„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1045
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 22/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.000.975
  • Word
1045
08/02/2001
სსმ, 25, 22/08/2001
010.250.000.04.001.000.975
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11. 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის ტექსტში სიტყვები „მერია“, „მერიის“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „მთავრობა“, „მთავრობის“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ადგილობრივი თვითმმართველობა – საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმარველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

2. თვითმმართველი ერთეული – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა (მთავრობა).

3. ადგილობრივი ორგანოები – ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. ადგილობრივ ორგანოებს აქვთ ერთიანი ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, დასრულებული ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. ადგილობრივი მმართველობა – ადგილობრივი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და დაკისრებული მოვალეობა, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გადაწყვიტონ სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხები.

5. ექსკლუზიური უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს და რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად იყენებს სრულ ადმინისტრაციულ, მომსახურებით, საინვესტიციო და მარეგულირებელ უფლებამოსილებებს.

6. დელეგირებული უფლებამოსილება – სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც გადაცემული აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს და რომელიც ამ ორგანული კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

7. ნებაყოფლობითი უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც კანონის თანახმად არ არის ამოღებული მისი უფლებამოსილებიდან ან არ არის მიკუთვნებული სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილებას.

8. ადმინისტრაციული უფლებამოსილება – ადგილობრივი სამსახურის შექმნის, შესაბამისი სტრუქტურისა და პერსონალის ხელმძღვანელობის (სტრუქტურების შექმნა, რეორგანიზაცია, გაერთიანება, თანამშრომელთა დანიშვნა, გათავისუფლება, გადაყვანა, გადამზადება, სამუშაო პირობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა), აგრეთვე დაფინანსებისა და ხარჯების გაწევის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც საჭიროა ამ ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

9. მომსახურებითი უფლებამოსილება – ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შეფასების, სათანადო ზომების მიღებისა და ღონისძიებების განხორციელების, მომსახურების ობიექტების ფუნქციონირების, მომსახურების მიწოდებისა და უზრუნველყოფის დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების, აგრეთვე დამატებითი მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

10. საინვესტიციო უფლებამოსილება – ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საინვესტიციო პროგრამების განსაზღვრისა და დაფინანსების, საკუთარი მოძრავი და უძრავი ქონების აღდგენის ან შეძენის, შესაბამისი მატერიალური, შრომითი და ფინანსური საშუალებების მობილიზაციის, ინვესტიციებისა და განაწილების განხორციელების, აგრეთვე ადგილობრივ ბიუჯეტში სათანადო სუბსიდიების გათვალისწინების უფლებამოსილება.

11. მარეგულირებელი უფლებამოსილება – ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულო წესებისა და ინსტრუქციების დადგენის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზიების, ნებართვების გაცემის და დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ჯარიმების დაწესების უფლებამოსილება.

12. მუნიციპალიტეტი – თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებით შექმნილი ახალი თვითმმართველი ერთეული.“.

3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან;

ბ) მოსთხოვონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე მათთან წინასწარი კონსულტაციების გამართვა;

გ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და მათი საჯარო განხილვა;

დ) უშუალოდ მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მათ თანამდებობის პირებს.“.

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებები და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

5. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.“.

5. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივ მმართველობას ახორციელებენ რაიონის ადგილობრივი მმართველობის, აგრეთვე იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. რაიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას უზრუნველყოფენ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით.“.

6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის „ზ“–„ი“ ქვეპუნქტები:

„ზ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, ნებაყოფლობით საფუძველზე საერთო პრობლემების ერთობლივად გადაჭრაზე;

თ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთგამიჯვნა;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა.“.

7. კანონს დაემატოს 61 მუხლი:

    „მუხლი 61. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა ზოგადი დებულებები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მინიჭებული აქვთ სავალდებულო (ექსკლუზიური და სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული) და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

3. სახელმწიფო ორგანოთა კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დაიშვება მხოლოდ სასამართლო წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ საკუთარი ინიციატივით, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით.

5. სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ მოქმედების თავისუფლება.

7. სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივ ორგანოსა და შესაბამის სამსახურებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.“.

8. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება:“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ადგილობრივი ტყის ფონდი;“;

ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტს სიტყვის „შემუშავების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და დამტკიცების“;

ა.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების ორგანიზება, შენახვა და განვითარება;“;

ა.ზ) „ჟ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სოციალური“ შეიცვალოს სიტყვით „სარიტუალო“;

ა.თ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და შესრულება;“;

ა.ი) „ს“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სახელმწიფოს მიერ დელეგირებული;“;

ა.კ) „ო“-„ს“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „ნ“-„რ“ ქვეპუნქტებად;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებანი:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ბ) გარემოსდაცვით, სანიტარიულ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელება;

გ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მათთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.“.

9. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ:

ა) განათლების სფეროში – სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლების, სკოლა-ინტერნატების, საშუალო-სპეციალური სასწავლებლების) მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას;

ბ) კულტურის სფეროში – მუზეუმებისა და გამოფენების, სამუსიკო სკოლების, ბიბლიოთეკების, კინო-თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნას, მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას; მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელებას;

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში – საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების, მოხუცებულთა, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების მოვლა-პატრონობას, მათი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას, უმწეოთა დახმარებას, მოსახლეობის სოციალური დაცვის და დასაქმების პროგრამების განხორციელების ორგანიზებას;

დ) საფინანსო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში – ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებასა და მის შესრულებაზე კონტროლს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებასა და გაუქმებას; დაქვემდებარებული ტერიტორიის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებასა და შესრულებას; დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტას; გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა გატარების ორგანიზებას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების ფლობას, განკარგვას და ამ ქონებით სარგებლობას; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას; სახელმწიფო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ წილობრივ დაფინანსებას და ადგილებზე მათი განხორციელების უზრუნველყოფას;

ე) საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროში – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; სამოქალაქო თავდაცვას; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას; სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეწყობას სამხედრო-სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების, სამხედრო მომზადების ორგანიზებისა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში; კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციას; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მობილიზაციას;

ვ) სხვა საკითხების გადაწყვეტას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ამ კანონით დადგენილი წესით, ურთიერთშეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის უფლებამოსილებათა გადაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის უფლებამოსილებათა დელეგირება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციების გამართვისა და მასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით დასაბუთებული უარი განაცხადოს უფლებამოსილებათა დელეგირებაზე. ამგვარ დასაბუთებას შეიძლება წარმოადგენდეს დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების მიუღებლობა ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ამგვარი მომსახურების გაწევის შეუძლებლობა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოსაგან დასაბუთებულად მოითხოვოს უფლებამოსილებათა დელეგირება. ამგვარი დასაბუთება დაკავშირებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილებათა განხორციელების რეალურ შესაძლებლობასთან;

დ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელება შეუსაბამოს ადგილობრივ პირობებს;

ე) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისარგებლოს უფლებით არ შეასრულოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, თუ არ გადაეცა მის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსები;

ვ) ადგილობრივმა მმართველობის ორგანომ განახორციელოს ერთი ან რამდენიმე უფლებამოსილების (ადმინისტრაციული, მომსახურებითი, საინვესტიციო, მარეგულირებელი) დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შემთხვევაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანომ უშუალოდ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ხდება იმ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება გაერთიანებაზე

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ურთიერთშეთანხმებით, გაერთიანდნენ თემში და შექმნან თვითმმართველობის ერთიანი ორგანო. გაერთიანების შემთხვევაში დასაშვებია საკრებულოს წევრთა დადგენილი რაოდენობის გაზრდა. საკრებულოს წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. გაერთიანების შემთხვევაში სახელმწიფო თვითმმართველობის ბიუჯეტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს დამატებით სუბსიდიას.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით უფლება აქვთ დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, შექმნან ერთობლივი ორგანოები, რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.“.

11. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ“, აგრეთვე სიტყვები „კანონით გათვალისწინებული“ შეიცვალოს სიტყვებით „კანონმდებლობით დადგენილი“, ხოლო სიტყვების „ფარული კენჭისყრით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვების „საკრებულოს თავმჯდომარე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომელიც აირჩევა საკრებულოს შემადგენლობიდან, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, იმავდროულად არის გამგებელი.“; ხოლო ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „3-7 წევრის შემადგენლობით“ შეიცვალოს სიტყვებით „არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით“;

დ) მე-4 პუნქტს სიტყვის „ორგანოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „გამგეობის“, ხოლო ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებელი. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს (გამგეობის) სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის) წარდგინებით.“.

12. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. იმ ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში

1. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. იგი შედგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, მაჟორიტარული სისტემით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს მდივანი.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი არის ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც:

ა) ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;

ბ) ქ.ფოთის საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

4. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგება არა უმეტეს 15 წევრისაგან. ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელები.

5. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

13. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცება.“;

ბ) მე-2–მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

15. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილება

1. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მე-12 მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების დადგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნა, მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესების დადგენა;

ვ) კომუნალური მეურნეობის ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების აღდგენა-განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება, ადგილობრივი ტყის ფონდის დაცვის წესების დადგენა;

თ) შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;

ი) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

კ) მართვის ტერიტორიული ორგანოს შექმნა და გაუქმება, მისი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დამტკიცება.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას აგრეთვე განეკუთვნება:

ა) მოსახლეობის სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების წესების დამტკიცება;

ბ) პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმების განხილვა და დამტკიცება;

გ) განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცება, ტერიტორიული ზონირების განსაზღვრა და საზღვრების დამტკიცება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.

3. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის), გამგეობის (მთავრობის) ან გამგეობის (მთავრობის) ცალკეული წევრისათვის უნდობლობის გამოცხადება. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის საფუძველია შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, ხოლო მთლიანად გამგეობისათვის (მთავრობისათვის) უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის საფუძველია გამგეობის (მთავრობის) მიერ ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობა. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რიგგარეშე შეიტანება, თუ დაყენებულ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. გამგეობა (მთავრობა) ან გამგეობის (მთავრობის) წევრი ითვლება გადამდგარად და ის ასრულებს თავის უფლებამოსილებებს შესაბამისად გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ან გამგეობის (მთავრობის) ახალი წევრის დანიშვნამდე.

4. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და ქალაქის, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას ქალაქის მერის (გამგებლის) უფლებამოსილების შეწყვეტის (ქ. ფოთის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების) საკითხი. საკითხის დასმის საფუძველია მერის (გამგებლის) მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს. საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რიგგარეშე შეიტანება, თუ დაყენებულ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.

5. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით საკრებულოს თავმჯდომარის დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი საკრებულოს მდივანი.

6. უნდობლობის გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში საკითხი იმავე მოტივით საკრებულოს წინაშე შეიძლება დაისვას მხოლოდ ამ საკითხზე პირველი კენჭისყრის ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ.“.

16. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. მე-15 მუხლის:

ა) სათაურში სიტყვა „პირები“ შეიცვალოს სიტყვით „პირების“, ხოლო სიტყვები „და მათი“ ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას, მათ შორის, რიგგარეშეს;

ბ) უძღვება სხდომაზე საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვას;

დ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანამიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) აყენებს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;

ზ) წარმოადგენს საკრებულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;

ი) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ მოვალეობათა შესრულებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

კ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;

ლ) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს განკარგულებას;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“;

დ) მე-3 პუნქტს დაემატოს წინადადება: „საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ენიშნება გასამრჯელო.“;

ე) მე-7 პუნქტში სიტყვები „თანამდებობის პირები“ შეიცვალოს სიტყვით „წევრები.“

 

18. მე-16 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ერთი კვირის ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს აპარატის უფროსი საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.“.

19. მე-18 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მხოლოდ“, ხოლო ამავე პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება „საკრებულოს დადგენილებით ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზედაც.“.

20. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო ქმნის სარევიზიო და სხვა მუდმივ კომისიებს.“.

21. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 22-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს წევრის სტატუსი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არჩეულია ან დანიშნულია საკრებულოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის (მთავრობის) წევრად, გარდა სოფლის, თემის, დაბის გამგებლისა;“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საკრებულო იღებს ცნობად.“.

23. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. გამგეობა (მთავრობა)

1. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მთავრობა).

