგენილი რაოდენობის გაზრდა. საკრებულოს წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. გაერთიანების შემთხვევაში სახელმწიფო თვითმმართველობის ბიუჯეტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს დამატებით სუბსიდიას.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით უფლება აქვთ დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, შექმნან ერთობლივი ორგანოები, რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი II

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

    მუხლი 9.    სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები

1. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, რომელიც შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, იმავდროულად არის გამგებელი;

ბ) საკრებულოს მდივანი;

გ) (ამოღებულია - 02.08.01 №1045).

3. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც იქმნება ამ კანონით გათვალისწინებული წესით, არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3000 კაცს, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ გამგებელი.

4. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებელი. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;

ბ) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებსაც ნიშნავს გამგებლი საკრებულოსთან შეთანხმებით.

5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს (გამგეობის) სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის) წარდგინებით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

     მუხლი 10. იმ ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში

1. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. იგი შედგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს მდივანი.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი არის ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც:

ა) ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;

ბ) (ძალადაკარგულია - 16.02.05 №1/2/213,243).

4. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგება არა უმეტეს 15 წევრისაგან. ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელები.

5. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

    მუხლი 11.   (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი III

საკრებულოს კომპეტენცია

    მუხლი 12. საკრებულოს ზოგადი კომპეტენცია

1. საკრებულოს ზოგად კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადებში ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, მასში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება, კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაზე;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება და კონტროლი მათ შესრულებაზე;

გ) საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათზე შეღავათების დაწესება;

დ) კონტროლი საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა და გადარჩევა;

ზ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა, კომისიათა პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

თ) გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ი) საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცება.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ შეიძლება მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გადაეცეს სხვა ორგანოებს.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 13. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილება

1. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მე-12 მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების დადგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნა, მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესების დადგენა;

ვ) კომუნალური მეურნეობის ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების აღდგენა-განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება, ადგილობრივი ტყის ფონდის დაცვის წესების დადგენა;

თ) შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;

ი) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

კ) მართვის ტერიტორიული ორგანოს შექმნა და გაუქმება, მისი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დამტკიცება.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას აგრეთვე განეკუთვნება:

ა) მოსახლეობის სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების წესების დამტკიცება;

ბ) პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმების განხილვა და დამტკიცება;

გ) განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცება, ტერიტორიული ზონირების განსაზღვრა და საზღვრების დამტკიცება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.

3. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის), გამგეობის (მთავრობის) ან გამგეობის (მთავრობის) ცალკეული წევრისათვის უნდობლობის გამოცხადება. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის საფუძველია შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, ხოლო მთლიანად გამგეობისათვის (მთავრობისათვის) უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის საფუძველია გამგეობის (მთავრობის) მიერ ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობა. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რიგგარეშე შეიტანება, თუ დაყენებულ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. გამგეობა (მთავრობა) ან გამგეობის (მთავრობის) წევრი ითვლება გადამდგარად და ის ასრულებს თავის უფლებამოსილებებს შესაბამისად გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ან გამგეობის (მთავრობის) ახალი წევრის დანიშვნამდე.

4. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და ქალაქის, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას ქალაქის მერის (გამგებლის) უფლებამოსილების შეწყვეტის [(ქ. ფოთის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების) - (ძალადაკარგულია - 16.02.05 №1/2/213,243)]. საკითხი. საკითხის დასმის საფუძველია მერის (გამგებლის) მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს. საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რიგგარეშე შეიტანება, თუ დაყენებულ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.

5. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით საკრებულოს თავმჯდომარის დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი საკრებულოს მდივანი.

6. უნდობლობის გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში საკითხი იმავე მოტივით საკრებულოს წინაშე შეიძლება დაისვას მხოლოდ ამ საკითხზე პირველი კენჭისყრის ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

    მუხლი 14.   (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი IV

საკრებულოს საქმიანობის წესი და თანამდებობის პირები

    მუხლი 15.   საკრებულოს თანამდებობის პირები უფლებამოსილებანი

1. საკრებულოს წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას, მათ შორის, რიგგარეშეს;

ბ) უძღვება სხდომაზე საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვას;

დ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანამიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) აყენებს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ზ) წარმოადგენს საკრებულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;

ი) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ მოვალეობათა შესრულებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

კ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;

ლ) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს განკარგულებას;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ენიშნება გასამრჯელო.

