საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.040.05.001.000.336
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1286
05/03/1998
პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
010.190.040.05.001.000.336
საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/09/1998 - 09/12/1998)

საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას.

    მუხლი 2.    პარლამენტის წევრის სტატუსის სამართლებრივი საფუძვლები

პარლამენტის წევრის სტატუსის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, პარლამენტის რეგლამენტი და სხვა საკანონმდებლო აქტები.

    მუხლი 3. პარლამენტის წევრის სტატუსი

პარლამენტის წევრის სტატუსი არის ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირის კანონით განსაზღვრული პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოიცავს დეპუტატის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.

    მუხლი 4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2. პარლამენტი პარლამენტის წევრს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს, თუ:

ა) არსებობს პარლამენტის წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის (სასესიო და საკომიტეტო) მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების ან ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ დაადასტურა ან ვადამდე შეწყვიტა პარლამენტმა.

6. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში.

    მუხლი 5. პარლამენტის წევრის ფიცი

1. პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.“ ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს.

2. თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურება გადაიდო, ან პირი პარლამენტის წევრად აირჩიეს მეორე ტურში ან პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, იგი უფლებამოსილების დადასტურებისთანავე კითხულობს ფიცის ტექსტს და ხელს აწერს მას.

3. თუ პარლამენტის წევრი უარს აცხადებს ფიცის დადებაზე, ითვლება, რომ ის არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ აუნაზღაურდება ამ უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

    მუხლი 6. პარლამენტის წევრის მანდატი

1. პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური ორგანიზაციების განაწესებითა და დავალებებით.

2. დაუშვებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

3. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. პარლამენტის წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი

პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე ნიშანს, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს პარლამენტი.

    მუხლი 8.    პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა სამსახურებრივ მდგომარეობასთან და სამეწარმეო აქმიანობასთან

1. დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, ამ და სხვა კანონებით.

2. სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი;

გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში.

4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადებრივ ორგანიზაციებში.

6. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა). თუ პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურებამდე პარლამენტის წევრმა არ შეწყვიტა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა), პარლამენტი არ ადასტურებს მის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილებას.

თავი II

პარლამენტის წევრის ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია

    მუხლი 9.    ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ფორმითა და წესით, წარადგინოს ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია.

2. ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი და საშემოსავლო მდგომარეობის ამსახველ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას გასული კალენდარული წლის განმავლობაში.

3. ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციიდან გამომდინარე შედეგები შეიძლება განიხილოს პარლამენტმა კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 10.   ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციის საჯაროობა

1. ქონებრივი და საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ უზრუნველყოფილია მისი შინაარსის საჯაროობა კანონით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში დაგროვილი დეკლარაციების შემდგომი შენახვის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 5 წლის შემდეგ.

თავი III

პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 11. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

პარლამენტის წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

1. პარლამენტის წევრი მონაწილეობს პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.

2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს და შეაფასოს პასუხი;

დ) გააცნოს პარლამენტს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე;

ვ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს, ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი;

ზ) თავი შეიკავოს იმ ნორმატიული აქტების განხილვაში მონაწილეობისაგან, რომლებიც წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მის მიერ წერილობით დაფიქსირებულ პირად ინტერესებს.

3. პარლამენტის სხდომებში პარლამენტის წევრის მონაწილეობის საპროცედურო საკითხები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1600 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.15

    მუხლი 13.   საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევნებში და გაერთიანებათა ფორმირებაში მონაწილეობის უფლება

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე, პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს საპარლამენტო ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).

2. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში არჩევისა და ამ ორგანოებიდან პარლამენტის წევრის გამოსვლის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონებით „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ“ და პარლამენტის რეგლამენტით.

3. პარლამენტის წევრის საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციიდან გამოსვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ და პარლამენტის რეგლამენტით.

    მუხლი 14.   უფლებამოსილება საპარლამენტო კონტროლის სფეროში საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საკითხები საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო;

ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებებს, მიიღოს და შეაფასოს პასუხი. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია 10 დღის ვადაში უპასუხოს პარლამენტის წევრის შეკითხვას. შეკითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 10 დღით;

გ) კანონით დადგენილ ფარგლებში და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საქართველოს კანონების შესრულების შემოწმებაში ან მოტივირებული უარი განაცხადოს ასეთი დავალების შესრულებაზე;

დ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების თაობაზე;

ე) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა; შეუზღუდავად შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და სხვა თანამდებობის პირებს;

ვ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.

    მუხლი 15. უფლება ინფორმაციაზე

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატის სამსახურებს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი გამოსვლის ტექსტს ოქმში შეტანამდე, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება;

დ) მოითხოვოს პრესისათვის მიცემული ინტერვიუსა და განცხადების მათ გამოქვეყნებამდე გაცნობა. დაუშვებელია პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებული მასალების რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.