2. გამგეობის (მთავრობის) უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

გ) ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წინასწარი განხილვა და დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების შედგენა და საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად;

ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებული ქონებით სარგებლობა და განკარგვა;

ვ) ადგილობრივი სამსახურების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; გამგებლის (მერის) წარდგინებით მათ ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;

ზ) კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და განვითარება;

თ) დასახლების (დასახლებების) შიდა გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება;

ი) საქალაქო კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტროენერგიის, გაზის და წყალმომარაგების სისტემათა შექმნა, მოვლა-პატრონობა და მართვის კოორდინაცია;

კ) სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზების ორგანიზება;

ლ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მთავრობის უფლებამოსილებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა, განეკუთვნება:

ა) ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტის განხილვა, დამტკიცებული გეგმის შესრულებაზე კონტროლი;

ბ) ქალაქში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების დამტკიცება;

გ) საკრებულოსათვის წარსადგენად ქალაქში ისტორიულ-კულტურული, რეკრეაციული, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ წინადადებების მომზადება; კონტროლი მათ დაცვაზე. აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის – ისტორიულ-არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობის ძეგლების შენახვა და მოვლა-პატრონობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობისა და ბუნებრივი რესურსების მართვისა და გამოყენების საკითხების გადაწყვეტა;

ე) საიჯარო მიწის ფართობისა და ქირის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების შესახებ წინადადებების მომზადება საკრებულოსათვის წარსადგენად;

ვ) ქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა; მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;

ზ) ადგილობრივ ორგანოებს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების მართვა;

თ) ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა, საზოგადოებრივი წესრიგის და კანონიერების დაცვის კოორდინაცია და კონტროლი;

ი) საკრებულოსათვის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების წარდგენა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა; განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა;

ლ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება;

მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სურსათითა და სამეურნეო პროდუქციით მომარაგებისათვის ხელის შეწყობა;

ნ) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4. გამგეობის (მთავრობის) სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (დადგენილება), თუ სხდომას ესწრება გამგეობის (მთავრობის) წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება (დადგენილება) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.

5. გამგეობის (მთავრობის) წევრთა კანდიდატურებს გამგებელი (მერი) არჩევიდან (დანიშვნიდან) ორი კვირის ვადაში შესათანხმებლად წარუდგენს საკრებულოს. თუ საკრებულომ არ მისცა თანხმობა გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნაზე, გამგებელი (მერი) უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან ახალი კანდიდატურა. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება წარდგენილ იქნეს ორჯერ. თუ საკრებულომ ერთი თვის ვადაში გამგეობის (მთავრობის) წევრის კანდიდატურის დანიშვნას არ მისცა თანხმობა, გამგებელი (მერი) არა უმეტეს ექვსი თვის ვადით შესაბამის თანამდებობაზე ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს.

6. გამგეობის (მთავრობის) წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) სამსახურიდან გათავისუფლებისას;

ბ) თანამდებობიდან გადადგომისას;

გ) საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადებისას;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;

ზ) გარდაცვალებისას;

თ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების შეწყვეტისას გამგეობის (მთავრობის) წევრი ასრულებს თავის მოვალეობებს გამგეობის (მთავრობის) შესაბამისი ახალი წევრის დანიშვნამდე.“.

24. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) რაიონის გამგებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების თაობაზე.“.

25. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, „ო“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;“;

ბ) პირველი პუნქტის „ი“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „თ“-„პ“ ქვეპუნქტებად;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს. თუ გამგებლის კანონით დადგენილ მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.“.

26. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი. 26. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილება

1. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი:

ა) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს (განკარგულებებს), ხელმძღვანელობს ქალაქის მთავრობის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქის მთავრობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას, ამტკიცებს მთავრობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადგილობრივი სამსახურების დებულებებს;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან;

დ) თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის წევრებს; იღებს მთავრობის ცალკეულ წევრთა განცხადებას გადადგომის შესახებ; მთავრობის წევრებს აკისრებს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებას მთავრობის ახალი წევრის დამტკიცებამდე;

ე) საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში შესაბამისი შენიშვნებით ხელახლა განსახილველად აბრუნებს საკითხს საკრებულოში;

ვ) აჩერებს ან აუქმებს ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) იწვევს და თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; განსაზღვრავს მთავრობის სხდომის დღის წესრიგს და სხდომაზე მოსაწვევ პირებს;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებას;

ი) ორგანიზებას უწევს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას, ქალაქის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის პროექტს;

კ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებსა და საკონსულტაციო ორგანოებს; ამტკიცებს მათ სამოქმედო დებულებებს;

ლ) მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

მ) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს;

ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და განკარგულებებს;

ო) მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, ესწრება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს. იგი უფლებამოსილია ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;

პ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობაზე; პერიოდულად ისმენს მთავრობის წევრებისა და სამსახურების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ჟ) ახორციელებს საკრებულოსა და მთავრობის შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძლევა თანხმობას სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-გათავისუფლებაზე;

ს) ხელს აწერს ქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

ტ) ანგარიშვალდებულია ქალაქის საკრებულოს წინაშე საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში;

უ) გადადგება და უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. გამონაკლისს წარმოადგენს ქ. ფოთის მერი, რომელიც უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს მერის რიგგარეშე არჩევნებს. თუ მერის კანონით დადგენილ მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.“.

27. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ შექმნილი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი წარმართავს სამსახურის საქმიანობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს წინაშე.“.

28. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „წარდგინებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და გამგებელთან (მერთან) შეთანხმებით“, ხოლო მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მრჩევლებსა და ტექნიკურ პერსონალს“.

29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

      „მუხლი 291. მუნიციპალიტეტი და მართვის ტერიტორიული ორგანო

1. რაიონის ტერიტორიაზე თვითმმართველობის ერთეულების გაერთიანების საფუძველზე იქნება მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტები), რომლის შესაბამის ორგანოებსაც ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემათ რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებანი.

2. თემში შემავალ სოფლებში, ქალაქსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას მართვის ტერიტორიული ორგანო (მართვის ტერიტორიული ორგანოები), რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). მართვის ტერიტორიული ორგანოს დებულებას მისი წარდგინებით ამტკიცებს გამგეობა (მთავრობა).“.

30. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 31. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილებების, გამგებლის (მერის) ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) განკარგულებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. საკრებულოს, გამგეობის (მთავრობის), გამგებლის (მერის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ.“.

31. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ეკონომიკური საქმიანობა არ უნდა ზღუდავდეს საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს.“.

32. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

     „მუხლი 321. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საზოგადოებრივი მომსახურების ფორმები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვრავს საზოგადოებრივი მომსახურების ფორმებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი მომსახურების მიზნით:

ა) შექმნას შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები;

ბ) დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) დადოს სხვა თვითმმართველ ერთეულთან (ერთეულებთან) ხელშეკრულება ერთობლივი მომსახურების გაწევის შესახებ;

დ) განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მეშვეობით.“.

33. 33-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვა „ნუსხა“ შეიცვალოს სიტყვით „კატეგორია“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შემავალი ქონება იყოფა ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. ძირითადია (განუსხვისებელია) ის ქონება, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების საფუძველს და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ძირითად (განუსხვისებელ) ადგილობრივ ქონებას უშუალოდ ფლობენ და სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ადგილობრივი სამსახურები. ამ ქონების გასხვისება დაიშვება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქონების შექმნით ან შეძენით არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორია და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“.

34. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 34. ადგილობრივი ბიუჯეტი

1. ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითად საფინანსო გეგმას.

2. ადგილობრივი ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისაგან.

3. ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს მისი უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებით და გამოთანაბრებითი ტრანსფერებით, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე მიზნობრივი ტრანსფერით. დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით ან/და სხვა შესაბამისი შემოსავლით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, მიზნობრივი ტრანსფერის გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.

5. ადგილობრივი ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია ყველა ის შემოსავალი, რომელიც დადგენილია ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით; ხარჯები, გაწერილი ფუნქციური და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისად; მომდევნო ორი ფისკალური წლის შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზი; ინვესტიციების ხარჯების პროგნოზი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ინვესტიციების მიზნისა და საჭირო ხარჯების შესახებ.

6. ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გაერკვეს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.

7. ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მოიცავდეს ყველა შემოსავალსა და ხარჯს სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამოყოფით;

ბ) ითვალისწინებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ვალის გადახდას. ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების 2%-ს.

8. ყოველი დასაფინანსებელი პროექტი საკრებულოს წარედგინება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ხარჯების მიზნისა და მათი გაწევით მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

ბ) დაფინანსების მოცულობის, დაფინანსების წყაროების, სესხის ოდენობისა და დაფარვის ვადის ჩვენების შესახებ, თუ ასეთი გათვალისწინებულია პროექტით;

გ) სესხის დაფარვის წლიურ თანხისა და იმ მიმდინარე ხარჯების შეფასების შესახებ, რომლებსაც მოითხოვს ინვესტიცია.

9. ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

35. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 35. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი

1. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის სახეები და ზღვრული განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დიფერენცირება, მათგან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა და შემოსავლების ჩარიცხვის პროპორცია სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტებს შორის დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო დავალებათა შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლებისას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში ადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების კონკრეტულ მოცულობას; განსაზღვრავს საბინაო-კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სხვა კომუნალური მომსახურების ტარიფებს, მათი გადახდევინებისა და ადმინისტრირების წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი მიზნებისათვის აიღოს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

36. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

      „მუხლი 351. სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული შემოსავლები

1. სახელმწიფო რესურსებიდან მიღებული შემოსავლებია გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერები.

2. გამოთანაბრებითი ტრანსფერები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა საქართველოს კანონით დადგენილი ფორმულით, რომელიც ეფუძნება ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკურ პოტენციალს.

3. მიზნობრივი ტრანსფერები გამოიყენება სახელმწიფო ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.“.

37. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-2 წინადადება.

38. 42-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „საკრებულოს დადგენილებას, საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას აჩერებს ან აუქმებს შესაბამისი საკრებულო, აგრეთვე სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში“;

ბ) მე-3 პუნქტს სიტყვის „შეუძლიათ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შეაჩერონ ან/და“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობისა (მთავრობისა) და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების უფლება აქვს შესაბამის საკრებულოს, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე სასამართლოს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მთავრობის) და გამგებლის (მერის) სამართლებრივ აქტებს აუქმებს სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე შესაბამისი საკრებულო, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

39. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

      „მუხლი 461. საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება

1. საკრებულოს სხდომები ღია და საჯაროა. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაესწროს საკრებულოს სხდომას საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

2. განცხადება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს სხდომის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი და დღის წესრიგი.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივრონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე საკრებულოს საჯარო სხდომაზე გამოვიდნენ ინიციატივით.“.

40. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 47. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება

1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ამოქმედების დროს არსებული ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე საქართველოს რაიონების, ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების შექმნა-გაუქმება, საზღვრების დადგენა, გაერთიანება და გაყოფა, კატეგორიათა შეცვლა, სახელების დარქმევა-გადარქმევა, აღრიცხვა და რეგისტრაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“. ამასთან, რაიონების შექმნა და გაუქმება, რაიონებისათვის სახელის დარქმევა-გადარქმევა, მათი საზღვრების შეცვლა, ქალაქებისათვის კატეგორიათა შეცვლა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე რაიონულ დონეზე იქმნება ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულო და ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო – რაიონის გამგეობა.

4. რაიონის საკრებულო შედგება რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეებისაგან. რაიონის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. სპიკერი ახორციელებს ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. რაიონის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასმის შესახებ. რაიონის საკრებულოს მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება მის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების, ამ კანონის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-17 და მე-18 მუხლების და აგრეთვე მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

5. რაიონის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობაში შედიან:

ა) გამგებელი, რომელსაც საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და, როგორც წესი, რაიონული სამსახურის ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

6. რაიონის გამგეობა არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას და დელეგირებულ უფლებამოსილებაზე გადაწყვეტილებათა მიღებას. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება რაიონის გამგეობის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. გორის რაიონის ერედვისა და ქურთის, ქარელის რაიონის თიღვის და გულრიფშის რაიონის აჟარის თემების და მათში გაერთიანებული სოფლებისა და თემების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნა, უფლებამოსილებათა განსაზღვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნა) ხდება ამ კანონით რაიონისათვის დადგენილი წესით.

8. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებული პირებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, როგორც წესი, გამგეობის (მთავრობის) შემადგენლობაში, როგორც გამგებლის (მერის) მოადგილე ან წევრი, შედის იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენელი.“.

41. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. 2002 წლის 15 დეკემბრამდე მიღებულ იქნეს „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო პროგრამა“.

3. 2001 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინოს კანონპროექტები:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ;

ბ) ტრანსფერების გამოთანაბრების მექანიზმისა და ფორმულის შესახებ;

გ) ადგილობრივი ქონების ფლობის, განკარგვისა და ამ ქონებით სარგებლობის წესის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან.

მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ჩატარდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 2 აგვისტო.

№1045-რს