4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულო თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს მდივანს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

5. საკრებულოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას. საკრებულოს მდივანი თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით ახორციელებს ფუნქციებს საკრებულოს დებულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში.

6. (ამოღებულია - 23.07.99, №2338).

7. საკრებულოს მდივანმა, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეწყვიტოს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობა და მას დაენიშნოს გასამრჯელო.

8. საკრებულოს სხვა წევრები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობიდან მოუწყვეტლივ და უსასყიდლოდ.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილობრივი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან ორი კვირის ვადაში, თუ საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულია წევრთა 2/3 მაინც. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.

2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში - საკრებულოს მდივანი.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) გამგებლის (მერის) წინადადებით;

ბ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-ის მოთხოვნით;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით.

4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ერთი კვირის ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს აპარატის უფროსი საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 17. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი

1. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება მის წევრთა ნახევარი მაინც, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.

3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება:

ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით;

ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.

    მუხლი 18. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

1. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს საკრებულოს დადგენილებით ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზედაც.

2. თუ გამგებელმა (მერმა) დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში კენჭი უყაროს გამგებლის (მერის) შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნა მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ გამგებლისადმი (მერისადმი) წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

3. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 19. საკრებულოს სხდომის ოქმი

1. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.

2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

    მუხლი 20. საკრებულოს კომისიები

1. საკრებულო ქმნის სარევიზიო და სხვა მუდმივ კომისიებს.

2. საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიებიც.

3. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება არ იყოს საკრებულოს წევრი.

4. საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 22. საკრებულოს წევრის სტატუსი

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლივ.

4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ხორციელდება უსასყიდლოდ.

5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;

ბ) არჩეულია ან დანიშნულია საკრებულოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის (მთავრობის) წევრად, გარდა სოფლის, თემის, დაბის გამგებლისა;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საკრებულო იღებს ცნობად.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი V

საკრებულოების აღმასრულებელი ორგანოები

     მუხლი 23. გამგეობა (მთავრობა)

1. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მთავრობა).

2. გამგეობის (მთავრობის) უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

გ) ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების შედგენა და საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად;

ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებული ქონებით სარგებლობა და განკარგვა;

ვ) ადგილობრივი სამსახურების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; გამგებლის (მერის) წარდგინებით მათ ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;

ზ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

თ) კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და განვითარება;

ი) დასახლების (დასახლებების) შიდა გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება;

კ) საქალაქო კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტროენერგიის, გაზის და წყალმომარაგების სისტემათა შექმნა, მოვლა-პატრონობა და მართვის კოორდინაცია;

ლ) სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზების ორგანიზება;

მ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მთავრობის უფლებამოსილებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა, განეკუთვნება:

ა) ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტის განხილვა, დამტკიცებული გეგმის შესრულებაზე კონტროლი;

ბ) ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების დამტკიცება;

გ) საკრებულოსათვის წარსადგენად ქალაქში ისტორიულ-კულტურული, რეკრეაციული, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ წინადადებების მომზადება; კონტროლი მათ დაცვაზე. აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის – ისტორიულ-არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობის ძეგლების შენახვა და მოვლა-პატრონობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობისა და ბუნებრივი რესურსების მართვისა და გამოყენების საკითხების გადაწყვეტა;

ე) საიჯარო მიწის ფართობისა და ქირის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების შესახებ წინადადებების მომზადება საკრებულოსათვის წარსადგენად;

ვ) ქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა; მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;

ზ) ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების მართვა;

თ) ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა, საზოგადოებრივი წესრიგის და კანონიერების დაცვის კოორდინაცია და კონტროლი;