2. პარლამენტის წევრს აქვს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების (გაცემის) უპირატესი უფლება. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის იმ წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფის დავალებით მიწოდებული მასალები სავალდებულოა გამოსაქვეყნებლად ან გასავრცელებლად მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით; ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და მისი რეგლამენტით დადგენილი წესით. 

    მუხლი 16. მოვალეობანი

პარლამენტის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;

გ) პარლამენტის სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება;

დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს;

ე) იყოს პარლამენტის ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა;

ვ) დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, კომისიის, ფრაქციის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;

ზ) განაცხადოს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას მისი შეურაცხყოფის ან/და ხელყოფის ფაქტების შესახებ;

თ) არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა პირადი ინტერესებისათვის;

ი) არ გაახმაუროს ან/და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;

კ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.

    მუხლი 17.   პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში პარლამენტის ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი

პარლამენტმა, მისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა, შესაძლებელია, საპარლამენტო საქმიანობაში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებისა და კანონშემოქმედებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყონ პარლამენტის ყოფილი წევრების მონაწილეობა პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში.

თავი IV

პარლამენტის წევრის საქმიანობის ძირითადი გარანტიები

    მუხლი 18. იმუნიტეტი  

1. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ პარლამენტში წინადადება შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით.

2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ გენერალურ პროკურორს პარლამენტის თანხმობით, ხოლო საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

3. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

5. პარლამენტის წევრი სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, რომელიც მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში უნარჩუნდება პასპორტში აღნიშნული ვადის გასვლამდე.

6. პარლამენტის ყოფილი წევრის (რომელიც იყო პარლამენტის წევრი სრული უფლებამოსილების ვადით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს. პარლამენტის ყოფილი წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

    მუხლი 19.   უფლებამოსილების შეჩერება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდში

1. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

2. მარეაბილიტირებელი საფუძვლებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით:

ა) აღუდგება სადეპუტატო უფლებამოსილება, თუ არ არის გასული იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის პირი, და მიეცემა სრული კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო პირი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

    მუხლი 20. საქმიანობის შეუფერხებლობა

უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ პარლამენტის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 21. შრომითი უფლებების გარანტიები

1. საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ პარლამენტის ყოფილ წევრს ეძლევა ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ მისი სოციალური უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას.

2. პარლამენტის ყოფილი წევრის შრომითი მოწყობის საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.

4. პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კავშირებში წევრობის შეწყვეტას. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ყოფილ წევრს უნარჩუნდება უწყვეტი შრომითი სტაჟი.

5. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რაც, მისი სურვილის თანახმად, მიეცემა ზაფხულის ან ზამთრის არდადეგების დროს, მთლიანად ან ორ ნაწილად გაყოფით.

6. პარლამენტის წევრი უზრუნველყოფილია დასვენების პირობებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 22. სახელმწიფო დაზღვევა

სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. სამედიცინო მომსახურება

პარლამენტის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა. იგი უზრუნველყოფილია სპეციალური სამედიცინო მომსახურებით, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 24.   უფლებამოსილების განხორციელების მატერიალური უზრუნველყოფა

1. პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც.

2. პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის (გარდა სპეციალური მივლინებებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.

3. ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

4. პარლამენტის წევრის საბინაო უზრუნველყოფის საკითხები წყდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. პარლამენტის წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1410 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ, გვ.12

    მუხლი 25. საპენსიო უზრუნველყოფა

1. პარლამენტის წევრს, რომელიც სრული ერთი მოწვევის პერიოდში მაინც ასრულებდა სადეპუტატო უფლებამოსილებას, საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება პენსია დანიშვნის მომენტისათვის დეპუტატის ხელფასის სრული ოდენობით.

2. პარლამენტის წევრის შრომისუნარიანობის დაქვეითების შემთხვევაში საპენსიო ასაკის მიღწევამდე პენსიის გაანგარიშება ხდება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის დეპუტატის ხელფასის სრული ოდენობიდან.

    მუხლი 26.   დახმარება პარლამენტის წევრის დაღუპვისას ან დაინვალიდებისას

1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დაღუპული იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე.

2. პარლამენტის წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებში, ეძლევა დახმარება:

ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

    მუხლი 27.   პარლამენტის წევრის უზრუნველყოფა სამუშაო პირობებით

1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები, მათ შორის, სამთავრობო კავშირი.

2. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

3. საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის წევრის საპარლამენტო საქმიანობასთან, მუშავდება და იგზავნება სამთავრობო წესით.

    მუხლი 28. სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლება

1. ქვეყნის შიგნით უფლებამოსილების განხორციელების დროს პარლამენტის წევრი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით.

2. პარლამენტის წევრი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამგზავრო დოკუმენტის პირველ რიგში შეძენის უფლებით.

3. პარლამენტის წევრს ქ. თბილისის ფარგლებში შეუძლია ისარგებლოს პარლამენტის სამსახურებრივი ტრანსპორტის მომსახურებით.

4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება ხდება დადგენილი წესითა და პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

    მუხლი 29. თანაშემწის აყვანის უფლება

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჰყავდეს თანაშემწეები. მათი რაოდენობა განისაზღვრება პარლამენტის წევრის მიერ ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში.    

2. პარლამენტის წევრის თანაშემწის სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან განთავისუფლება ხდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 30. დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი

1. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა.

2. საომარი მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს თავი აარიდოს საპარლამენტო საქმიანობას საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით.

თავი V

პარლამენტის წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

    მუხლი 31. ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზება

ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილებზე იქმნება მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

    მუხლი 32. ამომრჩევლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა

1. ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისას პარლამენტის წევრი, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, პარლამენტის წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იგი სამუშაო ოთახით, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, მათ შორის სამთავრობო კავშირით.

3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილებზე პარლამენტის წევრის საქმიანობის მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, პარლამენტის მიერ დადგენილი წესით.

თავი VI

პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 33.   პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის

1. პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო თავისი უფლებების გადამეტება ან მათი ბოროტად გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის წევრს მთელი უფლებამოსილების პერიოდში, ამ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად მისი გამოვლენის დროისათვის არსებული მდგომარეობისა (შეუთავსებელი სამსახურის ან საქმიანობის შეწყვეტა), უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 34.   პასუხისმგებლობა მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ან საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლისათვის

თანამდებობის პირების, სახელმწიფო ორგანოების სხვა მუშაკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელთა მიერ პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 35.   პასუხისმგებლობა ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების ხელყოფისათვის, ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებისათვის

პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობის ხელყოფა, შეურაცხყოფა ან ცილისწამება, მისი ოჯახის წევრებზე და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება დეპუტატის მიერ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის ან მისი ხასიათის შეცვლის მიზნით, ისჯება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 28 დეკემბრის კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992წ., №2, მუხ. 130);

ბ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992წ., №2, მუხ. 131).

    მუხლი 37. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 29-ე მუხლი და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ცვლილებები აისახოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებულ ხარჯებში.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1410 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ, გვ.12

    მუხლი 38.   ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონთან დაკავშირებით მისაღებია შემდეგი კანონები:

ა) პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა სამედიცინო მომსახურების შესახებ;

გ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ;

დ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ქცევის სტანდარტების შესახებ.

 

საქართველოს პრეზიდენტი             

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 5 მარტი.

№1286–IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1410 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ, გვ.12

2. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1600 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.15

32. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 31. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1827-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 30. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3536-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 29. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3386-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 28. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1979-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 27. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1270-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 667-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 25. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6535-Iს - ვებგვერდი, 03/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2701 - სსმ, 12, 24/03/2010 23. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 468 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 312 - სსმ, 24, 20/10/2008 21. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4578 - სსმ, 12, 13/04/2007 20. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2478 - სსმ, 56, 28/12/2005 19. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2443 - სსმ, 56, 28/12/2005 18. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1744 - სსმ, 36, 17/07/2005 17. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1363 - სსმ, 19, 28/04/2005 16. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 849 - სსმ, 42, 31/12/2004 15. 04/06/2004 - საქართველოს კანონი - 113 - სსმ, 15, 23/06/2004 14. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3215 - სსმ, 33, 31/12/2003 13. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1959 - სსმ, 5, 19/02/2003 12. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1294 - სსმ, 4, 05/03/2002 11. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 10. 20/04/2000 - საქართველოს კანონი - 255 - სსმ, 16, 02/05/2000 9. 28/12/1999 - საქართველოს კანონი - 116 - სსმ, 52(59), 31/12/1999 8. 10/12/1999 - საქართველოს კანონი - 72 - სსმ, 49(56), 21/12/1999 7. 24/06/1999 - საქართველოს კანონი - 2173 - სსმ, 29(36), 10/07/1999 6. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2096 - სსმ, 24(31), 26/06/1999 5. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1857 - სსმ, 10(17), 01/04/1999 4. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1801 - სსმ, 3(10), 19/02/1999 3. 09/12/1998 - საქართველოს კანონი - 1718 - სსმ, 7, 31/12/1998 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 30/09/1998 - საქართველოს კანონი - 1600 - სსმ, 2, 26/09/1998 1. 29/05/1998 - საქართველოს კანონი - 1410 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998