ი) საკრებულოსათვის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების წარდგენა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა; განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა;

ლ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება;

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სურსათითა და სამეურნეო პროდუქციით მომარაგებისათვის ხელის შეწყობა;

ნ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. გამგეობის (მთავრობის) სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (დადგენილება), თუ სხდომას ესწრება გამგეობის (მთავრობის) წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება (დადგენილება) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

5. გამგეობის (მთავრობის) წევრთა კანდიდატურებს გამგებელი (მერი) არჩევიდან (დანიშვნიდან) ორი კვირის ვადაში შესათანხმებლად წარუდგენს საკრებულოს. თუ საკრებულომ არ მისცა თანხმობა გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნაზე, გამგებელი (მერი) უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ. თუ საკრებულომ ერთი თვის ვადაში გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნას არ მისცა თანხმობა, გამგებელი (მერი) არა უმეტეს ექვსი თვის ვადით შესაბამის თანამდებობაზე ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს.

6. გამგეობის (მთავრობის) წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) სამსახურიდან გათავისუფლებისას;

ბ) თანამდებობიდან გადადგომისას;

გ) საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადებისას;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;

ზ) გარდაცვალებისას;

თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების შეწყვეტისას გამგეობის (მთავრობის) წევრი ასრულებს თავის მოვალეობებს გამგეობის (მთავრობის) შესაბამისი ახალი წევრის დანიშვნამდე.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79

    მუხლი 24. გამგებლის (მერის) ზოგადი კომპეტენცია

1. გამგებელი (მერი) წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურს.

2. გამგებელი (მერი):

ა) უძღვება გამგეობის (მერიის) საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის (მერიის) სხდომებს, წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს საკრებულოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ბ) ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 45 დღით ადრე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს და საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული პროგრამების შესრულებას;

ე) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) უფლებამოსილია საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად;

ზ) ხელს აწერს შესაბამისად სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, სახელით დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, წარმოადგენს და მოქმედებს ამ ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

თ) ხელს აწერს გამგეობის (მერიის) დადგენილებებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

ი) რაიონის გამგებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების თაობაზე.

3. გამგებელს (მერს) აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან გადადგომა ან განთავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მერიის) გადადგომას. გამგეობის (მერიის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მერიის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №435 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.67

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 25.   სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებლის უფლებამოსილება

1. 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად უფლებამოსილებათა გარდა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით ორგანიზაციას უწევს და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტას;

ბ) საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით განკარგავს ადგილობრივ ფინანსებს, კოორდინაციას უწევს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღებას;

გ) წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი სამსახურების და შესაბამისი საწარმოების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ, უზრუნველყოფს ლიკვიდირებულ საწარმოთა დაცვასა და შენახვას;

დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნასა და განკარგვას, საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს კომუნალური მეურნეობის საქმიანობას;

ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი არქივის შექმნას;

ვ) ორგანიზაციას უწევს მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებას;

ზ) უზრუნველყოფს ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის ორგანიზებას და მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობას;

თ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მშენებლობის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს;

კ) ორგანიზაციას უწევს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმების შედგენასა და განხორციელებას;

ლ) ხელმძღვანელობს წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის ორგანიზებას, მის შენახვასა და განვითარებას;

მ) უზრუნველყოფს შიგა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოთა ჩატარებას; ასრულებს დამკვეთის ფუნქციებს;

ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაციას უწევს სოციალურ მომსახურებას, ზედამხედველობს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას;

ო) ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;

პ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია შესაბამისი საკრებულოს წინაშე.

3. ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს. თუ გამგებლის კანონით დადგენილ მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

მუხლი 26. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილება

1. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი:

ა) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს (განკარგულებებს), ხელმძღვანელობს ქალაქის მთავრობის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქის მთავრობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას, ამტკიცებს მთავრობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადგილობრივი სამსახურების დებულებებს;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;

დ) თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის წევრებს; იღებს მთავრობის ცალკეულ წევრთა განცხადებას გადადგომის შესახებ; მთავრობის წევრებს აკისრებს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებას მთავრობის ახალი წევრის დამტკიცებამდე;

ე) საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით ხელახლა განსახილველად აბრუნებს საკითხს საკრებულოში;

ვ) აჩერებს ან აუქმებს ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) იწვევს და თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; განსაზღვრავს მთავრობის სხდომის დღის წესრიგს და სხდომაზე მოსაწვევ პირებს;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებას;

ი) ორგანიზებას უწევს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას, ქალაქის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტს;

კ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებსა და საკონსულტაციო ორგანოებს; ამტკიცებს მათ სამოქმედო დებულებებს;

ლ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;

მ) მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ნ) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს;

ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და განკარგულებებს;

პ) მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, ესწრება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს. იგი უფლებამოსილია ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;

ჟ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობაზე; პერიოდულად ისმენს მთავრობის წევრებისა და სამსახურების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

რ) ახორციელებს საკრებულოსა და მთავრობის შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძლევა თანხმობას სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-გათავისუფლებაზე;

ტ) ხელს აწერს ქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

უ) ანგარიშვალდებულია ქალაქის საკრებულოს წინაშე საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში;

ფ) გადადგება და უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. [(გამონაკლისს წარმოადგენს ქ. ფოთის მერი, რომელიც უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. ძალადაკარგულია - 16.02.05 №1/2/213,243).

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს მერის რიგგარეშე არჩევნებს. თუ მერის კანონით დადგენილ მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

    მუხლი 27.   გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)

1. გამგებლის (მერის) პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის (მერიის) საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, წარმართავს ეკონომიკური რეფორმების ღონისძიებათა კომპლექსურ განხორციელებას; თუ გამგებელს (მერს) დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ან გამგებლის (მერის) დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოვალეობებს.

2. გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები) გამგებლის (მერის) მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებს და წარუდგენს გამგებელს (მერს) და გამგეობას (მერიას) წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის (მერის), გამგეობის (მერიის) და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.

    მუხლი 28. ადგილობრივი სამსახურები

1. ადგილობრივი სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ შექმნილი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას.

2. ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

3. ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი წარმართავს სამსახურის საქმიანობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.

4. სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებებს აუქმებს გამგებელი (მერი), საკრებულო, აგრეთვე სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

5. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს წინაშე.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 29. აპარატი

1. საკრებულოსა და გამგეობის (მერიის) საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აპარატი. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).

2. აპარატის სტრუქტურას აპარატის უფროსის წარდგინებით და გამგებელთან (მერთან) შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

3. აპარატის თანამშრომლებს – აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელი (მერი).

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

     მუხლი 291. მუნიციპალიტეტი და მართვის ტერიტორიული ორგანო

1. რაიონის ტერიტორიაზე თვითმმართველობის ერთეულების გაერთიანების საფუძველზე იქნება მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები), რომლის შესაბამის ორგანოებსაც ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემათ რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი.

2. თემში შემავალ სოფლებში, ქალაქსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას მართვის ტერიტორიული ორგანო (მართვის ტერიტორიული ორგანოები), რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). მართვის ტერიტორიული ორგანოს დებულებას მისი წარდგინებით ამტკიცებს გამგეობა (მთავრობა).

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 30. საჯარო მოსამსახურე

1. პირი, რომელიც მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებში, არის საჯარო მოსამსახურე.

2. საჯარო მოსამსახურის სტატუსი, სამუშაოზე მიღებისა და მუშაობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონით საჯარო სამსახურის შესახებ”.

     მუხლი 31. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილებების, გამგებლის (მერის) ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) განკარგულებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. საკრებულოს, გამგეობის (მთავრობის), გამგებლის (მერის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი VI

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

    მუხლი 32.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს დებულებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ეკონომიკური საქმიანობა არ უნდა ზღუდავდეს საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 321. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საზოგადოებრივი მომსახურების ფორმები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვრავს საზოგადოებრივი მომსახურების ფორმებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი მომსახურების მიზნით:

ა) შექმნას შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები;

ბ) დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) დადოს სხვა თვითმმართველ ერთეულთან (ერთეულებთან) ხელშეკრულება ერთობლივი მომსახურების გაწევის შესახებ;

დ) განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 33.   ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება და შექმნის საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაა ის ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის სფეროში (ადგილობრივი საკუთრება).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრებაში შემავალი ობიექტების კატეგორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საკუთრება იქმნება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ თავანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;

გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შემავალი ქონება იყოფა ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. ძირითადია (განუსხვისებელია) ის ქონება, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების საფუძველს და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ძირითად (განუსხვისებელ) ადგილობრივ ქონებას უშუალოდ ფლობენ და სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ადგილობრივი სამსახურები. ამ ქონების გასხვისება დაიშვება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქონების შექმნით ან შეძენით არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორია და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

     მუხლი 34. ადგილობრივი ბიუჯეტი

1. ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითად საფინანსო გეგმას.

2. ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან.

3. ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს მისი უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებით და გამოთანაბრებითი ტრანსფერებით, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე მიზნობრივი ტრანსფერით. დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით ან/და სხვა შესაბამისი შემოსავლით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, მიზნობრივი ტრანსფერის გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.

5. ადგილობრივი ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია ყველა ის შემოსავალი, რომელიც დადგენილია ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით; ხარჯები, გაწერილი ფუნქციური და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისად; მომდევნო ორი ფისკალური წლის შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზი; ინვესტიციების ხარჯების პროგნოზი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ინვესტიციების მიზნისა და საჭირო ხარჯების შესახებ.

6. ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გაერკვეს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.

7. ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოიცავდეს ყველა შემოსავალსა და ხარჯს სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამოყოფით;

ბ) ითვალისწინებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ვალის გადახდას. ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების 2%-ს.

8. ყოველი დასაფინანსებელი პროექტი საკრებულოს წარედგინება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ხარჯების მიზნისა და მათი გაწევით მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ბ) დაფინანსების მოცულობის, დაფინანსების წყაროების, სესხის ოდენობისა და დაფარვის ვადის ჩვენების შესახებ, თუ ასეთი გათვალისწინებულია პროექტით;

გ) სესხის დაფარვის წლიურ თანხისა და იმ მიმდინარე ხარჯების შეფასების შესახებ, რომლებსაც მოითხოვს ინვესტიცია.

9. ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

     მუხლი 35. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი

1. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის სახეები და ზღვრული განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დიფერენცირება, მათგან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა და შემოსავლების ჩარიცხვის პროპორცია სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტებს შორის დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო დავალებათა შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლებისას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში ადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების კონკრეტულ მოცულობას; განსაზღვრავს საბინაო-კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სხვა კომუნალური მომსახურების ტარიფებს, მათი გადახდევინებისა და ადმინისტრირების წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი მიზნებისათვის აიღოს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

საქართველოს 2002 წლის 10 მაისის ორგანული კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

 

     მუხლი 351. სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული შემოსავლები

1. სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული შემოსავლებია გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერები.

2. გამოთანაბრებითი ტრანსფერები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა საქართველოს კანონით დადგენილი ფორმულით, რომელიც ეფუძნება ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკურ პოტენციალს.

3. მიზნობრივი ტრანსფერები გამოიყენება სახელმწიფო ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 36.   ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური დონის უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული აუცილებელი მინიმალური ხარჯების ასანაზღაურებლად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მინიმალური დონის არსებობას მასზე შემოსავლის წყაროების მიმაგრებით.

2. ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმალური ხარჯების დონე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივებით.

    მუხლი 37.   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ცალკეული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული ხარჯების კომპენსაცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად. სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფუნქციების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯებს ან ამცირებს მის შემოსავალს, უნდა იქნეს კომპენსირებული ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი VII

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი გარანტიები

    მუხლი 38.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების შესრულების სავალდებულობა

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და მოქალაქეთათვის.

    მუხლი 39.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიმართვების განხილვა

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიმართვები სავალდებულოა განსახილველად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირთათვის, აგრეთვე იმ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, რომელთაც ეს მიმართვები ეგზავნებათ.

    მუხლი 40. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებათა სასამართლო წესით დაცვა

საქართველოს მოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მიღებული იმ აქტების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ამ კანონით გარანტირებულ უფლებებს.

    მუხლი 41.   ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები პასუხს აგებენ იმ ზარალისათვის, რომელსაც ისინი თავიანთი ქმედებით ან გადაწყვეტილებებით მიაყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 42. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შეჩერება და გაუქმება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებანი შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა მიმღებმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

2. საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საკუთარი გადაწყვეტილებით ან სასამართლო წესით. საკრებულოს დადგენილებას, საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას აჩერებს ან აუქმებს შესაბამისი საკრებულო, აგრეთვე სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში

3. იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებები, შეუძლიათ შეაჩერონ ან/და გააუქმონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მათ მიერ გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობისა (მთავრობისა) და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების უფლება აქვს შესაბამის საკრებულოს, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე სასამართლოს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მთავრობის) და გამგებლის (მერის) სამართლებრივ აქტებს აუქმებს სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე შესაბამისი საკრებულო, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილების ერთი თვის ვადით შეჩერების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

7. რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს აუქმებს სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

8. რაიონის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, უფლება აქვს მიმართოს თავისი აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს და ათ დღეში მიიღოს მათგან მოტივირებული პასუხი.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 43. საკრებულოს საქმიანობის შეჩერება, დათხოვნა ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საკრებულოს საქმიანობის შეჩერება ან დათხოვნა დაიშვება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით, თუ:

ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;

ბ) საკრებულომ ორ თვეში ვერ აირჩია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;

გ) საკრებულომ საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან ორ თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს საქმიანობის შეჩერების, დათხოვნის ან მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ აგრეთვე მათ აღმასრულებელ ორგანოებს.

    მუხლი 44. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შეცვლა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობით

1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება, თუ:

ა) კანონით დადგენილი წესით ვერ აირჩიეს საკრებულო;

ბ) საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) საკრებულო დათხოვნილია ან მისი საქმიანობა შეჩერებულია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების, დათხოვნის ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა.

3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმები და წესი განისაზღვრება კანონით.

თავი VIII

ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

    მუხლი 45. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე

1. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე დგება მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონების დარღვევის შემთხვევაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები და თანამდებობის პირები სახელმწიფო ხელისუფლების ცალკეული ფუნქციების განხორციელებისას პასუხისმგებელნი არიან ამ ფუნქციათა განხორციელებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოყოფილი მატერიალური და ფინანსური სახსრების ფარგლებში.

    მუხლი 46.   ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე დგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

     მუხლი 461. საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება

1. საკრებულოს სხდომები ღია და საჯაროა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს საკრებულოს სხდომას საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

2. განცხადება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს სხდომის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი და დღის წესრიგი.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივრონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე საკრებულოს საჯარო სხდომაზე გამოვიდნენ ინიციატივით.

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

თავი IX

გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 47. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ამოქმედების დროს არსებული ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე საქართველოს რაიონების, ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების შექმნა-გაუქმება, საზღვრების დადგენა, გაერთიანება და გაყოფა, კატეგორიათა შეცვლა, სახელების დარქმევა-გადარქმევა, აღრიცხვა და რეგისტრაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“. ამასთან, რაიონების შექმნა და გაუქმება, რაიონებისათვის სახელის დარქმევა-გადარქმევა, მათი საზღვრების შეცვლა, ქალაქებისათვის კატეგორიათა შეცვლა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე რაიონულ დონეზე იქმნება ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულო და ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო – რაიონის გამგეობა.

4. რაიონის საკრებულო შედგება რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეებისაგან. რაიონის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. სპიკერი ახორციელებს ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. რაიონის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასმის შესახებ. რაიონის საკრებულოს მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება მის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების, ამ კანონის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-17 და მე-18 მუხლების და აგრეთვე მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

5. რაიონის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობაში შედიან:

ა) გამგებელი, რომელსაც საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და, როგორც წესი, რაიონული სამსახურის ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

6. რაიონის გამგეობა არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას და დელეგირებულ უფლებამოსილებაზე გადაწყვეტილებათა მიღებას. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება რაიონის გამგეობის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. გორის რაიონის ერედვისა და ქურთის, ქარელის რაიონის თიღვის და გულრიფშის რაიონის აჟარის თემების და მათში გაერთიანებული სოფლებისა და თემების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნა, უფლებამოსილებათა განსაზღვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნა) ხდება ამ კანონით რაიონისათვის დადგენილი წესით.

8. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებული პირებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, როგორც წესი, გამგეობის (მთავრობის) შემადგენლობაში, როგორც გამგებლის (მერის) მოადგილე ან წევრი, შედის იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენელი.

საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 48. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

1. 2000 წლის 1 ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა უზრუნველყონ:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება.

ბ) ნორმატიული აქტების მიღებას (გამოცემას) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფისა და დაცვის კანონთა მიღებას.

2. 2002 წლის 15 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო პროგრამა“.

3. 2001 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტები:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ;

ბ) ტრანსფერების გამოთანაბრების მექანიზმისა და ფორმულის შესახებ;

გ) ადგილობრივი ქონების ფლობის, განკარგვისა და ამ ქონებით სარგებლობის წესის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257

საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

    მუხლი 481

1. „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1998 წელს შექმნილი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის დასასრული განისაზღვროს არა უგვიანეს 2002 წლის 20 ივნისით.

2. ამ კანონით განსაზღვრული საკრებულოების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ჩატარდეს 2002 წლის 3 ივნისამდე.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკრებულოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.

საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის ორგანული კანონი №1142 - სსმ I, №30, 30.10.2001 წ., მუხ.119

თავი X

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 49. კანონის ამოქმედება

1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები ჩატარდეს ამ კანონის შესაბამისად ადგილობრივი და თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 50. ცალკეული სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად ცნობა

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონი გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ” (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №1,  მუხ. 13);

ბ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოების სტრუქტურის, კომპეტენციისა და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ. 375);

გ) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ. (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 597);

დ) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 23 მაისის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გადაწყვეტის წესის შესახებ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ. №387).

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულებით (საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1995 წლის №№8-9-10-11, მუხ. №362) დამტკიცებული დებულება საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №498 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ფოთის მმართველობის შესახებ;

გ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 28 ივლისის №292 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ქუთაისის მმართველობის შესახებ;

დ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 17 მაისის №177 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ რუსთავის მმართველობის შესახებ;

ე) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 მარტის №50 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ჭიათურის მმართველობის შესახებ;

ვ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 სექტემბრის №443 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ წყალტუბოს მმართველობის შესახებ;

ზ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 26 ივნისის №258 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ტყიბულის მმართველობის შესახებ;

თ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 5 აპრილის №106 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მმართველობის შესახებ;

ი) საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 აპრილის №278 ბრძანებულებით დამტკიცებული ქალაქ გორისა და გორის რაიონის მმართველობის შესახებ;

კ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 მაისის №58 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებები „გორის რაიონის ერედვის თემის მმართველობის შესახებ და გორის რაიონის ქურთის თემის მმართველობის შესახებ;

ლ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 13 აგვისტოს №108 ბრძანებულებით დამტკიცებული ქარელის რაიონის თიღვის თემის მმართველობის შესახებ.

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ძალაშია მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი ან აქტის ნაწილი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

 

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№929–I

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის ორგანული კანონი №1989 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.81

2. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის ორგანული კანონი №2338 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.205

3. საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257

4. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №435 - სსმ I, №24, 30.06.2000 წ., მუხ.67

5. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

6. საქართველოს 2001 წლის 26 ოქტომბრის ორგანული კანონი №1142 - სსმ I, №30, 30.10.2001 წ., მუხ.119

7. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის ორგანული კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

8. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.79

9. საქართველოს 2004 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №185 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.76

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

11. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2304 - სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.12

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.